ირაკლი ციციშვილი - “დედაჩემის ხელში დალია სული ვაჟა-ფშაველამ”

ირაკლი ციციშვილი - “დედაჩემის ხელში დალია სული ვაჟა-ფშაველამ”

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ირაკლი ციციშვილი 83 წლისაა. ბევრს შეშურდება მისი მეხსიერება და სულიერი სიმტკიცე. პაციენტებს სრულიად უანგაროდ სინჯავს. მათი მშობლები კი ათას მადლობას მოკრძალებით ეუბნებიან...

ბევრმა არც კი იცის, რომ ამ კეთილშობილ მკურნალს მრავალი ჭირი გადახდენია თავს და სიკვდილსაც სასწაულით გადარჩენია.

ბატონი ირაკლი ხალისით დაგვთანხმდა თავისი წინაპრებისა და ოჯახის შესახებ ეამბნა. მეც დავეშურე... ისეთ რესპონდენტს, უახლესი ისტორიის ქარტეხილი თავის თავზე რომ გადაუტანია, ბევრს ვერ შეხვდები...

ხელოსნის “შეგირდი

ჩვენი გვარი ზაზა ფანასკერტელისგან მოდის. მის ერთ-ერთ ვაჟს ციცი რქმევია, სწორედ მისი სახელიდან წამოვიდა ციციშვილების გვარი. ზაზა სამცხე-საათაბაგოდან გადმოსულა ქართლში XIVს-ის. II ნახევარში, მეფე ბაგრატ V-ს დიდი მამულები უბოძებია. ჩვენი სოფელი ხვედურეთი იყო (ქარელის რაიონი). ბებია მიამბობდა, რომ ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია (სადაც ზაზა ფანასკერტელის ფრესკაც არის) ჩვენს გვარს ეკუთვნოდა თავისი მამულით - მტკვრის მარჯვენა სანაპიროსთან ერთად სოფელ მიტარბამდე. ხვედურეთში ციციშვილებს ორი სასახლე ჰქონდათ. ერთში საბჭო გახსნეს ბოლშევიკებმა, მეორეში - კლუბი.

ბაბუაჩემის მამას, ირაკლი ციციშვილს, ერთი ვაჟი ჰყავდა, მიხეილი. თავისებური, რთული ხასიათის ბიჭი ყოფილა. 13 წლისა შინიდან გაიქცა და ვიღაც ხელოსანთან დაიწყო მუშაობა. მამამისმა ეს ითაკილა, ჩამოვიდა თბილისში, ჩუმად ინახულა ის ხელოსანი (ალბათ იცოდა, ძალით ვერაფერს გააწყობდა შვილთან), მოელაპარაკა, დიდი ფული დაუტოვა და სთხოვა, ყმაწვილი, ვითომდა თავისი სურვილით, გიმნაზიაში მიებარებინა. იმ კაცის “წყალობით” მიხეილმა დაამთავრა გიმნაზია და მისივე რჩევით პეტერბურგის პაჟთა კორპუსში განაგრძო სწავლა.

მიხეილმა რუსეთის იმპერიის არაერთ ომში მიიღო მონაწილეობა. 1870 წელს რუსეთ-თურქეთის ომი დაიწყო. ომში წასვლამდე ბაკურციხეში გაუვლია. იქ უნახავს აკვანში მწოლიარე ვაჩნაძის ასული, შემდგომში ბებიაჩემი და... დაუნიშნავს - პაპა ბებიაზე 22 წლით უფროსი იყო.

მიხეილ ციციშვილი ყარსის გმირი იყო. თურმე 24 კაცით შეიპარა ყარსის ციხეში და დასცხო ბუკსა და ნაღარას. თურქებს ეგონათ, დიდი ჯარი დაგვესხა თავსო და გაიქცნენ. ისტორიულ ლიტერატურაში წამიკითხავს: “გენერალი მიხეილ ირაკლის ძე ციციანოვი 1870-73 წლებისა და 1904-05 წლების რუსეთ-თურქეთის ომისა და რუსეთ-იაპონიის ომის მონაწილეა. მეომრების მცირე რაზმით თურქეთის კარგად გამაგრებული ციხე-სიმაგრე ყარსი აიღო”.

