11 ივნისს საქართველოსა და სომხეთის სულიერმა ლიდერებმა ერთობლივი კომუნიკე მიიღეს. «ამ ვიზიტმა აჩვენა, რომ ჩვენს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო ვითარდება და ახალ ეტაპზე გადადის, რაც საქართველოში სომხეთის სამოციქულო ეკლესიისა და სომხეთში საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის თანასწორი იურიდიული სტატუსის განსაზღვრას, ასევე, პარიტეტულ საფუძვლებზე, საქართველოში სომხური (გრიგორიანული) და სომხეთში ქართული (დიოფიზიტური) ეკლესიების გახსნის ხელშეწყობას გულისხმობს. ზემოაღნიშულის გადაწყვეტის მიზნით, საჭიროდ მივიჩნიეთ ორმხრივი ეკლესიათაშორისი კომისიის შექმნა და ვთხოვთ, საქართველოსა და სომხეთის ხელისუფლებებს აღნიშნული კომუნიკეს დროულ იმპლემენტაციას შეუწყონ ხელი,» _ ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. კომუნიკედან ამ ამონარიდის წაკითხვის შემდეგ, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა _ რამდენი ქართული ეკლესიაა და რამდენი ქართველი ცხოვრობს სომხეთში? დაზუსტებული ინფორმაციით, დღეს სომხეთში 500 ქართველი ცხოვრობს, საქართველოში კი, _ 450 ათასი სომეხი. სულ ახლახან კი, ბათუმსა და ქობულეთში, 5 ათასი სომეხი ჩასახლდა. ცხადია, 500-სა და თითქმის ნახევარ მილიონს შორის სხვაობა გრანდიოზულია. არადა, კომუნიკეში პარიტეტულ საფუძვლებზეა ლაპარაკი. რაც შეეხება სომხეთში ქართულ ეკლესიებს, ბუნებრივია ჩნდება კითხვა _ ვის და როდის უნდა აეშენებინა, ან რამდენი ტაძარი სჭირდება 500-კაციან მრევლს?! სხვათა შორის, ბოლო 100 წლის განმავლობაში, ეს სომეხთა კათოლიკოსის საქართველოში პირველი ვიზიტი იყო _ 1894 წლიდან, როცა ხრიმიან აირიკი ჯავახეთს ესტუმრა, არც ერთი ერევნელი სულიერი ლიდერი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით არ ყოფილა... რას მოუტანს საქართველოს ზემოაღნიშნული კომუნიკე და რა მიზნები აქვს ყოველთა სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ს?! ამ თემებზე «ქართული სიტყვა» ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორს, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორ გურამ მურღულიას ესაუბრა.
ბატონო გურამ, რამდენიმე დღის წინ, საქართველოს კათოლიკოს-პატრირქმა ილია II-მ და სომხეთის კათოლიკოსმა გარეგინ II-მ ისტორიულ დოკუმენტს, ანუ კომუნიკეს მოაწერეს ხელი. როგორც ცნობილი გახდა, სომხეთის პატრიარქი ქართული ეკლესიების გადაცემას ითხოვს სომეხთათვის. ამის შესახებ რამე იცით?
_ სომხეთის პატრიარქის ჩამოსვლის წინ ინტერნეტ-სივრცეში სტატია დავდე _ «გარეგინ II _ სომხური ეთნიკური იმპერიალიზმი», _ რომელშიც ქართულ-სომხური ისტორიული ურთიერთობის სავალალო ფაქტები მომყავს. სამწუხაროდ, დღესაც იგივე გრძელდება. გარეგინი II-ის ჩამოსვლამდე საპატრიარქოდან დაგვირეკეს და მასალები გვთხოვეს, რაც მქონდა, ყველაფერი გავუგზავნე, რათა სათქმელი ჰქონოდათ. სომხებს 30 ეკლესიაზე აქვთ პრეტენზია, აქედან, 5 თბილისშია, ერთი _ ახალქალაქში, დანარჩენი კი, სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე, სადაც, ფაქტიურად, მხოლოდ სომხები ცხოვრობენ. საქმე ისაა, რომ ყველა ეს ეკლესია XIV-XIX საუკუნეებშია აშენებული ქართველების მიერ და სომხებს მათთან არანაირი კავშირი არ აქვთ.
