ბადრი ნაჭყებია:

ბადრი ნაჭყებია: "ვის აწყობს საქართველოში მართვადი კრიზისი?!"

"რა მოხდა თბილისში მხოლოდ ვარაუდებია. ყველაზე ხშირად გვესმის ვერსია, რომ ის პირები საქართველოს ტერიტორიას სატრანზიტოდ იყენებდნენ და ის ბინა იყო ე. წ. დალუქული ბაზა, რომლის გავლითაც არაერთი ასეთი ჯგუფი გადაადგილდებოდა როგორც სირიიდან, ასევე შესაძლოა სხვა ქვეყნებიდანაც. მას მერე, რაც "ისლამური სახელმწიფოს" ბოლო ბასტიონი აიღეს, მოსალოდნელიც იყო, "ისლამური სახელმწიფო" მოქმედების ახალ ტაქტიკაზე გადავიდოდა", - აცხადებს ექსპერტი ტერორიზმის საკითხებში ბადრი ნაჭყებია გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ვის აწყობს საქართველოში მართვადი კრიზისი?!" / "დღეს 2-3-კაციანი თვითორგანიზებული ჯგუფები უკვე დიდ საფრთხეს წარმოადგენენ, ისინი ნებისმიერ დროს შეიძლება იქცნენ ტერორისტებად" / "ეს ჯგუფი შეიძლება ყოფილიყო არა ტრანზიტული, არამედ უკვე ჩამოყალიბებული დაჯგუფება, რომელიც საქართველოში დარჩენასა და "გაყინვას" აპირებდა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ამოქმედდებოდა" / "კიდევ ძალიან მაწუხებს ის, თუ რამდენად კონტროლდებიან საქართველოში შემოსული მიგრანტები. დიდ და ძლიერ ქვეყნებსაც უჭირთ ამის გაკონტროლება, ჩვენ რა შეგვიძლია, არ ვიცი...".

"ტერორისტთა პატარ-პატარა ჯგუფები მოკლე ხანში, ალბათ, მთელ მსოფლიოში გაიფანტებიან და შეეცდებიან, ცოტა ხანს ფსკერზე დარჩნენ, არსად გამოჩნდნენ, რათა ამ ტალღამ გადაიაროს, თუმცა თანდათან მოხდება ახალი ლიდერების კონსოლიდირება და ნელ-ნელა შეეცდებიან მსოფლიო მასშტაბით ახალი ტერორისტული ტალღის აგორებას. ამ ტალღაში მოხვდება თუ არა საქართველო, ძნელი სათქმელია, იმედია, არა, მაგრამ, ვფიქრობ, ტრანზიტულ ხაზად აუცილებლად გამოიყენებენ. შესაძლოა სწორედ ამასთან გვაქს საქმე. თუმცა არსებობს სხვა ვარაუდიც: ეს ჯგუფი შეიძლება ყოფილიყო არა ტრანზიტული, არამედ უკვე ჩამოყალიბებული დაჯგუფება, რომელიც საქართველოში დარჩენასა და "გაყინვას" აპირებდა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ამოქმედდებოდა - თუ ამ ვერსიას მივიჩნევთ სარწმუნოდ, იარაღის რაც უფრო დიდი ბაზა ექნებოდათ, მით უფრო მომზადებულები იქნებოდნენ დასახული ამოცანების შესასრულებლად. დღეს მსოფლიოში რადიკალური ისლამის გამალებული პროპაგანდა მიდის და უკვე აშკარა ხდება, რომ ყველაზე დიდ საშიშროებას წარმოადგენენ თვითორგანიზებული ტერორისტული ჯგუფები, რომელთაც მაინცდამაინც დიდი კავშირი არა აქვთ ხელმძღვანელობასთან. არ არის გამორიცხული გვქონდა სწორედ ასეთ ჯგუფთან, რომელიც გეგმავდა არა მხოლოდ საქართველოში მოქმედებას, არამედ ამიერკავკასიაშიც და იარაღის მარაგის გადანაწილებას აპირებდა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბადრი ნაჭყებია.

