ფოტოგრაფ ლაშა შალამბერიძის ფოტოობიექტივით დანახული ქართული რეალობა
რამდენიმე დღის წინ, Facebook-ში ხანშიშესული, უსახლკარო ქალბატონის ფოტო გავრცელდა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კადრი იმდენად სრულყოფილადაა ,,დაჭერილი'', რომ მნახველში უამრავ ემოციას, შეფასებასა და ვარაუდს იწვევს... გთავაზობთ ინტერვიუს ფოტოს ავტორთან, ფოტოგრაფ ლაშა შალამბერიძესთან.
- ლაშა, ჩვენი საუბრის მთავარი თემა, ბუნებრივია, შენ მიერ გადაღებული და ბოლოს ძალიან გაპოპულარულებული ფოტო იქნება. მსგავს გამოხმაურებას ელოდი?
- ნამდვილად არ ველოდი. საერთოდ, ასეთი ფოტოების გადაღება ჩემთვის ყოველდღიურობადაა ქცეული. როგორც წესი, დაახლოებით ვხვდები, რომელ ფოტოს რამდენი ადამიანი ნახავს, როცა ჩემს Facebook პროფილზე ან გვერდზე ვტვირთავ. ამ ქალს დაახლოებით, ხუთი ფოტო გადავუღე, თუმცა გამოსაქვეყნებელი კადრი ჩემი Facebook მეგობრების ფსიქოლოგიის მიხედვით ავარჩიე იმიტომ, რომ მივხვდი - ყველას დადება სწორი არ იქნებოდა. როცა ეს ფოტო ავტვირთე, სხვა ფოტოების დამუშავებას მივუბრუნდი და დაახლოებით 10 წუთში უამრავი მესიჯი მომივიდა. ძალიან ბევრმა ადამიანმა მოიწონა, გააზიარა, დააკომენტარა, პირადშიც მომწერა, დაახლოებით, 500 ახალი მეგობარი დამემატა.
- იმ ხუთი კადრიდან სხვა რომ აგერჩია, შენი აზრით, ასეთ შედეგს ვერ მიიღებდი?
- სავარაუდოდ, ვერა. ერთია, გადაიღო, მეორე, ,,დაიჭირო'' და მესამე - დადო ის კადრი, რომელიც ხალხს აინტერესებს. ფილმშიც ხომ 25 კადრია, ადამიანს კი მხოლოდ ერთი ამახსოვრდება - შეიძლება, მთელ ფილმს უყურო, მაგრამ მეხსიერებაში მხოლოდ ერთი კადრი დაგრჩეს. ფოტოს გადაღებაც ამ ერთი კადრის დაჭერაა: შეიძლება, მთელი დღე დაუთმო ფოტოების გადაღებას, მაგრამ იმ ერთ კადრს ვერ მიაგნო. ეს ფოტო კი სწორედ 25-ე კადრია, რომელიც ყველას დაამახსოვრდა.
- ფოტოს ასეთ პოპულარობას მაინც რით ხსნი?
- ფოტოში ბებოს რამდენიმე სახე იკვეთება. კომენტარიც გავაკეთე: ზერელედ ნუ შეხედავთ, დააკვირდით სახეს, მიმიკას, ხასიათს... კარგად გამოწკეპილი ბებოა, რომელსაც „საპრანჭაოებიც“ ჰკიდია, ტუჩსაცხიც უსვია, ქუდი ახურავს, რომელიც გაკერილია, ხელში ფერადი ყვავილებიც უკავია და იღიმის კიდეც. ფოტოში ჩანს ქალი, რომელიც არაა დაბადებული სიღარიბისთვის, ის მდიდრადაა დაბადებული, მაგრამ რაღაც დაემართა და დაიწყო სანაგვეში ქექვა. თან კითხვაც რჩება მნახველს: რატომ იღიმის? ამაზე პასუხი კი რეალურად მხოლოდ მე ვიცი და არ მივიჩნევ საჭიროდ, ეს ყველამ გაიგოს. ხალხს რომ მოსწონს, ფაქტია, მე კი ორმაგად მომწონს, რადგან უფრო მეტი დავინახე, ვიდრე - სხვებმა, რეალურად ვიცი, რაც მოხდა, თუმცა როგორც იმ დანარჩენი კადრების დადება არ არის საჭირო, ასევე, ამის დაკონკრეტებას ზედმეტად მივიჩნევ. რამდენი ადამიანიც არის, იმდენი აზრია. მე რომ ის კადრებიც დავდო, ბევრი იფიქრებს, საკუთარი პიარის აწყობას ცდილობსო.
