ოქრუაშვილსა და ხალვაშს შორის, 2010 წელს, ბერლინში გამართულ შეხვედრას ეროსი კიწმარიშვილიც ესწრებოდა?!

ოქრუაშვილსა და ხალვაშს შორის, 2010 წელს, ბერლინში გამართულ შეხვედრას ეროსი კიწმარიშვილიც ესწრებოდა?!

რა მიზნით გამოჩნდა ახალი დოკუმენტირუსთავი 2“-ის საქმეში - ოქრუაშვილის წინასაარჩევნო პოლიტიკური შანტაჟი

,,რუსთავი 2''-ის საქმეში ახალი დოკუმენტი გაჩნდა - ქიბარ ხალვაშსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის, 2010 წლის თებერვალში, ბერლინში გაფორმებული ხელშეკრულებაა. ამ დოკუმენტით, ქიბარ ხალვაში აღიარებს, რომ ,,რუსთავი 2''-ის 100%-იანი წილის მფლობელი ირაკლი ოქრუაშვილია. დოკუმენტი ,,რუსთავი 2''-ის ჟურნალისტს წყარომ მიაწოდა, მისი ნამდვილობა კი ირაკლი ოქრუაშვილმა ოფიციალურად დაადასტურა. ხელშეკრულებაში მხარეები ადასტურებენ, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფი ტელეკომპანია ,,რუსთავი 2''-ის 100%-იანი წილი ქიბარ ხალვაშის სახელით შეიძინა. დოკუმენტის მიხედვით, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2''-ის შესაძენად დადებულ ყველა გარიგებაში, ქიბარ ხალვაში ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებულ პირს წარმოადგენდა და მისი სახელით მოქმედებდა. ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, თუ ,,რუსთავი 2''-თან დაკავშირებით ქიბარ ხალვაში ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე იმოქმედებდა, ჯარიმის სახით, ბიზნესმენს 7 700 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრებოდა. 
წელიწადზე მეტია, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშსა და ტელეკომპანია ,,რუსთავი 2''-ის წარმომადგენლებს შორის სასამართლო დავა მიმდინარეობს. სკანდალური დოკუმენტი კი მხოლოდ ახლა, წინასაარჩევნო პერიოდში გამოჩნდა. რატომ გასაჯაროვდა ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი მაშინ, როდესაც საარჩევნო მარათონში ჩაბმული ირაკლი ოქრუაშვილის პოზიციები გორში საგრძნობლად შეირყა? რა მიზანი ამოძრავებს ირაკლი ოქრუაშვილს - ,,რუსთავი 2''-ის წილის დაბრუნება, ქიბარ ხალვაშისთვის ჯარიმის დაკისრება თუ ყველაფერი ეს მის მიერ ინიცირებული პოლიტიკური შანტაჟია? ,,ვერსია'' ორივე მხარის - ირაკლი ოქრუაშვილისა და ქიბარ ხალვაშის ადვოკატებს დაუკავშირდა.
,,ვერსიის'' ინფორმაციით, 2010 წლის თებერვალში, ბერლინში ,,რუსთავი 2''-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ტელეკომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი, ეროსი კიწმარიშვილიც იმყოფებოდა. ქიბარ ხალვაშისა და ირაკლი ოქრუაშვილის ბერლინში შეხვედრას და ამ ხელშეკრულების გაფორმებას, სწორედ ეროსი კიწმარიშვილი ესწრებოდა. ,,ვერსიას'' ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი, ლევან ალაფიშვილი ესაუბრა. 
- ბატონო ლევან, როგორ აღმოჩნდა ტელეკომპანია ,,რუსთავი 2'' ირაკლი ოქრუაშვილის ხელში, რომელიც იმ პერიოდში, სავარაუდოდ, საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებით მოქმედებდა? 
