ვინ და რა მიზნით დაგეგმა სპეცრაზმებს შორის შეტაკება - უცნობი სისხლიანი სცენარის დეტალები
თუ თბილისის მერის გარშემო განვითარებულ ვნებათაღელვას არ ჩავთვლით, საარჩევნო კამპანია სულ ნარნარად მიმდინარეობს. ყოველ შემთხვევაში, თვით ნაციონალებიც კი არ ამბობენ, რომ ხელისუფლება რამე უკადრებელს კადრულობს. ამასაც თავი რომ დავანებოთ, ყოფილი მმართველები ისეთი ,,ბუნჩულები'' და ,,საყვარლები'' არიან, თან ხალხს ახალ სამუშაო ადგილებსა თუ ღირსებაზე ისე უდრტვინველად ელაპარაკებიან, გეგონება, იმ ყბადაღებული 9 წლის განმავლობაში, ხელისუფლებაში ვიღაც უცხოპლანეტელები იყვნენ და მოსახლეობას ისინი უშრობდნენ სისხლს.
რატომ გაკეთილშობილდნენ ნაცები? - ეს რიტორიკული კითხვაა, რომელსაც მხოლოდ საზოგადოება კი არა, პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებიც ხშირად სვამენ.
ის, რაც ,,ვერსიას'' ერთ-ერთმა კონფიდენციალურმა წყარომ უამბო, რასაკვირველია, აპრიორი, სიმართლე არ არის, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ჩვენი წყაროს მსჯელობა ლოგიკას მოკლებულია. სწორედ ამიტომაც ,,ვერსიამ'' გადაწყვიტა, მოვლენების განვითარების ეს ვერსია სააშკარაოზე გამოიტანოს.
სხვათა შორის, ,,ვერსიის'' კონფიდენტმა თხრობა 4 წლის წინანდელი მოვლენებით დაიწყო:
,,თქვენ კიდევ ვერ წარმოიდგენთ, 2012 წლის პირველი ოქტომბრის ღამეს რა საშინელებას გადავრჩით. რასაც ახლა მოგიყვებით, შეიძლება, დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ ამ ამბის არაერთი თვითმხილველი არსებობს და საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ისინი ღიადაც ილაპარაკებენ.
მოკლედ, ,,ციხის კადრები'' გამოქვეყნდა თუ არა, ნაციონალებში სიტუაცია ყველაზე ადეკვატურად მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა, ზურაბ ადეიშვილმა შეაფასა ანუ თქვა, რომ მათი საქმე დამთავრებული იყო, ქუდი დაიხურა და ქვეყნიდან მაშინვე წავიდა, თუმცა ვიდრე კადრები სატელევიზიო სივრცეში მოხვდებოდა, ნაცებს იმედი ჰქონდათ, რომ ყველაფერ ამას რამით გადაფარავდნენ.
ამიტომ, თუ გახსოვთ, ვიდრე წამების კადრები გავრცელდებოდა, ოფიციალურმა სტრუქტურებმა გაავრცელეს ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანდა, რომ ,,კამერაში'' ციხის თანამშრომლები პატიმარს სცემდნენ. ამასთან, ოფიციალურად ითქვა, რომ ყველაფერი ეს თითქოს ,,ოცნების'' დაკვეთით დაიდგა, მაგრამ ე. წ. კარანტინის დაშლამ და გლდანის ციხის სხვა საშინელებებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
მიშას აშკარად არ უნდოდა, პოზიციები დაეთმო, თან ადეიშვილის გარდა, მისი გარემოცვის თითქმის ყველა წევრი მომხრე იყო, მოვლენების ესკალაცია მოეხდინათ.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ასეთ სცენარზე დაიწყო მუშაობა:
ქუჩაში გამოსული ხალხის დასაწყნარებლად სპეცრაზმი უნდა გააქტიურებულიყო, მაგრამ ამ დროს, ვითომ ხალხის მხარეს სხვა სპეცრაზმი გადავიდოდა. საბოლოოდ კი, ორ სპეცრაზმს შორის, ორთაჭალის ხიდზე შეიარაღებული შეტაკება მოხდებოდა, შესაბამისად, მოვლენები უმართავი გახდებოდა და ვითომ წესრიგის აღდგენის მიზნით, პრეზიდენტი საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებდა, რაც არჩევნების არჩატარების მიზეზი გახდებოდა.
პარალელურად, მაშინდელი ოპოზიციის ლიდერებისა და ასევე, იმ ადამიანების მასობრივი დაჭერა დაიწყებოდა, ვისაც ,,ციხის კადრებთან'' პირდაპირი თუ არაპირდაპირი შეხება ჰქონდა.
ყველაფერ ამის პარალელურად, ნაციონალები საერთაშორისო ასპარეზზე საინფორმაციო ფრონტსაც გახსნიდნენ და მსოფლიოს დაარწმუნებდნენ, რომ საქართველოში სიტუაცია რუსული სპეცსამსახურების ჩარევით აირია.
