გია ბურჯანაძე:

გია ბურჯანაძე: "ქართველი კაცის იმედი არასდროს მქონია"

[მანანა ნოზაძე]

„შეფიცულთა“ რაზმის მეთაური, მსახიობი გია ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ დღევანდელი ოპოზიციური პარტიები მუსტაფა შელიას ფრჩხილად არ ღირს, რადგან ეს მამულიშვილი იმ დროს იბრძოდა, როცა 37 წლის რეპრესიების შემდეგ საქართველოში ბრძოლას ვეღარ ბედავდნენ.

თქვენ აცხადებთ, რომ „სახალხო კრებაში“ აგენტურა იყო შემოპარული, რის შესახებაც თქვენ არ იცოდით...

- ახლაც, რომ გესაუბრებით, ჩვენს ირგვლივ ორი ბიჭია შემოპარული, აქაც არიან. ამაშია უბედურება, ჩვენ მივეჩვიეთ, რომ დამსმენი ჩვეულებრივი ამბავი გახდა.  შესაძლოა, ჭკვიანი ხელისუფალის ხელში დაკარგული ტერიტორიები ოდესმე დავიბრუნოთ. არც იმას გამოვრიცხავ, ისეთი სიტუაცია შეიქმნას, რომ ტერიტორიები ისე მივიღოთ, როგორც ეს ბათუმის ოლქთან მიმართებით მოხდა. მაშინ წესიერი ქართველები აღმოჩნდნენ მენშევიკურ არმიაში და რამდენიმე ბოლშევიკმაც იფიქრა, რატომ გავატანოთ  მიწა-წყალი თურქეთსო?!

თუმცა, ამ ხელისუფლების ყველაზე დიდი დანაშაული, ტერიტორიების დაკარგვის შემდეგ არის ის, რომ მან საზოგადოებაში ღრმა უფსკრული გათხარა. დღეს ხალხს რომ დაურიგო იარაღი, შესაძლოა, ქართველებმა ერთმანეთი დახოცონ. აგერ, სახალხო არტისტი ოთარ კობერიძე ჩვენი მისამართით იძახის, უნდა ჩამოახრჩოთ ეს ხალხიო. მისი ხელით მეც, ნონაც, რეზოც, სოსოც, ლუკაც მკვდრები ვართ. უბრალოდ, იარაღი და უფლება არ აქვს, თორემ მოგვკლავდა. წარმოიდგინეთ, ამხელა უფსკრულია. იმ ბიჭებს, ვინც ასე აწამეს და ვინც შეურაცხყოფილია, ჯვარი სწერიათ,  მაგრამ ხომ შეიძლება, ისე გადაუტრიალდეთ გონება, როცა საშუალება მიეცემათ, მათ გაუსწორდნენ. საზოგადოებაში ერთმანეთის მიმართ უდიდესი ზიზღია, გახლეჩილია ხალხი.

სოსო ჯაჭვლიანს პატიმრობის დროს, ხელოვანმა ადამიანებმა მის გათავისუფლების მოთხოვნაზე ხელის მოწერა ვერ გაბედეს, როგორ ფიქრობთ ეს შიში იყო, თუ პოზიცია?

- 1982 წელს თვითმფრინავის ბიჭებთან დაკავშირებით ხელმოწერები გროვდებოდა. ადამიანები მოითხოვდნენ, სიკვდილით არ დაესაჯათ ახალგაზრდა ბიჭები, რომელთაც ბევრი სიკეთე შეეძლოთ გაეკეთებინათ საქართველოსთვის. მაშინ სახელოვნებო წრეებიდან მათი გადარჩენის დოკუმენტს ყველამ ხელი მოაწერა. გეგა ჩემი მეგობარი იყო, ერთი კურსით უკან სწავლობდა. დანარჩენებსაც ვიცნობდი, სოსო წერეთელთან ვმეგობრობდი. გადასარევი ბიჭები იყვნენ, მაგრამ მოხდა ასეთი ცუდი ამბავი და უდანაშაულო ხალხი დაიხოცა. ბრეჟნევის დრო იყო, ანდროპოვი გახლდათ კგბ-ს უფროსი, როგორი სსრკ წყობა იყო, იცით? ამის მიუხედავად, მაშინ არ შეეშინდა ხალხს და ხელი მოაწერეს მოთხოვნას. დღეს კი, უდანაშაულო სოსო ჯაჭვლიანის გათავისუფლებაზე ხელს რომ არ აწერენ, ამას რა ჰქვია? ამას ჰქვია ქვეშაფსიობა.