- მოკლედ გიპასუხებთ: ამ ფაქტს ვერ შევაფასებ და დეტალურ ინფორმაციასაც ვერ გეტყვით იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კითხვის ადრესატი არ ვარ. იმის უშუალო მონაწილე არ ვყოფილვარ, 2010 წელს ან მანამდე, რა და როგორ მოხდა და შესაბამისად, ინფორმაციაც არ მაქვს. ერთადერთი, რაც შემიძლია მიგითითოთ, ისევ ის დოკუმენტია, რომელიც 2010 წლის თებერვალში გაფორმდა. ამ დოკუმენტის მიხედვით, ქიბარ ხალვაშმა ირაკლი ოქრუაშვილისა და მასთან დაკავშირებული ადამიანებისა თუ კომპანიებისგან, 7 700 000 აშშ დოლარი მიიღო. ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ტელეკომპანია ,,რუსთავი 2''-ის 100%-იანი წილის მფლობელი ირაკლი ოქრუაშვილია, რომელმაც ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშის საშუალებით შეიძინა და ამ ტრანზაქციების თანხაც ოქრუაშვილმა გადაიხადა. რაც შეეხება კითხვას, როგორ იყიდა ტელეკომპანია ოქრუაშვილმა, მანამდე ,,რუსთავი 2'' ვისი იყო, ვერ გეტყვით. მით უმეტეს, ამ დოკუმენტის საფუძველზე, დავა არ დაგვიწყია და შესაბამისად, სხვა საკითხები განხილვის საგანი არ არის. 
- ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის ეს დოკუმენტი როდის, რა პირობებში და რატომ გაფორმდა? 
- პირობებსა და ე. წ. ფაქტორებს, რითიც ეს ორი ადამიანი იმ მომენტში მოქმედებდა, ბუნებრივია, ვერ გეტყვით, რადგან ეს არ მეხება. 
რაც შეეხება დოკუმენტის გაფორმების თარიღს, ეს 2010 წლის თებერვალში, ბერლინში მოხდა, როდესაც ქიბარ ხალვაშიცა და ირაკლი ოქრუაშვილიც დევნილობაში იმყოფებოდნენ. ბერლინი ქიბარ ხალვაშის ადგილსამყოფელი იყო, ირაკლი ოქრუაშვილი იმ პერიოდში საფრანგეთში ცხოვრობდა. რაც შეეხება ხელშეკრულების გაფორმების აუცილებლობას, ამას თვითონ ეს დოკუმენტიც ადასტურებს ანუ მიზანი ხალვაშისა და ოქრუაშვილის ფინანსური თუ საქმიანი ურთიერთობის დოკუმენტურად დაფიქსირება იყო. 
- მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი 2010 წლის თებერვალში, ბერლინში გაფორმდა, მაინც შეგნებულად გკითხეთ, მხარეებმა ხელშეკრულება როდის შეადგინეს? ოქრუაშვილსა და ხალვაშს შორის ეს დოკუმენტი იმიტომ ხომ არ გაფორმდა, ტელეკომპანიის წილები სხვა პირებზე გადაყიდულიყო? 
- ორ მოკლე კომენტარს გავაკეთებ: პირველი - თუკი ამ დოკუმენტში ე.წ. განვლილი პერიოდის აღიარებას მიაქცევთ ყურადღებას, როდესაც საუბარია 7 700 000 აშშ დოლარზე, მითითებულია, რომ ეს თანხა ქიბარ ხალვაშმა უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში, ირაკლი ოქრუაშვილისა და მასთან დაკავშირებული კომპანიებისგან მიიღო; მეორე - უნდა გავითვალისწინოთ, რომ 2010 წელს, ორივე მათგანი, ოქრუაშვილიცა და ხალვაშიც, დევნილობაში იმყოფებოდა. რაც მთავარია, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების შემდეგ, მისი ძალიან ბევრი აქტივი, უშუალოდ მასთან დაკავშირებული კომპანიები, სასამართლოს საშუალებით ჩამოართვეს. ამ ხელისუფლებამ ირაკლი ოქრუაშვილს არ დაუბრუნა ის ქონება, რაც ჩამოართვეს, მათ შორის, სანაპიროზე მდებარე არასაცხოვრებელი ფართი (ამ შენობაში 2007 წელს, ოპოზიციაში ახლად გადასული ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის ოფისი იყო განთავსებული, - ავტ.). ამიტომ სასამართლოს გზით მოგვიწია ამ ქონების დაბრუნება. ვფიქრობ, ბერლინში ეს დოკუმენტი იმიტომ გაფორმდა, რომ დევნილობაში მყოფი პირებისთვის მათი კუთვნილი ქონების ჩამორთმევა ძნელი არ იქნებოდა. მით უმეტეს, ქიბარ ხალვაშისთვის იმ ქონების ჩამორთმევა, რომელიც რეალურად, შესაძლოა, ირაკლი ოქრუაშვილის საკუთრებაა, გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო. 
