„სანდრა ღომს გააკეთებს, „დიდოუ ნანას“ იმღერებს და ზუგდიდში არჩევნებს მოიგებს!“

„სანდრა ღომს გააკეთებს, „დიდოუ ნანას“ იმღერებს და ზუგდიდში არჩევნებს მოიგებს!“

რატომ უყვართ სამეგრელოში მიშა, რომელი ჩინოვნიკის ცოლის დაქალები იღებენ ზუგდიდში გადაწყვეტილებებს და რას აპირებს არჩევნების შემდეგ კახა მიქაია

...არჩევნებში, როგორც პოლიტიკოსი, არ მონაწილეობს, რადგან მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად ფული არ აქვს. ისე, ამბობს, რომ სამეგრელოში დიდი ფული ტრიალებს, თუმცა ფულიანიტიპებიმასავით არ ფიქრობენ. და როგორ ფიქრობს კახა მიქაია? - ამ კითხვაზე პასუხს წინამდებარე არა-ჩვეულებრივ ინტერვიუში აღმოაჩენთ. მანამდე კი, უბრალოდ, შეგახსენებთ: „დაიცავი საქართველოსერთ-ერთი ლიდერი კახა მიქაია, პრაქტიკულად, ერთადერთი იყო, ვინც სამეგრელოში ახალაიების კლანსა და, საერთოდ, ნაცრეჟიმს ებრძოდა. 2014 წელს, „ოცნებისსიით, ზუგდიდის საკრებულოს წევრი გახდა, თუმცა საკრებულოდან მალევე გარიცხეს... მოკლედ, რატომ თვლის, რომოცნებისსამეგრელოს ორგანიზაცია ნაცებითააგაძეძგილი“, ვის ებრძვის, რატომ უყვართ სამეგრელოში მიშა და რომელი ჩინოვნიკის ცოლის დაქალები იღებენ ზუგდიდში გადაწყვეტილებებს? - კახა მიქაიას ამ ინტერვიუს, უდავოდ, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვება. მაშ, ასე: ღრმად ჩაისუნთქეთ და კითხვას შეუდექით!
 
- ბატონო კახა, „დაიცავი საქართველოკიდევ არსებობს? 
- (იღიმება) დიახ, არსებობს. 
- შეიძლება, მაგრამ ამ ორგანიზაციაში, მგონი, მარტო თქვენღა ხართ - ლევან გაჩეჩილაძემაც მიგატოვათ... 
- არა, არ მიუტოვებივართ. 
- ასეა თუ ისე, „დაიცავი საქართველოდანთქვენს გარდა აღარავინ აქტიურობს. ერთი მერცხალი კი გაზაფხულს როგორ მოიყვანს? 
- ალბათ, გახსოვთ, სააკაშვილისა და როლანდ ახალაიას რეჟიმის დროს სულ რამდენიმე „მერცხალი“ ვიყავით და სამეგრელოში საკმაოდ ბევრი საქმეც გავაკეთეთ. 
- ეგ ვიცი, მაგრამ მთავარი საქმე მაინც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ 2012 წლის არჩევნები ზუგდიდში როლანდ ახალაიამ მოიგო... 
- კი ბატონო, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლების და სამეგრელოში არსებული ახალაიების რეჟიმის მხილება მე დავიწყე. 
- ისე, ზოგს ჰგონია, რომ ყველაფერი, რასაც ახალაიებზე ამბობენ, მითია. სად მთავრდება ლეგენდა და სად იწყება სიმართლე? 
- არ მგონია, რომ ეს მითი და ზღაპარია. მთელმა საქართველომ დაინახა, როლანდ ახალაია, მეგის ქარდავა და, საერთოდ, ეს „კამპანია“ სამეგრელოში რასაც აკეთებდა. 
- რას აკეთებდა? 
- რას და, ადამიანის უფლებებს არღვევდა ანუ ხალხს იბარებდა, ბიზნესს ართმევდა, აწამებდა, უკანონოდ აპატიმრებდა. ყველაფერ ამან, რომლის მამამთავარიც როლანდ ახალია იყო, შიში შექმნა და სამეგრელოში ნაცმოძრაობის რეჟიმი სწორედ ამ შიშს ეფუძნებოდა. 
- ანუ, ნაციონალებს ახალაიები იმიტომ სჭირდებოდათ, რომ შიში დაემკვიდრებინათ? 
- რა თქმა უნდა. 
- ნაცებმა ახალაია, როგორც შიშის არქიტექტორი, როგორ იპოვეს? 
- ძალიან მარტივად: ახალაია მიშას დედის მეგობარი იყო. სხვათა შორის, მიშამ როლანდ ახალაიას „ღირსეული შვილების აღმზრდელი“ უწოდა და კომუნისტებიდან „ნაციონალებამდე“, ასე ვთქვათ, გატარებული ღირსეული პროკურორობისთვის ღირსების ორდენი მისცა. 
- ბატონო კახა, თუ მხარდამჭერები არ ეყოლებოდათ, მხოლოდ მამა-შვილი ახალაიები და იგივე მეგის ქარდავა, ვერაფერს გახდებოდნენ... 
