სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უმაღლესი სასამართლო რეფერუნდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით ვერდიქტს დღეს გამოიტანს. სასამართლოს მიერ მიღებული დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში სამხრეთ ოსეთის «მოქალაქეებს» ექნებათ ხმის მიცემის შესაძლებლობა იმის შესახებ, გახდება თუ არა კოკოითი მესამე ვადით დე ფაქტო პრეზიდენტი.
კოკოითი მესამედ გაპრეზიდენტობაზე თავად აცხადებს უარს, თუმცა თბილისში ფიქრობენ, რომ ის პრემიერად მოგვევლინება. რით არის კოკოითი პუტინსა და სააკაშვილზე უარესიო, ირონიულად ამბობს ამაზე კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.
კოკოითის პრესსამსახური კი გუშინ იუწყებოდა, რომ მან არც დაუცადა დღევანდელი სასამართლო გადაწყვეტილებას, ისე განაცხადა, რომ მესამედ პრეზიდენტობისთვის ბრძოლას აღარ აპირებს.
«ოსრადიოს» ცნობით, რეფერენდუმის მთავარი ინიციატორი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი იბრაგიმ გასეევია. მისი ჩანაფიქრით, რეფერენდუმზე მოსახლეობამ ხმა უნდა მისცეს 2 შეკითხვას: «1. თანახმა ხართ თუ არა, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ენები იყოს რუსული და ოსური?» და 2. »თანახმა ხართ თუ არა, რომ საპრეზიდენტო პოსტი ერთმა და იმავე პირმა 3 ვადით დაიკავოს?»
საინიციატივო ჯგუფის შტაბმა რეფერენდუმის ჩატარებაზე საჭირო ხმათა რაოდენობა უკვე დააგროვა და დე ფაქტო საარჩევნო კომისიას გადასცა. ამის შემდეგ კი ყველაფერი ეს დე ფაქტო უმაღლეს სასამართლოს მიეწოდა, რათა 2 კვირის განმავლობაში, ვიდრე რეფერენდუმის დანიშვნაზე გადაწყვეტილებას მიიღებდა, გადაეხედა. ეს ორკვირიანი ვადა სწორედ დღეს იწურება.
«რეზონანსის» ინფორმაციით, რეფერენდუმით რომც დადგინდეს პრეზიდენტის მესამე ვადაზე, კოკოითი მესამედ კენჭისყრაზე მაინც უარზეა.
ახალგორის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსმა ალან ჯუსოევმა »რეზონანსთან» საუბრისას აღნიშნა, რომ რეალური საპრეზიდენტო კანდიდატები არიან ანატოლი ბიბილოვი (დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი), თეიმურაზ ხუგაევი (დე ფაქტო გენპროკურორი) და ვიაჩესლავ გობოზოვი (ცხინვალში მოქმედიპარტია «ფიდიბასტას» - »მამული»- თავმჯდომარე). როგორც მანვე განაცხადა, შესაძლებელია, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია კანდიდატებში სტანისლავ კოჩიევიც (დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი) მოვიაზროთ.
დე ფაქტო არჩევნებში კოკოითის ოპოზიციური ძალების მონაწილეობას ჯუსოევი სკეპტიკუყრად უყურებს.
«ოპოზიცია, რომელიც იმავე ძალებისგან ფინანსდება, რითაც ხელისუფლება, ის ოპოზიცია არ არის. შესაბამისად, ძმებ თედეევებსმე ოპოზიციად არ ვთვლი. რაც შეეხება ალბერტ ჯუსოევს, ის პოლიტიკისგან განზე დგას და დაკავებულია მხოლოდ ბიზნესით. ის ძალიან კარგი ადამიანია... აბსოლუტურად დარწმუნებული გეუბნებით იმას, რომ არც ალბერტ ჯუსოევი და არც მის მიერ წარმოდგენილი ვინმე კანდიდატი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.»
კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის მოსაზრებით, რეფერენდუმით რომც დადგინდეს პრეზინდენტობისთვის მესამე ვადა, კოკოითი ამაზე მაინც აღარ წავა.
«რეზონანსი»: თუკი კოკოითი ამბობს, რომ მესამე ვადით პრეზიდენტობაზე უარს ამბობს, რაში სჭირდება ცხინვალს ეს რეფერენდუმი?