მიხეილი გმირის წოდებითა და ოქროს ხმლით იმპერატორმა დააჯილდოვა (ის იარაღი ბებიამ ვიღაცას მიაბარა შესანახავად და დაიკარგა). ამის შემდეგ მსახურობდა პრუსიაში, პოლონეთში, მოსკოვის ოლქშიც იდგა. მაშინ ბებია იმპერატორის კარზე სეფექალი იყო... 1905 წელს, რუსეთ-იაპონიის ომში, მიხეილი ზურგში დაჭრეს. ჭრილობა არ შეუხორცდა და 1906 წელს გარდაიცვალა. ბებიას, როგორც გმირი გენერლის ქვრივს, დაუნიშნეს პენსია - თვეში 300 ოქროს მანეთი. ეს უდიდესი თანხა იყო. პაპას მიღებული ჰქონდა წმ. ანას ბაფთიანი ორდენი, წმ. ეკატერინეს ბაფთიანი ორდენი (ბაფთიანი, გულზე ჩამოსაკიდი ორდენი უფრო ძვირფასად ითვლებოდა), წმ. გიორგის ჯვრები. წელიწადში 100 მანეთს ოქროთი ამ ორდენებისას იღებდა მიხეილ ციციშვილის ქვრივი. ახლახან გავიგე, რუსეთის იმპერიას სულ 27 გმირი ჰყოლია, მათგან ერთი - პაპაჩემი.

აკვანში დანიშნული

ბებიაჩემი, ვაჩნაძიანთ ულამაზესი ქალი, 14 წლის იყო, პაპას რომ გაჰყვა ცოლად. 9 შვილი შეეძინათ, მათგან მხოლოდ ორმა - ილიამ და დავითმა - მიაღწიეს ზრდასრულ ასაკს და ორივე ბოლშევიკებმა დახვრიტეს. პაპა, სამხედრო სამსახურის გამო, ქვეყნიდან ქვეყანაში გადაჰყავდათ. ბებიაც თან დაჰყვებოდა. ამბობდა, რუსეთის მთელი სიმდიდრე ურალს იქით, აღმოსავლეთშიაო და სჯეროდა, მეორე მსოფლიო ომში ეს ქვეყანა არ დამარცხდებოდა. რუსეთის ძლევა მხოლოდ ჩინეთს შეუძლიაო, - იტყოდა ხოლმე.

ერთი ადგილიდან მეორეზე ბარგი ნაკლებად გადაგვქონდა, საოჯახო ნივთებს ვყიდულობდით და მერე ვყიდდითო. ერთადერთი - 33 ძვირფას ხალიჩას ვერ ელეოდნენ.

ბებია ადრე დაქვრივდა, მაგრამ, როგორც გითხარით, კარგ პენსიას იღებდა. მატერიალურად არ უჭირდა. როცა ხელისუფლება შეიცვალა და შემოსავალი აღარ ჰქონდა, ძვირფასი ნივთების გაყიდვა დაიწყო. გაყიდა ის 33 ხალიჩაც, ორი როიალი, ძვირფასი ავეჯი, ფაიფურის ნივთები, 60-მდე ხატი ჰქონდა, ისე გაუჭირდა, ვერცხლი მოხსნა, ხატები გააჩუქა და ოჯახი შიმშილს გადაარჩინა.

როცა მარაგი გამოელია, უკვე დედაჩემს დააწვა კისერზე ოჯახის რჩენა, ექიმი იყო და სამ ადგილზე მუშაობდა. დედა გვარად ვაშაკიძე იყო. ბებიას თურმე თავიდან არ ესიამოვნა, თავადის ქალი რომ არ იყო მისი რძალი. დროთა განმავლობაში კი, რომ ნახა, როგორი თავდაუზოგავი შრომით არჩენდა ოჯახს, უფალს მადლს სწირავდა, რომ სწორედ ის არგუნა რძლად.

