მეცნიერთა აზრით, უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული ვითარება შარვაშიძემ ყველაზე უკეთ იცის
ამბობს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უნდა იყოს ადგილი, სადაც მაღალი დონის კვლევა და ხარისხიანი სწავლება მიმდინარეობს. აუცილებელი იქნება ავტონომიის პრინციპის უპირობო დაცვა, კოლეგიალური მართვის პრინციპების შემოტანა და მაქსიმალური ანგარიშვალდებულება საზოგადოებასთან. ასევე უნივერსიტეტის პოზიციონირება რეგიონის მასშტაბით, როგორც წამყვანი სამეცნიერო და სასწავლო სივრცე. სტუდენტური ცხოვრების მოწესრიგება და სტუდენტის კარიერული ორიენტაციის სისტემის გამართვა, დასაქმების პერსპექტივის გაზრდით. დამსაქმებელი აუცილებლად უნდა შემოვიდეს საუნივერსიტეტო სივრცეში. უნდა აღდგეს პროფესორებისა და მეცნიერების პრესტიჟი - ასე ფიქრობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, გია შარვაშიძე, რომელიც დადასტურებული ინფორმაცით, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
უნივერსიტეტში ახალ რექტორს სექტემბერში აირჩევენ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, გია შარვაშიძე თსუ-ს რექტორობას მართლაც ურთულეს პერიოდში აპირებს. ის უსიამოვნო ამბავი, რაც ბოლო დროს, თსუ-ში განვითარდა, პრობლემების ჯაჭვს წარმოადგენდა - დაპირისპირებული მხარეებიდან დაწყებული, გარედან ხელოვნურად მართული პროცესით დამთავრებული. ამ ამბის გვირგვინი კი ქვეყნის მთავარი პოლიტიკური მოვლენა - წინაასაარჩევნო ეიფორიაა. სწორედ ასეთ ვითარებაში აპირებს გია შარვაშიძე თსუ-ს რექტორობას, რომელსაც განათლების სისტემაში მუშაობის დიდი და საკმაოდ წარმატებული გამოცდილება აქვს.
გია შარვაშიძე 1963 წელს თბილისში დაიბადა. წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოოგიის ფაკულტეტი. აქვს დოქტორის ხარისხი განათლების მართვაში. გავლილი აქვს არაერთი პროფესიული ტრენინგი, მათ შორის შვედეთის საჯარო ადმინისტრირების ინსტიტუტში, UNESCO-ს განათლების დაგეგმვის საერთაშორისო ინსტიტუტში - IIEP (პარიზი, საფრანგეთი) და მსოფლიო ბანკის ინსტიტუტში (ბუდაპეშტი, უნგრეთი).
10 წლის განმავლობაში ასწავლიდა მეექვსე საავტორო სკოლაში. მუშაობდა გაცვლით მასწავლებლად სამხრეთ მილუოქის უმაღლეს სკოლაში (ვისკონსის შტატი, ამერიკის შეერთებულ შტატები). იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ამჟამად იმავე უნივერსიტეტში კითხულობს კურსს უმაღლესი განათლების პოლიტიკაში. 9 წლის განმავლობაში იყო აკადემიური მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი (ბუდაპეშტი, უნგრეთი), რომელიც 20-მდე ქვეყანაში ხორციელდებოდა, მათ შორის საქართველოში. პროგრამა ეხმარებოდა ახალგაზრდა მკვლევარებსა და მეცნიერებს, დაეწყოთ პროფესიული კარიერა სამშობლოში და დასაქმებულიყვნენ პროფესიით უნივერსიტეტებში. ამ პროგრამის ფარგლებში, გია შარვაშიძის უშუალო ინიციატივით, თსუ-ს დაახლოებით, 50-მდე ისეთი ლექტორი დაუბრუნდა, რომლებიც საკმაოდ წარმატებული და პოპულარული ადამიანები არიან.
მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსი მთავარ ინსპექტორად, საგარეო ურთიერთობათა სამმართველოს უფროსად, მინისტრის მოადგილედ, მინისტრის პირველ მოადგილედ, იყო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი. ამჟამად არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე.
გამოცემული აქვს მონოგრაფია კერძო უმაღლეს განათლებაზე საქართველოში, რომელიც დაიბეჭდა პარიზში, UNESCO-ს მიერ. არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
არის ევროკავშირის უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტი (HERE). ასევე, სხვადასხვა დროს იყო ევროპის საბჭოს, UNESCO-ს და ღია საზოგადოების ინსტიტუტის განათლების ექსპერტი.