- ფოტოებს სათაურებს თუ ურჩევ?
- დიახ, ვურჩევ. არსებობს ფოტოპორტალები, სადაც სხვადასხვა დონის ფოტოგრაფები შენს ნამუშევარს აფასებენ და იქ სათაურის შერჩევა აუცილებელია, თუმცა სათაურებისთვის განკუთვნილი გრაფა ძალიან პატარაა და მოფიქრება მიჭირს ხოლმე. აი, ამ ფოტოსათვის რომელი ერთსიტყვიანი სათაური უნდა მომეფიქრებინა, „ბებო“? ვერაფერს დავაწერდი. მიყვარს ფოტო, რომელშიც ისტორიაა და რადგან შემოქმედებითი გონება ყველას არ აქვს და არ შეუძლია, ერთი ფოტოთი მთელი ამბავი დაინახოს, მირჩევნია, გავუკეთო წინასიტყვაობა ზუსტად ისე, როგორც ამ ფოტოს შემთხვევაში.
- შენ, როგორც ავტორი, ფოტოზე გამოსახულ ხასიათსა და მასზე აღბეჭდილი ქალის განწყობას როგორ აღიქვამ?
- ფოტოზე ჩანს ქალი, რომელსაც სახლიც ჰქონდა, სამსახურიც, ცხოვრებაც უხაროდა, მაგრამ ახლა ასეა. ამ კადრში თავისი წარსულიდან იღიმის - იქ დაბრუნდა. მე ასე დავინახე.
- მოგვიანებით, სხვა კადრიც ატვირთე, რომელზეც უსახლკარო ადამიანია გამოსახული, ოღონდ უფრო დამთრგუნველი ემოციით.
- მოკლედ, ასეა, მე ვარ ფოტოგრაფი, მიყვარს დოკუმენტალიზმი, ომი როგორ ვინატრო, მაგრამ სიამოვნებით გადავიღებდი ფოტოებს ომის დროს. თბილისში ძირითადად, ასეთი ფოტოების გადაღება მიწევს, რადგან ძალიან ბევრი უსახლკარო ადამიანია. ამ თემასთან დაკავშირებით მქონია უამრავი პროექტი - მივსულვარ მოწყალების მთხოვნელებთანაც და მითქვამს, რომ დღის განმავლობაში გავყვებოდი, სადაც წავიდოდნენ და მათი ცხოვრების ერთ დღეს დეტალურად გადავიღებდი - გაღვიძებიდან დაძინებამდე, იქნებ, დაენახა ხალხს მათი პირობები და დახმარებოდა. პირადადაც შემიგროვებია ტანსაცმელი და დავხმარებივარ.
ამ ფოტოს გადაღებისას ქუჩებში გერმანელ კოლეგებთან ერთად დავდიოდი და ვიდრე ყველაფერ ამას ისინი გადაიღებდნენ, მე ვიღებდი, არ მინდოდა, ეფიქრათ, რომ ასეთი ადამიანები უყურადღებოდ არიან მიგდებულნი.
ზოგადად, პოზიტიური ფოტოების გადაღება მიყვარს, მაგალითად, მომწონს, როცა ძალიან ლამაზ ბავშვებს ვუღებ. ჩემი გვერდის საშუალებით დილით ყოველთვის ვესალმები ხალხს, პოზიტიურ ფოტოს ვდებ და პოზიტიურ დღეს ვუსურვებ. ეს მძიმე კადრები კი იმიტომ დავდე, რომ აუცილებლად დასადები იყო!
