ვინ რას იგებს საპარლამენტო, შუალედური და რიგგარეშე არჩევნების ერთ დღეს ჩატარებით
რამდენიმე დღის წინ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საკრებულოს შუალედური არჩევნები დანიშნა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოს შუალედური არჩევნები წალკის, ჭიათურის, აბაშის, კრწანისის, ისნის, გლდანისა და ზუგდიდის ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში ჩატარდება. იმავე დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, მერისა და თვითმმართველი თემის გამგებლების რიგგარეშე არჩევნებიც დანიშნა, რომელიც ბოლნისის, ქალაქ ახალციხის, ხარაგაულის, ჭიათურის, ზუგდიდისა და წალენჯიხის საარჩევნო ოლქებში გაიმართება. შუალედური და რიგგარეშე არჩევნები მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად გაიმართება.
19 აგვისტოს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სპეციალური ბრიფინგი ჩატარდა და ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა, რომ საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 19 აგვისტოს ჩანიშნულ სხდომაზე მიიღო, სადაც ორივე არჩევნებისთვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკები დამტკიცდა. ანა მიქელაძის თქმითვე, საკრებულოს შუალედური, ასევე, მერისა და თვითმმართველი თემის გამგებლების რიგგარეშე არჩევნები, ყველა საარჩევნო ოლქში, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებისთვის, მერისა და გამგებლებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო დაინიშნა.
ჯამში, საკრებულოს შუალედური არჩევნები 7 ადგილობრივი საარჩევნო ოლქის 106 საარჩევნო უბანზე, მერისა და თვითმმართველი თემის გამგებლების რიგგარეშე არჩევნები კი 263 საარჩევნო უბანზე ჩატარდება. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს პარლამენტის საერთო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების რიგგარეშე/შუალედური არჩევნები ერთდროულად, 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება, ცესკო-მ არჩევნებში ჩართული სხვადასხვა მხარისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა, მათ შორის, დამკვირვებლებისა და მედიის არჩევნებში მონაწილეობის წესი განსაზღვრა.
,,19 აგვისტოს სხდომაზე, ცესკო-მ განკარგულებით დაამტკიცა საზღვარგარეთ დისლოცირებულ საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში მოსამსახურე საქართველოს მოქალაქეების, საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის პროპორციული წესით ჩასატარებელ არჩევნებში მონაწილეობის წესი. განკარგულების თანახმად, ავღანეთში შეიქმნება 2 საარჩევნო უბანი - ბაგრამისა და მაზარი-შარიფის საარჩევნო უბნები. კენჭისყრა გაიმართება 2016 წლის 1 ოქტომბერს, დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე, ადგილობრივი დროით. გადასატანი საარჩევნო ყუთი უბანში შეიძლება დაბრუნდეს საღამოს 8 საათის შემდეგ. 1 ოქტომბერს, ფორსმაჟორული გარემოებების შესაძლო მოვლენების დადგომის შემთხვევაში, კენჭისყრა შეიძლება გაიმართოს გარემოებების აღმოფხვრიდან მომდევნო დღეს, მაგრამ არაუგვიანეს 4 ოქტომბრისა. გარდა ამისა, ცესკო-მ მიიღო დადგენილება 2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი არჩევნებისთვის საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, რეგისტრირებულ პარტიას უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი სხვა პროცედურა, რომელიც არეგულირებს პარტიის ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების საკითხს, არ წარმოადგენს ზოგადად პარტიის რეგისტრაციის შეწყვეტის ან შეჩერების საფუძველს'', - განაცხადა ანა მიქელაძემ.
მისივე თქმით, ცესკო-მ დაადგინა, რომ 2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი არჩევნების მიზნებისთვის, ამ პარტიების ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირები, ცესკო-ს თავმჯდომარის სახელზე წარდგენილი განცხადების ხელმომწერები არიან. გარდა იმ შემთხვევებისა, თუ მათ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სარეგისტრაციო წარმოების შედეგად, უთხრა ან ეტყვის უარს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების რეესტრში ცვლილებაზე 2016 წლის 8 სექტემბრამდე, რაც პარტიული სიების წარდგენის ბოლო ვადაა.