- ,,ვერსიის'' ინფორმაციით, ქიბარ ხალვაშისა და ირაკლი ოქრუაშვილის ბერლინში შეხვედრას ეროსი კიწმარიშვილიც ესწრებოდა და ეს დოკუმენტიც, სხვათა შორის, მისი თანდასწრებით გაფორმდა. თუ ხართ საქმის კურსში, ეროსი კიწმარიშვილს უშუალოდ ამ გარიგებაში რა როლი ჰქონდა? 
- ჩემი სტატუსისა და პოზიციის გათვალისწინებით, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს ხელშეკრულება ბერლინში, მხოლოდ ხელშეკრულებაში დაფიქსირებული მხარეთა მონაწილეობით არ გაფორმებულა. ამ პროცესს სხვა პირებიც ესწრებოდნენ. ვერ გეტყვით, რა როლი ჰქონდა ამ პროცესში ეროსი კიწმარიშვილს, მაგრამ გიმეორებთ, - ხელშეკრულების გაფორმებას, ხალვაშისა და ოქრუაშვილის გარდა, სხვა პირებიც ესწრებოდნენ. 
- თუ ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის შეთანხმება 2010 წელს შედგა, ეს დოკუმენტი ახლა რატომ გასაჯაროვდა? თითქმის ერთი წელია, ხალვაშსა და ,,რუსთავი 2''-ის წარმომადგენლებს შორის დავა მიმდინარეობს და თქვენი აზრით, ეს დოკუმენტი ახლა როგორ ან რა მიზნით გამოჩნდა? 
- რომ ეს დოკუმენტი ,,რუსთავი 2''-ის ჟურნალისტის ხელში აღმოჩნდა, ჩემთვისაც სიურპრიზი იყო. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს დოკუმენტი სამ ეგზემპლარადაა შედგენილი, ერთი ირაკლი ოქრუაშვილის ხელშია, დანარჩენი ორი სად არის, არ ვიცი. გარდა ამისა, ,,რუსთავი 2''-ის ჟურნალისტმა განაცხადა, რომ უკვე ერთი წელია, ამ დოკუმენტის შესახებ იცის, მაგრამ აქამდე მისი მოპოვება ვერ შეძლო. ხელშეკრულების იმ ორი ეგზემპლარიდან ერთ-ერთი ჟურნალისტის ხელში როგორ აღმოჩნდა, არ ვიცი. მკითხეთ, ეს დოკუმენტი დღეს რატომ განსაჯაროვდაო? არადა, კითხვას ასე დავსვამდი - რა გასაჯაროვდა დღეს, ჩვენ ხომ დავა არც კი დაგვიწყია? თქვენი კითხვის კონტექსტი - რატომ დღეს - სწორი მაშინ იქნება, როდესაც დავას დავიწყებთ. 
- ვფიქრობ, ამ ხელშეკრულების გასაჯაროება საეჭვოდ დაემთხვა გორის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს: საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილთან დაახლოებული პირი იყო, გადააყენეს. როდესაც გორში ვითარება დაიძაბა, ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ თუკი საკრებულოს თავმჯდომარეს გადააყენებდნენ, ამით ორივე მხარე დაზარალდებოდა... 
- პოლიტიკოსი არ გახლავართ, რომ პოლიტიკური განცხადება ან შეფასება გავაკეთო. შესაბამისად, ვერც ამ კითხვის ადრესატად გამოვდგები. უბრალოდ, ირაკლი ოქრუაშვილის ინტერესებს ვიცავ. უფრო ზუსტად, ამ ეტაპზე, საკონსულტაციო მომსახურებას ვუწევ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. შესაძლოა, ერთმანეთს ბევრი რამ დაემთხვეს, მაგრამ ამას ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ, რადგან გიმეორებთ, ამ კითხვის ადრესატი არ ვარ. 
- ბატონო ლევან, მესმის, პოლიტიკურ შეფასებას ვერ გააკეთებთ, მაგრამ წინასაარჩევნო პერიოდში, მოვლენების ამგვარი განვითარება შანტაჟი მგონია. ირაკლი ოქრუაშვილი ყოველთვის აცხადებდა, რომ ქიბარ ხალვაშს ,,ვიღაც'' მართავდა და თუ ამ ვიღაცაში ბიძინა ივანიშვილს გულისხმობდა, გამოდის, ეს მართლაც, პოლიტიკური შანტაჟია, არა? 