ბებია ქარვასლაში, თავადის ქალებთან ერთად მართავდა წარმოდგენებს, აგროვებდნენ ფულს და უგზავნიდნენ ქართველ სტუდენტებს რუსეთსა და უცხოეთში. ლამაზი ქალი იყო. დარია ერქვა, მაგრამ Белоснежная княгиния Люба-ს ეძახდნენ. სწორედ ის ჩამოივლიდა თურმე წვეულებებზე ლანგრით ფულის ასაკრებად.

ილია და დავით ციციშვილები

ილია უფროსი ვაჟი იყო და მშობლებმა გადაწყვიტეს, სამხედროდ აღეზარდათ - პაჟთა კორპუსში გააგზავნეს სასწავლებლად. უაღრესად ნიჭიერი და განათლებული იყო ბიძაჩემი. ჯერ მარტო რვა ენა იცოდა. სხვათა შორის, რვა ენა იცოდა ბებიამაც. მამაჩემი კი არ ჰგავდა მათ. მხოლოდ რუსული იცოდა და ქართულს ამტვრევდა. ილია არაჩვეულებრივად ხატავდა როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ხელით. ისეთი კალიგრაფია ჰქონდა, მნახველი გაოცებული რჩებოდა.

მომლხენი, თამადა, მომღერალი, ნამდვილი თავადი იყო. ოთხი დოღის ცხენი ჰყავდა, 9 - პონი, ეტლი, მზარეული, მსახურები, აღმზრდელები... ახლანდელ ბელინსკის ქუჩაზე 10-ოთახიანი ბინა ჰქონდა მე-19 ნომერში. I სართული მთლიანად მათი იყო. კომუნისტები რომ შემოვიდნენ, ყველაფერი დათმო, 3 ოთახი და სარდაფის 2 ოთახი დაიტოვა. ცოლთან - ანდრონიკაშვილის ქალთან, გაცილებული იყო. მათი ვაჟი II მსოფლიო ომის პირველსავე დღეებში ფრონტზე დაიღუპა.

მამაჩემი - დავითი სულ არ ჰგავდა თავის ძმას. ისე გარდაიცვალა, ღვინისა და არყის გემო არ გაუსინჯავს. მამას მემამულედ ზრდიდნენ, მაგრამ გიმნაზიის დამთავრების შემდეგ შინიდან გაიპარა და მოსკოვში, კადეტთა კორპუსში შევიდა. 1915 წელს ჯარში წაიყვანეს, დაიჭრა ფეხში. თბილისში, ჰოსპიტალში (ახლანდელი უნივერსიტეტის I კორპუსი) იწვა, იქ გაიცნო დედაჩემი - ნინო ვაშაკიძე.

მამაჩემი II საარტილერიო ლეგიონში ბატალიონის უფროსი და საიდუმლო განყოფილების გამგე იყო. 1933 წელს უთხრეს, თუ გვარს არ გამოიცვლი, გაგათავისუფლებთო. ცხადია, გვარს არ შეელია. წამოვიდა და რკინიგზის სამმართველოში დაიწყო მუშაობა. 1936 წელს დაიჭირეს და დახვრიტეს...

