საქართველოში მოქმედი პრემიუმ კლასის სასტუმროები მომხმარებელს საახალწლო პაკეტებს უკვე სთავაზობენ. „კომერსანტი“ გუდაურის შემდგომ ბაკურიანისა და ბორჯომის სასტუმროებსაც დაუკავშირდა. აღმოჩნდა, რომ წელს ბაკურიანსა და ბორჯომში ახალი წლის ღამეს ყველა ნომერი დაჯავშნილია, ნომრის ღირებულება კი 900 ლარიდან 1 850 ლარამდე მერყეობს.
როგორც სასტუმროების წარმომადგენლები აცხადებენ, 31 დეკემბერს ფასები და მომსახურება მრავალფეროვანი იქნება.
სასტუმრო Crowne Plaza Borjomi მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნატო ასათიანი „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ახალი წლის ღამეს ისინი სტუმერებს მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებენ. როგორც სასტუმროს მენეჯერი აღიშნავს, 31 დეკემბრისთვის სასტუმრო 100%-ით დაჯავშნილი იქნება.
„31 დეკემბერს სტუმრებს მრავალფეროვან საახალწლო პროგრამას შევთავაზებთ. საღამოს საახალწლო ვახშამი, ფოიერვერკი და საახალწლო გათამაშება იქნება. ასევე, ანსამბლ „ბასიანის“ წევრები ჩვენ სტუმრებს საახალწლო განწყობას შეუქმნიან. იმღერებს ელენე კალანდაძე და ბენდი. სპეციალურად ბავშვებისთვის ანიმატორებით საბავშვო გასართობი პროგრამა გვექნება.
სასტუმროს შიდა ტერიტორიაზე ორი ნაძვის ხე გვაქვს, თუმცა ერთ-ერთი მათგანი ორიგინალურობით გამოირჩევა. კერძოდ, ის გერმანელმა დიზაინერმა ხისგან ააწყო. გვექნება გარედეკორაცია, რაც საახალწლო განწყობას შექმნის.
31 დეკემბრისთვის სასტუმრო 100%-ით დაჯავშნილი იქნება. ჩვენ უცხოეთიდან ბევრ სტუმარს ველოდებით, როგორც ევროპიდან, ისე მეზობელი ქვეყნებიდან. ბევრი ქართველი სტუმარი გვეწვევა და შესაძლოა, ვთქვათ, რომ მათი რაოდენობა უცხოელებთან 50-50%-ზე იქნება.
ახალ წელს ჩვენთან ორი ღამის დაჯავშნა სრული პაკეტით ხდება და მისი ღირებულება ორ ადამიანზე ამ ეტაპზე 1 850 ლარია“, - განაცხადა ასათიანმა.
როგორც Rixos Hotel Borjom-ში განცხადეს, წელს ყველაზე მეტ სტუმარს ყაზახეთიდან და საქართველოდან ელოდებიან.
„ახალი წლის ღამეს სპეციალური საახალწლო პროგრამა გვექნება - საახალწლო გალა ვახშამი მომღერალ აჩიკო ნიჟარაძესთან ერთად წარიმართება. ასევე სტუმრებს შევთავაზებთ სანახაობრივ ქართულ ცეკვებს, საჩუქრებს და სხვადასხვა სახის აქტივობებს ბავშვებისთვის. ღამის საათებში დიჯეი დაუკრავს. ვინც 31-ში გალა ვახშამს დაჯავშნის, მას საჩუქრად პირველ იანვარს ღია ცის ქვეშ სპეციალურად მოწყობილი ქართული სუფრა და საღამო თემურ რცხილაძის მუსიკის თანხლებით ექნება.
სასტუმრო 31 დეკემბრისთვის სრულად დაჯავშნილი იქნება. ორადგილიანი ნომრის ღირებულება დაახლოებით 395 ლარიდან 561 ლარამდე მერყეობს. რაც შეეხება გალა ვახშამზე მოხვედრას სტუმრებმა აღნიშნულ თანხას დამატებით 517 ლარი უნდა დაამატონ.
ყველაზე მეტ სტუმარ ყაზახეთიდან და საქართველოდან ველოდებით“, - განუცხადეს „კომერსანტს“ Rixos Hotel Borjom-ში.
ბაკურიანში მდებარე სასტუმრო Hotel Crystal-ის დირექორი ქეთი ხარაძე აცხადებს, რომ მათთან 31 დეკემბერს 70%-ი უცხოელი სტუმრები იქნებიან.
„ღონისძიება საღამოს თორმეტის ნახევარზე დაიწყება და ქართულ კუთხეს მოვაწყობთ. სტუმრებს საზეიმო განწყობას ქართული ნაციონალური ცეკვებით შევუქმნით. რესტორანში საბანკეტო სუფრა გაიშლება. ასევე სპეციალური შერეული მუსიკალური პროგრამა, გასართობი ნაწილი, კონკურესები და დიჯეი იქნება.
ახალ წელს სასტუმროში ქართველების 30%, ხოლო უცხოელი სტუმრების 70%-ს ველოდებით“, - აღნიშნა ხარაძემ.
როგორც ბაკურიანში მდებარე სასტუმრო „მგზავრებში“ აცხადებენ, „მგზავრები სამი რესტორნით შეხვდება სტუმრებს და თითოეულ მათგანში სხვადასხვა სახის აქტივობები იქნება. გადავწყვიტეთ, რომ სტუმრებს სხვადასხვა სახის მუსიკალური პროგრამა შევთავაზოთ. იქნება როგორც ქართული ხმოვანება, ასევე დიჯეი და ქართული ნაციონალური ცეკვები. ძირითადად სტუმრებს საქართველოდან ველოდებით და 80%-ი სწორედ ქართველები არიან. ჩვენი აპარტამენტების ფასი ორადგილიანი 31 დეკემბერს 320-ლარიდან 600 ლარამდე იქნება“, - განაცხადეს სასტუმროში.