სოსო ჩემი მეგობარია და ვთხოვე, დარჩენილიყო საავადმყოფოში, რადგან არ შეიძლებოდა, ასეთი შიმშილის შემდეგ, სახლში წასულიყო. თუმცა აცხადებს, არ შემიძლია, სახლში უნდა დავბრუნდეო. არადა, ერთი კვირა რომ დარჩენილიყო საავადმყოფოში, კარგი იქნებოდა. 

თქვენს მიერ ბოლო დროს გაკეთებულმა განცხადებებმა სკანდალური სახე მიიღო. ქართველმა ერმა იმედი გადაგიწურათ?

- ამ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი გაზეთის ჟურნალისტმა  ჩემგან ინტერვიუ ჩაწერა. რა მაქვს დასამალი და რასაც ვფიქრობდი, ის ვილაპარაკე. „ტელეიმედმა“ ჩემი ნათქვამი პირველ სიუჟეტად გაიტანა. ვამბობდი, მაპატიეთ და, ,,ქაქშია“ ქართველი ერი-თქო და ატყდა ერთი ამბავი. განა არ არიან? კაი, ტერიტორიების დაკარგვასა და პატრიოტულ თემებზე  უკვე აღარ მაქვს ქართველებთან საუბარი, რადგან აღმოჩნდა, რომ ქართველი ერისთვის, ისევე, როგორც სააკაშვილისთვის, მართლაც ქვების გროვა და სალი კლდეები ყოფილა ცხინვალი და აფხაზეთი, კოდორი და ახალგორი. ჩემთვის კი არ არის ეს სალი კლდე და ქვების გროვა. გასაგებია, ქართველებისთვის მარტო ჭამამდე დავიდა საქმე. თუნდაც, საჭმლის გამო გეკითხებით, როდესაც ხორცი 25 ლარი ღირს და ნოემბრისთვის 35 ლარი გახდება, რატომ გაჩუმებულან? ელექტრომრიცხველის მიხედვით დასუფთავების გადასახადს გვიწესებენ. ხმას არ იღებს არავინ. როდესაც მასწავლებლებს უჭირდა, მაშინ გარემოვაჭრეები არ გავიდნენ, რადგან სხვადასხვა მენტალობა აქვთ. პროფესურას როცა უჭირდა,  მასწავლებლები არ ამოუდგნენ. გახსოვთ, პროფესურა როდესაც უნივერსიტეტში ჩაკეტეს და „ხულიგანი“ პროფესორები გაასამართლეს? იქ ბევრი ჩემი მეგობარია, რომლებზეც თავს დავდებ, რომ ხულიგნები ნამდვილად არ არიან, სწავლულები, მეცნიერები და ქართველები არიან. ცალკე ექიმები, ცალკე ხელოვანები გაათითოკაცეს, ნელ-ნელა დააპატარავეს და დაამცირეს. ხელისუფლების მიერ მოვლენილი პარტიები კი თავის საქმეს აკეთებენ.

ყველაზე მეტი პრეტენზია „სახალხო კრებას“ ქართული პარტიის მიმართ ჰქონდა, რატომ? 