იმ შემთხვევაში, თუ აკადემიური საბჭო თსუ-ს რექტორად გია შარვაშიძეს აირჩევს, ის იმ მდიდარ გამოცდილებას მოახმარს უნივერსიტეტს, რაც წლების განმავლობაში დააგროვა: „იმ კონტაქტებს, რაც წლების მანძილზე, მსოფლიოს ბევრ, წამყვან უნივერსიტეტებთან ურთიერთობისას დამიგროვდა, მაქსიმალურად გამოვიყენებ. შეიქმნება ბევრი ერთობლივი პროგრამა და გაიცემა ერთობლივი დიპლომები. უკვე ვიცი მსოფლიოს რამდენიმე, წამყვანი უნივერსიტეტი, რომლებიც ამ საქმეში ჩვენი პარტნიორები გახდებიან, რადგან ამ უნივერსიტეტებთან საკმაოდ დიდი ხნის თანამშრომლობა მაკავშირებს“, - აცხადებს გია შარვაშიძე.
2017 წლის თებერვალში, თსუ-მ ახლებური პრინციპით, ავტორიზაცია უნდა გაიაროს. ბოლო პერიოდში უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენების ფონზე, ბევრი კითხვა ჩნდება, რამდენად შეძლებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ პროცესის წარმატებით დასრულებას. სწორედ ამიტომ, მაქსიმალური მობილიზება იქნება საჭირო, რომ უნივერსიტეტმა 6 თვეში საავტორიზაციო განაცხადი მაღალ დონეზე მოამზადოს.
საინტერესოა, როგორ აფასებენ საქართველოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელები განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ამ გადაწყვეტილებას.
ელ. ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი, გელა გელაშვილი:
„გიამ საკმაოდ კარგად იცის საქართველოს განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობა. გარკვეული რეფორმების ავტორი თვითონვე იყო, მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ბატონ გიას საკმაოდ კარგი ორგანიზატორული ნიჭი აქვს, რაც უნივერსიტეტს გამოადგება. მას შემდეგ, რაც თსუ-ს 14 ინსტიტუტი შეუერთდა, ის საკმაოდ დიდ ორგანიზაციად იქცა. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ბატონი გია კენჭს იყრის უნივერსიტეტის რექტორის პოსტზე. ის მოვლენები, რაც ბოლო დროს, უნივერსიტეტში განვითარდა, მტკიცე ხელს საჭიროებს. უნივერსიტეტს ორგანიზაციული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი უნდა მართავდეს, რომელიც ამ პრობლემებს გამოასწორებს“.
არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, ავთანდილ არაბული:
„მე გავიცანი გია როგორც მინისტრის მოადგილე, საკმაოდ უნარიანად წარუძღვა პროცესებს. აქვს დიდი გამოცდილება და განათლების მართვაში მინიჭებული აქვს ხარისხი. მე სხვა დეტალებზე, მის აკადემიურ და სამეცნიერო მხარეზე ვერაფერს გეტყვით, როგორც მენეჯერი და როგორც ორგანიზატორი - ის არავიზე ნაკლები არ არის“.
რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორი, გრიგორ ტატიშვილი:
„ბატონი გია პროფესიონალი და ძალიან განათლებული ადამიანია. ვფიქრობ, უნივერსიტეტის რექტორის პოსტზე, ის ღირსეული კანდიდატურაა. მან მუშაობა იცის, ორგანიზაციული ნიჭი აქვს და მთავარი სწორედ ესაა“.
გია შარვაშიძის რექტორად არჩევას აფასებენ უცხოელი მეცნიერებიც: დიდი ბრიტანეთის ატომური სააგენტოს ხელმძღვანელი, როჯერ ქაშმორი, რომელიც წარსულში CERN-ის გენერალური დირექტორიც იყო, განმარტავს: „ჩვენ ერთმანეთს რამდენჯერმე შევხვდით, როდესაც ვიყავით სამეცნიერო ფონდის თანათავმჯდომარეები. გია ყოველთვის ცდილობდა დაეახლოებინა რადიკალური პოზიციები, რათა საუკეთესო შედეგზე გავსულიყავი. ვფიქრობ, თუ მას აირჩევენ რექტორის თანამდებობაზე, ეს იქნება ძალიან სწორი არჩევანი“.
ოქსფორდის უნივერისტეტის პროფესორი და მმართველობითი საბჭოს წევრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ნილ მაკფარლეინი აცხადებს, რომ გიორგი შარვაშიძეს 10 წელია იცნობს და მიაჩნია, რომ ის პირველ რიგში, ძალიან რაციონალური ადამიანია და ძალიან კარგად ესმის უმაღლესი განათლების მნიშნველობა. „ჩემი აზრით, ბატონი გიორგი არის ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია საქმის ძალიან ეფექტურად შესრულება და მისი ეს პოსტი მხოლოდ დადებითად წაადგება უნივერსიტეტს“ - აცხადებს პროფესორი.