იმას, რომ შუალედური და რიგგარეშე არჩევნების თარიღი საპარლამენტო არჩევნებს ემთხვევა, მმართველ პარტიაში, საბიუჯეტო სახსრების დაზოგვით ხსნიან. მართალია, თარიღის დამთხვევა კანონდარღვევა არაა, მაგრამ საზოგადოებისთვის საინტერესოა, რას ნიშნავს საპარლამენტო, შუალედური და რიგგარეშე არჩევნების ერთდროულად გამართვა - ამის მთავარი მოტივი მართლაც ეკონომიკურია თუ პოლიტიკური? ,,ვერსიასთან'' საუბრისას, ექსპერტმა სამართლებრივ და ეკონომიკურ საკითხებში, ლევან ალაფიშვილმა განაცხადა, რომ ერთი თარიღის განსაზღვრით, კანონი არ დარღვეულა:
,,თუმცა, შუალედური და რიგგარეშე არჩევნების 8 ოქტომბერს გამართვა, მხოლოდ საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვით არ აიხსნება. ვფიქრობ, აქ საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური მოტივაციაა. მხედველობაში მაქვს ის გარემოება, რომ მმართველი ძალა ამ შემთხვევაში, ადგილობრივ დონეზე, როგორც წესი, რისკავს. შესაძლოა, მის მიერ წარდგენილ ახალ კანდიდატს სერიოზული მხარდაჭერა არ ჰქონდეს და პოლიტიკურად, ეს გადაწყვეტილება მმართველი ძალისთვის მომგებიანია. ძალების კონსოლიდაცია ასე უფრო ადვილი იქნება, მაგრამ კონსოლიდაციის საშუალება სხვა პოლიტიკურ სუბიექტებსაც მიეცემათ, ოღონდ მნიშვნელოვანია, რამდენად უღირთ სხვა პარტიებს კონსოლიდაცია. მაგალითად, ახალციხის მერი, ზუგდიდის გამგებელი ან რომელიმე საკრებულოს წევრი არასახელისუფლებო პარტიისთვის შეიძლება, რაღაცის ტესტი იყოს - რეალურ სახელისუფლებო ბერკეტებს მაინც ვერ მოიპოვებს, თუმცა შუალედური და რიგგარეშე არჩევნები მმართველი ძალისთვის უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ადგილობრივ დონეზე, თუნდაც ერთი ადგილის დაკარგვა მის სისუსტედ ითვლება. მეორეს მხრივ, არასახელისუფლებო ძალები გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებენ, უღირთ თუ არა მონაწილეობა. საკრებულოს ერთი წევრისთვის რესურსის დახარჯვა იმ პირობებში, როდესაც უმრავლესობას ისედაც ვერ მოიპოვებ, მიზანშეწონილი არ არის. შესაბამისად, სწორედ ამ კონტექსტში განვიხილავ შუალედური არჩევნების თარიღის დამთხვევას და ხარჯების დაზოგვა არაფერ შუაშია. ხელისუფლებამ, რომელიც ხარჯების დაზოგვაზე საუბრობს, კარგი იქნება, გაიხსენოს, რამდენი კაცია დასაქმებული საჯარო სექტორში და რამდენი იხარჯება მათ ხელფასებსა თუ პრემიებზე. შევახსენებთ, რომ გასული წლის მონაცემებით, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასი და პრემია 2 მილიარდ 400 მილიონი ლარი იყო. რეალობა ისა, რომ მმართველმა ძალამ ადგილობრივ დონეზე არსებული პოზიცია უნდა შეინარჩუნოს და წარმატებას მიაღწიოს, თუმცა გიმეორებთ, ამგვარი გადაწყვეტილება აბსოლუტურად კანონიერია. ეს ე. წ. წინასწარი ფორაა, რომელიც საკრებულოს წევრებს, მერებსა და გამგებლებს უკვე აქვთ''.
საინტერესოა, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, როგორაა განსაზღვრული პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ზედა ზღვარი ანუ წინასაარჩევნოდ ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიას რა ოდენობის თანხის დახარჯვა შეუძლია? საარჩევნო კოდექსის თანახმად, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ზედა ზღვარი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 0.2%-ს არ უნდა აღემატებოდეს. 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, მშპ 32 მილიარდი ლარია, მისი 0.2% კი - 64 მილიონი ლარი. შესაბამისად, წინასაარჩევნოდ, პოლიტიკურმა პარტიებმა 64 მილიონ ლარზე მეტი არ უნდა დახარჯონ. ლევან ალაფიშვილმა ,,ვერსიას'' განუცხადა, რომ მშპ-ს 0.2% იმ თანხის ზედა ზღვარია, რაც არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურმა სუბიექტმა უნდა დახარჯოს - იქნება ეს საკუთარი თანხა თუ შემოწირულობა. მისივე თქმით, ზედა ზღვრის დაწესებით, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტები თანაბარ პირობებში არიან. კანონის მიხედვით, მაჟორიტარობის კანდიდატს წინასაარჩევნო პიარკამპანიაში 500 000 ლარზე მეტის დახარჯვის უფლება არ აქვს.