ამ ეკლესიების წარმომავლობა და ისტორია, ცხადია, იცის საპატრიარქომ. ქართული მხარე სომეხთა სულიერ ლიდერს ვიზიტზე რატომ დასთანხმდა?
_ 3 წელია, სომხეთის პატრიარქი გარეგინ II შეხვედრას ითხოვდა საქართველოს პატრირქთან, მაგრამ ილია II დასტურს არ აძლევდა. არადა, ამ ხნის განმავლობაში, ჩვენი პატრიარქი თურქების სულიერ ლიდერსაც შეხვდა, სომხებისას _ არა. ამის გამო, სომხეთში დიდი აჟიოტაჟი ატყდა, თურქების რელიგიურ ლიდერს ხვედება საქართველოს პატრიარქი, სომხების სულიერ მწყემსს კი, არო. ჩვენმა პატრიარქმა მიიღო გარეგინ II და, როდესაც მისი პრეტენზიები მოისმინა, უთხრა, ეს ეკლესიები ჩვენია და თუ თქვენ პრეტენზიებს აცხადებთ, შეიქმნება კომისია და ის მიიღებს გადაწყვეტილებას, ვის ეკუთვნისო.
კომისია ისტორიკოსებისგან შეიქმნება?
_ დიახ, საბოლოო სიტყვა ისტორიკოსებმა უნდა თქვან და ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს სომხების დავა ქართულ ეკლესიებზე. სამწუხაროდ, ჩვენი ისტორიის მანძილზე არც ერთ ქართველ ისტორიკოსს ეჭვიც არ გასჩენია, რომ სომხებისთვის ქართული ეკლესიების წარმომავლობა დაემტკიცებინა და სწორედ ამით ისარგებლეს სომხებმა. სხვათა შორის, ეს ყველაფერი, კერძოდ, სომხეთის პატრირქის, გარეგინ II-ის ვიზიტი, გეოპოლიტიკური ვითარებითაა განპირობებული.
მხედველობაში რა გაქვთ?
_ 1045 წლის შემდეგ, როდესაც ბიზანტიამ ანისის, ანუ სომხეთის სახელმწიფოებრიობა გააუქმა, სომხეთის ხელისუფლების როლს ასრულებდა ეჩმიაძინი _ სომხეთის კათოლიკოსი მართავდა სომეხ ერს, ის იყო სომხეთის სახელმწიფოებრიობის ეროვნული იდეოლოგიის სათავეში და სომხეთის სახელმწიფოს აღდგენაზე ზრუნავდა, რაშიც ხელს უწყობდა სპარსეთი. სპარსეთი მხარში იმიტომ ამოუდგა სომხურ ეკლესიას, რომ ბიზანტიური ეკლესიის მოწინააღმდეგე იყო. სწორედ შუა საუკუნეებში, სომეხი მღვდლები, თავიანთი პატრიარქის განკარგულებით, ისე თხზავდნენ სომხეთის ისტორიას, როგორც მოესურვებოდათ.
თუკი სომხეთის სახელმწიფო ბიზანტიამ გააუქმა, სათავეში სომხურ ეკლესიას რატომ არ ჩაუდგა?