დედაჩემზე მინდა გითხრათ: სრულიად ნორჩი გოგონა მოწყალების დად მუშაობდა ლაზარეთში. ერთხელ ლაზარეთის უფროსმა დაუძახა და უთხრა: მგონი, ავადმყოფი ვაჟა-ფშაველა მლეთის ქუჩაზე, ძმის სახლში წევს და მოძებნეო. წავიდა დედა. მართლაც, დახვდა ტახტზე ნაბადში გახვეული ვაჟა. დაბრუნდა ლაზარეთში, წაიყვანა ორი სანიტარი საკაცით და გადაიყვანა ლაზარეთში. რამდენიმე თვე სამი ქალი უვლიდა ვაჟას - დღისით დედა და ღამით სხვა ორი. ვაჟა დედას კარნახობდა ლექსებს. დედას თავისი ჩაწერილი ლექსები პროფესორ მიხეილ მახვილაძესთან მიჰქონდა, მას კი რედაქციაში. ვაჟას ძალიან შეჰყვარებია დედა, უთხოვია, ფოტოგრაფი მომიყვანეთ, თქვენთან სურათი უნდა გადავიღოო...

სიკვდილის მოახლოება რომ უგრძნია, ვაჟა ყვავილებს და ფოთლებს ნატრულობდა თურმე. დედას დაუკრეფია ბალახები, ყვავილები და მიუტანია. გულზე დაუყრია, ხარბად ყნოსავდა თურმე...

ასე, დედაჩემის ხელში დალია სული დიდმა ვაჟა-ფშაველამ...

საბედისწერო ლხინი

დედაჩემის და - ეკატერინე ვაშაკიძე, პირველი არქიტექტორი ქალი იყო. ის და ელენე მაყაშვილი ცნობილ არქიტექტორთან, გრინევსკისთან, მუშაობდნენ. როცა მშობლები ჩემთვის ვერ იცლიდნენ, დეიდაჩემი ეკატერინე და მამაჩემის ძმა მზრდიდნენ.

ერთხელ, გრინევსკიმ ვიღაც პოლონელი მოიყვანა ჩვენთან სტუმრად. გაიმართა ლხინი. იმ საბაბით, თითქოს პოლონეთის სადღეგრძელო სკამზე მდგართ დაელიათ, დაიჭირეს მამაჩემი, ბიძაჩემი, დეიდაჩემი და ჩემი სიძე. მამა სექტემბერში წაიყვანეს, ილია - 10 დეკემბერს. 3 იანვარს მამა დაუხვრეტიათ. 14 აპრილს კი დეიდა ეკატერინე და ილია ბიძია. ვერც გრინევსკი გადაურჩა დახვრეტას...

აქვე ვიტყვი: როცა კახეთში 1921 წელს წითლები შემოვიდნენ, ჩაამწკრივეს თავადები და ყოველი მესამე დახვრიტეს. ბებიაჩემის ძმა, გიგო ვაჩნაძე გადარჩა. მიატოვა მამული და თბილისში წამოვიდა. ბებიაჩემი სარდაფში მალავდა ძმას სანდრო ახმეტელთან ერთად. ორივენი ამოდიოდნენ, ჩვენთან ერთად სადილობდნენ, მერე კი ისევ სარდაფში იმალებოდნენ.

შეთქმულები

ჩვენ სამნი ვიყავით. უფროსი და აკადემიკოს ნაპოლეონ ზაქარაიას ქვრივია, მეორე და, მერი, ინგლისური ენის სპეციალისტი, ცნობილი მთარგმნელის, ნიკო ყიასაშვილის მეუღლე გახლდათ.

3 წლის ვიყავი, ფრანგულის სწავლება რომ დამაწყებინეს, არ მომეწონა. მერე გერმანული მასწავლეს. არაჩვეულებრივი სმენა მქონდა, ნიჭიერთა ათწლედში ვსწავლობდი ოთარ ბუზოღლისა და გიზი ამირეჯიბთან ერთად.

ფორტეპიანოს დაკვრას პედაგოგი ჩერნიავსკაია გვასწავლიდა. ის რომ ავად გახდა, პედაგოგი შემიცვალეს. ახალი მასწავლებელი ხელებზე მირტყამდა. ამის გამო შვიდწლედის დამთავრებისთანავე მივატოვე სწავლა.