- „ქართული პარტია“ რისთვისაც შეიქმნა, ახლა გამჟღავნდა. მან გააკეთა თავისი საქმე და დაიშალა. უბრალოდ, ლევანისა და კოკას განცდა მაქვს, რადგან ვთვლი, რომ ისინი  კარგი ქართველი ვაჟკაცები არიან და არ უნდა მომხვდარიყვნენ იმ კამპანიაში, რასაც ეროსი და ოქრუაშვილი ჰქვია.

ეროსი კიწმარიშვილი აცხადებს, რომ ოქრუაშვილი 24 მაისს ჩამოსვლას აპირებდა და ნინო ბურჯანაძესთან გაუგებრობის გამო თავი შეიკავა. 

- კარგით რა, გჯერათ ახლა? ან კიდევ, ბოლოდროინდელი კადრების გჯერათ? 200 კაცი რომ უნდა ჩაესვათ ერთ „კამაზში?“ რუსის გრუ-ს ამათი ოთხი ავტომატი სჭირდება? საწყალი გრუ-ს სპეცნაზი, თურმე მოდის და ოთხ ავტომატს ქართველები თუ არ დაახვედრებენ, ვერაფერს გააკეთებს.

ბოლო დროს თქვენი განცხადებები უფრო ნიჰილისტურია.

- ბოლო დროს რატომ? გადახედეთ ყველა ჩემს გამოსვლას. ორი, ხუთი წლის წინათაც ვიძახდი, მე ქართველი კაცის იმედი არ მაქვს. რამდენიმე კაცზე, ორი ათასზე, ხუთი ათასზე შემიძლია ვთქვა, რომ ისინი კაცები არიან, მაგრამ სამ მილიონიან ერში 5 ათას კაცზე რომ არის მარტო საუბარი, იმას ერი აღარ ჰქვია.

მაშინ რა გამოძრავებთ?

- მე ღმერთის იმედი მაქვს. არა იმის, რომ ქართველები რამეს გააკეთებენ.

ლიდერებიდან ვისი გეიმედებათ?

-  ჩემთვის ლიდერები არ არსებობს. არ ვართ ტომში და ტომის ბელადები არ გვჭირდება. მე არ ვარ პარტიის წევრი და არც ვაპირებ რომელიმე პარტიაში ყოფნას, ამიტომ, ლიდერობა ჩემთვის არაფერს ნიშნავს. ჩემთვის მთავარია პიროვნებები. ყველა ადამიანი საკუთარი საქციელით იზომება. „ხე ნაყოფით იცნობა, ნაყოფი -ხითაო“. არიან ადამიანები, ვისიც არ მწამს. მით უმეტეს, ასეთი ხელისუფლების პირობებში, რომელ ლიდერზეა ლაპარაკი?! ყველანი  მერკანტილური ინტერესებით არიან. „რვიანის“ მაგალითი აიღეთ. გადაუგდეს 25 ადგილი და ამაზე ხოცავენ ერთმანეთს და 60 მილიონი ჰქონიათ გასაყოფი.

იმ დროს, როცა ხალხი აქციებზე მასობრივად არ გამოდის, ბრძოლას მაინც აქვს აზრი? პირადად თქვენ რას აპირებთ?

- მუსტაფა (ლევან) შელიას (ორგანიზაცია „თეთრი გიორგის“ ხელმძღვანელი) დროს არავინ იბრძოდა საქართველოში, რადგან 37 წელს დამთავრებული იყო ყველაფერი, ახალი თაობის დისიდენტები კი, ჯერ კიდევ არ იყვნენ. მუსტაფა შელია ენკავედემ სდია და ბოლოს, მაშინდელი ენგელსის ქუჩაზე, სადაც იმალებოდა, იქ დახვრიტეს. ახლა ვინმე მეტყვის, რომ მუსტაფა შელია არ არის ვაჟკაცი? ამ გადასახედიდან, მთელი ეს პოლიტიკური სპექტრი, ერთად აღებული, მუსტაფა შელიას ნეკა ფრჩხილად არ ღირს. ის მაშინ იბრძოდა ბოლომდე, როცა არავინ იბრძოდა.