პაატა ზაქარეიშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ კოკოითი პრეზიდენტი აღარ იქნება, მაგრამ მას სურს, დარჩეს ისევ პოლიტიკაში. კოკოითს რეფერენდუმი კი სჭირდება იმისათვის, რომ პრეზიდენტად თავისი კანდიდატი გაიყვანოს. ამით ის აპირებს, აჩვენოს მოსკოვს, რომ მას სამხრეთ ოსეთში დიდი გავლენა აქვს და ხალხი მზად არის, კოკოითი მესამე ვადითაც აირჩიოს პრეზიდენტად. ამით მას უნდა, რომ მოსკოვმა იფიქროს მისი კანდიდატის გაპრეზიდენტებაზე. თავად კოკოითს კი შანსები აქვს გაპრემიერებაზე. რით არის კოკოითი პუტინსა და სააკაშვილზე უარესი?! თუ პუტინი გახდა პრემიერ-მინისტრი და სააკაშვილიც გამოთქვამს ამის სურვილს, რატომ არ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი კოკოითი?
«რ»: თუკი რეფერენდუმით მიიღებენ იმის თანხმობას, რომ საპრეზიდენტო ვადა გახდეს სამწლიანი, რატომ უნდაპრემიერ-მინისტრი, ბარემ დარჩეს პრეზიდენტად?
პ.ზ: არა, კოკოითი პრეზიდენტი ვეღარ იქნება, რადგან მოსკოვს კოკოითი აშკარად აღარ აწყობს. საერთოდ კი საკითხს თუ დემოკრატიულად მიივუდგებით, კოკოითი არჩეულია 2 ვადით. თუკი რეფერენდუმი გადაწყვეტს მესამე საპრეზიდენტო ვადაზე, ეს შეიძლება სამხრეთ ოსეთი სხვა დე ფაქტო პრეზიდენტზე განხორციელდეს და არა კოკოითზე. კოკოითი რომ აირჩიეს პრეზიდენტად, მაშინ 2-ვადიანი ციკლი მუშაობდა.
«რ»: თქვენი აზრით, დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატებიდან რომელია კოკოითის ფავორიტი, რომლის გაყვანასაც, როგორც თქვენ ამბობს, თავადვე ცდილობს?
პ.ზ: ზუსტად არ ვიცი. ალბათ, თეიმურაზ ხუგაევი.
«რ»: დღეს პირველად გახდა ცნობილი, რომ ცხინვალის რეფერენდუმის განხილვის საგანი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში სახელმწიფო ენად ოსურთან რუსულიც უნდა გაათანაბრონ. როგორ ფიქრობთ, რატომ მოინდომეს ეს?
პ.ზ: სამხრეთ ოსეთში დაწესებულებები, ნორმატიული აქტები რუსულად იწერება და რუსულად მოქმედებს. ამიტომაც წამოვიდა ეს სურვილიც.
«რ»: თუკი რეფერენდუმმა ეს საკითხი დადებითად გადაწყვიტა, არ ვარაუდობთ, რომ დე ფაქტო კონსტიტუციაში არსებული მუხლი სახელმწიფო ენასთან დაკავშირებით (რომლის მიხედვითაც ოსურთან გადათანბრებულია ქართული ენა) შეიცვლება?
პ.ზ: ალბათ, შეიცვლება. კონსტიტუციაში არ შეიცვლება, მაგრამ კანონში ჩაიწერება. აქედან გამომდინარე, მიღებული იქნება კანონ ისახელმწიფო ენის შესახებ და მინიშნებული იქნება, რომ იმ ადგილებში, სადაც ცხოვრობენ ქართველები, პარალელურად იქნებაქართული ენაც.
«რ»: როგორ ფიქრობთ, რაში დასჭირდათ ამ საკითხის წინაპალნზე წამოწევა?
პ.ზ: მგონია, რომ წინა პლანზე სულაც არ არის ეს საკითხი წამოწეული. ჩემი ვარაუდით, ამით სურდათ საპრეზიდენტო ვადის გადაწევის მნიშვნელობის კონტექსტის შემსუბუქება და სხვა არაფერი. რამდენადაც ეს 2 საკითხი ერთად არის გაყვანილი რეფერენდუმზე, ძალიან თვალში საცემი იქნებოდა ის, რომ რეფერენდუმი მარტო მესამე ვადაზე ყოფილიყო. ამით დააბალანსეს ის სიმძაფრე, რომ კოკოითის პრეზიდენტობის ვადა 3 წლით განისაზღვროს.