რატომ ამოიღეს თსუ-ს ჰუმანიტარული ფაკულტეტის სასწავლო საგნების ნუსხიდან ქართული ენა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის საგნების ნუსხიდან ქართული ენა ამოიღეს - ამის შესახებ საზოგადოებას ჟურნალისტმა, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, იოსებ ჭუმბურიძემ ამცნო: „კიდევ ერთი ახალი ამბავი ანუ „აღმოჩენა“ უნივერსიტეტთან დაკავშირებით: ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე, საფაკულტეტო საგნების ნუსხიდან ამოღებულია... ქართული ენა“.
ამასთან დაკავშირებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განცხადება ფრაქცია ,,საქართველოს პატრიოტების'' თავმჯდომარის მოადგილემ, დეპუტატმა ნატო ჩხეიძემაც გააკეთა: „მოგეხსენებათ, ქართული ენის სწავლების გაუქმება ნიშნავს ქართული ენის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დაკნინებას. მივმართავ ბატონ განათლების მინისტრს და სხვა მინისტრებიც თუ მოისმენენ, ურიგო არ იქნება, რომ 1978 წლის 14 აპრილის სახალხო მღელვარება სხვა არაფერი იყო, თუ არა ხალხის პასუხი ქართული ენის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დაკნინების მცდელობაზე. 14 აპრილი ერთ-ერთი გმირული დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში და დიდი იმედი მაქვს, რომ დღევანდელი მინისტრთა კაბინეტი ხელს არ შეუწყობს ახალი გმირული დღისთვის შესაბამისი პირობებისა თუ ვითარების შექმნას“.
საერთოდ, ქართველისთვის ოდითგან სამი სიწმინდე - ენა, მამული, სარწმუნოება არსებობს. ერის განვითარების ერთ-ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, ატრიბუტი ენაა, რომლის წახდენაც ერის წახდენის ტოლფასია!
საქართველოს უახლესი ისტორია რამდენიმე მნიშვნელოვან თარიღს ინახავს. ერთ-ერთი 1978 წლის 14 აპრილია. იმ დღეს ქართულმა საზოგადოებამ რუსიფიკაციას ხმამაღლა უთხრა - „არა“ და ასე შევინარჩუნეთ მშობლიური ენა. ყველაფერ ამის შემდეგ, თბილისში დედაენის ძეგლი დაიდგა. სხვათა შორის, საქართველოს დედაქალაქი მსოფლიოში, პრაქტიკულად, ერთადერთია, სადაც დედაენის ძეგლი დგას! ყველაფერ ამის ფონზე კი, მინიმუმ, გასაოცარია, რომ თსუ-ს ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ქართულ ენას სასწავლო საგნების ნუსხიდან იღებენ. რატომ? - ამ კითხვით ,,ვერსიამ'' ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ ავთანდილ არაბულს მიმართა, რომლისთვისაც ენა მთავარი სიწმინდეა.
- უმაღლეს სასწავლებლებში, მათ შორის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც ქართული ენის სწავლება გაუარესებულია და ამ საკითხზე თსუ-ს გაზეთში გიორგი გოგოლაშვილის სტატიაც გამოქვეყნდა, სადაც დეტალურადაა აღწერილი, სად რა მდგომარეობაა. ადრე პრაქტიკული ქართული ყველა ფაკულტეტის ყველა ჯგუფში 2 სემესტრი ისწავლებოდა. მინიმუმ, ერთსემესტრიანი კურსი ყველგან იკითხებოდა და მაშინდელი სტუდენტებიც ქართულის უფრო კარგი ცოდნითაც გამოირჩეოდნენ; ამასთან, აბიტურიენტებიც უფრო მომზადებულები იყვნენ...
ისე, დღეს ძველი ქართულის სწავლებაც პრობლემაა; არადა, თუ ფილოლოგმა ძველი ქართული არ ისწავლა, თანამედროვე ქართულს სერიოზულად ვერ ისწავლის. ფილოლოგიურზე დიალექტური ენაც არ ისწავლება. არადა, შეუძლებელია, დიალექტური სერიოზულად არ ისწავლებოდეს...
ყველაფერი ეს გამოსასწორებელი და თავიდანაა დასალაგებელი, თუ რა უნდა ისწავლოს ქართული ფილოლოგიის სტუდენტმა, რამდენი კრედიტით და ა.შ.
- როცა ქართული ენის ამოღებას აპირებდნენ, კონსულტაცია, როგორც ენათმეცნიერთან, თქვენთან ხომ არ გაიარეს?
- არა, კონსულტაცია არავის გაუვლია და არც კითხვით მოუმართავს.
ისე, ენის პრობლემა სკოლებიდან იწყება: ინტეგრირებული სწავლებაა ანუ ქართული ენა და ლიტერატურა შეერთებულია და მასწავლებელს დრო არ რჩება, გრამატიკა ახსნას... 2010 წელს, რამდენიმე საგანში, მათ შორის ქართულშიც დაწყებითი კლასები შემოწმდა და აღმოჩნდა, რომ მოსწავლეებმა გრამატიკა ლიტერატურაზე ორჯერ უკეთ იციან. შემდეგ საბაზისო, განსაკუთრებით კი, დამასრულებელ საფეხურზე ყველაფერი ეს ნულამდე დადის, რადგან ამ საფეხურებზე გრამატიკას ყურადღება საერთოდ აღარ ექცევა და ის ცოდნაც, რაც მოწაფეებს დაწყებითში ჰქონდათ, იკარგება. აქ საუბარი იმაზეა როგორ ცოდნას ვაძლევთ...
- ბატონო ავთანდილ, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გამოსავალს რაში ხედავთ?
- გამოსავალი ერთია: სასწავლო გეგმა უნდა გადაიხედოს და ის საათებიც გაანალიზდეს, რაც ქართული ენის სწავლისთვისაა გამოყოფილი.