- ამაზე მსჯელობაც კი მიჭირს. მაგალითად, უზენაესმა სასამართლომ 5 სექტემბერს, წარმოებაში მიღება-არმიღების საკითხი ჩანიშნა იმ დავაზე, რომელშიც ჩვენ არ ვმონაწილეობთ და არც ვაპირებთ მონაწილეობას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ რომელიმე მხარეს წინასწარ ჰქონდა გათვლილი, უზენაესი სასამართლო 5 სექტემბერს ჩანიშნავდა თუ არა ამ სხდომას? გორის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებზე შესაძლოა, პოლიტიკოსებმა და დაინტერესებულმა პირებმა იმსჯელონ, მაგრამ ის ადვოკატი ვერ იმსჯელებს, რომელიც მხოლოდ სამართლებრივი საკითხებითაა დაკავებული. 
- იმ შემთხვევაში, თუკი ირაკლი ოქრუაშვილი ხელშეკრულების საფუძველზე დავას დაიწყებს, რის მიღწევას ეცდება - ,,რუსთავი 2''-ის 100%-იანი წილის დაბრუნებას მოითხოვს თუ ქიბარ ხალვაშს ხელშეკრულების მიხედვით, 7 700 000 აშშ დოლარის ოდენობით ჯარიმას დააკისრებს? 
- საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ირაკლი ოქრუაშვილი საკუთარი უფლებების დაცვასა და აღდგენას ცდილობს. ერთი სასამართლო პროცესი უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, უკვე დაასრულა, რომლის თანამესაკუთრეც იყო. რაც შეეხება ,,რუსთავი 2''-ს, დავა რომ დავიწყოთ, უფლება დარღვეული უნდა იყოს. თუკი რაიმე უფლება დარღვეულია, ამაზე რეაგირება ერთ-ერთი საგანი იქნება ამ დოკუმენტთან დაკავშირებით, რაზეც ახლა ვმუშაობთ. ოღონდ, ეს დავის სასამართლოში განხილვის აუცილებლობას ნამდვილად არ ნიშნავს. შესაძლოა, მხარეებმა დავა მედიაციის, მორიგების, ურთიერთშეთანხმებისა და მოლაპარაკების გზით გადაწყვიტონ. 
- ბატონო ლევან, კიდევ გეკითხებით: ეს დოკუმენტი ირაკლი ოქრუაშვილმა აქამდე რატომ არ გაასაჯაროვა, რას ელოდა? 
- ამ დოკუმენტის გასაჯაროებას არც ახლა ვაპირებდით, რადგან დავა არ დაგვიწყია, თან ეს დოკუმენტი ირაკლი ოქრუაშვილს არ გაუსაჯაროებია. 
ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში უარყოფს, რომ მასა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის, 2010 წლის თებერვალში, ბერლინში ხელშეკრულება გაფორმდა. მეტიც, ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ არავითარი შეთანხმება არ გაფორ მებულა და შესაბამისად, დოკუმენტზე მისი ხელმოწერა გაყალბებულია. ,,ვერსია'' ქიბარ ხალვაშის ადვოკატ პაატა სალიასაც დაუკავშირდა: 
- ბატონო პაატა, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი, ლევან ალაფიშვილი აცხადებს, რომ ხელშეკრულების ნამდვილობას საერთაშორისო ექსპერტიზა ადასტურებს. 
- ჩემი მარწმუნებლისგან მაქვს ინფორმაცია, რომ მსგავს დოკუმენტზე მას ხელი არ მოუწერია. ხელშეკრულება, რომელიც ,,რუსთავი 2''-ის ეთერით აჩვენეს, ყალბია და ბატონი ქიბარი მსგავსი ტიპის შეთანხმების არსებობას კატეგორიულად გამორიცხავს. რაც შეეხება საერთაშორისო ექსპერტიზის მიერ ამ დოკუმენტის ნამდვილობის აღიარებას, ეს ადვოკატის ზეპირი განცხადებაა. პირველ რიგში, დოკუმენტი უნდა ვნახო. არ შეიძლება, ექსპერტიზა ერთ ხელმოწერილ ფურცელს ჩაუტარდეს, ექსპერტების მიერ დადგენილია პროცედურა, რომლითაც ხელმოწერის ნამდვილობა დგინდება. შესაბამისად, მაინტერესებს, ვინ და როგორ დაადგინა, რომ ეს ხელშეკრულება ნამდვილია? ვინაიდან ლევან ალაფიშვილი აცხადებს, რომ ხელშეკრულების ნამდვილობას საერთაშორისო ექსპერტიზა ადასტურებს, ცხადია, მას რაღაც დოკუმენტი აქვს, მაგრამ ამან ჩვენამდეც უნდა მოაღწიოს, თუმცა მეეჭვება, ასეთი დოკუმენტი არსებობდეს. შესაძლოა, საქმე ყალბ დასკვნასთან გვქონდეს. დადასტურებით ვერაფერს გეტყვით, რადგან დოკუმენტი არ მინახავს. 
