“პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, რუსეთში მოქმედი ყველა საწარმო მზად უნდა იყოს, ოპერატიულად გადავიდეს საომარ ვითარებაში მუშაობის რეჟიმზე. თანაც ეს ეხება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საწარმოებს. უფრო მეტიც, რუსულ მედიაში გავრცელებული ცნობით, რუსეთში საგანმანათლებლო დაწესებულებებს საომარ ვითარებაში მუშაობის რეჟიმზე გადასვლის რეკომენდაცია მიეცათ. ყოველივე ამან დასავლეთშიც და თავად რუსეთშიც ერთგვარი შეშფოთება გამოიწვია. ჟურნალისტებისა და ანალიტიკოსების ნაწილი ღიად აცხადებს, რომ რუსეთი ომისთვის ემზადება და ეს განკარგულებებიც ამაზე მეტყველებს. აღსანიშნავია, რომ ეს მოვლენები დროში დაემთხვევა აშშ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილებას საქართველოსათვის უახლესი ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების მიწოდების შესახებ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, პუტინმა დიდი ომისთვის მზადება ოფიციალურად დაიწყო / რუსეთში მსხვილი საწარმოები და სკოლები საომარი მდგომარეობის პირობებში მუშაობის რეჟიმზე გადადიან
"პუტინი მართლა ემზადება ომისთვის, თუ ეს დასავლეთის ერთგვარი დაშინებაა ომის შესაძლებლობით, გადაჭრით ამის თქმა რთულია. თუმცა, როგორც რუსი, ასევე ქართველი ანალიტიკოსების ნაწილი აცხადებს, რომ მზადება რეალურია და მიზეზი ორია - ერთი, რომ დასავლეთის სანქციების გამო რუსეთის ეკონომიკა პრობლემებს ვერ უმკლავდება და მეორე - 2018 წელს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებია და პუტინს საომარი ავანტიურა არჩევნების წინ აპრობირებული აქვს. უსაფრთხოების საკითხებში სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია პროგნოზირებს, რომ კრემლის სამიზნე კავკასიაა - საქართველო და აზერბაიჯანი. რუსეთის პრეზიდენტმა ყველა მსხვილ რუსულ ბიზნესს "ომის რელსებზე" გადასვლისკენ 22 ნოემბერს მოუწოდა. პუტინის განცხადებით, ყველა მსხვილი კერძო და სახელმწიფო საწარმო მზად უნდა იყოს საომარ რელსებზე ოპერატიულად გადასვლისა და სამხედრო პროდუქციის წარმოების გაზრდისთვის. პუტინმა სამხედრო-საწარმო კომპლექსების თემაზე გამართული შეხვედრისას გნაცხადა, რომ ეკონომიკის უნარი, სწრაფად გაზარდოს თავდაცვის პროდუქციის მოცულობა და მომსახურება, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა სახელმწიფოს სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამისთვის მზად უნდა იყოს ყველა სტრატეგიული და უბრალოდ დიდი საწარმო", - აღნიშნავს გამოცემა.
"ორიოდე დღის წინ კი რუსეთის კრასნოდარის მხარის განათლების სამინისტროს მხარის მუნიციპალურ ხელმძღვანელებს შემაშფოთებელი შინაარსის რეკომენდაცია გაუგზავნა "კრასნოდარის მხარის საგანმანათლებლო დაწესებულებების საომარი მდგომარეობის პირობებში მუშაობის რეჟიმზე გადასვლის შესახებ". შესაბამისი დოკუმენტის ასლი რუსულ სოციალურ ქსელებსა და მედიასაშუალებებში გავრცელდა. ჟურნალისტებისა და ანალიტიკოსების ნაწილი გამოთქვამს ეჭვს, რომ ომისთვის მზადება რეალურად დაიწყო. რუსი ანალიტიკოსის სემიონ კაბაკოვიომის თქმით, ძვირი საქმეა და ბიზნესმა ახალ სამხედრო კამპანიას მხარი უნდა დაუჭიროს. სანქციები მუშაობს და მუშაობს იმდენად მძიმედ, რომ რუსეთის ფედერაციის ეკონომიკა პრობლემებს ვეღარ უმკლავდება. ჩვენ ახლა რუსეთში არჩევნებისას ვნახავთ ახალ სამხედრო კონფლიქტს ან - არსებულის გამწვავებას," - განაგრძობს გამოცემა.