ბიძაჩემი და მამა რომ დაიჭირეს, გადავწყვიტე, ანტისაბჭოთა საზოგადოება ჩამომეყალიბებინა. ჩვენ წინ ცხოვრობდა ირაკლი ნიშნიანიძე (მეტსახელად “კაკლის” ვეძახდით). დავიწყეთ საუბარი საბჭოთა კავშირის სიავეზე. 14 წლის ბიჭებმა შევიერთეთ ჩვენი მეზობლები - აბესალომ ბადრიაშვილი, ირაკლი აბაშიძე (თუში), ხუნწარია - მათაც მამები ჰყავდათ დახვრეტილი. დათქმული გვქონდა, თუ დაგვიჭერდნენ, ყველა წევრი არ უნდა დაგვესახელებინა. გეგმებს ვაწყობდით, პროკლამაციები გავავრცელოთ, აგიტაცია გავწიოთ, მერე დივერსიაზეც გადავიდეთო. ვითომ ზაჰესი უნდა აგვეფეთქებინა!

წლინახევრის შემდეგ ერთ-ერთმა წევრმა გაგვცა. 1938 წლის თებერვლიდან შევამჩნიეთ, რომ ვიღაცები დაგვდევდნენ. ახლა მეღიმება, რა უნდა გვექნა 14 წლის ბიჭებს, ნეტავ რისი ეშინოდათ? მაშინ სამი ორგანიზაცია არსებობდა, ერთი მუსტაფა შელიასი, მეორე - ანრი ბუაჩიძისა და მესამე - ჩვენი “ოთხთა კავშირი”. მივხვდით, გვითვალთვალებდნენ და 20 აპრილის შემდეგ გადავწყვიტეთ საზღვარგარეთ გაქცევა. დავთქვით თავშეყრის ადგილი - სადაც ახლა რესტორანი “არაგვია”, იქ აუზი იყო, წინ ხე იდგა (ის ხე ახლაცაა). იქიდან სადგურში უნდა წავსულიყავით. შევაგროვეთ ფული, ნივთები. შინიდან წამოვიღე მამაჩემისეული შვეიცარიული საათი “იონჟინი” და მივედი დათქმულ დროს. ჩემ გარდა არავინ მოსულა. სამაგიეროდ, დედაჩემი და ჩემი და მოვიდნენ და შინ წამიყვანეს.

10 დღის შემდეგ დამიჭირეს ჩვენი ორგანიზაციის სხვა წევრებთან ერთად, მხოლოდ ერთი გადაურჩა დაჭერას, ის, ვინც გაგვცა.

ჩემს საქმეს ილია ურუშაძე იძიებდა, მაღალი, ლამაზი კაცი. ჩამიყვანეს შინაგან საქმეთა კომისარიატის სარდაფში, სადაც სამი ნარი იდგა და 6 კაცი იჯდა მამაჩემისა და პაპაჩემის ხნის. ნაშუაღამევის 4 საათი იყო. ვფიქრობდი, სად უნდა დავწვე-მეთქი. დამხვდურებმა - მაგიდის ქვეშ დაწექიო. ცემენტის იატაკი ეგო. კარზე დავაბრახუნე - პლედი მაინც მომეცით ქვეშ დასაფენად-მეთქი. მართლაც მომიტანეს. იმაზე გავათენე, მერე ფიცრები ვითხოვე. რამდენიმე თვე იმ ფიცრებზე ვიწექი.

საკანში ჩვენთან ერთად იჯდა გიორგი ანდრონიკაშვილი, რომელმაც ვითომ ჟინვალჰესის გეგმა გასცა(?!). თურმე ბერიას განკარგულებით მიუცია ეს გეგმა ვიღაც ოფიციალური პირისთვის, ვისი ვინაობითაც მაშინ არ დავინტერესებულვართ (ყმაწვილი ვიყავი და ალბათ იმიტომ...). 6 გამომძიებელი გამოიცვალა. ცემით სისხლს ადენდნენ - თქვი, ვისთან გაქვს კავშირიო. როგორც იქნა, მეექვსე გამომძიებელმა ინება ენახა ბერიას განკარგულება. ამის შემდეგ გაათავისუფლეს. მერეღა მომიხდა ნარზე დაწოლა...

