როგორ აღმოაჩინა საქართველო და რატომ მოსწონს გოგირდის აბანოები ტეხასელ ტომას ვიერის
ტომას ვიერი ამერიკელი, კერძოდ ტეხასელი ლინგვისტი და კავკასიოლოგიის განხრით ერთ-ერთი ახალგაზრდა სწავლულია, თავისუფალ უნივერსიტეტში ასწავლის და კვლევით საქმიანობასაც ეწევა.
- უცხოელები საქართველოში, ძირითადად, იმიტომ ჩამოდიან, რომ აქაური ისტორია, კულტურა, სამზარეულო და ღვინო აინტერესებთ. ჩემი ინტერესის სფერო კი ენაა. როცა ჩიკაგოს უნივერსიტეტში ჩავაბარე, საქართველოზე ბევრი არაფერი ვიცოდი. ეს ის სასწავლებელია, რომელიც პატარა ენების სწავლების მხრივ ძალიან ძლიერია. არჩევანი დიდი იყო, მაგრამ ქართული ავირჩიე, რადგან ცნობილი ამერიკელი ქართველოლოგი, პროფესორი ჰოვარდ არონსონი, ერთ წელიწადში, პენსიაზე უნდა გასულიყო და ეს ჩემი ბოლო შანსი იყო, მასთან ქართული შემესწავლა. მეორეს მხრივ, ქართული ენა ძალიან უცნაურია და სხვა ენებს ბევრი კომპონენტით არ ჰგავს. მოკლედ, გამოწვევას ვეძებდი და მივიღე კიდეც.
- ქართული ენის შესწავლაში სირთულეებს წააწყდით?
- დიახ, ნამდვილად წავაწყდი. როცა ქართულის შესწავლა დავიწყე, აღმოვაჩინე, რომ მასში ბევრია ისეთი, რაც ლინგვისტების იმ თეორიებს ეწინააღმდეგება, რომლებიც ამა თუ იმ ენის არსებობის შესაძლებლობას ხსნიან. მაგალითად, წინადადების წევრების განლაგება და სხვა. ქართული მართლაც, საოცარი ენაა. აშშ-ში ქართული ენა ძალიან ცოტა სასწავლებელში ისწავლება და ერთ-ერთი ჩიკაგოს უნივერსიტეტია. როგორც ვიცი, ახლა მას ბერკლისა და ჰარვარდშიც ასწავლიან.
საქართველოში ჩამოსვლის მერე თქვენი პოლიფონია და ხალხიც აღმოვაჩინე. ყველაფერი ეს ისაა, რის გამოც ამ ქვეყანაში ვრჩები - არ მგონია, აქ ამდენ ხანს მხოლოდ ენის გამო გამეძლო. საკუთარი სახლიც შევიძინე და ვარემონტებ. თავისუფალ უნივერსიტეტში ლექტორი ვარ და იქ რომ მოვხვდი, ვფიქრობ, გამიმართლა, რადგან მართლაც, მაღალი დონის სასწავლებელია. ისე, თავიდან, საქართველოში რომ ჩამოვედი, ქისტურ ენაში სამთვიანი კურსები გავიარე. - მართალია, ქისტური ჩეჩნური ენის, ასე ვთქვათ, ვარიანტია, მაგრამ მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა. ზუსტად ეს იყო ჩემი კვლევის საგანიც. მალე სამსახურიც გამომიჩნდა და ასე დავრჩი საქართველოში.
- განათლების ქართულ სისტემაზე რას იტყვით?
- თუ ლექტორის გადმოსახედიდან ვიმსჯელებ, აშშ-ში უფლება გვაქვს, თავად ავირჩიოთ ან შევადგინოთ ჯგუფები, რომლებსაც შემდეგ ვასწავლით. აქ კი, ასე არაა. აშშ-ში სავალდებულო კი არა, არჩევითი საგნებია.
- კვლევით საქმიანობას აგრძელებთ?
- დიახ. ახლახან, დავასრულე წიგნი, რომელიც ტონკავაზე ამერიკულ ენას ეხება და რომელიც უკვე აღარ არსებობს. წიგნში, რომელსაც ოკლაჰომას უნივერსიტეტი, დაახლოებით ერთ წელიწადში, გამოსცემს, მის გრამატიკას განვიხილავ.
- წიგნის დაწერას ქართულ ენაზეც ხომ არ აპირებთ?
- ჩემი დისერტაცია სწორედ ამას ეხებოდა და ვფიქრობ, შემდეგი წიგნი სწორედ ჩემს დისერტაციაზე იქნება, თუმცა პირველ ეტაპზე, მხოლოდ ინგლისურად გამოიცემა. დისერტაცია ქართული ენის სტრუქტურას შეეხება, რომელშიც გარკვეულწილად, მათემატიკური ლოგიკაც ურევია. როგორც ამბობენ, მარტივი ენა არ არსებობს, მაგრამ ქართული ნამდვილად ურთულეს ენათა ჯგუფშია.
- ქართული და ბასკური ენების სავარაუდო მონათესაობაზე რამე გსმენიათ?
- დიახ, თუმცა ეს ძველისძველი მოსაზრებაა. ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ ბასკური არც ერთ სხვა ენას არ ენათესავება. არავინ იცის, საიდან წარმოიშვა ბასკური ენა, თუმცა მეცნიერებს გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვთ ქართველურ ენებზე, რომლებიც მინიმუმ, 3500 წელს ითვლის. დაზუსტებით რამის თქმა არც ქართულ ანბანზე შეიძლება, მაგრამ სავარაუდოდ, ის ან ანტიკურ-ბერძნულს ან ანტიკურ-არამეულს ეფუძნება, მაგრამ ამისი არქეოლოგიური დასტური არ არსებობს. ისე, გარკვეული მონაცემების საფუძველზე, ქართული შესაძლოა, მათზე ძველიც კი იყოს.
- თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?
- მიყვარს მოგზაურობა. ახალქალაქისა და ლაგოდეხისა გარდა, ყველა დიდ და პატარა ქალაქში ვარ ნამყოფი. გოგირდის აბანოებში სიარულიც ძალიან მიყვარს, რაც ტიპური ქართული კულტურა მგონია - იქ ვმშვიდდები და ვისვენებ.
- ყველაზე მეტად საქართველოს რომელი კუთხე მოგწონთ?
- რთული კითხვაა. სვანეთი, ვფიქრობ, საქართველოს ისტორიის მიკროკოსმოსია, სადაც ყველაფერი თვალხილულად იშლება. ის ძალიან საინტერესოა. თუშეთი კი, უბრალოდ, საუცხოოა.
- ალბათ, ქართულ ლიტერატურასაც იცნობთ. რომელი მწერალი მოგწონთ?
- კონსტანტინე გამსახურდია და ვაჟა-ფშაველა.
- მხატვრებიდან?
- გიგო გაბაშვილი.
- რეჟისორი?
- ოთარ იოსელიანი და მისი ფილმი „იყო შაშვი მგალობელი“.