“ახმედ ჩატაევის საქართველოს საზღვრის გადმოკვეთასთან დაკავშრებით მედიაში არაერთი ინფორმაცია გაჟღერდა. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ჩატაევი რამდენიმე თანამებრძოლთან ერთად, საქართველოში დაახლოებით ერთი თვის წინ შემოვიდა იმ მიზნით, რომ აქ გამოეზამთრებინა და შემდეგ "კავკასიის ემირატს" შეერთებოდა. აღნიშნულ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო "რეგინფო" "კავკასიის ემირატის" ერთ-ერთი ლიდერის, დოკუ უმაროვის ძმის, ახმედ უმაროვის "ნიუკავკასუსისთვის" მიცემული ინტერვიუს საფუძველზე ავრცელებს. ახმედ უმაროვის თქმით, აქტიური საომარი მოქმედებები დღეს არ მიმდინარეობს, თუმცა ბრძოლა სულაც არ არის შეწყვეტილი. მთავარი ის არის, რომ რამდენიმე წლის წინ "კავკასიის ემირატის" საბრძოლო ფრთამ ფიცი მისცა "ისლამურ სახელმწიფოს", რამაც დაგვასუსტა. ახლა ჩვენთან რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მყოფი მოჯაჰედები მზად არიან კავკასიაში დასაბრუნებლად," - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ხალიფატის" კავკასიელი მეომრები უკან ბრუნდებიან? / მორიგი ვერსია, რატომ იყო ჩატაევი საქართველოში
"როგორც "რეგინფო" აღნიშნავს, ინტერვიუ 2017 წლის 18 ოქტომბერს არის გამოქვეყნებული, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციამდე ერთი თვით ადრე. ოფიციალური ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია შეიარაღებული ჯგუფის 3 წევრი, მათ შორის ერთმა თავი აიფეთქა. გავრცელებული მოსაზრებით, ის "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი, წარმოშობით ჩეჩენი ახმედ ჩატაევია. ერთ-ერთი ვერსიით, ჩატაევი რამდენიმე თანამებრძოლთან ერთად, საქართველოში დაახლოებით ერთი თვის წინ შემოვიდა იმ მიზნით, რომ აქ გამოეზამთრებინა და შემდეგ "კავკასიის იმარატს" შეერთებოდა. 2010-2012 წლებში ის "კავკასიის იმარატის" ხელმძღვანელ დოკუ უმაროვის პირადი წარმომადგენელი იყო ევროპაში. აღნიშნულთან დაკავშირებით ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, ცოტა გაურკვეველია, რას ნიშნავს გამოზამთრება, თუ ის მთიდან ჩამოვიდა ან რუსეთის ციმბირიდან შემოვიდა საქართველოში, კი ბატონო, ჩვენთან უფრო თბილა და შესაძლებელია. თუმცა არ ვიცი, რატომ გარისკა, ამას ვერ ვხვდები. სალუქვაძის თქმით, იმაზე საუბარი მარტივია, რომ გამოიზამთრებს და სადმე წავიდოდა, მაგლითად - ჩრდილოეთ კავკასიაში. თუმცა, გამოზამთრებამდე არის კიდევ 6 თვე. საკითხავია, რატომ გადმოლახა საზღვარი და თუ გადმოლახა, საიდან. ჩვენ გვაქვს დაუდასტურებელი ინფორმაციები, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში იყო საქართველოში, ამ დროში კი მაქსიმუმ 3-4 კვირა იგულისხმება. არ ვიცით ზუსტად, რამდენი ხანი იმყოფებოდა ჩატაევი საქართველოში, გამოვთქვამთ ზედმეტ ვარაუდებსა და ვერსიებს. გვაქვს ზედმეტი აჟიოტაჟი, რომელიც არანაირად არ არის ჩვენი სახელმწიფოსთვის მომგებიანი“, - აღნიშნავს გამოცემა
"ანალიტიკოსის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ჩატაევის შემოგზავნა განხორციელებულია რომელიმე სახელმწიფოს მხარდაჭერით და ასეთი ბევრი ნამდვილად არ არის, მაშინ შესაძლოა, შორს მიმავალ გეგმებთან გვქონდეს საქმე და ასეთი მარტივი ვერსიებით, ჩვენ ვერავითარ სარგებელს ვერ მოვუტანს საზოგადოებას. მინდა გითხრათ, რომ გამოძიების დასრულებამდე ვერავინ იტყვის, რამდენი ხანია, რაც ჩატაევი საქართველოში იმყოფებოდა, ეს ფაქტია. თუ, დიდი ხნის ჩამოსულია, არსებობს ეჭვი, რომ რუსეთიდან შემოსულიყო. საქართველოში გაცილებით მარტივია მთიდან შემოსვლა, ვიდრე სხვა მიმართულებიდან. როგორ წარმოგიდგენიათ ის, რომ ჩატაევი სარფიდან შემოსულიყო? ჩვენ ვადანაშაულებთ ჩვენი ქვეყნის სამსახურებს, როგორ გაეპარათ ეს პიროვნება, თუმცა, ამავე დროს, ვადანაშაულებთ თურქეთსაც, სადაც ჩატაევს ტერაქტში ედება ბრალი, რომ მან ან თავად გამოაპარა, ან გამოეპარა“, - დასძენს გამოცემა.
"სალუქვაძის თქმით, სხვა შემთხვევაში, ჩატაევი შესაძლოა, ზღვიდან ან ჰაერიდან შემოსულიყო, თუმცა დამეთანხმებით, ყველამ იცის, რომ თვითმფრინავით შემოსვლა გაცილებით სახიფათო იქნებოდა მისთვის, თუ, რა თქმა უნდა, ეს პიროვნება ჩატაევია. კი, ათასგვარი კადრი ვნახეთ ამ დღეების განმავლობაში, მაგრამ აუცილებელია, ჩატარდეს ექსპერტიზა და დაიდოს დასკვნები. უამრავი ვერსია შეიძლება გვქონდეს, თუმცა მე ყველას მოვუწოდებდი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისკენ, ჩემს კოლეგებს, ანალიტიკოსებს, რომლებიც სხვადასხვა ფორმით გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს. ნუ მოვახდენთ იმ თემების ზედმეტად აჟიტირებას, რომლებიც შესაძლოა, საზიანო იყოს ჩვენი ქვეყნისთვის და საფრთხე შეუქმნას ჩვენს სახელმწიფოებრიობას. ჩვენთვის არ არის მომგებიანი ტერორისტების ტრანზიტულ სახელმწიფოდ ქცევა. ეს ვერსიები კი, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მხოლოდ ამას ემსახურება და სხვას არაფერს," - წერს სტატიის ავტორი.