„კომერციული ბანკების არაპროფილური საქმიანობა ეროვნული ბანკის და მთავრობის ერთიანი, უფრო ეფექტური ზრუნვის საგანი უნდა გახდეს. ეს არის მნიშვნელოვანი და ამაზე პრინციპულ შეთანხმებას მივაღწიეთ“ - განუცხადა „კომერსანტს“ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ. მისივე თქმით, „მთავარია დავინახოთ სივრცე რეალური კონკურენციისთვის, სადაც ბანკირები არიან დაკავებული საბანკო საქმიანობით - ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი“.
პარლამენტში უკვე რამდენიმე კვირაა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“კანონპროექტს იხილავენ. პროექტის ერთ-ერთი ნაწილი კომერციული ბანკებისგან არაპროფილური აქტივების გამიჯვნას და საბანკო ჯგუფების ზედამხედველობას ეხება. კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ სებ-მა უნდა განახორციელოს ზედამხედველობა არა მხოლოდ კონკრეტულად ბანკზე, არამედ მასთან დაკავშირებულ სხვა საფინანსო ინსტიტუტზე.
კანონპროექტის წამყვანი კომიტეტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტია, თუმცა კანონპროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრებს ფაქტობრივად, არც ერთი არსებითი შენიშვნა არ ჰქონია. კრიტიკული იყო დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, კანონპროექტის ავტორებმა მათი რამდენიმე შენიშვნა გაითვალისწინეს კიდეც.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი შენიშვნა იყო საინვესტიციო ზედამხედველობის ჩარჩოს გაუმჯობესება. რათა საინვესტიციო ფონდების გამოყენება არ მოხდეს არაპროფილური საქმიანობის წარმოების შეფარვითი მიზნით. მე არავის დადანაშაულება არ მინდა, მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ კანონპროექტმა საბოლოო ჯამში მიიღოს ისეთი სახე, რომ საინვესტიციო ფონდებთან დაკავშირებით ე.წ. შავი ხვრელები არ დარჩეს, ამის რისკები კი ნამდვილად არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ საინვესტიციო ფონდები არაპროფილური საქმიანობის შეფარვის მიზნით არ უნდა გამოიყენონ. შეთანხმებას მივაღწიეთ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება და ჩარჩო კანონპროექტი იქნება უკვე მოსამზადებელი. ეს საკითხი ეროვნული ბანკის ორგანული კანონის ფარგლებს სცდება.
შენიშვნა გვქონდა 22-ე პუნქტთან დაკავშირებითაც, რომელიც შემდეგ ჩვენი რეკომენდაციის საფუძველზე ჩამოყალიბდა. ანუ კომერციულ ბანკს ეკრძალება ისეთი გარიგებები, რომელთა შედეგადაც იგი დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად გამოჩნდება გარკვეულ დომინირებულ მდგომარეობაში, როგორც ფულად ასევე საკრედიტო ბაზარზე - ეს შენიშვნაც გაითვალისწინეს. ეს გამორიცხავს იმის მანიპულაციას, რომ გარკვეული უპირატესობების მინიჭება მოხდეს მესამე პირების მიმართ“, - განუცხადა კაკულიამ „კომერსანტს“.
მისივე თქმით, პრობლემას წარმოადგენდა კონკურენციის საკითხიც. „როდესაც ბანკის მიმართ რაიმე პრეტენზიას გამოვთქვამთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვაფასებთ იმ მაღალ სტანდარტს, რომელიც საბანკო მომსახურებაში შეიქმნა, მაგრამ დროთა განმავლობაში ჩვენი ქვეყნის მთავარ გამოწვევად დგება რეალური კონკურენცია, რეალურ სექტორში. რადგან ეს პრობლემა დადგა, კანონმდებლობამ აუცილებელია, რომ ეს ყველაფერი დაარეგულიროს და ჩვენთვის გასაგები გახდეს, რომ რაღაც საპროცენტო განაკვეთი, საკომისიო გასამრჯელოს ფიქსაციის შესაძლებლობა და სხვა ტიპის საშიშროებები უნდა იყოს გამორიცხული. პრინციპში ესეც გაითვალისწინეს.
შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად პრობლემა ამ ეტაპზე მოგვარებული არ არის, მაგრამ ძალიან პროგრესული ნაბიჯი გადაიდგა აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებით და შეთანხმებაც არის მიღწეული იმასთან დაკავშირებით, რომ ჩარჩო კანონზე მუშაობა სამომავლოდ გაგრძელდება, რომელიც ამოწურავს ამ პრობლემას უკვე საინვესტიციო ფონდებთან მიმართებაში“, - დასძინა კაკულიამ.