- უსახლკარო ადამიანების პრობლემებთან ბრძოლის გარკვეულ გზებზე ერთ-ერთ პოსტში ვრცლად ისაუბრე...
- ნამდვილად საშინელი სიტუაციაა და ერთ დღესაც მივხვდი, რომ ახალი წელი, ძვირფასი ნაძვისხეები და განათებები ,,რუსთაველზე'' მხოლოდ თინეიჯერებისთვისაა განკუთვნილი, ჩემთვის კი არაფერი ყოფილა, არც რუსთაველზე გავსულვარ და არც დამითვალიერებია. ხომ შეიძლება, ქალაქის მერი გამოვიდეს (კონკრეტულად ნარმანიაზე არ ვსაუბრობ) და თქვას, ხალხო, მინდოდა საახალწლოდ დამედგა დიდი ნაძვისხე, მომეწყო ფოიერვერკები, მაგრამ მოდი, ამას არ გავაკეთებ და იმ ხალხს დავეხმარები, ვინც ახალ წელს ღია ცის ქვეშ ხვდებაო?! აქ ასობით ათას ლარზეა ლაპარაკი და ამ თანხით ერთი დღე მაინც ხომ შეგვიძლია, ისე მოვაწყოთ, თუნდაც მხოლოდ თბილისის ქუჩებში ერთი მოწყალების მთხოვნელიც აღარ იყოს და აღარ შიოდეს.
მეორე თემაა, როცა დილით შემწვარი გოჭი გაქვს ნაჭამი და საღამოს ხედავ, როგორ წევს ვიღაც მშიერი მიწაზე - ეს არანაირ ჩარჩოში არ ჯდება და შენც ითრგუნები.
- ამ თემაზე ფოტოპროექტს კიდევ გეგმავ?
- რა თქმა უნდა. ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთი რეპორტაჟი გავაკეთე, რომელსაც, სხვათა შორის, დიდი რეზონანსი არ მოჰყოლია. ფოტორეპორტაჟი უსახლკარო კაცზეა, რომელსაც ჩემი მეგობარი ლევანი სოლოლაკში წააწყდა და მაშინვე დამიკავშირდა, საშინელ პირობებში იმყოფება, იქნებ, ხალხამდე მივიტანოთ და რამით დავეხმაროთო. საშინელ ანტისანიტარიაში ცხოვრობდა და როცა ჩემმა მეგობარმა სასწრაფოს გამოუძახა, წამალი ორი თითით შეაწოდეს. არც სოც-მუშაკებს შეუბერტყავთ ყური, არავინ დახმარებია. ბოლოს, ლევანმა მოძებნა ქალი, რომელმაც ამ კაცს მოუარა - გაასუფთავა, აჭამა, შემდეგ მეც მივედი და გავაკეთეთ რეპორტაჟი. ბაბუ მოხუცებულთა თავშესაფარში გადავიყვანეთ, შემდეგ, შვილებიც გამოუჩნდნენ და ახლა უვლიან. ვფიქრობ, ნამდვილად დავეხმარეთ.
- თავისი სიმწვავითა და აქტუალობით შენს ყურადღებას კიდევ რომელი თემატიკა იქცევს?
- სხვა თემატიკა, რომელიც უსახლკაროთა პრობლემაზე მწვავეა, არ მახსენდება!
- ზემოხსენებულ უსახლკარო ქალის ფოტოს რომელიმე კონკურსზე ხომ არ გააგზავნი?