- რა თქმა უნდა, მათ სამეგრელოში მხარდამჭერები ახლაც ჰყ¬ავთ. მეტიც, ნაციონალების მხარდამჭერთა რაოდენობა, „ქართული ოცნების“ კოჰაბიტაციური პოლიტიკის გამო, არ შემცირებულა და ყოფილ მმართველ პარტიას სამეგრელოში სტაბილური ამომრჩეველი ჰყავს. 
- ამბობენ, რომ მიშას ხალხი ერთმანეთსაც არ ინდობდა... 
- დიახ, ნაციონალებსაც ეშინოდათ ანუ როლანდ ახალაიამ სამეგრელოში შიშზე დაფუძნებული ხელისუფლება შექმნა. 
- ნაციონალების მხარდამჭერებს ახალაიების დღესაც ეშინიათ? 
- ის, რაც დღეს არსებობს, შიში კი არა, სიყვარულია და ისინი მიშას ჩამოსვლას ელოდებიან! 
- ბატონო კახა, ლოდინი იქით იყოს და, ადამიანებს, რომლებსაც სამეგრელოში აწამებდნენ და აუპატიურებდნენ, მოძალადეები რატომ უყვართ? 
- გრიგოლ რობაქიძე კითხულობს, ქართველი ბოლშევიკი ვინააო და იქვე პასუხობს, ქართველი ბოლშევიკი ის ქალწულია, რომელიც გააუპატიურეს და რომელსაც გამაუპატიურებელი შეუყვარდაო. 
- ანუ, სამეგრელოს მიშა იმიტომ უყვარს, რომ გააუპატიურა? 
- შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ ასე გამოდის. მაქვს ინფორმაცია, რომ „ოცნების“ შიდა კვლევებით, სამეგრელოში ნაცმოძრაობას „ოცნებაზე“ მაღალი რეიტინგი აქვს და რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ? 
- „ქართულ ოცნებაშიმეგობრები გყავთ? 
- დიახ, მყავს. 
- მერე, არ ეუბნებით, თქვენი საქმე ცუდადაა და სამეგრელოში ხალხი მიშას ელოდებაო? 
- ამას ჩემი თქმა რათ უნდა? - ყველაფერს თვითონაც ხედავენ. 
- სამეგრელოში ახალაიებიც უყვართ? 
- არა, ახალაიების ეშინოდათ. თავიდან მიშასიც ეშინოდათ, მაგრამ მერე შეუყვარდათ! 
- ბატონო კახა, არ გეშინოდათ, რომ დაგიჭერდნენ და თქვენც გაწამებდნენ? 
- არა, არ მეშინოდა. საერთოდ, შიშით ვერაფერს გააკეთებ და საბრძოლველად მზად ვიყავი. ზუგდიდში „საკანი“ რომ დავდგი, სამი ადამიანიც არ მოსულა - მეგობრები დედაჩემსაც ვერ ეკითხებოდნენ, კახა როგორ არისო. 
- ნაციონალები მწამებლებს როგორ პოულობდნენ? 
- ამას რა უნდოდა? – „ვიაგრა“ და 30 ლარი. 
- „ვიაგრარა შუაშია? 
- ცნობილია, რომ მეგის ქარდავა გამაუპატიურებლებს „ვიაგრასა“ და 30 ლარს აძლევდა. 
- ყველა მწამებელი, როგორც ამბობენ, არ დასჯილა... 
- დიახ, ზოგი მწამებელი დღეს „ქართული ოცნების“ მომხრეა. 
- კონკრეტულად? 
- პერსონიფიცირებას არ მოვახდენ... სხვათა შორის, როლანდ ახალაიას წარსული უკვე მიშასაც არ მოსწონს და მისი გაწევა გადაწყვიტა. სააკაშვილი ვითომ ახალ ნაცმოძრაობას ქმნის, თუმცა თუ ერთ-ორ ბავშვს არ ჩავთვლით, ყველა ისევ ძველია. 
- რა ამის პასუხია, ბატონო კახა და, მგონი, „ოცნებაცგებრძვით, არა? - საკრებულოდან გაგრიცხეს... 
- გეტყვით, ჩემსა და „ოცნებას“ შორის დაპირისპირება რის გამოც დაიწყო: კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, ნაციონალები ხელისუფლებაში „ოცნების“ სახელით დაბრუნებულიყვნენ. 
- ანუ? 
- ანუ ის, რომ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია ახალაიას კუდ-ის ყოფილი თანამშრომელია, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გონერი ნაჭყებია დარჩელში ახალაიების მარჯვენა ხელი იყო, ზუგდიდის ყოფილი გამგებელი ედიშერ თოლორაია, რომელიც „ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა, თავად აქვს ნათქვამი, ზაზა გოროზიას გუბერნიაში მთავარი გამყალბებელი იყო... 
- ეს არაფერს ნიშნავს, ბატონო კახა, თან, ნება მიბოძეთ, გაგახსენოთ, უსიამოვნო ხმა თქვენს მეგობრებზეც გავრცელებულა. მაგალითად, თავის დროზე ითქვა, რომ ადამიანი, რომელიც პირგამეხებული ოპოზიციონერი გვეგონა, მიშასგან, თურმე, ფულს იღებდა... 