გამოძიების დროს თავიდან ხმას ვერ ვიღებდი, ამიტომ არ მცემდნენ, მაგრამ კარს ღია ტოვებდნენ და მაყურებინებდნენ, როგორ სცემდნენ სხვებს, როგორ “სვამდნენ ბოთლზე”. თითებს შორის ან ფანქრებს ჩამიწყობდნენ, ან ტყვიებს და ხელს მომიჭერდნენ. ეს იყო და ეს. დატოვებდნენ მაგიდაზე იარაღს და გავიდოდნენ. არც ისეთი სულელი ვიყავი, ვიცოდი, შიგ ტყვიები არ იყო და ხელს არ ვკიდებდი. მერე ყველაფერს ვფქვავდით - რას ვლაპარაკობდით, რას ვკითხულობდით, რა გეგმები გვქონდა... მოგვიანებით ციხეში გადაგვიყვანეს, ოღონდ ცალ-ცალკე.

70-კაციან დიდ საკანში მოვხვდი, თან, ვითომდა ორგანიზაცია “სოკრატეს” წევრებთან. იდიოტობა იყო ეს ყველაფერი. 7-8 კაცი ჰპირდებოდა ხალხს, მიწებს დაგირიგებთო, 3-3 მანეთს კრებდნენ, ქეიფობდნენ... წერა-კითხვის უცოდინარ “ორგანიზაციის წევრებს” ხელმოწერის ნაცვლად ჯვარს ასმევინებდნენ.

შემოდგომით გაგვასამართლეს, მოგვისაჯეს 7 წელი და როგორც არასრულწლოვნებს, გაგვინახევრეს.

დედა მოსკოვში გაფრინდა, ჩაუვარდა მანქანის ქვეშ გენერალურ პროკურორ ვიშინსკის. ქალი რომ დაეცა, მანქანა შეაჩერეს, ჩასვეს დედა და კრემლში შეიყვანეს. დედამ უამბო ჩვენი ამბავი - თქვენ რკინის სახელმწიფო გაქვთ და ამ ბავშვებმა რა უნდა დაგაკლონ, შეცდნენო... ვიშინსკის რუხაძისთვის დაურეკავს - გაუშვით ბავშვებიო. საქმე თავიდან განიხილეს და გამოგვიშვეს.

ციხეში 9 თვე დავყავი. რუხაძემ გაგვაფრთხილა, - ერთი სიტყვა რომ დაძრათ სსრკ-ის წინააღმდეგ, სამართებლით გადაგიჭრით ყელსო.

ციხეში ყოფნისას ყოველდღიურად იკითხებოდა სია. 1 500 კაცი გადასახლებაში მიჰყავდათ, 40-50 კაცს ხვრეტდნენ და ეს მეორდებოდა ყოველდღე! მერე თანდათან შემცირდა - 800 კაცი მიჰყავდათ ეტაპით და 20-ს ხვრეტდნენ.

სხვათა შორის, მე რომ დამიჭირეს, თებერვალში, ბებია ფეხშიშველა წავიდა დიდუბის ეკლესიის მოსალოცად. თქვენ წარმოიდგინეთ, არც გაცივებულა. ასეთი რწმენა ჰქონდათ უფლისა.

სინათლე

ციხიდან რომ გამათავისუფლეს, ჩემმა დამრიგებელმა მომდევნო კლასში გადამიყვანა (კიდევ კარგი, არ უჩივლა ვინმემ, თორემ იმასაც დაიჭერდნენ), ოღონდ იმ სკოლაში აღარ დამტოვეს, 25-ე სკოლაში გადამიყვანეს. ძალიან კარგად ვსწავლობდი. მომთხოვეს კომკავშირში შესვლა. შევედი. წარმოიდგინეთ, ბოლოს, სკოლის კომკავშირის კომიტეტის მდივანიც კი გავხდი!

