გზა ლარის გამყარებიდან მის გაუფასურებამდე, დედოლარიზაციის გეგმა და ,,ინდაურის კურსი'' ანუ რატომ სთხოვს გია ხუხაშვილი პრემიერს, მადლიერების ქართული დღის დაწესებას
2016 წელი ეროვნული ვალუტის გამყარებით დაიწყო. წლის დასაწყისში, 1 აშშ დოლარის გაცვლითი კურსი 2.38-2.39 ლარის ფარგლებში მერყეობდა. წლის მანძილზე, ლარი კიდევ უფრო მეტადაც გამყარდა და ზაფხულში, ტურისტულ სეზონის ყველაზე ცხელ პერიოდში, 1 აშშ დოლარი 2.20 ლარადაც შეგეძლოთ გაგეცვალათ. ამას საპარლამენტო არჩევნები და საარჩევნო მიზნებისთვის, პოლიტიკურ პარტიებში, თუ პარტიების მიერ ხალხში გასროლილი ლარის დიდი მასა მოჰყვა. შედეგმაც არ დააყოვნა და ხელისუფლებაში მეორედ მოსულ ,,ქართულ ოცნებას'', ლარის კურსის მკვეთრი ვარდნა და 1 აშშ დოლარის გაცვლითი კურსი - 2.83 ლარის ფარგლებში, ლამის ,,მეორედ მოსვლად'' ექცა. ახლა წლის ბოლოა, ბუღალტრები ამას სხვაგვარად, წლის, თვის, კვარტლის ბოლოსაც უწოდებენ. ამ დროს, მათ დიდი ეკონომიკური თავსატეხი ატყდებათ, თუმცა წლის მანძილზე შეუსრულებელი გეგმების შესრულება და ანგარიშების დახურვაც გარდაუვალია. ამასთან, წინასაახალწლო თუ საშობაო განწყობის შესაქმნელად, ბაზარზე ლარში ვაჭრობა პიკს მიაღწევს. შესაბამისად, მძიმედ, მაგრამ ნელ-ნელა, 2017 წელს, ცეცხლოვანი მამალი ეროვნული ვალუტის გამყარების იმედით შემოაბიჯებს... წლის მნიშვნელოვან ეკონომიკურ მოვლენებს კი ,,ვერსიასთან'' ინტერვიუში, ეკონომიკის ექსპერტი, ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი აჯამებს.
- ბატონო გია, 2016 წლის დასაწყისში, ლარი გამყარდა და 1 აშშ დოლართან მიმართებაში, 2.39 ლარი შეადგინა, წლის ბოლოს კი 2.83 ლარამდეც დაეცა. რა იყო ლარის გაუფასურების მიზეზი?
- ეკონომიკაში მიმდინარე ნებისმიერი პროცესი სოციალური შედეგით სრულდება. ეკონომიკა, მაკროეკონომიკური ციფრები, ზრდა და რეიტინგები გასაგებია, მაგრამ მაცივართან ბრძოლაში, ციფრებით მანიპულირებასა და ყოყოჩობას, შედეგი არასდროს მოუტანია, რადგან ამ ბრძოლაში გამარჯვებული ყოველთვის მაცივარია. ფაქტია, ლარის დევალვაციას ქვეყანაში საკმაოდ სერიოზული, უარყოფითი სოციალური შედეგი აქვს - სოციალური რისკები გაზრდილია და ეს არის მოცემულობა. სამწუხაროდ, საშუალო სტატისტიკურ ქართველს იგივე შემოსავლით, მაცივარში დღეს იმაზე ნაკლები პროდუქტი აქვს, ვიდრე თუნდაც ერთი წლის წინ ჰქონდა. გარდა ამისა, იპოთეკური და სამომხმარებლო სესხების ბენეფიციართა სახით, ახალი, სოციალური რისკჯგუფები მივიღეთ, რომელთა ხელფასის 40% ადრე კრედიტის მომსახურებაზე მიდიოდა. დღეს კი იგივე მომსახურებას მათი ხელფასის უდიდესი ნაწილი სჭირდება და საარსებო ფული აღარ რჩებათ. შედეგი ისაა, რომ ქვეყანამ საშუალო ფენა დაკარგა, არადა, ნებისმიერი თანამედროვე საზოგადოების ფუნდამენტი და სახელმწიფოს სტაბილურობის გარანტი, საშუალო ფენაა. სწორედ ეს საშუალო ფენა დავკარგეთ, რადგან კრედიტის ბენეფიციარები საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებული საშუალო რგოლის მენეჯერები იყვნენ, რომელთა ხელფასი 800-დან 3 000 ლარამდე იყო. შესაბამისად, ამ ადამიანების უმრავლესობამ საყოფაცხოვრებო პირობები გაიუმჯობესა - ბინები და მანქანები იყიდეს იმ გათვლით, რომ მათი ხელფასის გარკვეული ნაწილი კრედიტის მომსახურებას დასჭირდებოდა, მეორე ნაწილით კი იარსებებდნენ. დღეს ამ ხალხს კრედიტის მომსახურების შემდეგ, საარსებო თანხა აღარ რჩებათ, რაც ნიშნავს, რომ ღარიბთა ფენაში გადაინაცვლეს. ამიტომ ახალი, საკმაოდ მობილური და დიდი სოციალური რისკჯგუფი მივიღეთ. ამის ირიბი შედეგი კი კორუფციული რისკების ზრდაა და აგიხსნით რატომ. იმისთვის, რომ არაკორუმპირებული სისტემა შექმნათ, საშუალო ჩინოვნიკს ორი ტიპის სტიმული უნდა მისცეთ. ერთია მატერიალური სტიმული, ანუ მეტ-ნაკლებად, ნორმალური ხელფასი, რათა იარსებოს და მეორეა ბიოლოგიური სტიმული. ბიოლოგიური სტიმულიც ორი ტიპისაა, ესაა სამსახურის დაკარგვის შიში და კარიერული წინსვლის სურვილი. ბიოლოგიური და მატერიალური სტიმულის კომბინაცია ქმნის საფუძველს, რომლითაც არაკორუმპირებული სისტემა უნდა ააშენოთ. დღეს ორივე სტიმული მოშლის პირასაა, რადგან შიში და კარიერული წინსვლის წინაპირობები შესუსტებულია, სამსახურის დაკარგვის შიში აღარ არსებობს, ხოლო კარიერული წინსვლის წინაპირობაც აღარ არსებობს, რადგან ხელისუფლებას ყოველ ახალ ჯერზე, ახალი თანამშრომლები მოჰყავს ქუჩიდან. უარესი პრობლემა კი ლარის დევალვაციის გამო გაგვიჩნდა. საშუალო, სტატისტიკური დეპარტამენტის უფროსი წარმოიდგინეთ, რომელსაც 3 000-ლარიანი ხელფასი და გარკვეული ძალაუფლება აქვს. თუ იმ ორი სტიმულიდან გამომდინარე, რაც უკვე გითხარით, აქამდე კორუფციისკენ არც კი იხედებოდა, ახლა ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდა, რომ კრედიტის მომსახურების გამო, მშიერი დარჩა. არადა, გარკვეულ ძალაუფლებას ფლობს, სამსახურის დაკარგვის შიში კი შესუსტებული აქვს, რისკი იმისა, რომ ეს დეპარტამენტის უფროსი, ან ამ რანგის ჩინოვნიკი, მის ხელთ არსებულ ძალაუფლებას კორუფციული მიზნით გამოიყენებს, ძალიან დიდია. დრამატიზება არ მინდა, მაგრამ როდესაც ეს სტიმულები იშლება, კორუფციის რისკი იზრდება. ეს რისკები ჯერ აქტიურ ფაზაში არ გადასულა, რადგან პრობლემის ჩამოყალიბების პროცესში ვართ. მისი შედეგები გაზაფხულის დასაწყისში გამოჩნდება. ჩვენ ახლა გარკვეული პაუზა და ამოსუნთქვის საშუალება გვაქვს და თითქოს, ლარიც მყარდება. თუმცა ეროვნული ვალუტა იმიტომ კი არ მყარდება, რომ მთავრობა მოქმედებს კარგად, ამ პერიოდში, 20 დეკემბრიდან - 15 იანვრამდე, ე.წ. ინდაურის კურსი ყალიბდება! ამ დროს, მყარი ვალუტა ინდაურია, რომელიც ლარში იყიდება და შესაბამისად, დოლარს უგებს. სწორედ ინდაურის დამსახურებაა ლარის ის გამყარება, რასაც ახლა ჩვენ ვაკვირდებით. მეტიც, სრულიად სერიოზულად მიმაჩნია, რომ შობას ანუ 7 იანვარს, გიორგი კვირიკაშვილმა ინდაური უნდა შეიწყალოს და ეს დღე ქართული მადლიერების დღედ აქციოს.
- წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური გადაწყვეტილება დედოლარიზაციის ის გეგმა იყო, რომელიც არჩევნების შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილის გუნდმა წარადგინა. ეს გეგმა ,,ქართული ოცნების'' წინასაარჩევნო პროგრამასაც პასუხობდა, მაგრამ ოპონენტებისთვის მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა, რატომ?
- როდესაც ეკონომიკაში ასეთი მაღალი გამოწვევები და სოციალური რისკები გვაქვს, ბუნებრივია, სერიოზული რეფორმა გვჭირდება. ამ გეგმაში რაღაც კარგია, რაღაც საკამათო, მაგრამ ჯამში, დედოლარიზაციის გეგმა სუსტია. ჩვენი ქვეყანა ბევრად უფრო დიდი გამოწვევების წინაშე დგას, რასაც ეს გეგმა ვერ პასუხობს. გარდა ამისა, დედოლარიზაციის გეგმა ეკლექტური და წინააღმდეგობრივია, რადგან ამ გეგმის ხერხემალი, რეინვესტირების ფარგლებში, მოგების გადასახადის გაუქმება იყო. სწორედ ამაზე იყო აგებული მოდელი, რომლითაც 600 მილიონი ლარი ეკონომიკაში უნდა ჩარჩენილიყო, რაც ეკონომიკური განვითარების სტიმული იქნებოდა. რეალურად, ხელისუფლება ადგა და მეორე ხელით ანუ აქციზის გადასახადის მომატებით, ის პოზიტიური შედეგი, რაც მოგების გადასახადის გაუქმებას უნდა მოჰყოლოდა, გაანულა. შესაძლოა, ამ გეგმაში სხვა საინტერესო დეტალებიცაა, მაგრამ მათ განხილვას აზრი აღარ აქვს, რადგან ლარის სტაბილურობაზე თუ ვისაუბრებთ, სტაბილურ ეკონომიკასა და სამუშაო ადგილებს, ეკონომიკის რეალური სექტორი ანუ მწარმოებლური ეკონომიკა ქმნის. დედოლარიზაციის ეს გეგმა ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებაზე ორიენტირებული არ არის, რადგან მასში ის პროტექციონისტული და აგრესიული პოლიტიკა არ ჩანს, რაც ამას სჭირდება. რატომ იაფდება ლარი? დოლარზე დეფიციტური მოთხოვნაა ანუ მოთხოვნა მეტია, ვიდრე ბაზარს შეუძლია, რომ მიაწოდოს. ეროვნული ვალუტისა და ეკონომიკური სტაბილურობის ფუნდამენტი ის არის, რომ ქვეყანაში იმპორტ-ექსპორტის სალდო ნულთან მიახლოებული იყოს. თუმცა ჩვენ მომხმარებელ ქვეყნად ჩამოვყალიბდით, ფაქტობრივად, არ გვაქვს, ან ძალიან სუსტად გვაქვს განვითარებული ეკონომიკის რეალური სექტორი. შესაბამისად, ადამიანებს ,,ვასაქმებთ'' იმ ქვეყნებში, საიდანაც იმპორტირებული პროდუქცია შემოდის. ამ დროს, საქართველოში ეკონომიკა თვითკმარი არ არის და უმუშევრობის დონეც მაღალია. როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები ლართან დაკავშირებით გარე ფაქტორებზე აპელირებენ, შესაძლოა, მათი არგუმენტი გავიზიარო, მაგრამ მარტივ კითხვას ვსვამ: რატომ ვართ გარე ფაქტორებზე დამოკიდებული? იმიტომ, რომ საქართველო მომხმარებელი ქვეყანაა ანუ ჩევნი სამომხმარებლო კალათა იმპორტირებული პროდუქტით ყალიბდება. სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც ეროვნული ვალუტა სენსიტიურია გარე ფაქტორების მიმართ. დედოლარიზაციის გეგმაში ეკონომიკის რეალური სექტორის განსავითარებელი პროტექციონიზმი არ ჩანს. ხედვა, რომ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, დამატებითი ღირებულება სწორედ ქვეყნის შიგნით იქმნებოდეს, არ ჩანს. არადა, ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარდა, სწორედ დამატებითი ღირებულება ასაქმებს ადამიანებს. ძალიან აგრესიული პროტექციონიზმია საჭირო, რაც ამ პროგრამაში არ ჩანს, სამაგიეროდ, გვესმის მხოლოდ ლოზუნგები და გვთავაზობენ კონკრეტულ პროექტებს, რომლებიც ან გამოვა, ან - არა. სისტემურ გადაწყვეტილებებს კი არ იღებენ, კონკრეტული რიტორიკითა და სადღეგრძელოებით სურთ შედეგის მიღება, არადა, ასე არაფერი გამოვა.
