"დღევანდელი გადმოსახედიდან ჩანს, რომ მომავალ პარლამენტში "ქართული ოცნების" პარტნიორად უფრო "პატრიოტთა ალიანსი" უნდა მოვიაზროთ. ყოველ შემთხვევაში საარჩევნო პროცესის ლოგიკა აქეთკენ გვიბიძგებს," - ასე აფასებს ექსპერტთა ნაწილი "ქართული ოცნების" მოვლენების განვითარების სავარაუდო სცენარს იმ შემთხვევაში, თუ "ოცნება" პარლამენტში უმრავლესობას ვერ მოიპოვებს. მათი აზრით, "ოცნების" მხრიდან ირმა ინაშვილის პარტიასთან ბლოკის შექმნა ბევრად უფრო სავარაუდია, ვიდრე სხვა დანარჩენ გამსვლელ პარტიებთან", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში, სათაურით ვისთან შექმნის "ოცნება" კოალიციას, თუ პარლამენტში უმრავლესობით ვერ მოხვდა.
"არჩევნების შემდეგ ახალი მთავრობის ფორმირება უნდა მოხდეს, რასაც პარლამენტის მხარდაჭერა სჭირდება - ანუ მისი წევრების უმრავლესობის მხარდაჭერა. თავად "ოცნებაში" კი ამ თემაზე საერთოდ არ საუბრობენ და ამბობენ, რომ მმართველ ძალას ამ საკითხზე ჯერჯერობით არ უმსჯელია. უფრო მეტიც, როგორც "რეზონანსთან" საუბრისას უმრავლესობის წევრები აცხადებენ, პარტია დარწმუნებულია, რომ მომავალ პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობით მოვა და შესაბამისად, სხვა ვერსიასა და ალტერნატიულ გზას საერთოდ არ განიხილავს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე დარწმუნებულია, რომ მმართველი პარტია პარლამენტში უმრავლესობით მოვა, ამიტომ, მისი თქმით, სხვა ვარიანტი ამ მომენტისთვის არ განიხილება."მოდით, ასე გეტყვით: თუკი ადამიანს რაღაც მიზანი გაქვს და საამისოდ ორიენტირი გაქვს შერჩეული, ის ალტერნატიულ გზაზე არ იფიქრებს. მიზანი დასახულია, ვიცით, რომ "ქართული ოცნება" უმრავლესობით აპირებს მოსვლას და ჩვენ სხვა ვარიანტს არც განვიხილავთ. თუ ჩვენს მიზანს ვერ მივაღწევთ, მაშინ ვიფიქრებთ ამაზე, თუმცა ასეთი კითხვა ჯერ არ ისმება. რა თქმა უნდა, გამორიცხული არაფერია, თუმცა ალტერნატიულ გზაზე ფიქრი, ავტომატურად ნიშნავს, რომ მიზანსა და ჩანაფიქრს შორდები. დარწმუნებული ვარ, ჩვენ მყარი უმრავლესობით მოვალთ, საამისოდ კი პირდაპირი გზა უნდა ეძებო და ალტერნატივაზე არ უნდა იფიქრო. ამ ეტაპზე სხვა ვარიანტები არ განიხილება", - აცხადებს გედევან ფოფხაძე, რომლის თქმით, თუ რაიმე მსგავსი მოხდა, ამაზე მერე იფიქრებენ," -აღნიშნავს გამოცემა.
"კითხვაზე, რას მოიმოქმედებს "ოცნება" იმ შემთხვევაში თუ პარლამენტში კოალიციური მთავრობის შემქნა მოუწია და რომელ პარტიასთან უფრო ვარაუდობს თანამშრომლობას, სოციალ-დემოკრატების ლიდერი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და ფოფხაძის მსგავსად ამბობს, რომ ეს კითხვა დღის წესრიგში არ დგას."ქართული ოცნება" პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობით აპირებს მოსვლას. ყოველ შემთხვევაში, რასაც დრო გვაჩვენებს, ჩვენს ცხოვრებას ისე გავაგრძელბთ, ეს ხომ სათამაშო საქმე და თემა არაა? ამდენად, ამ თემაზე ჯერ პარტიაში არავინ მსჯელობს," - უთხრა "რეზონანსს" გია ჟორჟოლიანმა. ექსპერტების ნაწილი კი ფიქრობს, რომ მიმდინარე პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე "ოცნების" პოტენციურ პარტნიოტრად უფრო ირმა ინაშვილის "პატრიოტთა ალიანსი" უნდა მოვიაზროთ. პოლიტოლოგი და ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი "ოცნების" მიერ შერჩეულ პოლიტიკაზე საუბრობს და ამბობს, რომ მმართველი ძალა იდეოლოგიურ ან მსოფლმხედველურ ერთობაზე დამყარებული კოალიციას სხვადასხვა მიზეზთა გამო ვერ შექმნის", - წერს სტატიის ავტორი.
