"აშშ-ის მიერ დამტკიცებული თავდაცვის ახალი ბიუჯეტიდან, რომლის საერთო მოცულობა 692 მილიარდი დოლარია, უკრაინა 350 მილიონ დოლარს მიიღებს, საქართველო კი ჩამონათვალში არ არის. სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ვარაუდობს, რომ, როგორც ჩანს, აშშ-ს აქვს გარკვეული კითხვები საქართველოს თავდაცვის უწყებაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რის გამოც სოლიდურ დახმარებას ვერ მიიღებს. რაც შეეხება უკრაინისთვის თანხის გადაცემას, ანალიტიკოსის აზრით, აშშ-მა ამ ნაბიჯით ფსონი პოროშენკოს ხელისუფლების სასარგებლოდ დადო", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით 350 მილიონი უკრაინას - საქართველო სიის მიღმა / აშშ-ის თავდაცვის ახალი ბიუჯეტის ახალი პრიორიტეტები.
"აშშ-მა თავდაცვის ახალი ბიუჯეტი დაამტკიცა, რომლის საერთო მოცულობა 692 მილიარდი დოლარია. აქედან დაახლოებით 4 მილიარდი დოლარი აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის ქვეყნებზე რუსული აგრესიის მოსაგერიებლად დაიხარჯება. 350 მილიონი დოლარი უკრაინას სამხედრო დახმარების სახით გადაეცემა. გარდა ამისა, დაახლოებით 70 მილიონი დოლარი დაიხარჯება საშუალო და მცირე სიშორის სარაკეტო ახალი სისტემების შემუშავებაზე. რაც ნიშნავს, რომ ამით ამერიკა რეიგან-გორბაჩოვის მიერ ხელმოწერილი, მცირე და საშუალო სიშორის სარაკეტო კომპლექსების შემცირებისა და აკრძალვის ხელშეკრულებიდან გამოდის. მოგეხსენებათ, რომ აშშ რუსეთს აბრალებს ხელშეკრულების პირველად დარღვევას. ახლა კი, როგორც ჩანს, ეს ხელშეკრულება ნებისმიერ შემთხვევაში დაირღვევა, რაც კიდევ უფრო გაართულებს გეოსტრატეგიულ ბალანსს გლობალურ დონზე და კიდევ უფრო გაამძაფრებს ახალი ცივი ომის მიმდინარეობას", - ამბობს ვახტანგ მაისაია. ანალიტიკოსის ინფორმაციით, უკვე დამტკიცებული ახალი ბიუჯეტის თანხები ასევე მოხმარდება აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების სახელფასო ფონდების გაზრდას, რაც მნიშვნელოვანი სიახლეა", - აღნიშნავს გამოცემა.
"ბოლო პერიოდის განმავლობაში, აშშ პირველად უზრდის ხელფასებს თავის სამხედროებს. ასეთი რამ არ მომხდარა მთელი 15-20 წლის განმავლობაში. როგორც ჩანს, ეს ნიშნავს იმასაც, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალების რაოდენობაც გაიზრდება. დღეს მისი რაოდენობა, რეზერვისტების ჩათვლით, არის 1,4 მილიონი ადამიანი. ამერიკა ასევე გააგრძელებს მეხუთე თაობის ავიაგამანადგურებლების დაფინანსებასაც, რაც საკმაოდ მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს", - აცხადებს მაისაია. კითხვაზე, რას ნიშნავს აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის ამხელა თანხის გადაცემა და რა რეაგირება მოჰყვება ამას რუსეთის მხრიდან, ანალიტიკოსი პასუხობს, რომ ამით აშშ-მა ფსონი პოროშენკოს ხელისუფლებაზე დადო. რაც შეეხება რუსეთის რეაგირებას, მისი თქმით, ამას მწვავე განცხადებები და დაძაბულობის მწვავე ფაზაში გადასვლა მოჰყვება", - დასძენს გამოცემა.
"აშშ-ის ბიუჯეტის ასე გადანაწილება საკმაოდ ბევრ რამეზე მინიშნებს. ამით აშშ-ის ადმინისტრაცია ფსონს დებს უკრაინაზე, რაც უკვე ნიშნავს, რომ აშშ-საც გაუჩნდა ის სიმულაციები, რომ მიხეილ სააკაშვილი ასრულებს სხვა ქვეყნის საშინაო დავალებებს. ამასთანავე, უკრაინისთვის ამხელა თანხის გადაცემა, რა თქმა უნდა, იქნება საკმაოდ დიდი გამოწვევა რუსული აგრესიისთვის. 350 მილინიონი დოლარის უკრაინისთვის გამოყოფა ნიშნავს იმას, რომ, როგორც ჩანს, აშშ-ს პოროშენკოს ხელისუფლება მიაჩნია იმ ძალად, რომელსაც შეუძლია, გაატაროს რეალური თავდაცვითი ტიპის რეფორმები. შესაბამისად, ზოგიერთების მოსაზრებას, რომ პოროშენკოს ხელისუფლება შეცდომაა, ამაზეც აშშ-მა საკუთარი პასუხი გასცა. ამ საბიუჯეტო დოკუმენტზე ხელის მოწერამ დაამტკიცა თავისი პრიორიტეტები, თუ ვის ხელში მოხვდება ეს თანხა და ვის დაუჭერს მხარს აშშ-ის ადმინისტრაცია", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
"რაც შეეხება საქართველოს, რომელიც აშშ-ის თავდაცვის ახალ ბიუჯეტში ვერ მოხვდა, ვახტანგ მაისაია ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ამის მიზეზი ჩვენი ქვეყნის თავდაცვის სისტემაში არსებული მდგომარეობა გახდა - "არ ვიცი, საქართველოზე რა დახმარება მოდის, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველო არ იყო დაფიქსირებული რეციპიენტის სიებში. როგორც ჩანს, აშშ-ის სამთავრობო სტრუქტურებში გააჩნიათ გარკვეული კითხვები ჩვენს თავდაცვის სისტემასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ალბათ ეს არის თავდაცვის არასწორი მართვა, შეიარაღებული ძალების არცთუ ისე მაღლი დონის მომზადება, ის არეულობა, რომელიც ზოგადად თავდაცვის მიმართულებით ხორციელდება, ერთი ბრიგადის გაუქმება, თავდაცვის სტრუქტურებში ნეპოტიზმის არსებობა", - განმარტავს რესპონდენტი, რომლის თქმით, "ასევე ის, რომ საქართველოს არ აქვს ბალანსირებული შეიარაღებული ძალები", - წერს სტატიის ავტორი.
"ჩვენ არ გაგვაჩნია საზღვაო და საჰერო ძალები, - დავრჩით მხოლოდ სახმელეთო კომპონენტზე, რომელიც ასევე შევამცირეთ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩემი მოსაზრებაა, რომ, როგორც ჩანს, აშშ-ს გააჩნია გარკვეული კითხვები ჩვენთან დაკავშირებით. მე მოხარული ვიქნები, თუ ვცდები. მაგრამ, სამწუხაროდ, რეალობა ამისკენ მიგვანიშნებს", - დაასკვნის ვახტანგ მაისაია.