- ანუ აცხადებთ, რომ 2010 წლის თებერვალში, ბერლინში, ქიბარ ხალვაშსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის შეთანხმება არ გაფორმებულა? 
- არა და ამას ქიბარ ხალვაშიც ადასტურებს; მეტიც - აშკარაა, რომ ეს შეთანხმება ბოლო დროს შედგენილს ჰგავს. თუ ირაკლი ოქრუაშვილი თვლის, რომ ექსპერტიზის დასკვნა უჭირავს ხელში, შეუძლია, სასამართლოს მიმართოს, თუმცა ეს შეთანხმება რომ რეალური არაა, სავარაუდოდ, თვითონაც კარგად იციან. რაც მთავარია, ამ დოკუმენტს არავითარი შემხებლობა არ აქვს დღეს მიმდინარე დავასთან. რატომღაც ,,რუსთავი 2''-ის წარმომადგენლები თვლიან, რომ ეს არის სენსაციური და მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელმაც შესაძლოა, სასამართლო დავა მთლიანად შეცვალოს, მაგრამ ასე არ არის. გიმეორებთ, ეს დოკუმენტი ყალბია, მაგრამ ნამდვილიც რომ იყოს, ხელშეკრულება მხოლოდ ორ ადამიანს - ქიბარ ხალვაშსა და ირაკლი ოქრუაშვილს ეხება. ხელშეკრულებაში წერია, რომ თუ ქიბარ ხალვაში დამოუკიდებლად იმოქმედებს, ჯარიმა უნდა გადაუხადოს ოქრუაშვილს. გაუგებარია, რატომაა ეს დოკუმენტი ხალვაშსა და ,,რუსთავი 2''-ის წარმომადგენლებს შორის დავის ის სამართლებრივი საფუძველი, რომლითაც სასამართლო საქმის არსი უნდა შეიცვალოს? თუ ვინმე ჩათვლის, რომ ეს დოკუმენტი ნამდვილია და ,,რუსთავი 2''-ის საქმეში ქიბარ ხალვაში მოდავე არ არის, ეს მაინც ოქრუაშვილსა და ხალვაშს შორის გასარკვევი საკითხია. 
რაც მთავარია, ,,რუსთავი 2''-ის ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ერთი წელია, ამ დოკუმენტის შესახებ იცის, მაგრამ დოკუმენტი ახლა მოიპოვა. ამ ერთი წლის განმავლობაში, ვინმე მივიდა ირაკლი ოქრუაშვილთან და ჰკითხა, რა ხელშეკრულება გაფორმდა მასა და ქიბარ ხალვაშს შორის? ვფიქრობ, ეს დოკუმენტი ახლადშექმნილია და მასზე ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა გაყალბებულია. 
,,ოქროს'' სკანდალური ინტერვიუ 
,,ვერსიას'' ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატ ლევან ალაფიშვილთან ინტერვიუ უკვე ჩაწერილი ჰქონდა, როცა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ტელეკომპანია ,,პირველსა'' და ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას სკანდალური ინტერვიუ მისცა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ,,ვერსია'' ამ ინტერვიუს შემოკლებულ ვერსიას გთავაზობთ. 
ინგა გრიგოლიას ,,დღის ამბებში'', გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დეტალურად გაიხსენა, თუ როგორ და რა პირობებში შეიძინა ტელეკომპანია ,,რუსთავი 2''-ის წილები, თუმცა მანამდე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ სკანდალური დოკუმენტის გამოქვეყნებას არც არჩევნებამდე და არც შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, არ აპირებდა. ამავე ინტერვიუში ოქრუაშვილმა ,,ვერსიის'' ეჭვი დაადასტურა - იმის გამო, რომ გორის საკრებულოს თავმჯდომარე, ილია მეტრეველი მოხსნეს, რომელიც ოქრუაშვილის გარემოცვის წევრია, თავდაცვის ექსმინისტრი ღიად ალაპარაკდა იმ თემაზე, რაც ერთი წელია, რამდენიმე ადამიანმა (ოქრუაშვილმა მათი ვინაობა არ დაასახელა) ისედაც კარგად იცოდა. 