"სამწუხაროდ, "ოცნებას" იდეოლოგიურ ან მსოფლმხედველურ ერთობაზე დამყარებულ" კოალიციას ვერ შექმნის, ყოველ შემთხვევაში როგორც "ქართული ოცნების" ლიდერები და თავად პრემიერ-მინისტრი აცხადებენ, ქვეყნის განითარების ვექტორთან დაკავშირებულ პრობლემატიკასთან დაკავშირებით სწორედ ასეთი დამოკიდებულება იკვეთება. ფაქტობრივად, "ქართული ოცნება" საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ ხიდები ჩატეხოს," - ამბობს ანალიტიკოსი. მისი შეფასებით, შედარებით ლოალური ურთიერთგაგება "ოცნებას" ისეთ ძალებთან აქვს, რომელსაც ეს ფუნდამენტური საკითხები არა სახელმწიფოებრივად, არამედ ცოტა სხვანაირად წარმოუდგენია. "საერთოდ, ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ კოალიციები ერთობლივ გეგმებზე, სტრატეგიაზე და ღირებულებებზე დაყრდნობით უნდა შევქმნათ და არა ძალაუფლებისთვის ბრძოლით შეპყრობილი რაღაც ეკლექტიკური გაერთიანებებით. დღევანდელი გადმოსახედიდან ჩანს, რომ "ქართული ოცნების" პარტნიორად უფრო "პატრიოტთა ალიანსი" უნდა მოვიაზროთ. ყოველ შემთხვევაში საარჩევნო პროცესის ლოგიკა აქითკენ გვიბიძგებს," - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას ხუხაშვილი და არ გამორიცხავს, რომ ეს ვერსია შესაძლოა გამართლდეს კიდეც", - დასძენს გამოცემა.
"თუ არჩევნების შემდეგ ასეთი საჭიროება დადგა, მაშინ "ალიანსსა" და "ოცნებას" გაერთიანებისთვის ფუნდამენტური, სახელმწიფოებრივ საკითხებზე შეთანხმება მოუწევთ, რომ შემდეგ ისევ ისეთი გაუგებარი ეკლექტიკა არ მივიღოთ და საბოლოოდ ჯამში, ისევ სახელმწიფოებრივი რისკებით არ დავასრულოთ. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ჩანს, რომ "ოცნების" გზავნილი სწორედ ამ პარტიაზე გადის, ვინაიდან მათი მხრიდან პრაქტიკულად მთელი სხვა ოპოზიციური სპექტრის გაცამტვერებას ვხედავთ. იმ სპექტრისა, რომელიც სულ ახლახან მათივე პარტნიორები იყვნენ. მხედველობაში მაქვს რესპუბლიკური პარტია, ხოლო გარკვეულ რევერანსს "პატრიოტთა ალიანსის" მიმართ ავლენს. დღევანდელი პოლიტკური გადმოსახედიდან ასე ჩანს, თუ რამე შეიცვალა, კი ბატონო, ამასაც ვნახავთ," - დასძენს ანალიტიკოსი. რაც შეეხება, ნინო ბურჯანაძის პარტიასთან შესაძლო გაერთიანებას, ხუხაშვილის თქმით, საამისოდ "გაერთიანებული დემოკრატები" პარლამენტში უნდა მოხვდნენ. თუმცა ამ შემთხვევაშიც "ოცნებას" ამ პარტიასთან გარკვეული თანხმობაც აქვს და უთანხმოებაც, ამიტომ ეს ვერსია ნაკლებად სავარაუდოდ მიაჩნია", - განაგრძობს ავტორი.