_ ბიზანტია არ სცნობდა სომხურ ეკლესიას, რადგან ერეტიკულად თვლიდა. ამიტომ სომხურ ეკლესიას მხარში ამოუდგა სპარსეთი, ანუ იგივე ირანი. რატომ იღებდნენ ქართველები ისლამს და სომხები _ არა? სპარსელები და არაბები აიძულებდნენ ქართველებს, რომ ისლამი მიეღოთ. სომხები კი, ისედაც სპარსელების მხარეს იყვნენ და მათთვის საშიშროებას არ წამოადგენდნენ, რადგან სახელმწიფოებრიობა არ ჰქონდათ... 1045-დან 1918 წლამდე, სომხეთის სახელმწიფოს მეთაურის როლს მათი კათოლიკოსი ასრულებდა და როდესაც სომხური ისტორია იწერებოდა, ქართულსაც მიაწერდნენ. ამაზე წყაროებიც არსებობს, ანუ სომეხი ისტორიკოსები წერენ: სომხებმა საქართველოს მეფეს, გიორგი V-ს სთხოვეს ყარაბაღიდან საქართველოში გადმოსახლება. ეს ხდება XV საუკუნეში. სწორედ მაშინ 30 ათასი სომეხი ოჯახი დასახლდა ლორეში. სომხური წყაროებითაც დასტურდება, რომ შემოვიდნენ სომხები და დაეპატრონენ ქართულ ეკლესიებს.
ქართული მოსახლეობა სად გაქრა?
_ საინტერესო შეკითხვაა... იგივე შეკითხვა შეიძლება, დაისვას სამცხე-ჯავახეთზე _ სად გაქრა ქართული ოჯახები? სომეხი მღვდლებ-ისტორიკოსები შემდეგ წერენ, ქართველებმა მოგვცეს ეკლესიებიო. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა _ რატომ მისცეს ქართველებმა ეკლესიები, ან საერთოდ, მისცეს? თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იქ, სადაც სომხები ჯგუფურად სახლდებოდნენ, ქართული ოჯახები ნელ-ნელა ქრებოდნენ, თითქოს არც არასოდეს ყოფილან. სომხები ანადგურებდნენ ქართულ ოჯახებს, ქართულ ეკლესიებს ეპატრონებოდნენ და თავიანთ ისტორიას წერდნენ. სომხები პრეტენზიას აცხადებენ ტაო-კლარჯეთის (დღევანდელი თურქეთი) ეკლესია-მონასტრებზეც _ ოშკზე, ზარზმაზე, ბანაზე... თურმე, აშოტ კუროპალატი სომეხი ყოფილა და რატომღაც საქართველოს გაერთიაენებისთვის იბრძოდა.
ამას სომეხი ისტორიკოსები წერენ?
_ დიახ. არის ვინმე სანველ კარაპეტიანი, «ეკლესიების არქიტექტურის ისტორიის» მცოდნე, რომელიც ამტიცებს, რომ ტაო-კლარჯეთის ეკლესია-მონასტრები სომხურია. მხოლოდ ქართულ კულტურულ ძეგლებზე კი არა, ქართულ ტერიტორიებზეცაა ლაპარაკი. ეს ისტორიის განმავლობაში შემუშავებული აზროვნებაა, ანუ სომხები, მთელი თავიანთი ისტორიის მანძილზე, ეძებდნენ სომხეთს მეზობელ სახელმწიფოებში, ადილობრივ მოსახლეობას ანადგურებდნენ, ეკლესია-მონასტრებს ასომხურებდნენ. როდესაც საქართველოში მოდიოდნენ, თან საფლავის ქვებს მოათრევდნენ და სადაც სახლდებოდნენ, იქ, სასაფლაოებზე დებდნენ, თითქოს ეს ძველი, ისტორიულად მათი ტერიტორია იყო და საუკუნეების წინაც აქ ცხოვრობდნენ, საფლავის ქვებს ეწერა: მე-16, 17- საუკუნე... ეს ფაქტებია.
დღეს საქართველოს ხელისუფლებამ სომხებს მისცა საშუალება, რომ გოდერძის უღელტეხილზე გვირაბი გააკეთონ, რაც საქართველოს ტერიტორიის ჩამოჭრას ნიშნავს. რაც სომხებმა 1918 წელს ვერ გააკეთეს, დღეს აკეთებენ.
1918 წელს სომხები რას ითხოვდნენ?
