თბილისის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში ახალი კონტიგენტის მიღება შეჩერებულია. საბავშვო ბაღებში მიღების შეჩერების რეალურ მიზეზს ვერ ასახელებენ. ამბობენ, რომ ბრძანება მერიიდან მიიღეს და არც იციან თუ როდის განახლდება რეგისტრაცია. მშობლები კი, ვისაც ბავშვის ბაღში მიყვანა სურს, ეჭვობენ, რომ რეგისტრაციის შეწყვეტა, შესაძლოა, საბავშვო ბაღებში გახადასახის დაწესებას უკავშირდებოდეს.
«როდესაც მივედი ბაღში და მითხრეს, რომ მიღება არ წარმოებსო, რა თქმა უნდა, დავინტერესდი თუ რატომ იყო შეწყვეტილი ეს პროცესი. როგორც ვიცი, ყოველთვის მაისიდან იწყებოდა რეგისტრაცია. ახლა ასეთი პასუხი გამცეს - ბაღი ფასიანი უნდა გახდეს და ამიტომ შეწყდა მიღებაო», - უთხრა «რეზონანსს» თბილისელმა ნანა გურაშვილმა, რომელსაც ბაღში 2 წლის შვილის მიყვანა სურს.
თბილისის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში ახალი კონტიგენტის მიღების შეჩერებას მერიაში ტექნიკური მიზეზებით ხსნიან და აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ძველი კონტიგენტის აღწერა მიმდინარეობს და რეგისტრაციის განახლება კი მოგვიანებით გახდება შესაძლებელი. რაც შეეხება გადასახადის დაწესებას, მერიაში ამბობენ, რომ ეს საკითხი ამ დროისთვის საერთოდ არ განიხილება.
საბავშვო-ბაღებში ახალი ბავშვების მიღება დროებით შეჩერებულია, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში აცხადებენ, რომ ეს ბრძანება მათთან მერიიდან მივიდა.
«ჯერ არ ვიღებთ ახალ ბავშვებს. მერიიდან მოვიდა ბრძანება, რომ ეს პროცესი შევაჩეროთ და ჩვენც ამ ბრძანების მიხედვით ვმოქმედებთ. რაც შეეხება იმას, თუ როდის განახლდება ახალი კონტიგენტის მიღება, ნამდვილად ვერაფერს გეტყვით, ველოდებით ისევ მერიის ბრძანებას», - უთხრეს «რეზონანსს» თბილისში მოქმედ და მერიის ბალანსზე მყოფ თითქმის ყველა საბავშვო-ბაღში.
მშობლები კი ეჭვობენ, რომ შეჩერებული რეგისტრაცია გადასახადის დაწესებას უკავშირდება.
«როგორც წესი, საბავშვო-ბაღებში ახალი კონტიგენტის მიღება, ანუ რეგისტრაცია მაისში იწყება ხოლმე. 3 შვილის დედა ვარ და ეს ძალიან კარგად ვიცი. 2 შვილის ბაღში მიყვანა რომ გადავწყვიტე, რეგისტრაცია სწორედ მაისში გავიარეთ, ახლა მესამეც 2 წლისაა და როცა მივედით, გვითხრეს, რომ ბაღში მიღება აღარ ხდება, ყოველ შემთხვევაში, დროებით. როცა იქ მომუშავეებს ვკითხე, ამიხსნეს, რომ ამის მიზეზი გადასახადის დაწესებაა. ამბობენ, რომ შეიძლება გადასახადის იყოს 30, 50 და 80 ლარი, თუმცა კონკრეტულად არაფერი იციან», - უთხრა «რეზონანსს» 3 შვილის დედამ მარიამ თვალიაშვილმა.
«მეც მითხრეს, რომ ბაღში გადასახადი უნდა დაწესდეს და ამის გამო ახალ ბავშვებს ვერ ვიღებთო. ჩემთვის კონკრეტული თანხა არ უთქვამთ, მაგრამ ის კი გარკვევით თქვეს, რომ იქნება გადასახადი. ვერ გავიგე, რატომ უნდა გადავიხადო თანხა, როცა ის ბაღი ისედაც ჩემი ჯიბიდან გადახდილი გადასახადებით ფინანსდება? ბიუჯეტის ბალანსზეა და ბიუჯეტმა დაფაროს ეს ფული. ვერ გავიგე არ უნდათ, რომ ბავშვებმა ბაღი იარონ? თუმცა, ამ ხელისუფლებას რას გაუგებ, დღეს ერთს ამბობენ, ხვალ მეორეს და ზეგ, ალბათ, საერთოდ სხვა წესს შემოიღებენ», - აცხადებს 2 მცირე წლოვანი ბავშვის დედა მედეა მახარაშვილი.
თბილისის მერიაში კი ირწმუნებიან, რომ ამ ეტაპზე სააღმზრდელო დაწესებულებებში გადასახადის დაწესება არ იგეგმება. რაც შეეხება რეგისტრაციის შეწყვეტას, ესეც აღრიცხვიანობის გამოხდება.