ალბათ, ასეთივე იყო კოტე აფხაზი, რომელიც სპექტაკლში „ქაქუცა ჩლოყაშვილი“ განასახიერეთ.

- კოტე აფხაზის დროს ძალიან დიდი ვაჟკაცები იყვნენ. იქ იყო გიორგი კვინიტაძე, გიორგი მაზნიაშვილი, სუმბათაშვილი, დავით ჭავჭავაძე. გენიოსი გენერლები გვყავდა, რომლებმაც აჭარა გადაარჩინეს. ამ დროს კი, მათი მთავრობა გარბოდა. მაშინდელი პარტიების საქციელიც წარმოიდგინეთ, „სოციალ-დემოკრატებმა“ საკუთარ ცხენებს გაასწრეს პორტ-არტურში. როდესაც ჟორდანიას მთავრობა გაიქცა,  მისი მთავრობის გენერალიტეტი დარჩა, ბოლომდე იბრძოდა და ბათუმის ოლქი გაათავისუფლა.

სხვათაშორის, კომუნისტებთან, ბოლშევიკებთან ერთად დარჩნენ, რადგან იმ ბოლშევიკებშიც ქართველები უფრო მეტნი ყოფილან, ვიდრე დღეს მთელ პოლიტიკურ სპექტრში. სწორედ მათ გამოა, რომ ბათუმი დღეს საქართველოს ტერიტორიის შემადგენლობაშია. დღეს ჩვენი ხელისუფლება ყიდის აჭარას და ქართველები ხმას არ ვიღებთ. ასეთი ერი ვართ. 26 მაისს კი არ მოხდა ეს ამბავი, წინა საუკუნეებშიც ასე ხდებოდა. ერეკლეს ამბავი გაიხსენეთ, 1795 წელს კრწანისის ომში ჯარი არ ჰყავდა, ამ დროს კი, მის დაკრძალვას მთელი საქართველო ესწრებოდა.

თუ ქართველი ერი საიმედო არაა, მაშინ როგორ გაუძლო საუკუნეებს?

- როგორ და აგერ, მუსტაფა შელიასნაირი კაცების იმედად. ბიბლიური ლოტის ისტორია გაიხსენეთ, სოდომისა და გომორის ამბავი. რატომ ამოწყვიტა უფალმა ორი ვეებერთელა ქალაქი? ლოტის ოჯახი კი რატომ გამოიყვანა? იმიტომ, რომ ლოტი მართალი კაცი იყო.

მთელ მსოფლიოში ასეა, ყველგან ერთეულები ქმნიან ისტორიას.

- არა, ჩემო კარგო. თუნდაც ევროპულ ნორმალურ ქვეყნებში საზოგადოება ჩამოყალიბდა. აგერ, აფრიკულ ქვეყნებშიც  ჩამოყალიბდა საზოგადოება. საქართველოში კი არ გვყავს. შემიძლია, რამდენიმე ქართველ ვაჟკაცზე გელაპარაკოთ, მაგრამ მშიშარა, გამყიდველ, ჩამშვებ კაცებზე რა გითხრათ?!

უცხოეთს რისი გაკეთება შეუძლია საქართველოსთვის?

- რუსული ანდაზაა, რომ უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია. ტყუილად არავინ დაგვეხმარება. უცხოეთის იმედად როგორ უნდა იყო? უცხოეთი რაღაცას თუ გაგიკეთებს, მერე წაიღებს კიდეც. იმიტომაც მიაქვთ. თქვენ რა გგონიათ, არ მიაქვთ? ტერიტორიები ნახეთ, რუკას შეხედეთ, არ წაიღეს? რუსეთმა არ წაიღო?

ნინო ბურჯანაძე ამჟამად ბრიუსელში მართავს შეხვედრებს. მაშინ რა აზრი აქვს მის უცხოეთში ვიზიტებს?  