- საქართველო ზამთრის კურორტებით მდიდარია და ამ პერიოდში, უცხოელი ტურისტების რაოდენობის ზრდას ისევ ველით, რაც ლარის გამყარების ერთ-ერთი საშუალებაა. წელს ზამთრის რამდენიმე ახალი კურორტი გაიხსნა, ,,მიტარბი'' - ბაკურიანში, თეთნულდი - მესტიაში, ამბროლაურში - ახალი აეროპორტი. არის თუ არა ეს ყველაფერი იმის წინაპირობა, რომ ლარი გამყარდეს?
- ტურიზმის მიმართულებით რომ გარკვეული ნაბიჯები იდგმება, რა თქმა უნდა, კარგია. ქვეყანაში გარკვეული ტურისტული პოტენციალი არსებობს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეკონომიკური უსაფრთხოება ტურიზმზე არ შენდება და ამას ორი მიზეზი აქვს. პირველი, ტურიზმს სეზონურობა ახასიათებს, ისევ ლარის კურსს რომ დავუბრუნდეთ, მაგალითად, ზაფხულში ჩამოვიდნენ ტურისტები, დახარჯეს ფული, ლარის კურსი დასტაბილურდა, თუმცა როგორც კი ტურისტები წავიდნენ, კურსი გაუარესდა. არ შეიძლება, ქვეყანა მხოლოდ სეზონურ შემოსავლებზე იყოს დამოკიდებული, სტაბილური შემოსავლებია საჭირო. მეორე მიზეზი ის არის, რომ ტურიზმი ეკონომიკის საკმაოდ სენსიტიური დარგია სხვადასხვა ტიპის რისკებთან მიმართებაში. ღმერთმა ყველა დაიფაროს, მაგრამ ეგვიპტის მაგალითი გავიხსენოთ, როდესაც ამ ქვეყნის შემოსავლის დიდი ნაწილი ტურიზმზე იყო ორიენტირებული და როგორც კი ამ ქვეყანაში გარკვეული, პოლიტიკური რისკები განვითარდა, ტურისტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. შესაძლოა, ამ ტიპის ჩავარდნამ ქვეყნის ეკონომიკური კოლაფსი გამოიწვიოს. ტურიზმი, როგორც ეკონომიკის დამატებითი პროდუქტი, უნდა განვავითაროთ, მაგრამ არ შეიძლება, იგი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ფუნდამენტად ჩავთვალოთ. ეს ძალიან ვიწრო და სარისკო ხედვაა. როდესაც აქცენტს ტურიზმზე აკეთებ, შესაძლოა, ერთი სეზონის ჩავარდნასაც კი სერიოზული პრობლემები მოჰყვეს. ცხადია, ტურიზმი უნდა განვავითაროთ, მაგრამ გიმეორებთ, ეკონომიკის რეალური, მწარმოებლური სექტორის განვითარება გვჭირდება. წარმოება მთელი წლის განმავლობაში მუშაობს, შიდა ბაზარი იმპორტზე დამოკიდებული აღარაა და რაც მთავარია, ადამიანები მხოლოდ რეალურ სექტორში საქმდებიან. სტაბილური სამსახური მხოლოდ ეკონომიკის რეალურ სექტორში იქმნება, სადაც ადამიანი 12 თვის მანძილზეა დასაქმებული და არა სეზონურად, რამდენიმე თვის განმავლობაში.