«ამ ეტაპზე მიმდინარეობს იმ ბავშვების აღწერა, რომლებიც საბავშვო ბაღებში დადიან. ამის შედეგად დადგინდება თუ რამდენი ბავშვი დადის ბაღში სოციალურად დაუცველი ოჯახიდან და რამდენი ჩვეულებრივი ოჯახიდან. პირველი ივლისიდან, პირველ რიგში, იმ სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილების რეგისტრაცია დაიწყება, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ სექტემბრიდან ბავშვები ბაღში მიიყვანონ. როცა ეს პროცესიც დასრულდება, მაშინ მოხდება სხვა სოციალური ფენის ოჯახების შვილების მიღება, ანუ მესამე ეტაპზე შეეძლება ყველას გაიაროს რეგისტრაცია და მიიყვანოს ბავშვი ბაღში», - განუცხადეს «რეზონანსს» თბილისის მერიაში.
კითხვაზე, ხომ არ იგეგმება დიფერენცირების შემდეგ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებებში გადასახდის დაწესება, მერიაში ასეთი პასუხი გაგვცეს - «ეს საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება».
ცნობისათვის, სკოლამდე სააღმზრდელო დაწესებულებებში გადასახადის შესაძლო დაწესებაზე უკვე დიდი ხანია საუბრობენ. ჯერკიდევ წლის დასაწყისში ამაზე განცხადება საკრებულოს »რესპუბლიკური პარტიის» წევრმა თინა ხიდაშელმა გააკეთა. მეტიც, მაშინ ხიდაშელმა სახელმწიფოს მიერ ბაღებისთვის დაწესებული დაფინანსების შენარჩუნებას მოითხოვა. შესაძლო გაძვირებისერთ-ერთ არგუმენტად კი დეპუტატმა 2011 წლის თბილისის ბიუჯეტი დაასახელა, სადაც საბავშვო ბაღებისთვის 15 მილიონითაა შემცირებული და 39 მილიონის ნაცვლად, 24 მილიონია.
«სავარაუდოდ, სახელმწიფო ბაღებში სამი კატეგორიის გადასახადის დაწესება ბაღის კეთილმოწყობის ხარისხზე იქნება დამოკიდებული. კერძოდ, თანხა განისაზღვრება თვეში 30, 50 და 80ლარის ოდენობით», - აცხადებდა მაშინ ხიდაშელი.
აღსანიშნავია ისიც, რომ იმ დროს თინა ხიდაშელმა სპეციალური პროექტიც კი შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც, მერიისა და საკრებულოს წევრთა პრემიების თანხის გადასროლა ძველი საბავშვო-ბაღების შენობების რეაბილიტაციისთვის მომხდარიყო, რათა ბაღის გარეშე არც ერთი ბავშვი არ დარჩენილიყო. თუმცა, მაშინ ხიდაშელს ამ პროექტის განხილვაზე უარი უთხრეს.
«დღეს, როდესაც ამბობენ, რომ ჯერ სოციალურად დაუცველი უნდა მიიღონ და შემდეგ სხვა კატეგორიის ოჯახის შვილები, რაღაც არასერიოზულად ჟღერს. ჩემთვის გაუგებარია, ასე რატომ ხდება. სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში თუ არ არის ოჯახი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ულხინს. ბაღების არსებობა არის ერთადერთი კარგი საშუალება იმისა, რომ მშობელმა შვილი იქ მიიყვანოს, თვითონ კი ლუკმა-პურის ფული მშვიდად იშოვოს. როცა ბავშვი ბაღშია, დედა წყნარადაა.
ამიტომ ახლაც ვთავაზობ ქალაქის მთავრობას, რომ მოხდეს ძველი ბაღების შენობების რეაბილიტაცია, 3 თვე ცოტა დრო არ არის და ეს ყველაფერი მოესწრება. რეაბილიტირებულ ბაღებში კი ადგილები ბავშვებისთვის ნამდვილად იქნება.
რაც შეეხება ზოგადად გადასახადს, შეიძლება ის მართლაც დაწესდეს. ასევე არ გამოვრიცხავ, რომ გაკეთდეს ასეთი რამ - როდესაც დასრულდება სოციალურად დაუცველთა ოჯახის ბავშვების მიღება, შემდეგომ მისულ ბავშვების მშობლებს უთხრან, რომ ადგილები აღარაა და ის ბავშვები აღარ მიიღონ. იმდენჯერ თქვეს, რომ არ დაწესდება გადასახადიო, გამორიცხული არ არის, სწორედ ასეთი გადაწყვეტილება მიიღონ.
ასეთ შემთხვევაში კი არა სოციალურად დაუცველი ოჯახი იძულებული გახდება ბავშვი ან კერძო ბაღში მიიყვანოს, რომელიც ძალიან ძვირი დაუჯდება ან სახლში დასვას შვილი», - განუცხადა »რეზონანსს» თინა ხიდაშელმა.