ერთი შეხედვით, ამ სცენარის განხორციელებას წინ არაფერი უნდა დადგომოდა, თან რეალისტურიც იყო, მაგრამ ხომ იცით, ციხე ისევ შიგნიდან ტყდება. ახლა, მათ ვინაობას არ დავასახელებ, ვინც ეს გეგმა ჩაშალა. თუ უნდათ, გამოვიდნენ და ყველაფერი თვითონ მოყვნენ, მაგრამ ფაქტია: სპეცრაზმებს შორის შეტაკება რეალობად ვერ იქცა და, შესაბამისად, ის მივიღეთ, რაც მივიღეთ - პირველ ოქტომბერს ,,ოცნებამ'' გაიმარჯვა და მიშაც იძულებული გახდა, ეს გამარჯვება ეღიარებინა''
,,ვერსია'', ბუნებრივია, დაინტერესდა, ოთხი წლის წინანდელი კულუარული ამბები რატომ გაიხსენა და კონფიდენტს კითხვა დაუსვა, ძველი ამბების გახსენებით რისი თქმა უნდოდა, რაზეც ასეთი პასუხი მივიღეთ:
,,მაშინდელ და დღევანდელ მოვლენებს შორის, პირადად მე, გარკვეულ მსგავსებას ვხედავ''.
ამის შემდეგ ინფორმატორი კონკრეტიკაზე გადავიდა და თხრობისას აღნიშნა, რომ ე. წ. არშემდგარი ტერაქტი, რომელიც ერთ კვირის წინ ქართველმა სამართალდამცავებმა გახსნეს, შესაძლოა, უფრო დიდი გეგმის შემადგენელი ნაწილი იყოს.
,,ამ საქმის სპეციალისტი არ ვარ და დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ როგორც რიგით მოქალაქეს, მიჩნდება კითხვა, რატომ უნდოდათ რუსეთ-სომხეთის გაზსადენის აფეთქება?
კიდევ კარგი, ღმერთმა დაგვიფარა და მიზანი ვერ შესრულდა, თორემ წარმოიდგინეთ, ეს გაზსადენი მართლა რომ აფეთქებულიყო, რა ამბავი ატყდებოდა, მინიმუმ, საერთაშორისო სკანდალი გარანტირებული გვექნებოდა - რა, ეჭვი გეპარებათ, რომ კრემლი მტკიცებას დაიწყებდა, აი, საქართველო ტერორისტებით არის სავსეო?
იმ დროს, როცა ცივილური მსოფლიო ტერორისტებს ებრძვის, რუსულ ნარატივს ყველა დაიჯერებდა. მოკლედ, წყალი აიმღვრეოდა. ამღვრეულ წყალში კი, ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, თევზის დაჭერა ადვილია ანუ იმის თქმა მინდა, რომ ყველაფერი ეს ნაცებს შესაძლოა, სათავისოდ გამოეყენებინათ. ყოველ შემთხვევაში, მაინც იმ აზრისკენ ვიხრები, რომ გახსნილი ტერაქტი რაღაც დიდი ჯაჭვის ნაწილია.
ამ მოსაზრებას ისიც მიძლიერებს, რომ პოლიტიკურ ავანსცენაზე უცებ გამოჩნდა სანდრა, რომლის მიმართაც ხალხში მაინცდამაინც დიდი აგრესია არ არსებობს. აქვე, იმასაც ვიტყვი, რომ ვარშალომიძეც დაბრუნდა საქართველოში. ახლა, ვინმეს მოსწონს თუ არა, ფაქტია, რომ ვარშალომიძის დროს ბათუმი მართლაც აშენდა და დამშვენდა. ამასთან, ბევრია ისეთი ამომრჩეველი, რომელსაც წამება და ღირსების შელახვა არ უნდა, მაგრამ არც უმოქმედობა მოსწონს ანუ ისეთი მმართველობა უნდა, რომლის დროსაც რამე შენდება.
არ მგონია, ასეთმა ,,გადაუწყვეტმა'' ადამიანებმა გადაწყვეტილება ბოლო წუთს, საარჩევნო ყუთთან მიიღონ. არც ის მგონია, რომ გაურკვეველი ელექტორატი ხმას ან ნაციონალებს მისცემს, ან მოქმედ მმართველ პარტიას. უფრო მგონია, რომ ეს ხალხი არჩევნებს ზურგს შეაქცევს.
ერთი სიტყვით, ყველაფერი ეს ისევ ყოფილი მმართველი ძალისთვის იქნება ხელსაყრელი, თუმცა ამდენი ხანი ვფიქრობ და ვერ ამომიხსნია, მიშამ რა ჩაიფიქრა.
ასეა თუ ისე, სიფხიზლე გვმართებს, თორემ ზუსტად ვიცი, ნაცები ხელისუფლების მმართველ რგოლებში რამე ფორმით რომ დაბრუნდნენ, ისეთ დღეში გაგვატარებენ, ცოცხები სულ იავნანად მოგვეჩვენება'', - აღნიშნა ,,ვერსიასთან'' საუბრის დასასრულს კონფიდენციალურმა წყარომ.