- კარგი, რა, ვანო, ამ ჭორის გჯერათ? 
- ჭორი რატომაა? - ბადრი ბიწაძემ თქვა, ფარდის უკან ვიდექი და ყველაფერს ვხედავდ-ვისმენდიო... 
- ეს არასერიოზულობაა! იმაზე კი, რაზეც ვლაპარაკობ, ფაქტები არსებობს! ადამიანს დიდი ფანტაზია უნდა ჰქონდეს, რომ დაიჯეროს, ჩემმა მეგობარმა მიშასგან ფული აიღო და ამას ბადრი ბიწაძე ფარდის უკნიდან უყურებდა... ყველამ იცის, რომ ნინო ბურჯანაძეს ლიდერობა და სხვების გაწევა უნდოდა! 
- შეიძლება, მაგრამ 26 მაისის მიტინგებზე ნინოს გვერდით დადექით. ამას რითიღა ხსნით?
- ნინო ბურჯანაძის გვერდით არ დავმდგარვართ! მეტიც, მას არ ვეთანხმებოდით, მაგრამ იმ საშიშროებას, რომელიც მიტინგზე შეკრებილ ხალხს ელოდა, ვგრძნობდით და იქ ამიტომაც მივედით ანუ რახან ექსტრემალური სიტუაცია იყო, პიროვნული წყენა დავძლიეთ და ხალხის გვერდით დავდექით! ვანო, ილუზია არ გვქონდა, რომ მიშა ჰუმანურობას გამოიჩენდა და 26 მაისს მიტინგს არ დაარბევდა. მე და ჩემს მეგობრებს კი არ შეგვეძლო, მაშინ, როცა ჩვენს მოყვასს სცემდნენ, შინ ვყოფილიყავით! მეორე დღეს კი გამოვსულიყავით და გვეთქვა, იქ უხარისხო ქართველები იყვნენ შეკრებილნიო. ვიმეორებ: იქაური არც სიტუაცია მოგვწონდა და არც - თავად ნინო ბურჯანაძე, მაგრამ სინდისი შეგვაწუხებდა, შინ ვმჯდარიყავით და ტელევიზიით გვეყურებინა, მიხეილ სააკაშვილი ხალხს როგორ სცემდა. 
- კახა ბატონო, მართალია, დღეს ერთმანეთს პირველად შევხვდით, მაგრამ თქვენი საჯარო განცხადებებიდან გამომდინარე, სამართლიანი ადამიანი მგონიხართ. ჰოდა, აღიარეთ, რომ მიშას წინსვლაში თავისი წვლილი ზოგიერთ თქვენს მეგობარსაც აქვს შეტანილი... 
- კი ბატონო, მაგრამ საქართველოში არ მეგულება ადამიანი, რომელიც არც ზვიადთან იყო, არც - შევარდნაძესთან, არც - ასლანთან და არც - მიშასთან. 
- ასეთი ადამიანი, მგონი, თქვენ ხართ! 
- (იღიმება) ჰო, ასეთი მხოლოდ მე ვარ. მიშაზეც, ასლანზეც გაბრაზებული ვიყავი და ყველას ვებრძოდი. 
- მაშასადამე, გაბრაზება, როგორც იტყვიან, ხასიათში გაქვთ გადასული... 
- ხასიათში კი არ მაქვს გადასული, უბრალოდ, უსამართლობას ვერ ვეგუები! სხვათა შორის, ჩემთვის ზვიადის დამხობა ძალიან მძიმე გადასატანი იყო. 
- უი, არ ვიცოდი, „ზვიადისტითუ იყავით... 
- ვიყავი კი არა, დღესაც „ზვიადისტი“ ვარ! დიახ, ახლაც ზვიად გამსახურდიას იდეების მომხრე ვარ და ვთვლი, რომ ზვიადი საქართველოს ერთადერთი ღირსეული პრეზიდენტი იყო! 
- მაგალითად, პრეზიდენტი მარგველაშვილი უღირსი რატომაა? 
- მოდით, მარგველაშვილზე არ ვილაპარაკოთ. მოკლედ, ზვიადის დამხობის, შევარდნაძის მოსვლის და მიშას რევოლუციის წინააღმდეგი ვიყავი, რადგან ძალიან კარგად ვიცოდი, მიშა ვინც იყო. ვანო, ერთი წამითაც არასოდეს მიფიქრია, რომ თანამდებობის ან სხვა რამის გამო რაღაც კომპრომისზე წავსულიყავი და მომავალშიც ასე იქნება. 
- ისე, ნაცებს რომ მოენდომებინათ, თქვენს გაქრობას რა უნდოდა, არა? 
- და რატომ არ გამაქრეს? - ეს მიშას ჰკითხეთ, თუმცა უცემივარ და დაუჭერივარ კიდეც... 
- ალბათ, ფიქრობდნენ, მიქაია გიჟია და ილაპარაკოს, რაც უნდაო... 