მერე ჩემი “პოლიტიკურობა” არაერთხელ შემახსენეს. არადა, პოლიტიკასთან აღარაფერი მესაქმებოდა, მედიცინას გავყევი. ინსტიტუტში კარგად ვსწავლობდი. დამიბარეს შინაგან საქმეთა სამინისტროში - თანამშრომლობა შემომთავაზეს (ამას “ვერბოვკას” ეძახდნენ), უარი ვთქვი... მაგრამ ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. ერთ დიდმოხელესთან მივედი, ამოვიღე პასპორტი, კომკავშირის ბილეთი და დავუყარე - თავი დამანებეთ, მშვიდი ცხოვრება მინდა-მეთქი. ვიღაცას დაურეკა და უსაყვედურა: ეს ცდილობს შეეგუოს სახელმწიფოს და შანტაჟს ნუ უწყობთო.

ვსწავლობდი მთელი მონდომებით, რომ არავის წამოეძახებინა რამე. ხშირად, ვიდრე პროფესორი აგვიხსნიდა, უკვე ვამუშავებდი თემას. მახსოვს, პროფესორ ვლადიმერ თოხაძეს ჩავაბარე პედიატრიის გამოცდა და ისეთი რამ ვუთხარი ანემიებზე, გაოცდა, საიდან იციო... დედაჩემი ექიმია და მას აქვს გამოწერილი ჟურნალები “Клиническая медицина”, “Гинекология-акушерство”, “Архив патологии” და იქ წავიკითხე-მეთქი...

ინსტიტუტი წარჩინებით დავამთავრე. შუა აზიაში მამწესებდნენ. ასპირანტურაში სწავლის გაგრძელება მინდოდა. სტენოგრაფისტმა ჩუმად მითხრა, ჰისტოლოგიაში არის ერთი ადგილი დარჩენილიო. მეც იქ შევიტანე განცხადება. პროფესორმა თოხაძემ დედას დაურეკა, - არ უნდა ჰისტოლოგია, ჩემთან მოვიდესო.

ვლადიმერ თოხაძემ მამასავით მიპატრონა. დიდ პატივს ვცემდი და მიყვარდა. ერთხელ მიამბო: - იცი, რა გაჭირვება გამოვიარე?! სამედიცინოზე ჯერ იურევის უნივერსიტეტში, შემდეგ ოდესაში ვსწავლობდი. ზაფხულობით საქართველოში ჩამოვდიოდი, ყმაწვილებს გიმნაზიაში შესასვლელად ვამზადებდი და სწავლის ფულს ასე ვშოულობდი. მესამე კურსის საგნები რომ ჩავაბარე, თავის სარჩენი კაპიკი აღარ დამრჩა. უცებ თბილისიდან 5 მანეთი მომივიდა. მაშინ ეს დიდი ფული იყო - 5 მანეთი ერთი ძროხა ღირდა.

თურმე თბილისში, ქარვასლაში, საქველმოქმედო საღამოები იმართებოდა გაჭირვებული სტუდენტებისთვის. ჩემ შესახებ სხვა სტუდენტებისაგან შეუტყვიათ. მას მერე ყოველთვიურად ხან 5, ხან 7 ან 8 მანეთი მომდიოდა და იმითი შევძელი თავის რჩენა და უმაღლესის დამთავრებაო...

რა იცოდა ბატონმა ვლადიმერმა, რომ ქარვასლაში იმ საქველმოქმედო საღამოებზე ბებიაჩემი ჩამოივლიდა ხოლმე ლანგრით... მეც არ ვიცოდი, რომ ჩემი, მამასავით ერთგული და მფარველი პროფესორი ასე გადაარჩინა იმ ქველმოქმედებამ.