,,ჩემს ინტერესებში შედიოდა მოვლენების ამგვარი განვითარება: უზენაეს სასამართლოს რომ გამოეტანა საბოლოო გადაწყვეტილება, რომლითაც ,,რუსთავი 2''- ის წილებს ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებდა, პრეტენზიას მხოლოდ ამის შემდეგ განვაცხადებდი. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, მით უმეტეს, არჩევნებამდე, არ ვაპირებდი ამ პრეტენზიის წამოყენებას. ვისაც რა უნდა, ის დაარქვას, გნებავთ, შანტაჟი, გნებავთ, სხვა რამ, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს. გორის საკრებულოში განვითარებული მოვლენები ჩემთვის ბოლო წვეთი იყო'', - განაცხადა ოქრუაშვილმა. 
როდის, როგორ და რა პირობებში ჩაიგდო ხელთ ტელეკომპანია ,,რუსთავი 2''-ის წილები ირაკლი ოქრუაშვილმა? ტელეკომპანია ,,პირველის'' ეთერში მან ამ თემაზე საკმაოდ ვრცლად ისაუბრა და საქმის სკანდალური დეტალებიც გაიხსენა, მათ შორის ისიც, თუ რა როლი ჰქონდა ყველაფერ ამაში ,,რუსთავი 2''-ის ერთ-ერთ დამფუძნებელსა და 30%-იანი წილის მფლობელ ეროსი კიწმარიშვილს: 
,,ყველაფერ ამას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს, რომელიც 2000 წლიდან იწყება. 2000 წელს, ეროსი კიწმარიშვილს ახალი ბიზნესის წამოწყების სურვილი გაუჩნდა. ეს იყო ინტერნეტკომპანია ,,ჯორჯია ონლაინი'', რომელიც ახალი დაფუძნებული ჰქონდა, მაგრამ საკმარისი ფინანსები არ გააჩნდა და მომადგა მე, რადგან ყოველთვის კარგი და კონსტრუქციული ურთიერთობა გვქონდა. შემომთავაზა, გარკვეული თანხა ჩამედო ამ კომპანიაში, რომელიც საკმაოდ პერსპექტიული და მზარდი ბიზნესი იყო. რამდენიმე წელში, ,,ჯორჯია ონლაინს'' ათეულობით მილიონი ლარის ბრუნვა ჰქონდა და მე ამ კომპანიის 10%-იანი წილი შევიძინე. ეს 10% ჩემს ახლობელზე, ბესიკ კასრაძეზე გავაფორმე და ამაში ეროსი კიწმარიშვილს 25 000 აშშ დოლარი გადავუხადე. გავიდა გარკვეული დრო, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძესთან კარგი ურთიერთობა ვერ ჩამომიყალიბდა, რადგან მათ არც ბიუჯეტის გაყოფა და არც დივიდენდების გადახდა არ სურდათ. ჩათვალეს, რომ მათი დამფინანსებელი, სპონსორი ვიყავი, სანაცვლოდ, არაფერი უნდა წამეღო. ამ ურთიერთობიდან გამომდინარე, იურიდიული ძალით, მათთან დავის დაწყება დავაპირე. ამ დროს, ეროსი კიწმარიშვილს ისევ ფინანსური პრობლემები ჰქონდა და ცდილობდა, ,,რუსთავი 2''-ის მყიდველი ეპოვა. ამ მიზნით, ეროსიმ მოლაპარაკება დაიწყო ,,ნიუს კორპთან'', რომლის უკან ბადრი პატარკაციშვილი იდგა. ჩვენს გუნდს (ოქრუაშვილმა არ დააკონკრეტა, ვის მოიაზრებდა გუნდში, - ავტ.) ჰქონდა ინფორმაცია, რომ .. ბე- სახით, ბადრი პატარკაციშვილს უკვე გადაუხდია 800 000 აშშ დოლარი ,,რუსთავი 2''-ის შესაძენად და ეროსის სულზე მივუსწარი. შევთავაზე, რომ მისი მხრიდან ეს სწორი ნაბიჯი არ იქნებოდა, მე გადავუხდიდი იგივე თანხას, დაახლოებით, 8 მილიონ აშშ დოლარს, რომელიც იმ წუთას არ გამაჩნდა და ბუნებრივია, გარკვეული დროის განმავლობაში, ამ ვალს