ვინ შექმნის სამუშაო ადგილებს?!

ვინ შექმნის სამუშაო ადგილებს?!

ორი პარტია და გულუხვად გაცემული დაპირებები სამუშაო ადგილების შექნასთან დაკავშირებით - რომელი იქნება მათ შორის პოპულისტური, ამას მომავალი გვიჩვენებს. თუმცა ექსპერტები უკვე საუბრობენ, რომ ნაცმოძრაობის დაპირებები ოპტიმიზმის საფუძველს ნაკლებად იძლევა, რადგან „ნაციონალურ მოძრაობას“ სამუშაო ადგილების შექმნის გამოცდილება არ აქვს.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილი ამაყობს, რომ მათი მოსვლის შემდეგ 60-65 ათასით გაიზარდა სამუშაო ადგილების რაოდენობა და არც იმას ივიწყებს, რომ „ნაცმოძრაობის“ დროს ეს ადგილები 23 ათასით შემცირდა.

ბიძინა ივანიშვილზე უფრო შორს მიდიან მის მიერ დატოვებული გუნდის წევრები. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი კახა კუჭავა აცხადებს, რომ „ოცნების“ გათვლებით, 2020 წლისთვის დამატებით კიდევ 120 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

კუჭავას თქმით, მმართველი გუნდისთვის ამ პრობლემის გამკლავება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და, თუკი სტატისტიკურად 2004-2012 წლებში უმუშევრობის შემცირება ძირითადად სახელმწიფო სექტორში დასაქმებული მოქალაქეების ხარჯზე მოხდა, „ქართულმა ოცნებამ“ უმუშევრობის დონე 12.5 %-მდე შეამცირა.

რაც შეეხება სამომავლოდ დაპირებულ სამუშაო ადგილებს, კახა კუჭავა აცხადებს, რომ ამ მხრივ დაგეგმილია მთელი რიგი რეფორმები, რომელიც ფუნდამენტურად შეცვლის მდგომარეობას. ამას ემატება უკვე დაწყებული რამდენიმე პროგრამაც, რომელმაც შედეგი გამოიღო. საუბარია ისეთ პროექტებზე, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში“, „სტარტაპ საქართველო“. მსგავსი პროგრამების შედეგად საგრძნობლად გაუმჯობესდება წარმოება ქვეყანაში.

ასევე, კახა კუჭავას დაპირებით, „ქართული ოცნების“ მიერ ყურადღება გამახვილდება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ამას დაემატება განათლების კომპონენტიც. აღარ იქნება ის პოპულარული პროფესიები, რომელიც დღეს ჭარბად არის და ბიზნესი თავად შეუკვეთავს, რა სახის და რამდენი სპეციალისტი სჭირდება. ამდენად, სწავლის დასრულების შემდეგ სტუდენტებისთვის სამსახური გარანტირებული იქნება.

განხორციელებადია თუ არა „ნაციონალებისა“ და „ქართული ოცნების“ დაპირებები სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით?

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ „ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაცემული დაპირება პოპულისტურია. საუბარია იმაზე, თითქოს ნაციონალების არჩევის შემთხვევაში პირველსავე წელს 45 ათასი, ხოლო ყოველ მომდევნო წელს 30 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

„135 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა ტყუილ დაპირებად მიმაჩნია. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში სამუშაო ადგილები 1 მილიონ 814 ათასიდან 1 მილიონ 724 ათასამდე შემცირდა. შესაბამისად, ნაციონალების ცხრაწლიანი მმართველობისას სამუშაო ადგილების რაოდენობამ 90 ათასით იკლო. ამავე მონაცემებზე დაყრდნობით, პროცენტულ გამოხატულებაში, 2003 წელს ქვეყანაში უმუშევრობის დონე 11,5% იყო, ხოლო 2012 წელს უმუშევრობამ 15% შეადგინა. ამდენად, აბსოლუტურად გაუგებარია, აღნიშნული პარტიის დაპირებებში რა იწვევს მსგავსი ოპტიმიზმის საფუძველს. „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს სამუშაო ადგილების შექმნის გამოცდილება“,-აღნიშნა ანდრია გვიდიანმა და განმარტა, რომ, მართალია, „ნაციონალური მოძრაობა“ ახალი სამუშაო ადგილების შექმნას გარკვეული საგადასახადო რეფორმების შედეგად ვარაუდობს, მაგრამ ლიბერალური საგადასახადო სისტემა ბევრ ქვეყანაში მოქმედებს და პრაქტიკა აჩვენებს, რომ გადასახადების შემცირებას დასაქმების კუთხით ასეთი ეფექტი არ აქვს.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ანდრია გვიდიანი აცხადებს, რომ უჭირს საუბარი ერთი კონკრეტული წარმომადგენლის -კახა კუჭავას დაპირებაზე 2020 წლისთვის დამატებითი 120 ათასი სამუშაო ადგილის შექმნის შესახებ, რადგან მას არ უნახავს „ქართული ოცნების“ ოფიციალური დოკუმენტი, საარჩევნო პროგრამა სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით. თუმცა, ამის მიუხედავად, ანალიტიკოსი თვლის, რომ დასაქმების შესახებ „ქართული ოცნების“ დაპირებები უფრო რეალისტურია. მით უმეტეს, რომ „ოცნებამ“ ოთხ წელიწადში 55 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა და მათ ამის გამოცდილება გააჩნიათ. გარდა ამისა, ანდრია გვიდიანი იხსენებს პრემიერ-მინისტრის დაპირებასაც, რომელმაც ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი დააანონსა და ლოგიკურად თვლის, რომ ამ გუნდმა ბევრი სამუშაო ადგილი შექმნას.

„მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ ეს 55 ათასი ადამიანი კერძო სექტორშია დასაქმებული და ისინი არ არიან სახელმწიფო სექტორში დასაქმებულები“, - აცხადებს ანდრია გვიდიანი.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, რესპუბლიკელი ნოდარ ებანოიძე For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ ნაციონალების დაპირებების შესახებ ზოგადი წარმოდგენა აქვს, თუმცა ანალიზი სჭირდება, რას ეფუძნება მათი გათვლები სამუშაო ადგილების შექმნასთან დაკავშირებით. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ნოდარ ებანოიძის თქმით, ჯერჯერობით მათ საარჩევნო პროგრამა არ გამოუქვეყნებიათ. ამიტომ მხოლოდ ციფრებით საუბარი, რომ 2020 წლისთვის 120 ათას სამუშაო ადგილს შექმნიან, საუბარი რთულია.

„რა რეფორმას აპირებს „ოცნება“, უცნობია. მე წარმოვადგენ რესპუბლიკელებს და უკეთესად ვიცი ამ პარტიის საარჩევნო ხედვებისა და დამატებით სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ.

ჩვენ გვაქვს გარკვეული შეთავაზებები, რომლებიც ეხება სტარტაპების დაფინანსებას, დამწყები ბიზნესის წახალისებას. გვაქვს 20-მილიონიანი დაფინანსება ახალი დამწყები ინვესტიციებისთვის, ოღონდ სულ სხვა ფორმულით და არა იმ ფორმულით, რაც ახლა აქვთ ეკონომიკის სამინისტროში. ასევე, ვგეგმავთ 200 მილიონის მობილიზებას ბიუჯეტში, რომელიც დაკავშირებული იქნება ბიზნესის განვითარებასთან. გარდა ამისა, ვთავაზობთ გარკვეულ საგადასახადო რეფორმას, დიფერენცირებულ მიდგომას, რის შემდეგაც თანაბრად არ დაიბეგრებიან, როგორც ახლა ხდება. ჩვენს მიერ შეთავაზებული მოგების გადასახადის მოდელის ცვლილება კი წაახალისებს ბიზნესს.

ჩვენი გათვლებით, დამწყები ბიზნესის წახალისებით დაახლოებით 15 ათასი სამუშაო ადგილის შექმნაა შესაძლებელი. ასევე, ბიზნესის გაფართოების კუთხით დამატებით შეიძლება 60 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნას. ამ ორი მიმართულებით წელიწადში შესაძლოა 75 ათასი დამატებითი სამუშაო ადგილი მივიღოთ“, - გვითხრა ნოდარ ებანოიძემ.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ლევან ბერძენიშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ საეჭვოა შესრულდეს დაპირება, თითქოს „ოცნება“ 120 ათასით გაზდის სამუშაო ადგილებს, რადგან ასეთი დაპირებები ჯერჯერობით ვერავინ შეასრულა.

„თუკი ეს დაპირება შესრულდება, „ქართული ოცნება“ რა შუაში იქნება? თუ ბიზნესი განვითრდება და ამას შეეწყობა ხელი, მაშინ, რა თქმა უნდა, ასეთი რამ მოხდება. თორემ სამუშაო ადგილების შექმნა მარტო ქაღალდზე დაწერით რომ ხორციელდებოდეს, ამას რა სჯობს?! ასე, მიშაც დაგვპირდა პირველ ჯერზე ევროკავშირს, შემდეგ ნატოს, მერე ისევ ევროკავშირს და ბოლოს ვერაფერი გააკეთა“, - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.