"სამწუხაროდ, ჩვენ არა ვართ მდიდარი სახელმწიფო, მწირი რესურსების გამო ძალიან გვიჭირს საზღვრის გაკონტროლება. გაგახსენებთ, როდესაც რუსეთი პანკისის ხეობაში გვიქმნიდა პრობლემებს და ბრალდებას გვიყენებდა, თითქოს საქართველოდან მის ტერიტორიაზე შედიოდა იარაღი, ევროპაში ერთ-ერთი დებატებისას აზერბაიჯანელმა პოლიტოლოგმა საქართველო დაიცვა და განაცხადა, თუ ზესახელმწიფო რუსეთი ვერ აკონტროლებს მის საზღვრებში იარაღის შეტანას, როგორ უნდა მოახერხოს ეს პატარა საქართველომო?.. საზღვრის გაკონტროლებას სჭირდება რესურსები, რაც საქართველოს არა აქვს - მაგალითად, წელს სვანეთში ვიყავი და ყურადღება მივაქციე - სვანეთში ამხელა ჩრდილოკავკასიური საზღვარი გადის, ჩვენ კიდევ ერთი ვერტმფრენიც არა გვყავს, რომელიც რეგულარულად იფრენს და სასაზღვრო-საჰაერო სივრცეს გააკონტროლებს. მწირი ტექნიკური და ფინანსური შესაძლებლობები ძალიან ართულებს საზღვრის დაცვას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი საზღვრიდან იარაღის "გაჟონვის" შესაძლებლობა მაღალია, თუმცა გამორიცხვითაც ვერაფერს გამოვრიცხავთ", - განაგრძობს რესპონდენტი.

"გადავხედოთ, რას მიაღწია საქართველომ ბოლო დროს? პირველი - ეს არის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა; მეორე - ტრანსევრაზიული რკინიგზის გახსნა, რაც ეპოქალური მოვლენაა; მესამე - ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერა, რაც თვალნათლივ აჩვენებს ჩინეთის საქართველოსადმი ინტერესს; და მეოთხე - აშშ-ისგან მიღებული გარანტია ტანკსაწინააღმდეგო "ჯაველინების" გადმოცემის თაობაზე. ჩვენი საზოგადოება ბოლო წლებში აშკარად სტაბილურია, პოლიტიკური პროცესი კონსტიტუციურ ჩარჩოში ვითარდება, უკვე ორჯერ ჩავატარეთ ნორმალური არჩევნები. ბუნებრივია, რომ გარკვეული ძალები, რომლებსაც ეს არ აწყობთ და ქვეყნის განვითარების პერსპექტივა აშფოთებთ, ეცდებიან აქ გააჩინონ დაძაბულობის კერები და ამისთვის ტერორიზმი ერთ-ერთი გზაა. ამგვარ მცდელობებს, სამწუხაროდ, ვერ გამოვრიცხავთ, ამიტომაც დღეს, როგორც არასდროს, ხელისუფლებას, სპეცსამსახურებსა და საზოგადოებას სიფხიზლე და მაქსიმალურად კონსოლიდირება მართებთ", - თვლის ექსპერტი.