_ მაშინაც იგივე გეგმა ჰქონდათ _ ბათუმი უნდა გამოცხადებულიყო თავისუფალ ქალაქად, რათა სომხებს ზღვაზე გასვლის საშუალება ჰქონოდათ. მაშინ ეს ვერ მოახერხეს და ქართველებსა და სომხებს შორის ომი დაიწყო. დღეს კი, ხელისმოწერით კეთდება _ ბათუმი თავისუფალ ზონად ცხადდება და იქ 5 000 სომეხი სახლდება. გოდერძის უღელტეხილის ქვეშ, გვირაბის გათხრის დროს ამოღებულ მიწაზე სომხებს უთქვამთ, ჩვენ წავიღებთ სომხეთში, რომ აქაურობა არ დაბინძურდესო, ეკოლოგიას უფრთხილდებიან, თურმე. არადა, ეს მიწა ოქროთი და ვერცხლითაა მდიდარი.
პარლამენტის გადატანა ქუთაისში არ შეიძლება, ამით მტრის საქმეს ვაკეთებთ იმიტომ, რომ თბილისი თავისუფალი ქალაქი გახდება და მერე, ვინც ძლიერი იქნება, პრეტენზიას განაცხადებს თბილისზე. სომხები თვლიან, რომ თბილისი აღმოსავლეთ სომხური ცივილიზაციის დედაქალაქია და აუცილებლად მოითხოვენ თბილისს. თუ ქართულმა ეკლესიამ თუნდაც ერთი ეკლესია აღიარა სომხურად, ხვალ-ზეგ სომხები პოლიტიკურ მოთხოვნას წამოაყენებენ, თბილისი ჩვენიაო.
სამხრეთ კავკასიის ფედერაციაზეა ლაპარაკი. ეს რამდენად რეალურია?
_ ეს არც ქართველებს აწყობთ და არც _ აზერბაიჯანლებს. ეს ამერიკული სომხური ლობის შემოგდებული იდეაა. სამხრეთ კავკასიის კონფედერაცია აწყობთ მხოლოდ სომხებს და აი, რატომ: აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი, მთიანი ყარაბაღი, აფხაზეთი, ცხინვალი _ ყველა ეს რეგიონი ცალ-ცალკე იქნება. თბილისი თავისუფალი ქალაქი გახდება და, ამერიკული სომხური ლობის მეშვეობით, სომხები ჩაიგდებენ ხელში.
რუსეთის ინტერსები?
_ ამ ეტაპზე ყველა კონფლიქტს სამხრეთ კავკასიაში რუსეთი მართავს. ამ კონფლიქტების მართვის საწინააღმდეგოა სამხრეთ კავკასიის კონფედერაცია, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ სომხებს აწყობთ. ეს იდეაც სომხებს ქართული ისტორიიდან აქვთ აღებული _ ამერიკელები სერთოდ არ არსებობდნენ, როცა XI საუკუნიდან სამხრეთკავკასიის გაერთიანებაზეა ლაპარაკი ქართლის ცხოვრებაში. მაშინ ამ იდეას ეწინააღმდეგებოდა დიდი სომხეთის იდეა, რომელიც სომეხი პატრიარქების მიერ მუშავდებოდა. მაშინ საქართველო ძლიერი იყო, დღეს საქართველო სუსტია, იმის მეოთხედიც არაა, რაც მაშინ იყო, სომხებს კი, უძლიერესი და უმდიდრესი ლობი ჰყავთ ამერიკაში _ მარტო ამერიკის კონგრესში 17 სომეხი კონგრესმენია. არ შეიძლება, ერთ სივრცეში არსებობდეს ორი იდეა და თუ სამხრეთ კავკასიის კონფედერაცია განხორციელდა, სომხები აიღებენ ლიდერობას და შიგნით ყოველთვის ბრძოლა, ანუ კოფლიქტები იქნება, რომელთა მართვას სომხები დაიწყებენ.
სომხები მუდმივად ლაპარაკობენ თურქეთში მათ წინააღმდეგ ჩადენილ გენოციდზე. სინამდვილეში, რა მოხდა?