გავუსტუმრებდი. ბე- სახით, უკან გადავუფორმე ჩემს ნათესავზე, ბესიკ კასრაძეზე გაფორმებული ის 10%, რაც მათთვის გარკვეულ საზღაურად ჩაითვალა. იმ პერიოდში, ,,ჯორჯია ონლაინი'', დაახლოებით, 8 მილიონ აშშ დოლარად შევაფასეთ, რომელიც მოგვიანებით, 9 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა დვალმა. ინტერნეტკომპანია და ეს 10% იყო .. ბე, რომელიც ,,რუსთავი 2''-ის სანაცვლოდ გადავიხადე. რევოლუციის შემდეგ დაიწყო აქტიური მოლაპარაკებები იმაზე, თუ რამდენად და როგორ უნდა გაყიდულიყო ,,რუსთავი 2''. ეროსის ჰქონდა პირობა, რომ ,,რუსთავი 2''-ის გაყიდვას ერთ შემთხვევაში დათანხმდებოდა - თუ მის პარტნიორებს არ ეცოდინებოდათ, რამდენს აიღებდა თავის 30%-იან წილში. შესაბამისად, ჩვენ ცალკე უნდა გვეწარმოებინა მოლაპარაკებები და დაგვეთანხმებინა დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე. დვალსა და აქიმიძესთან კარგი ურთიერთობა არ მქონდა და ჩემი მათთან გამოჩენა შედეგის მომტანი არ იქნებოდა, ამიტომ მოვძებნე ერთი პიროვნება, ჯემალ ინაიშვილი, რომელიც მათი ახლობელი იყო და მისი საშუალებით დავიწყე მოლაპარაკებები. დავითანხმე, მათ საკუთრებაში არსებული 60%-იანი წილი, 1 200 000 აშშ დოლარად გაეყიდათ. თანხა ჯემალ ინაიშვილის ხელით, დვალსა და აქიმიძეს გადავუხადე, რომლებიც დღეს აცხადებენ, თითქოს ფული არ აუღიათ, რაც სიმართლე არ არის. ჩემი ფული გადავუხადე და დამატებით ის 800 000 აშშ დოლარიც, რომელიც 10%- იანი წილის ღირებულება იყო და ეს 10% უსასყიდლოდ გადავუფორმე მაშინ''. 
მართალია, ეროსი კიწმარიშვილთან მოლაპარაკებას უშუალოდ ირაკლი ოქრუაშვილი აწარმოებდა, მაგრამ, როგორც ტელეკომპანია ,,პირველის'' ეთერში განაცხადა, ეროსისთვის ფული მას არ გადაუხდია. ინგა გრიგოლიას კითხვაზე, ვინ გადაუხადა ეროსი კიწმარიშვილს 30%-იანი წილის სანაცვლოდ, დაახლოებით, 6 მილიონი აშშ დოლარი, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ თუ ის ადამიანი საჭიროდ ჩათვლის, შეუძლია, ამ საკითხზე ღიად ისაუბროს. ,,რუსთავი 2''-ის 70%-იანი წილი მთლიანად ოქრუაშვილმა დააფინანსა, ეს იყო დავით დვალისა (30%) და ჯარჯი აქიმიძის (30%) საკუთრებაში არსებული 60%-იანი წილი და ნიკა ტაბატაძის 10%-იანი წილის სანაცვლოდ, მის მიერ გადახდილი 150 000 აშშ დოლარი. ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ქიბარ ხალვაში ნომინალური პირი იყო. ამის შემდეგ, თავდაცვის ექსმინისტრმა ტელეკომპანია ,,მაესტროს'' მმართველ კომპანიაში შეძენილი 50%-იანი წილის ისტორიაც გაიხსენა, რაც პირდაპირ უკავშირდება იმ ამბავს, თუ როგორ, რა პირობებში და რის გამო გაფორმდა 2010 წლის თებერვალში, მასა და ქიბარ ხალვაშს შორის ის სკანდალური დოკუმენტი, რომელიც ,,რუსთავი 2''-ის ჟურნალისტმა, წყაროს საშუალებით მოიპოვა: 