- არა. ზოგადად, არ მიყვარს კონკურსებში მონაწილეობა იმიტომ, რომ იქ არაკომპეტენტური ჟიურია, მეორეც, „ლაიქებით“ კონკურსი კონკურსი არაა. ეს ფოტო ჩემი პიარი კი არა, ჩემი ყოველდღიურობაა და ის საჭირო დროსა და საჭირო ადგილას აღმოჩნდა - ზუსტად იმ წერტილში მოვახვედრე, რომელიც საზოგადოებას აწუხებს, თორემ ამაზე ძლიერი ფოტოებიც მაქვს გადაღებული.
- შენი აზრით, რა უნდა იყოს გამოსახული ფოტოზე, რომელიც ქვეყანაში დღეს შექმნილ ვითარებასა და განწყობას ასახავს?
- ამ ვითარებასა და განწყობას ისეთი კადრი ასახავს, რომლის მთავარი გმირიც მაწანწალა იქნება, უკანა ფონზე კი ღიპიანი ძია იდგება, შაურმით ხელში, კმაყოფილი სახით და გვერდზე მშიერი, ატირებული ბავშვით. ლესელიძეზე იყო ადგილი, სადაც კედელზე დიდი ასოებით ეწერა: „მშია“, გვერდით კი საშაურმე იყო გახსნილი. სწორედ ამ ადგილას წავაწყდი უსახლკარო დედაშვილს, რომელსაც საჭმლის ფული არ ჰქონდა. ფულს ვერ ვაძლევდი - მაშინ არც მე მქონდა, მაგრამ შესვენებაზე სამსახურიდან გამოსული ლარიან ხაჭაპურს აღარ ვჭამდი, ორმოცდაათ თეთრს ვზოგავდი და მათთვისაც ვყიდულობდი.
დაახლოებით, მსგავს განწყობას გადმოსცემს ჩემი ერთ-ერთი ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ საპატრიარქოსთან, მიწაზე, სამი ტოქსიკომანი წევს, ხალხი კი ისე მიდი-მოდის, ყურადღებასაც არ აქცევს.
- როგორ ფიქრობ, რა რეაქცია ექნება შენ მიერ ფოტოზე აღბეჭდილ ბებოს, როცა ამ ფოტოს დამსახურებით ხალხი იცნობს?
- ვფიქრობ, ამ ფოტოს მერე, ვინც „პლეხანოვზე“ გავიდოდა და ამ ბებოს ნახავდა, ყველა იცნობდა, შეიძლება უთხრეს კიდეც, შენი ფოტო ვნახეო. ბევრი გაიგებდა ამ ქალის ისტორიას და თუ აქამდე „ფურთხას“ ეძახდნენ, ახლა ასე აღარ დაუძახებენ. იძახიან, რომ არაადეკვატურად იქცევა, სახიფათოა მასთან მიახლოება, მაგრამ ეტყობა, მე კარგ განწყობაზე შემხვდა. პირადად ვერ გავესაუბრე და იმისიც მეშინოდა, ვინმეს რომ ეკითხა, დაეხმარე თუ არაო, რა მეპასუხა. როცა კადრი გადავიღე, ჩემს მეგობარს მივუბრუნდი და ვუთხარი, მორჩა, ღირდა ამდენ სიარულად, მგონი, გამომივიდა-მეთქი, სხვა ყველაფერი დამავიწყდა.
არსებობს ერთი ცნობილი ფოტო, რომელზეც გამხდარი აფრიკელი ბავშვია გამოსახული, მის უკან კი ჩანს სვავი, რომელიც მიწაზე ზის და ელოდება, ბავშვი როდის მოკვდება. ამ ფოტომ პულიცერის პრემია დაიმსახურა და როცა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ფოტოგრაფს ჰკითხა, შენ რა ქენი, რით დაეხმარე ამ ბავშვსო, მან უპასუხა, არაფრით, მე, უბრალოდ, ფოტოგრაფი ვარ და ფოტო გადავუღეო. ეგ ფოტო აზრს დაკარგავდა, რომ ეთქვა, ბავშვი გადავარჩინეო. ფოტო შედევრად იმიტომ იქცა, რომ უამრავი კითხვა დარჩა პასუხგაუცემელი.