- დიახ, ამბობდნენ, გიჟია და რას გვიზამსო, მაგრამ მერე, თემა თანდათან რომ აიწია, ჩემი დაჭერა უკვე მიშას აღარ აწყობდა ანუ ძალიან გაბრაზებული იყო, მაგრამ ყველაფერ იმას, რასაც სამეგრელოში ვაკეთებდი, ითმენდა! 
- ახალაიებიც გითმენდნენ? 
- ჯერ ერთი, ყველაფერს მიშა წყვეტდა, მეორეც, ახალაიებს, უფრო შვილებს, რაღაც-რაღაც მცდელობები ჰქონდათ. 
- ხალხს ბაჩო და დათა უფრო სასტიკად ექცეოდნენ თუ მამა? 
- მათ შორის განსხვავება არ არსებობდა! 
- ...სააკაშვილი საქართველოში აღარაა, ნაცმოძრაობა ოპოზიციაშია, ერთი ახალაია ციხეშია, მეორე - „პაბეგშიდა დღეს ვის ან რაღას ებრძვით, კახა ბატონო? 
- რას და ვის ვებრძვი? 
- დიახ, დიახ, კითხვა სწორად გაიგეთ... 
- ზუგდიდის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნების“ სიით გავხდი, მაგრამ „ოცნების“ პოლიტიკა არ მომეწონა. 
- ახლა, არ მითხრათ, „ოცნებანაცებთან გარიგებაში შევიდა და, მაგალითად, ბიზნესები გაინაწილაო... 
- რა თქმა უნდა... სხვათა შორის, საკრებულოს პირველივე სხდომაზე განვაცხადე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი კი არა, დამოუკიდებელი დეპუტატი ვიქნები-მეთქი და 2006-დან 2014 წლამდე ჩატარებულ ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების სია, ასევე, ხარვეზების დამდგენი კომისიის მიერ დაწერილი ოქმი მოვითხოვე, რომელიც ტენდერში გამარჯვებული რომელიმე კომპანიის მუშაობას შეეხებოდა, მაგრამ არ მომცეს. 
- ადგილობრივი არჩევნების წინ ანუ მაშინ, როცაოცნებისსაარჩევნო სიაში იყავით, ნაციონალებისგაქოცებაზეინფორმაციას ფლობდით? 
- დიახ. 
- მერე, „ოცნებისსიაზე უარი რატომ არ თქვით? 
- სიმართლე გითხრათ, არც ვიცოდი, რომ სიაში ვიყავი. 
- ესე იგი, სიაში ჩაწერაჩაგიდეს“? 
- (იცინის) არ ჩამიდეს, კაცო... უბრალოდ, ფაქტის წინაშე დამაყენეს - „ქართული ოცნების“ სია რომ გამოქვეყნდა და ჩემი გვარი ვნახე, აღარ დავიწყე, თქვენთან არ მინდა-მეთქი. 
- რატომ? 
- რატომ და, ჩემთვის პრიორიტეტი იყო, ნაციონალები პოლიტიკურ მოუსავლეთში რეგიონის ხელისუფლებიდანაც გაგვესტუმრებინა და „ოცნებასთან“ კომპრომისზეც ამიტომ წავედი, თორემ ძალიან კარგად ვიცოდი, ეგენიც ვინ იყვნენ და ამის შესახებ პირშიც მაქვს ნათქვამი... ხომ გაგიგიათ, ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევსო და ნაციონალებმა პორტირება დაიწყეს და დღეს სამეგრელოს „ოცნება“ ნაციონალებითაა „გაძეძგილი“! 
- ბატონო კახა, არ გიცდიათ, ყველაფერ იმაზე, რასაც მიყვებით, ხმა ბიძინა ივანიშვილისთვის მიგეწვდინათ? 
- საჯარო განცხადებებს ვაკეთებ. იმის კაცი კი არ ვარ, ვთხოვო, ბატონო ბიძინა, მიმიღეთ-მეთქი. კარს არავის შევუმტვრევ, მით უმეტეს, ყველამ ყველაფერი იცის. არ მჭირდება, ჩემი „სივი“ დავიკავო და ვიღაცასთან მივიდე. ვანო, მეტსაც გეტყვით, არც ვინმეს მფარველობა მჭირდება! დღევანდელი პოლიტიკური ელიტა კი, პირდაპირ ვიტყვი, მონურ-მორჩილთა კასტაა! 
- პოლიტიკური ელიტა მაინც, ვის ემონ-ემორჩილება? 
- ვის და „უფროსს“. 
- გამაგებინეთ, ესუფროსივინაა? 
- არ იცით, ვინ არის? - ხელისუფლება. 
- მაშასადამე, საუბარი იქითკენ მიგყავთ, რომ დღევანდელი ხელისუფლება და მიშა გარიგებულები არიან? 
- ვანო, პროვოკაციულ კითხვას ნუ სვამთ! 
- ბატონო კახა, სულიერი მოძღვარი არ ვარ, თქვენს სიმშვიდეზე ვიზრუნო. შესაბამისად, უფრო მეტად პროვოკაციულ კითხვებსაც დაგისვამთ!