,,2010 წლის იანვარში, ეროსიმ შემომთავაზა, ტელეკომპანია ,,მაესტროს'' მმართველ კომპანიაში, 50%- იანი წილი შემეძინა, რადგან იქაც ფული სჭირდებოდა. მოვილაპარაკეთ, რომ ამაში 200 000 ლარი უნდა გადამეხადა და გარკვეული ინვესტიციებიც ჩამედო. ეს ფული ეროსის გადავუხადე და ,,მაესტროში'' ინვესტიციებიც ჩავდე. ამ დროს, წილების ცვლილება, რომელიც რეესტრში უნდა დარეგისტრირებულიყო, ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულებით უნდა დაგვეფიქსირებინა. ეს არის დრო, როდესაც ჩემი სახელისა და გვარის ხსენებაზე საქართველოში ხალხს იჭერდნენ, ამიტომ შევთავაზე ქიბარ ხალვაშს, ისევ მასზე გამეფორმებინა წილები. ამ მიზნით, 2010 წლის 4 თებერვალს, ,,მაესტროს'' მმართველი კომპანიის 50%-იანი წილის გასაფორმებლად, ნოტარიუსთან წავიყვანე. მახსოვს, საღამოხანი იყო და ნოტარიუსი ბიძინა გიორგობიანმა გვიპოვა ბერლინში. გავაფორმეთ ხელშეკრულება, რომელზეც მისი ორიგინალი ხელმოწერაა დაფიქსირებული. სასტუმროში დაბრუნებისას, ხალვაშს მეორე ხელშეკრულებაც შევთავაზე, რომელიც ,,რუსთავი 2''- და არა მარტო ამ ტელეკომპანიას ეხებოდა, რადგან ხელშეკრულების მიხედვით, მისი მხრიდან გარკვეული ვალდებულებები იყო შესასრულებელი. წარვუდგინე ხელშეკრულება და ხელი მოვაწერინე, რომ ამას სადავოდ არასდროს გახდიდა. ასე რომ, ეს დოკუმენტი დიდი ხანია, არსებობს და არჩევნებამდე მის გამოჩენას არ ვაპირებდი''. 
ირაკლი ოქრუაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემაში პირდაპირ განაცხადა, რომ ხალვაშსა და მას შორის გაფორმებულ დოკუმენტში ორი პუნქტია, ერთი ,,რუსთავი 2''-ს ეხება, მეორე - ხალვაშის მიერ გარკვეული ვალის გადახდას. ,,რუსთავი 2''-თან დაკავშირებით, ოქრუაშვილი საქართველოს სასამართლოებში დავას არ აპირებს და ამ თემაზე მხოლოდ პარიზის ან ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოებში იდავებს. რაც შეეხება ხალვაშის მიერ, გარკვეული ვალის დაბრუნებას, ამ თემაზე საქართველოს სასამართლოს მიმართავს: 
,,მას შემდეგ, რაც ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ ,,რუსთავი 2''-ის 100%-იანი წილიდან, 50%- ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს გადაუფორმებს, ეს არის ზუსტად ამ ხელშეკრულების დარღვევა. კონტრაქტში, რომელიც ჩვენს შორის გაფორმდა, აღნიშნულია, რომ ჩემთან შეუთანხმებელი მოქმედებების გამო, მას 7 700 000 აშშ დოლარის ოდენობით, ჯარიმის გადახდა მოუწევდა''. 
რაც შეეხება მათ შორის გაფორმებულ დოკუმენტზე ქიბარ ხალვაშის ხელმოწერის ავთენტურობას, ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია ,,პირველის'' ეთერში განაცხადა, რომ გრაფოლოგიური ექსპერტიზა პარიზის საუკეთესო ექსპერტებთან ჩაატარა და ამ ექსპერტიზის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტიც გააჩნია, რომელსაც საზოგადოებას რამდენიმე დღეში წარუდგენს, თუმცა თავდაცვის ექსმინისტრი წინააღმდეგი არ არის, თუ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია ამ დოკუმენტის ხელახალ ექსპერტიზას მოითხოვს. ოღონდ, ერთი პირობით - ექსპერტი მიუკერძოებელი და ავტორიტეტული უნდა იყოს.