"ყველა ვერსია განსახილველია, თუმცა მხოლოდ ერთი ქვეყნის მიმართულებით არ უნდა ვიფიქროთ, შეიძლება სულ სხვადასხვა ჯგუფს ჰქონდეს თავისი ინტერესი. ჩვენ ირგვლივ თითქმის ყველას, ერთი სახელმწიფოს გარდა - აზერბაიჯანს ვგულისხმობ - შეიძლება აწყობს კიდეც საქართველოში მართვადი კრიზისები. მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში დიდი სახელმწიფოების ინტერესები ეჯახება ერთმანეთს და არ არის გამორიცხული, დიდი სახელმწიფოები და მათ უკან მდგომი ძალები მერკანტილური მიზნების მისაღწევად ავტონომიურად მოქმედებდნენ... ამ სპეცოპერაციისას ცხადი შეიქნა, რომ ეს იყო ძალიან კარგად მომზადებული ჯგუფი. როგორც ოფიციალურად ვიცით, ჩვენს ხელისუფლებას ჰქონდა საშუალება, მათთვის ეთვალთვალა. როგორც ჩანს, იმედი ჰქონდათ, რომ ისინი ჩაჰბარდებოდნენ და სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ გაჭიანურდა სპეცოპერაციაც. მაგრამ გამოჩნდა, რომ ისინი, ფაქტობრივად, თვითმკვლელები იყვნენ, რომელთაც, სავარაუდოდ, საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ სერიოზული მიზნები ჰქონდათ", - ამბობს ბადრი ნაჭყებია.

"ნეიტრალიზების ოპერაციის დროს მთავარია არ დაზიანდეს მშვიდობიანი მოსახლეობა - ამას ჩვენმა სპეცსამსახურებმა კარგად გაართვეს თავი. სამწუხაროდ, დაგვეღუპა სპეცრაზმელი, რომლის ოჯახსაც ვუსამძიმრებ. რაც შეეხება კრიტიკოსებს, გიორგი კვირიკაშვილის აზრს, რომ ამ შემთხვევაში ის ხალხი აქტიურობს, რომელთაც ტერორიზმზე წარმოდგენაც კი არა აქვთ. საქმე იქამდე მიდის, ზოგიერთი ვაიექსპერტი იმასაც ბედავს, რომ სამართალდამცავებს მიუთითოს, როგორ იმოქმედოს სნაიპერმა. რაც შეეხება მედიის მუშაობას, ექსპერტობა არ არის საჭირო იმის მისახვედრად, რომ ამგვარი პროცესების დროს სიფრთხილეა საჭირო. ერთ-ერთი მედიასაშუალება ამბობდა, რომ სიუჟეტს მიმდინარე სპეცოპერაციიდან ერთი საათის დაგვიანებით უშვებდა ეთერში, მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო, თუ ტერორისტი ნახავდა იმ სიუჟეტს და თუნდაც ერთი საათის მერე გადაწყვეტდა, რომ ფარეხს ამოფარებული სპეცრაზმელისთვის ყუმბარა ესროლა, რა გარანტია იყო იმისა, რომ იქ სამართალდამცავები აღარ ყოფილიყვნენ?! იქნება სწორედ ასე დაგვეღუპა სპეცრაზმელი? ჯერ კიდევ შარშან ვთქვი, რომ უნდა დამკვიდრდეს ასეთ ვითარებაში სამართალდამცავი ორგანოებისა და მედიის შეთანხმებული მოქმედების სტანდარტი. ამისთვის შევისწავლე 24 ქვეყნის გამოცდილება და მიმაჩნია, რომ ავსტრალიის სტანდარტი ჩვენთვის ყველაზე მისაღებია", - დაასკვნის რესპონდენტი.