- კოჰაბიტაცია ზემოდანაა წამოსული ანუ „ქართულმა ოცნებამ“ იმისთვის, რომ ხელისუფლება შეენარჩუნებინა, მთავარ ოპოზიციურ ძალად ნაცმოძრაობა დატოვა! 
- ახლა დავფიქრდი და, ნაცები ძალიან მაგრები არიან: ყველას - ხელისუფლებას თუ ოპოზიციას თავიანთ ჭკუაზე გატრიალებენ! 
- თავიანთ ჭკუაზე ვერც ნაცები მატრიალებენ და ვერც ვერავინ... 
- ამბობენ, პოლიტიკაში ყველაფერიმოსულაოდა თუ სხვა პოლიტიკოსებსა თუ პოლიტიკურ ძალებსაც გინდათ, მაგრები იყოთ, უკან არაფერზე უნდა დახიოთ და უარი არცვიაგრისდარიგებაზე თქვათ, არც - 30-30 ლარის... 
- ამას არასოდეს ვიკადრებ! შევარდნაძის კორუმპირებული ჩინოვნიკი, ან მიშას „ზონდერი“ რომ ვყოფილიყავი და ერთხელ მაინც მემღერა, მიშა მაგარია-მეთქი, დარწმუნებული ვარ და ამის თქმის არ მეშინია, დღეს „ქართული ოცნების“ ან საარჩევნო სიაში ვიქნებოდი, ან მაჟორიტარობის კანდიდატი! 
- ოდესმე თქვენი მოსყიდვა უცდიათ, ვთქვათ, ფული შემოუთავაზებიათ და უთქვამთ, გაჩუმდიო? 
- არა, ასეთ შემოთავაზებას აზრი არ ჰქონდა, რადგან იცოდნენ, რა პასუხსაც მიიღებდნენ! მოკლედ, ჩემო ვანო, დღევანდელი საქართველოს პოლიტიკური ელიტის მოთხოვნებს ვერ ვაკმაყოფილებ და ვერც მომავალში დავაკმაყოფილებ! 
- ყველაფერ აქედან გამომდინარე, გირჩევთ, პოლიტიკას შეეშვათ და ხელი სხვა საქმიანობას მოჰკიდოთ! 
- ვერ შევეშვები! წინააღმდეგობის დაძლევას და ომს ისე შევეჩვიე, სხვა რამის კეთება არ მიცდია და არც გამომივა! 
- მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, როლანდ ახალაია შეგხვედრიათ? 
- არა. 
- რომ შეგხვდეთ, როგორ მოიქცევით, წიხლს ამოარტყამთ? 
- როგორ გეკადრებათ! ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ! სხვათა შორის, ერთხელ, ერთ ჟურნალისტთან როლანდის გინება წამომცდა, რაც გამოქვეყნდა და, ჩემი დამოკიდებულების მიუხედავად, ამ გინების გამო ახალაიას ბოდიში მოვუხადე! 
მოკლედ, 2010 წელს, ზუგდიდის ცენტრში როლანდ ახალაიას ცვილის ბიუსტი რომ დავუდგი, რამდენიმე დღეში, სახლის კართან, ახალაია და გუნავა მანქანით მეახლნენ. სიმართლე გითხრათ, მოულოდნელი იყო... რას მერჩი, ჩემი სიკვდილი გინდაო?! - მკითხა როლანდ ახალაიამ და რა პასუხიც მაშინ მიიღო, რომ შემხვდეს, დღესაც იმავეს გავუმეორებდი. 
- ...სააკაშვილმა ახალაიები გაწირა და ბაჩო ციხეში ამიტომაა, დათა კი - „პაბეგში“? 
- დარწმუნებული ვარ, სააკაშვილს არც ახალაიები გაუწირავს და არც - მაგალითად, გიგი უგულავა, ან ვანო მერაბიშვილი. ეს დიდი „სიაფანდია“! ყველაფერი ეს ნაცებისთვის ახალი პოლიტიკური იმიჯის შექმნაა და მეტი არაფერი. ბაჩო ციხეში, დათა კი „პაბეგში“ რომ არ იყოს, მიშა მაინც ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა, რადგან ახალაიების წარსული აღარ მოსწონს, თუმცა თავის დროზე ყველაფრის მბრძანებელი, რასაც ახალაიები აკეთებდნენ, მიშა იყო, თორემ ახალაიები დამოუკიდებლად ვერ იმოქმედებდნენ. 
- გჯერათ, რომ წამება-გაუპატიურების კადრებს მიშა უყურებდა? 
- გამორიცხული არაფერია, მაგრამ არ მგონია, მთლად ასე ამაზრზენად იქცეოდა, თუმცა ვიმეორებ: ყველაფერი, რაც სამეგრელოში და, საერთოდ, საქართველოში ხდებოდა, სააკაშვილმა დეტალურად იცოდა! 
- ბატონო კახა, საუბრის თემა უნდა შევცვალო: 90-იანებიდან მოყოლებული, სამეგრელოს თავზე, როგორც იტყვიან, წისქვილის ქვა დატრიალდა - ჯერ მხედრიონმა გადაუარა, მერე - ახალაიებმა. საქართველოს ამ ულამაზეს კუთხეს რას ერჩიან? 
