"ჩატაევმა 2 თვის განმავლობაში მოახერხა იმ დაკონსერვებული კონსპირაციული ქსელის ამოქმედება, რომელიც ვაჰაბისტებს საქართველოში ჰქონდათ შექმნილი," - აცხადებს სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე.
"რეზონანსი": თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ თუკი საქართველოში ტერორისტული აქტი დაიგეგმება, სამიზნე უცხოური ორგანიზაციები და საელჩოები იქნებიან. 26 დეკემბერს, გამთენიისას, 5 ადამიანი სწორედ ამ ბრალდებით დააკავეს. თქვენი აზრით, რეალური იყო ეს საფრთხე?
მამუკა არეშიძე: თქვენც დაადასტურეთ, რომ მეც ეს ვერსია მქონდა. 22 ნოემბრის სპეცოპერაციისას ვთქვი, რომ ან დიპლომატიურ მისიებზე, ან თბილისში მაშინ გამართულ "აბრეშუმის გზის" ფორუმზე უნდოდათ შეტევა. აქედან გამომდინარე, ამ ნაწილში მჯერა. გარდა ამისა, უტყუარი ინფორმაცია მაქვს, როდესაც 22 ნოემბრის ამბავი მოხდა, კახეთის ერთ-ერთ აზერბაიჯანულ სოფელში, სადაც არის საკმაოდ ძლიერი ვაჰაბიტების ჯგუფი, სოფლის დანარჩენ მცხოვრებლებს თბილისში მომხდარი სპეცოპერაცია ასე აუხსნეს - ჩატაევი არის მოღალატე იმიტომ, რომ ტერაქტს გეგმავდა ქრისტიანულ ქვეყანაში ქრისტიანების დახმარებით, მას კი ტერაქტი თურქეთში უნდა მოეწყო მომავალი წლის გაზაფხულზე. აქაც თურქული სახელი ამოტივტივდა. ჩემთვის ამით ნათელი გახდა, რომ თურქეთთან რაღაც კონტაქტი ნამდვილად იყო.
გარდა ამისა, დაუდასტურებელი ინფორმაციით ვიცი, რომ თურქული სპეცსამსახურები 22 ნოემბრის ღონისძიებაში ჩართულები იყვნენ მიუხედავად იმისა, რომ სუს-ი ამას უარყოფს. მაშინ მე ისიც ვთქვი, რომ ეს საერთაშორისო სპეცოპერაციაა, რომლის ფრაგმენტიც იყო თბილისში, რაც დადასტურდა თუნდაც იმით, რომ მეორე დღეს ასეთივე სპეცოპერაცია შედგა ავსტრიაში, სადაც 7 კაცი დააკავეს.
ასეა თუ ისე, ჩანს, რომ სუს-ის ინფორმაცია სიმართლეა. მიუხედავად ბევრი კრიტიკისა, რომელსაც მე სპეცსამსახურების მისამართით გამოვთქვამ, ამ შემთხვევაში ნამდვილად უნდა ითქვას დადებითი. ბოლოს და ბოლოს ჩვენზე უფრო ძლიერი ქვეყნები ვერ ახერხებენ ტერორისტული შეტევის პრევენციას, საქართველოში კი ეს მოხერხდა.
ასევე, მაქვს მოლოდინი, რომ ეს სპეცოპერაცია არ დამთავრებულა. ის გრძელდება და გამორიცხული არ არის, რომ საქართველოს სხვა კუთხეებშიც ჩატარდეს ანალოგიური. როგორც ჩანს, ჩატაევმა 2 თვის განმავლობაში მოახერხა იმ დაკონსერვებული კონსპირაციული ქსელის ამოქმედება, რომელიც ვაჰაბიტებს საქართველოში ჰქონდათ შექმნილი. მართალია, მან მხოლოდ კონტურები აღადგინა ამ ქსელის, მაგრამ როგორც ჩანს, ქსელი არსებობს.
ანუ, ჩატაევის ქსელის წევრები, პანკისის გარდა, საქართველოს სხვა კუთხეებშიც შეიძლება იყვნენ? სად?
-პანკისში უკვე აღარ მგონია, სხვა კუთხეებში მგონია, რომ უნდა იყვნენ - აჭარაში, გურიაში, ქვემო ქართლში, თბილისშიც. როგორც ჩანს, კიდევ არიან. ჩემი წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი, რომელიც ამ ოპერაციის დროსაა დაკავებული, თურქეთში გადავიდა და ჩატაევი, რომელიც კარგა ხნის განმავლობაში ცხოვრობდა თურქეთში, იქითა მხრიდან მოაცილა საზღვრამდე. ჩვენი მესაზღვრეების კრიტიკა თავისთავად გასაგებია, მაგრამ ისიც გაითვალისწინეთ, რომ ჩატაევი კარგა ხანი იყო თურქეთში, რასაც თურქული წყაროები ახლა ადასტურებენ და საზღვარი თურქეთის მხრიდან გადმოლახა, ანუ თურქ მესაზღვრეებსაც გამოეპარათ. ამიტომ მარტო ქართველი მესაზღვრეებისა და ქართველი სპეცსამსახურების კრიტიკა ამ შემთხვევაში მართებული არ არის. სხვა დროს ბევრი აქვთ საკრიტიკო, მაგრამ ამ შემთხვევაში მათი გაუთავებელი კრიტიკა ჩემთვის გაუგებარია.
შესაძლებელი თუ იყო, ეს სპეცოპერაცია უფრო ფრთხილად ჩატარებულიყო? მაგალითად, ერთი დაკავებული მძიმედაა დაჭრილი, ოჯახის წევრები კი ამტკიცებენ, რომ ხელყუმბარა და იარაღი მას არ ჰქონია.
- ჩვენ ცოტას ვმეტიჩრობთ. თუ 5-ვე დაკავებული რეალურად მართლაც იყო ჩართული ტერაქტების დაგეგმვაში, მაშინ მათთან ლოიალური დამოკიდებულების აზრს ვერ ვხედავ. ამ ლოიალური დამოკიდებულებამ და დეტალებზე თვალების დახუჭვამ მიიყვანა ევროპა იმ მდგომარეობამდე, რა მდგომარეობაშიც ახლაა. ოჯახის წევრები ხომ არ იტყოდნენ, ხელყუმბარის აფეთქება უნდოდაო.
მხოლოდ 19 წლისაა ერთ-ერთი დაკავებული, რომელიც დაჭრილია. ეს რას ნიშნავს, პანკისში ტერორისტების იდეოლოგიური მუშაობა და გადაბირება ისევ აქტიურად ხდება?
-აქტიური იდეოლოგიური მუშაობა სოციალური ქსელებით ერთი წუთითაც არ შეწყვეტილა. ინტერნეტს ისეთი თვისება აქვს, რომ მაინც ხერხდება საჭირო ინფორმაციის მიგნებაც და პროპაგანდა.
ამ ბოლო ორი სპეცოპერაციის შემდეგ რამდენად დიდი საშიშროების წინაშე დგას საქართველო, გაიზარდა თუ არა რისკი?
- საშიშროება არსებობს, ხარისხი საკმაოდ სერიოზულია, მაგრამ უკიდურესი არ არის. მაგალითად, ჩემი აზრით, ბრიუსელი უფრო მოწყვლადია ტერორიზმის თვალსაზრისით, ვიდრე თბილისი.