"მომავალში საფრთხის ზრდას რაც შეეხება, სამწუხაროდ, ვერაფერს გამოვრიცხავთ. საფრანგეთის ექსპრემიერმა პარიზის ტერაქტების შემდეგ განაცხადა, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ტერორიზმთან თანაცხოვრებაო - ეს დღევანდელი მსოფლიოს რეალობაა. საბოლოოდ ამ სირიის კრიზისმა, არასწორმა მიგრაციულმა პოლიტიკამ, ბოლო 20 წლის განმავლობაში ისლამური ჯგუფების ევროპელ საზოგადოებასთან შეუმდგარმა ინტეგრაციამ და ამისგან მომავალი საფრთხეების შეუფასებლობამ, მოგვცა ის ვითარება, რაც გვაქვს. ჩვენ ძალიან რთულ პერიოდში შევდივართ. არსებობს საფრთხე, რომ ევროპულ სახელმწიფოებში ხელისუფლებაში მასობრივად მოვიდნენ მემარჯვენეები. თუმცა ასევე მიდის ამ კრიზისიდან თავის დაღწევის გზების ძიებაც. მეორე მხრივ, ევროპის ქვეყნები დემოგრაფიული პრობლემების წინაშე დგანან. მათი მოსახლეობა მცირდება. ამ ეტაპზე ევროპას სხვადასხვა პროფესიის 22 მლნ სამუშაო ხელი სჭირდება და შევსებას სწორედ იმ საზოგადოებისგან ელის, რომლის ინტეგრაციაც ახალ დასავლურ საზოგადოებაში, ფაქტობრივად, არ ხდება. თუ ეს პრობლემა არ გადაწყდა, შეიძლება მივიღოთ საპირისპირო პროცესები და "ბრეივიკის სინდრომმა" დიდი მასშტაბი მიიღოს", - დაასკვნის ნაჭყებია და შეკითხვაზე - რამდენად ყურადსაღები შეიძლება იყოს ის მუქარის შემცველი განცხადებები, რაც სპეცოპერაციის შემდეგ გავრცელდა?" - პასუხობს:

"ნებისმიერი რამ, რაც ტერორიზმს უკავშირდება, ყურადსაღები უნდა იყოს ჩვენი სპეცსამსახურებისთვის. ვიმეორებ, დღეს 2-3-კაციანი თვითორგანიზებული ჯგუფები უკვე დიდ საფრთხეს წარმოადგენენ, ისინი ნებისმიერ დროს შეიძლება იქცნენ ტერორისტებად. ასევე დიდ პრობლემას ვხედავ სხვაგანაც - ეს არის ქვეყანაში რელიგიური ბალანსის დარღვევის საფრთხე, რაც შეიძლება მოჰყვეს ძალიან რთულ დემოგრაფიულ ვითარებას ქვეყანაში. მოგეხსენებათ, ამ მიმართულებით პროგნოზები ძალიან სახიფათოა. ეთნიკურად ქართველების კლების დინამიკა ასე თუ გაგრძელდა, მაშინ უდიდესი პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ".

"კიდევ ძალიან მაწუხებს ის, თუ რამდენად კონტროლდებიან საქართველოში შემოსული მიგრანტები. დიდ და ძლიერ ქვეყნებსაც უჭირთ ამის გაკონტროლება, ჩვენ რა შეგვიძლია, არ ვიცი... ვფიქრობ, განსაკუთრებულად მჭიდრო თანამშრომლობა გვმართებს აშშ-ის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებთან. მე, როგორც მკვლევარი, დავდივარ და ვაანალიზებ, თუ რა ხდება აღმაშენებლის გამზირზე არსებულ რესტორნებსა და კლუბებში, სადაც, ძირითადად, ვხედავ უსაქმურ, უმუშევარ მიგრანტებს, რომლებიც პატარ-პატარა ჯგუფებად არიან შეკრული. ამბობენ, რომ საფრანგეთში 200-მდე არალეგალური მეჩეთია, სადაც რადიკალურ ისლამს ქადაგებენ. რა ხდება ჩვენთან ამ მხრივ, ვინმე აკონტროლებს?! როცა ისლამის ამდენი მიმდევარი გაჩნდა თბილისში, თანაც, გაითვალისწინეთ, რომ ეს ძალიან მორწმუნე ხალხია, ჩნდება კითხვა, სად იკრიბებიან ეს ჯგუფები და ვინ და რას ქადაგებს?! იქნებ იმ არაბულ კლუბებში ქართველებს იმიტომაც არ უშვებენ, რომ იქ აკრძალული და რადიკალური თემები განიხილება?!" - დასძენს ბადრი ნაჭყებია.