- თუ დამოუკიდებლობის 25-წლიან პერიოდს დავაკვირდებით, პოლიტიკურ კატაკლიზმებში სამეგრელო ყოველთვის პირველ პლანზეა და ასეთი მითიც არსებობდა, თუ სამეგრელოს მოიგებ, ესე იგი, მთელ არჩევნებში გაიმარჯვებო, მაგრამ ეს მითი ბიძინა ივანიშვილმა დაანგრია - 2012 წელს, ზუგდიდი ალასანიამ, „ქართულმა ოცნებამ“ კი სამეგრელო წააგო, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მაინც მოვიდა. საერთოდ, მეგრელები პოლიტიკურად აქტიურები და მოტივირებულები არიან. სააკაშვილმა ძალიან კარგად იცოდა, თუკი მის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყებოდა, ამ ბრძოლის ავანგარდში სამეგრელო იქნებოდა. ამიტომ, ყველაფერი გააკეთა, სამეგრელოს მის წინააღმდეგ ბრძოლის უნარი არ ჰქონოდა. 
- სამეგრელოში ისეთი ოჯახი არსებობს, რომელიც ნაციონალურ რეპრესიებში არ მოჰყვა? 
- დიახ, არსებობს, მაგრამ შიში ყველა ოჯახს ჰქონდა. ვანო, იცით, სინამდვილეში რა მოხდა? - ახალაიამ გადაწყვიტა, რომ ყველაზე მაგარი და გავლენიანი მეგრელია ანუ სამეგრელო თვითონ იყო. ასეთი აზრი გაუნათლებელ და დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანს მოსდის. მოკლედ, ახალაიამ თავისი იდეის რეალიზება დაიწყო, რაც ძალადობის გარეშე არ მოხდებოდა... ისე, როლანდ ახალია ბევრ რაღაცაზე შეიძლება, თავს იკავებდა, რასაც მის შვილებზე ვერ ვიტყვი! 
- ბატონო კახა, 8 ოქტომბერ სამეგრელოში რა მოხდება - „ოცნებაარჩევნებს მოიგებს? 
- არ ვიმარჩიელებ... კორცხელის ამბავი ხომ გახსოვთ? 
- ეს რა შუაშია? 
- საზოგადოებას „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ამირან ლაგვილავას ნაცმოძრაობის წევრობის მანდატი ვაჩვენე. ეს პოლიტიკური ანომალიაა და მეტი არაფერი! 
- საარჩევნო კამპანიაში, რომელი პარტიის ან კანდიდატის სასარგებლოდ ჩაერთვებით? 
- არა. 
- პოლიტიკური ტაიმ-აუტი რატომ აიღეთ? 
- უბრალოდ, ბრძოლის ფორმა შევცვალე... 
- არ გინდათ, ვთქვათ, მეჭიაურის გვერდით დადგეთ? 
- (გაოცებული) ვისი, კაცო? 
- მე-ჭი---რის. რა, რამეს უწუნებთ? 
- არავის არაფერს ვუწუნებ, მაგრამ მე ჩემი ხედვა და გზა მაქვს. 
- თქვენი გზა ნატო-სკენ მიდის? 
- რა თქმა უნდა! ზვიად გამსახურდიას პრიორიტეტი დასავლეთი იყო და ჩემთვისაც ასეა! ჩემი, კახა მიქაიას მიზანი ევროკავშირი და ნატო-ა! 
- სახლშიც ასეთი ხმაურიანი ხართ? 
- არა, საბედნიეროდ, სახლში მშვიდი გარემო მაქვს და ვისაც გარეთ ხმაურიანი ვგონივარ და ამის გამო ჩემთან თანამშრომლობას შეუძლებლად მიიჩნევს, ხმამაღლა ვეტყვი: ჩუმი მორჩილებით არავის დავემონები. სიმართლე არასოდეს დამიმალავს, არც ჩემი სიმამრია ივანიშვილის თანაკურსელი და არც ხშირი ურთიერთობა მაქვს ჩემი ცოლის დაქალებთან. აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნების“ მოთხოვნებს ვერანაირად ვაკმაყოფილებ! 
- სიმამრის ხსენებით, ვხვდები, ისრებს საითაც ისვრით, მაგრამ ცოლის დაქალები რა შუაშია? 
- ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს, მაგრამ მაინც გეტყვით: სამეგრელოში ბევრ რაღაცას დაქალები წყვეტენ. 
- კონკრეტულად, ვისი ცოლის დაქალები? 
- მერის, საკრებულოს თავმჯდომარის და ასე შემდეგ... 
- მაშასადამე, სამეგრელოში სერიალმა - „ჩემის ცოლის დაქალებიეკრანიდან რეალობაში გადაინაცვლა? 
- დიახ, დიახ... 
- ...ბატონო კახა, ვიდრე ფირჩამწერს ჩავრთავდი, მითხარით, სოფელ ოდიშში ერთი სახლი ვნახეო. ამ სახლზე ყურადღება რატომ გაამახვილეთ? 