"ქართული ოცნების" არასახელმწიფოებრივი და საკმაოდ უპასუხისმგებლო ქმედება მდგომარეობს იმაში, რომ ისინი პოლიტიკურ სპექტრს ყოფენ არა, დავუშვათ, საგარეო კურსის, ეკონომიკური და სოციალური ხედვის მიხედვით, არამედ "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ დამოკიდებულებით. ფაქტობრივად გამოდის, რომ "ოცნება" პარტნიორად მიიჩნევს იმას, ვინც "ნაცმოძრაობას" მაგრად შეაგინებს. ეს პოლიტიკისადმი აბსოლუტურად არასერიოზული, არასახელმწიფოებრივი და ძალიან ფუქსავატური მიდგომაა. მათ ეს პრინციპი პოლიტიკის ფუნდამენტად აქვთ აღებული და ეს კატასტროფაა. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში თავად არიან. მართვის სადავეები რომ "ნაცმოძრაობას" ჰქონდეს, ამ შემთხვევაში ამ დამოკიდებულებასა და გზავნილში რაღაც ლოგიკის დანახვა შესაძლებელი იქნება, მაგრამ მაშინ, როცა ხელისუფლებაში თავად ხარ, პოლიტიკური სპექტრის გაყოფა ოპოზიციისადმი დამოკიდებულებით აბსოლუტურად გაუგებარია. ეს ძალიან ისტერიკული ქცევაა," - აღნიშნავს გია ხუხაშვილი.
"მომავალ პარლამენტში "ოცნების" პოტენციურ პარტნიორად "პატრიოტთა ალიანსს" მოიაზრებს კონფლიქტოლოგი და პოლიტოლოგი მამუკა არეშიძეც, რომელიც "პატრიოტების" ეგიდით გარდაბანში მაჟორიტარ დეპუტატად იყრის კენჭს, წინა არჩევნებზე კი ამავე რაიონში "ოცნების" კანდიდატი იყო. მისი თქმით, ამ ეტაპზე ამ საკითხის ანალიზი რთულია, ვინაიდან საზოგადოებამ ჯერ კიდევ არ იცის, რომელ პარტიას იხილავს სამომავალოდ პარლამენტში. "დასაწყისისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ არ ვიცით, ვინ გავა პარლამენტში, თუმცა გარკვეული ვარიანტები რომ განვიხილოთ, ამ გადმოსახედიდან ვითარება შემდეგნაირია: თუკი არჩევნებზე "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" გავიდა, გამორიცხულია მათ ბლოკი შექმნან. თუკი ამ ორ პარტიას პაატა ბურჭულაძის "სახელმწიფო ხალხისთვის" დაემატა, ალიანსი აქაც ნაკლებად სავარაუდოა," - მიიჩნევს მამუკა არეშიძე. მისი თქმით, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელ პარტიას რამდენი დეპუტატი ეყოლება. ამბობს, რომ "ოცნება" ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ ამ ორ პარტიასთან ("ნაცმოძრაობა" და "სახელმწიფო ხალხისთვის") თანამშრომლობის საფუძველი არ შექმნას", - განაგრძობს გამოცემა.
"აღსანიშნავია "პარტიოტთა ალიანსიც", რომელიც შესაძლოა ზემოჩამოთვლილ ორ პარტიას დაემატოს. ვფიქრობ, თუ "ქართულ ოცნებას" ვინმესთან თანამშრომლობა დასჭირდა, ამას "პატრიოტთა ალიანსთან" უფრო გააკეთებს, ვიდრე სხვასთან," - ამბობს "რეზონასთან" საუბრისას არეშიძე და პარალელურად სხვა ვარიანტებსაც განიხილავს. არსებობს ასეთი კონფიგურაციაც: თუ "ოცნებას" ძალიან გაუჭირდა, ის იძულებული გახდება ნებისმიერთან ითანამშრომლოს, რადგან სახელისუფლებო კრიზისს ვერ დაუშვებს. თუმცა ამ ეტაპზე მმართველი ძალა "პატრიოტთა ალიანსთან" უფრო გაერთიანდება. რიგ შემთხვევაში ბლოკი შეიძლება "რესპუბლიკელებთან" და "თავისუფალ დემოკრატებთანაც" შექმნას, რადგან ძველ პარტნიორებთან წასვლა გამორიცხული არასდროსაა, ასეც ხდება-ხოლმე. რასაკვირველია, ნინო ბურჯანაძეს, ისევე როგორც სხვა პარტიას, გარკვეული შანსი აქვს, არ ვიცი, ეს მოხდება თუ არა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი ბურჯანაძე პარლამენტში მოხვდა, საეჭვოდ მიმაჩნია, "ოცნებამ" მასთან ითანამშრომლოს. გამორიცხული არაფერია, თუმცა მგონია, რომ ეს ვარიანტი გაჭირდება," - დასძნეს მამუკა არეშიძე.
interpressnews.ge