_ 1915 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს, თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ სომხებს «დაშნაკები», ანუ სომხური ნაციონალისტური პარტია, მოუწოდებდა, რად ღირს თქვენი ცხოვრება თურქეთში, უნდა დავღვაროთ სისხლი, რათა მსოფლიომ ყურადღება მოგვაქციოს. ამის შემდეგ, შეიძლება შევქმნათ ჩევენი სახელმწიფოებრიობაო. სომხების ამბოხება აწყობდა რუსეთს, საფრანგეთსა და ინგლისსაც. ისინი მხარს უჭერდნენ სომხებს, აჯანყდით, ჩვენ შემოვალთ თურქეთში და ავტონომიას შეგიქმნითო. რუსეთი კი, დამოუკიდებელი სომხეთის სახელმწიფოს შექმნას ჰპირდებოდა. ამ დაპირებით გახარებული სომეხი ლიდერები თავის ხალხს აჯანყებისაკენ მოუწოდებდნენ. სომხები აჯანყდნენ და რამდენიმე თვის განმავლობაში 10 000 ეთნიკური თურქი მოკლეს _ ღამე ჩუმად შედიოდნენ ოჯახებში და კლავდნენ ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს, ანადგურებდნენ მოსახლეობას, რათა ის ტერიტორია მონოეთნიკური ყოფილიყო. ამასობაში, რუსეთი თურქეთთან ბრძოლაში დამარცხდა და იძულებული გახდა, დაეტოვებინა დაპყრობილი ტერიტორია. თურქები მიუბრუნდნენ სომხებს და დაიწყეს მათი ხოცვა, დევნა და გადასახლება, ეს იყო თურქების მხრიდან საპასუხო მოქმედება იმაზე, რაც სომხებმა ჩაიდინეს. სწორედ მაშინ გამოიქცა 300 ათასი სომეხი საქართველოში და ჯავახეთში დასახლდა. დღეს ისინი საქართველოს ტერიტორიაზე ითხოვენ ავტონომიას. თურქებმა სომხები გადაასახლეს სირიაში, იორდანიასა და ირანში. ამის შემდეგ გაიფანტა სომეხი ერი მთელ მსოფლიოში.
ყარაბაღი სომხურია?
_ არა, ყარაბაღი ალბანეთის ტერიტორიაა, რომლის სამართალმემკვიდრე აზერბაიჯანია. სომხეთს არანაირი კავშირი არ აქვს ყარაბაღთან. სომხები აზერბაიჯანელებსაც ხოცავდნენ და იქაც ათავისუფლებდნენ ტერიტორიას, რომ შემდეგ თავისად გამოეცხადებინათ. ასეთი მდგომარეობა იყო 1918 წლის საქართველო-სომხეთის ომის დროსაც _ ბოლნისსა და დმანისში სომხების მიერ ქართული მოსახლეობა იხოცებოდა. სომხების ისტორიული სურვილი _ სომხეთის ძებნა სხვის მიწაზე, დღესაც გრძელდება. ამის დასტურია გარეგინ II-ს საქართველოში ჩამოსვლა და მისი მოთხოვნები.
P.შ. პროფესორ გურამ მურღულიას შეფასებები და მოსაზრებები შესაძლოა, ვინმეს გადაჭარბებულად მოეჩვენოს. შესაძლოა, ვინმემ ისიც თქვას, რომ ეს ინტერვიუ ქართულ-სომხურ ურთიერთობებს დაძაბავს. მიუხედავად ამისა, «ქართულმა სიტყვამ» მაინც საჭიროდ ჩათვალა, რომ ზემოხსენებული ინტერვიუ სააშკარაოზე გამოეტანა, მით უმეტეს, როცა ქართველი «ნაციონალი» მაღალჩინოსნები თავმომწონედ აცხადებენ, რომ ქართული კულტურა თითქოს სომხურ ფესვებზე დგას?! ავოეეეე!...