- ეს დროის ამბავია. ეგვიპტის შესახებ შეფასებები რამდენიმე კვირის შემდეგ გაკეთდა. მოგვიანებით გამოვიდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი და განაცხადა, ჩვენ ეგვიპტელი ხალხის მეგობარი ვართ და არა რეჟიმებისო. ქართველ ხალხს არ აქვს რეაქცია, რაც მის ქვეყანაში ხდება, და რატომ ექნება ვიეტნამელს? დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს როცა შევხვდით, პირდაპირ ვკითხე, იქნებ ამიხსნათ, რაც მსოფლიომ ეგვიპტელ ხალხს დემოკრატიისთვის ბრძოლად ჩაუთვალა, ქართველი ხალხისთვის რატომ არის დანაშაული-მეთქი? ჰუსეინი რომ დიქტატორი იყო, ეს 20 წლის მანძილზე მთელმა მსოფლიომ იცოდა, მაგრამ  რამდენი დრო დასჭირდათ იმისთვის, რომ მისულიყვნენ იმ აზრამდე, რომ მისი ატანა აღარ შეიძლებოდა? ხვალ არჩევნები თავისუფალ გარემოში რომ ჩატარდეს, ერთი კაცი მაინც მანახეთ, გიორგი თარგამაძის პარტიას ხმას რომ მისცემს. გარდა მათივე ოჯახის წევრებისა.

რადგან საზოგადოებაში საპროტესტო განწყობა არ არის, „სახალხო კრებამ“ ამოწურა რესურსი?

- როგორ შეიძლება, „სახალხო კრებამ“ ამოწუროს საკუთარი რესურსი? „სახალხო კრება“ პირველი კი არ არის საქართველოში. ეგეთი რამეები ხდება, ხან აღზევდება, ხან დარბევის შემდგომ პერიოდს გადის.

 

გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმ ტრაგიკულ ღამეს რუსთაველის კინოთეატრში მომხდარის შესახებ თავად შსს-ს მიერ გადაღებული კადრები არსებობს. თქვენი მონაცემებითაც ასეა?

 

_ შსს-ს მიერ გადაღებულ კადრებს ვინ გვაჩვენებს? შსს მერე გაუშვებს უნიჭოდ დადგმულ კინოებს და რაც რეალური კადრია, იმას გვაჩვენებს? თავის დანაშაულს გამოავლენენ?

 

გოგა ხაინდრავამ აშშ-ის ელჩის ჯონ ბასის მიმართ მოთხოვნა გაავრცელა, რომ მან უნდა დატოვოს საქართველო, რადგან არ გადასცემს ზუსტ ინფორმაციას. თქვენი აზრით, ჯონ ბასი რეალობას ალამაზებს?   

 

_ ტეფტი რომ იყო, რამე უკეთ იყო საქართველოში? ქართველების ხელით აშშ თავის საქმეს აკეთებს, რუსეთი_თავისას. ოღონდ ეს ქართველები სულაც არ არიან ისინი, ამ დღეებში რომ დაიჭირეს, ოთხი ავტომატით რომ ელოდებოდნენ თურმე რუსეთის სპეცნაზს. პირიქით, რუსებისა და ამერიკელების ხელი არის ჩვენს ხელისუფლებაში. ამ ყველაფერში ჯონ ბასიც ისეთივე ჭანჭიკია, როგორიც თვითონ ეს ხელისუფლება.  არ იქნება ბასი, იქნება ბუსი. რა მნიშვნელობა აქვს? სანამ ქართველი ერი არ მოინდომებს კარგად ცხოვრებას, ტყუილად ვაბრალებთ, რომ ვიღაც ელჩი ან რომელიღაც ქვეყანა არის დამნაშავე. პირველ რიგში, ქართველები ვართ დამნაშავე, რადგან ვიმსახურებთ იმას, რაც გვაქვს.