მეგის ქარდავა ე.წ. კასრების საქმეში სრულიად უდანაშაულოა, ეს წარმოუდგენელი ბრალდებაა

მეგის ქარდავა ე.წ. კასრების საქმეში სრულიად უდანაშაულოა, ეს წარმოუდგენელი ბრალდებაა

თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმის განხილვა მიმდინარეობს. საქმეზე ბრალდების მხარე თავისი მოწმეების დაკითხვას განაგრძნობს. თეთრაძის საქმეში ბრალდებულები არიან, ბაჩო ახალაია, ნიკოლოზ ძიმცეიშვილი და მეგის ქარდავა.

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მეგის ქარდავა კიევში, 1 ნოემბერ დააკავეს. მეგის ქარდავა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ქართული მხარის მოთხოვნით იძებნებოდა. მას დაუსწრებლად ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.

როგორც „ჯი-ეიჩ-ენთან“ ქარდავას ადვოკატი, გია გოროზია აცხადებს, ის უდანაშაულოა, როგორც თეთრაძის, ასევე ე.წ. კასრების საქმესთან დაკავშირებით.

- საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა და ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან. როცა მათი დაკითხვა დასრულდება, დაცვის მხარის მოწმეებზე გადავალათ. თუმცა, ეს ჯერ ადრეა, რადგან ბრალდებას ბევრი მოწმე ჰყავს დასაკითხი.

- დაკითხული მომწეების ჩვენებებიდან რა იკვეთება, შეძლებს ბრალდება ქარდავასთვის და დანარჩენებისთვის ბრალის დამტკიცებას?

-  ბრალდების მიერ დაკითხული მოწმეების რაოდენობა არასაკმარისია, რომ კონკრეტული პირის მიმართ წაყენებული ბრალდება დადასტურდეს. იმ ბრალდების ირგვლივ, რასაც გამოძიება ქარდავას ედავება, მტკიცებულებები არ არსებობს. შესაბამისად, ბრალდება უსაფუძვლოდ მიმაჩნია.

- რა ეტაპზეა ქარდავას საქმე უკრაინაში?

-  მას 40 დღიანი წინასაექსტრადაციო პერიოდი აქვს, პროცესები გაგრძელდება და ვნახოთ, რა ჭრილში გადავალათ.

- ის ციხეში განხორციელებულ ფიზიკურ ზეწოლასა და ანგარიშსწორებაზე საუბრობდა. ახლაც გრძელდება მის მიმართ მსგავსი ქმედება?

- როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ის დაკავების მომენტშიც და დაკავებამდეც, გატაცებული იყო, მას ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. ფაქტობრივად, ქარდავა აწამეს .უკრაინაში მყოფ ადვოკატთან  ყოველდღიური კომუნიკაცია არც მე  და არც მალხაზ ველიჯანაშვილს არ გაგვაჩნია, შესაბამისად, ამ მომენტისათვის ქარდავაზე კვლავ ხორციელდება თუ არა ზეწოლა, ვერ გეტყვით. თუმცა, ამ ფაქტს ვერ გამოვრიცხავთ, შესაძლებელია ისევ გრძელდება.

- რა ინფორმაციას ფლობთ, ითანამშრომლებს თუ არა მეგის ქარდავა გამოძიებასთან? მას . ოქროს მოწმედ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ შესაძლოა, მისი მხრიდან კონკრეტული პირების მხილებაც მოხდეს.

- ის წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავე არ არის, ამ კუთხით, გამოძიებასთან ითანამშრომლებს.  თუმცა, ვიღაც რომ ამხილოს ისეთ დანაშაულზე, რომელთანაც არც მას და არც სხვას ჰქონია შეხება, გამოძიებასთან ამ კუთხით ნამდვილად არ ითანაშმრომლებს. ბრალდება მას არაერთ საქმეს ედავება, ოქროს მოწმე როგორ იქნება, როცა მას თავის ბრალდებაზე წარმოდგენაც კი არ აქვს, გამოძიებისთვის ჩვენებაც კი არ მიუცია. ის არცერთ წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

.. კასრების თემასთან დაკავშირებით, როგორია ქარდავას პოზიცია?

-  მინდა გითხრათ, რომ ქარდავა ე.წ. კასრების საქმეშიც სრულიად უდანაშაულოა და ეს წარმოუდგენელი ბრალდებაა. იმ მომენტში, როცა კონკრეტული მოწმეები კონკრეტულ თარიღს ასახელებენ, როცა ის სამეგრელოში უნდა იყოს და ადამიანებს უნდა აწამებდეს, ზუსტად იმ დღეს, ის თბილისში იმყოფებოდა. ეს ჩვენ ტელეფონის ამონაწერით, დეტალური ანძებით გვაქვს დადასტურებული, ასევე მივლინების ფურცლებით. ამას გარდა, დაკითხული გვყავს მინიმუმ, 5 მოწმე, რომლებიც უშუალოდ ადასტურებენ, რომ იმ დროს ქარდავა თბილისში იმყოფებოდა. ფიზიკურად იყო შეუძლებელი ის მოქმედებები განეხორციელებინა, რაც ბრალად ედება. თუმცა, ამის მიუხედავად, მას სასამართლომ გამამტყუბნებელი განაჩენი გამოუტანა.  

- დაბოლოს, რამდენ ხანში უნდა ველოდოთ მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირებას?

- დაახლოებით, 6-7 თვეში. გააჩნია, სასამართლო როგორ განიხილავს, დაჩქარებული წესით, თუ კანონით დადგენილ ვადებში.  

შეგახსენებთ, რომ  სამეგრელოში აღმოჩენილი სამალავების საქმეზე, მეგის ქარდავას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. პასუხისგებაში სულ მიცემულია 13 პირი, აქედან ერთ-ერთია მეგის ქარდავა, ასევე შსს-ს სამეგრელო - ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები.

გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ დაკავებულების წამებასა და მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში. ბრალდებული პირების იდენტიფიცირება მოხდა სამეგრელოში შენიღბულად მოწყობილ, სპეციალურ სამალავებში აღმოჩენილი ვიდეოფირების საშუალებით. ფირებზე აღბეჭდილია ასევე სექსუალური ხასიათის დანაშაული.