"საგულისხმოა ისიც, რომ პუტინის ამ განკარგულების წინა დღით აშშ-მა თანხმობა განაცხადა საქართველოსთვის "ჯაველინის" ტიპის ტანკსაწინააღმდეგო თანამედროვე სისტემების მიყიდვაზე და რუსეთის საგარეო უწყებამ ეს ფაქტი გააკრიტიკა. უწყების მიერ 28 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "აშშ-ის მიერ ამგვარმა სამხედრო მხარდაჭერამ" შესაძლოა, თბილისი ახალი სახიფათო ავანტიურისკენ წააქეზოს. ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ აშკარაა, პუტინი "სამხედრო რელსებზე გადავიდა" და მიზეზი სწორედ სანქციები და არჩევნებია. მაისაიას თქმით, პუტინი პატრიოტულ-სამხედრო რიტორიკას იყენებს იმისთვის, რომ მაქსიმალური მხარდაჭერა მიიღოს და მეოთხე ვადით აირჩიონ. ფაქტობრივად, რუსეთმა სახელმწიფო საბჭოში გუბერნატორები შეიყვანა, ასევე - სამხედრო-სამრეწველო კომპანიის წარმომადგენლები და ფაქტია ისიც, რომ რუსეთს ეკონომიკა სამხედრო რელსებზე გადაჰყავს იმიტომ, რომ სამხედრო მრეწველობის განვითარებით ხდება ეკონომიკის განვითარება. ეს რუსეთის მთავარი გეგმაა, რომ ამ სანქციების ფონზე სამხედრო მრეწველობით ამოქაჩოს რუსული ეკონომიკა. მისი თქმით, პუტინი საბჭოთა კავშირის გზას იმეორებს, როდესაც მთელი ეკონომიკა სამხედრო წარმოებაზე იყო გადართული“, - დასძენს გამოცემა.
"მაისაიას თქმით, მთლიანად შეიარაღებული ძალები გადაყვანილია სრულ საბრძოლო მზადყოფნაში. მათ დაამტკიცეს თავდაცვის ახალი პროგრამაც, რომელიც გაწერილია 2 წელზე და გამოყოფილია 200 მილიარდი რუბლი, მათ შორის - ფედერალური შეიარაღების პროგრამების ჩათვლით. ეს უკვე დაფიქსირებულია. ასევე ანალოგიური თანხაა მობილიზებული სხვა მიზნობრივ სპეციალურ პროგრამებზე. მაგალითად, ბირთვული ტრიადის მოდერნიზაცია, რისი დაფინანსებაც სხვა მუხლებით ხდება და არა იმით, რაც თავდაცვის ბიუჯეტშია. ახალი ტექნოლოგიების დამუშავების დაფინანსებაც სხვა დაფინანსებით ხდება. ფაქტობრივად, აშკარაა, რომ რუსეთი გადადის სრული სამხედრო მზაობის რელსებზე. იგი პროგნოზირებს, რომ რუსეთის ერთ-ერთი პირველი სამიზნე კავკასია იქნება, კონკრეტულად კი - საქართველო და აზერბაიჯანი. რუსეთი გააქტიურდება საქართველოსა და აზერბაიჯანში. მიზანი იქნება ხელისუფლებების პრორუსული ძალებით შეცვლა. დიდი ალბათობით, ჰიბრიდული ომის წარმოება მოხდება. არჩევნების გარეშეც აგვარებენ რუსები ამგვარ გეგმას. შესაძლოა, პოლიტიკური კრიზისი შექმნან, ეკონომიკური, დიდი ფინანსური სიდუხჭირე გამოიყენონ და შექმნან ფონი, რომ პოლიტიკური რეჟიმი შეცვალონ. ამას უკრაინაში უკვე აკეთებენ. რა მცდელობაც ჰქონდათ ჩერნოგორიაში, ისეთივე მცდელობები დაიწყება საქართველოშიც. ეს ყველაფერი ჰიბრიდული ომის კონტექსტში მოხდება," - წერს სტატიის ავტორი