- სოფელ ოდიშში, შუაგულ ტყეში სახლი ვნახე, ეზოში, პიკანტურ ადგილებზე დახვრეტილი შარვლები, ბოთლები ეყარა. საწამებელი ნარიც იყო... 
- ანუ, ეს ის სახლია, რომელიც ჟურნალისტებს შსს-ში დახურულ ჩვენებაზე გვაჩვენეს? 
- დიახ... 
- ეს სახლი ვის ეკუთვნოდა? 
- არავის, ნაციონალებმა სპეციალურად საწამებლად ააშენეს. 
- „ოცნებამამ სახლზე პიარი ააგო, თუმცა როგორც ვატყობ, თქვენ ამ სახლის აღმოჩენაც არ დაგიფასათ... 
- ვანო, მეგობრებთან ერთად, რამეს იმიტომ არასოდეს ვაკეთებ, რომ დამიფასდეს! 
- „დაიცავი საქართველოსწევრი, თუ არ მეშლება, თავის დროზე გოგა ხაინდრავაც იყო. 
- დიახ, მაგრამ ზვიადის დროს ჩვენ სხვადასხვა მხარეს ვიბრძოდით, თუმცა მიშას რეჟიმმა ერთმანეთის გვერდით ისეთი ხალხი დააყენა, რომლის ერთად ყოფნაც წარმოუდგენელი იყო. წარსულის დავიწყება ძნელია, მაგრამ მნიშვნელოვანია, როცა იდეა გაერთიანებს, რომ ძალადობას ებრძოლო. 
- იცით, გოგა ხაინდრავა რატომ ვახსენე - ფილმ „9+1“-ის კონსულტანტობა ხომ არ შემოუთავაზებია? 
- ყველაფერი, რაც მე ვიცი, გოგამაც იცის... 
- ...ერთხელ, გოგა ხაჩიძემ იხუმრა, თუ ყველგან ისევ ნაციონალები არიან, ესე იგი, მიშა არ მოგწონდათ და გეთქვათ, პლასტიკურ ოპერაციას გაიკეთებდაო... 
- დღეს სამეგრელოში, „ქართულ ოცნებას“ თავიდან ბოლომდე ნაცმოძრაობა აკონტროლებს! ყოველ შემთხვევაში, ნაციონალებმა იციან, „ოცნებაში“ რა ხდება. 
- ნაციონალებიმეოცნებეებსკომპრომატებით აკონტროლებენ? 
- ყველაფრით... 
- ...ბატონო კახა, ამბობენ, სამეგრელოს რომელიმე რაიონში, მაგალითად, ზუგდიდში ნაცების მაჟორიტარობის კანდიდატი სანდრა რულოვსი იქნებაო. ყოფილმა პირველმა ლედიმ კენჭი მართლა რომ იყაროს, მოიგებს? 
- სანდრას გამარჯვების ძალიან დიდი შანსი აქვს!.. 
- მაშასადამე, მეგრელებს სანდრაევასებათ“? 
- კი... ღომს გააკეთებს, ერთხელ „დიდოუ ნანას'' იმღერებს და გაიმარჯვებს, რაც ძალიან არ მინდა... 
ისე, ჩემი კრიტიკული განწყობის მიუხედავად, ვთვლი, რომ საქართველოს უახლოეს ისტორიაში ბიძინა ივანიშვილმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა - მიშა დაამთავრა! 
- გჯერათ, რომ მიშადამთავრდა“? 
- 2012 წელს, ივანიშვილმა მიშას რეჟიმი დაამთავრა, თუმცა სხვა საქმეა, მერე რა მოხდა. 2012-ში არჩევნები მიშას რომ მოეგო, ვანო, მე და თქვენ ახლა აქ არ ვისხდებოდით, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი და დღევანდელი „ქართული ოცნება“ უნდა განვასხვაოთ. 
- ილოცეთ, მიშა არ დაბრუნდეს, თორემ მტრისას და ავისას, რა დღეშიც აღმოჩნდებით! 
- იცით, რა? - ეს იმას უთხარით, ვისაც მიშასი მისი პრეზიდენტობის დროს ეშინოდა. 
- სამეგრელოში პრორუსული განწყობა მართლა ჭარბობს? 
- არა, ეს ისეთივე მითია, როგორც - მეგრული სეპარატიზმი. ზვიად გამსახურდიადან მოყოლებული, მეგრელები საქართველოს დამოუკიდებლობის სადარაჯოზე ვდგავართ და გამორიცხულია, სამეგრელოში სეპარატიზმი და პრორუსული განწყობა აყვავდეს. ვისაც ამის იმედი აქვს, ცივი წყალი დალიოს, ჩემო ძმაო! 
- ბატონო კახა, სამეგრელოში ბევრი თანამოაზრე გყავთ? 
- არა, ცოტა... 
- რატომ? 
- ამას ბევრი მიზეზი აქვს... 
- გასაგებია, რომ არჩევნებში დისონანსი არ შეგაქვთ, მაგრამ ვთქვათ, 9 ოქტომბერს რას იზამთ? 