ლევან ალაფიშვილი: ,,ნებისმიერი შეზღუდვა - მშპ-ს 0.2% თუ 500 000 ლარი, საარჩევნო კოდექსიდან მომდინარეობს. შესაბამისად, ეს კანონით დაწესებული შეზღუდვაა, მაგრამ აქ პრობლემა სხვა რამეშია - ჩვენი რეალობის გათვალისწინებით, პოლიტიკური პარტიები თუ საარჩევნო სუბიექტები სხვადასხვა მანიპულაციას მიმართავენ, რაც წინასაარჩევნო პერიოდში დახარჯული თანხების სახელმწიფო და საზოგადოებრივ კონტროლს ართულებს: ა) არ ვიცით, რეალურად, 500 000 ლარი დაიხარჯა მაჟორიტარობის კანდიდატმა თუ 3 მილიონი და ბ) მონიტორინგი შეუძლებელია. მაგალითად, მაღაზიაზე გაკრული საარჩევნო პლაკატი ავიღოთ, რომელიც არ რიგდება, მაგრამ თავისთავად, პლაკატები თვლადია და არც იმის ალბათობას გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ამგვარი ხარჯების ჩათვლით, არჩევნებში მონაწილე სუბიექტმა კანონით დაწესებულ ზედა ზღვარსაც გადააჭარბოს. იმედია, სამომავლოდ, ამგვარი სისტემური ხარვეზები გამოსწორდება''.
საქართველოში, სადაც ბოლო დროს პრორუსული ორიენტაციის პარტიები მომრავლდნენ, ლოგიკურად ჩნდება საფრთხე, წინასაარჩევნო პერიოდში, ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნიდან არალეგალურად გადმორიცხული თანხები მოხვდეს. კანონის მიხედვით, ამგვარი საფრთხე თითქოს არ უნდა არსებობდეს, რადგან საქართველოს ეროვნული ბანკი არალეგალურად გადმორიცხულ ფულად გზავნილებს მკაცრად აკონტროლებს, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რუსული ფული საქართველოში სწორედ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების საშუალებით მოხვდეს. როგორ და რა მექანიზმით კონტროლდება არჩევნების პერიოდში უცხო ქვეყნიდან არალეგალური გზით გადმორიცხული თანხები?
ლევან ალაფიშვილი: ,,საარჩევნო პროცესში კანონით გათვალისწინებული შეზღუდვა შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა თუ კომპანიების მიერ თანხების გადმორიცხვას, თუმცა ეს მარტივად გადაწყვეტადი პრობლემა არ არის. მაგალითად, სრულიად შესაძლებელია, საქართველოს მოქალაქეს ,,აჩუქონ'' ან ხელშეკრულების საფუძველზე გადმოურიცხონ ფული, რომელიც ამ თანხას შესაბამის პოლიტიკურ სუბიექტს შესწირავს. სამართლებრივად საკმაოდ რთულია, დაამტკიცო, რა არის თუნდაც ამგვარი შემოწირულობის მიზანი. მერწმუნეთ, ასეთი არაერთი შემთხვევა ყოფილა არჩევნების ისტორიაში. გარდა ამისა, არათუ გამოვრიცხავ, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების წინ, უცხოური, განსაკუთრებით კი, რუსული ფული უკვე დიდი ხანია, გადმოირიცხა საქართველოში. როგორ გინდათ, გაარკვიოთ იმ ფულის წარმომავლობა, რომელიც დიდი ხანია, ქვეყნის ტერიტორიაზეა? დღეს ამის დამტკიცება საკმაოდ რთულია. არის მესამე პრობლემაც, მაგალითად, ადამიანს სურს, რომ პარტიას კანონით განსაზღვრული 60 000 ლარით (საარჩევნო კოდექსით დადგენილი ზედა ზღვარი, რომელზე მეტის ჩარიცხვის უფლება ფიზიკურ პირს არ შეუძლია პარტიისთვის, - ავტ.) კი არა, 2 მილიონით დაეხმაროს. ამ შემთხვევაში, კანონით მანიპულირება ასე ხდება - პირობითად, 2 მილიონი ლარი რამდენიმე ადამიანზე გადანაწილდება, რომლებიც ამ გადანაწილებულ თანხას პოლიტიკურ პარტიას შესწირავენ. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგი, რომელსაც აუდიტის სახელმწიფო სამსახური ახორციელებს, რათა საარჩევნო მიზნით, პარტიისთვის გადარიცხული თანხის წარმომავლობაც შეისწავლოს და ისიც გააკონტროლოს, ფინანსური შემოწირულობა ხელოვნურად არ ,,დაიშალოს''.