- იმას ვიზამ, რასაც დღეს ვაკეთებ - თუ რამე არ მომეწონება, ამის შესახებ ნებისმიერი ხელისუფლების დროს ხმამაღლა ვიტყვი! 
- წეღან უნდა მეკითხა და დამავიწყდა: მუშაობთ, კახა ბატონო? 
- არა. 
- აბა, რას აკეთებთ? 
- (იღიმება) ვპოლიტიკოსობ! 
- რაღა დაგიმალოთ და, ვერაფერი გავიგე... 
- გაუგებარი რა არის? - პროტესტი ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან უსამართლობას ვერ ვეგუები!.. ვანო, წალენჯიხის ომი, გადამწვარი დარჩელი და მხედრიონის სისასტიკე არასოდეს დამავიწყდება! 
- ზვიადს მეგრელებმაც უღალატეს? 
- დიახ და ყველაფერი ის, რაც დღეს გვჭირს - ქვეყნის ღობეებმორღვეულობა და თუნდაც კოჰაბიტაცია, სწორედ ამ ღალატის შედეგია! 
- მეგრელებს კონსტანტინე გამსახურდია, როგორც პოლიტიკოსი მოსწონთ? 
- არ ვიცი... 
- მგონია, რომ ბევრი რამ იცით... 
- შეიძლება, მაგრამ ყველაფერს ვერ გეტყვით! 
- გარკვეული ოპოზიციონერები ამტკიცებენ, სუს- გვისმენს და გვითვალთვალებსო. დაკვირვების ქვეშ თქვენც ხართ? 
- (იღიმება) ერთხელ, მითხრეს, მეგის ქარდავა გისმენს და შენი სახლი „დაზიპულიაო“... 
- ესე იგი, ინტიმური კადრები თქვენზეც იქნება, არა? 
- (გულიანად იცინის) ჯერ არ გამიგია... მოკლედ, მითხრეს, მეგის ქარდავა გისმენსო და ვუპასუხე, მომისმინოს, ყველაფერს მედიით და საჯაროდ ვამბობ-მეთქი. პრობლემა არაა, დღევანდელმა სუს-მაც მომისმინოს!.. 
რაც შეეხება ფარულ კადრებს, ჯერ ერთი, 26 ფაილი არსებობდაო და მეტი საქმე არ ჰქონდათ, ამას რომ აკეთებდნენ?! მეორეც, მაღიზიანებს, რომ ამბობენ, „ოცნებამ“ გაავრცელაო. შე მამაცხონებულო, 26 ათასი ფაილი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ „დაამზადა“ და დადო... 
- ბატონო კახა, ოდესმე თქვენი მოსაწონი ხელისუფლება მოვა? 
- ზუგდიდში, საკანში ვიჯექი, ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანმა მანქანა გააჩერა და მითხრა, ,,მიშისტი'' კი ვარ, მაგრამ ძალიან დიდ პატივს გცემ, თუმცა იცოდე, ამ საკანში დარჩები, რადგან ისეთი ხელისუფლება, რომელიც მოგეწონება, არასოდეს მოვაო... ხომ შეიძლება, ვიოცნებო? - ჰოდა, მგონია, რომ ოდესმე ჩემი მოსაწონი ხელისუფლება აუცილებლად მოვა! 
- ჩემგან არ გესწავლებათ - ოცნებები არ ხდება! 
- ვიცი, მაგრამ ხომ შეიძლება, ეს ოცნება ამიხდეს? 
- ღმერთმა ხელი მოგიმართოთ... სხვათა შორის, თავის დროზე ძალიან ბევრიზვიადისტი“ „გამიშისტდა“. ამას რითი ხსნით? 
- დღეს სამეგრელო, შინაგანად, მაინც „ზვიადისტურია“!.. გარკვეულმა ნაწილმა ჩათვალა, რომ მიშა ზვიადის გამო შურს იძიებდა. სააკაშვილმა, წალენჯიხიდან ავტობუსით რომ წამოვიდა, ზუგდიდში, ზვიადის ძეგლთან მივიდა და პირდაპირ თქვა, ზვიადის დამმხობს დავამხობო. მოკლედ, სამეგრელოში ახლაც არსებობს განცდა, რომ ზვიადის დამმხობი მიშამ დაამხო და სააკაშვილის მოსვლის პირველ პერიოდში სამეგრელომ, რომელსაც „მხედრიონის“ თუ სხვისი ეგზეკუცია ექვსჯერ ჰქონდა გადატანილი, გარკვეულწილად ამოისუნთქა! 
- მოკლედ, არჩევნების მერე რას აპირებთ, კახა ბატონო? 
- 10 ოქტომბერს შევხვდეთ და გეტყვით. 
- სამეგრელოს პოლიტიკურად აფეთქებას ხომ არ გეგმავთ? 
- პოლიტიკური აფეთქება და მხილება ჩემი სტიქიაა, თუმცა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან არასოდეს გავდივარ! 
- საშიში კაცი ხართ... 
- საშიში აბსოლუტურად არ ვარ! ტყუილი არ მიყვარს, არავისი მეშინია და ყოველთვის სიმართლეს ვამბობ!