ორი ფაქტორი, რომელზეც

ორი ფაქტორი, რომელზეც "ქართული ოცნება" დგას

"ამომრჩევლის ის 60% ჯერჯერობით ისევ გადაუწყვეტელია, მოლოდინის რეჟიმშია და საარჩევნო სუბიექტების გააქტიურებას ელოდება. მართალია, თითქოს დაძაბულობა მატულობს, მაგრამ პროცესები მაინც მდორედ მიმდინარეობს, რაც ამომრჩეველს არ აძლევს საშუალებას, რომ ჩამოყალიბდეს. სავარაუდოდ, თვის ბოლომდე და შეიძლება ცოტა მეტიც, ასე გაგრძელდება. ამ ვარაუდის გამოთქმის საშუალებას მაძლევს ის, რომ ამ გამოკითხვის შემდეგ, პოლიტიკური სპექტრი დიდად არ შეცვლილა. "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობაზე" აღარ მაქვს საუბარი. ვისაც თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა მისი მხარდაჭერა, აქ არაფერი შეცვლია და ეს ამომრჩეველი ამ 60%-ში არ შედის. ასე რომ, საზოგადოების ეს ნაწილი ისევ მოლოდინს ამჯობინებს. ამ ამომრჩეველს არჩვენებზე წასვლა უნდა, მაგრამ ჯერჯერობით მას ქართული პოლიტიკურის პექტრი არ სთავაზობს არაფერ ახალს", - აცხადებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ორი ფაქტორი, რომელზეც "ქართული ოცნება" დგას.

"არის რამდენიმე წამყვანი თემა, რომლის ირგვლივაც ტრიალებს ყველა პარტია. ეს არის საგარეო ორიენტაციის თემა, რომელიც ყველა პოლიტიკური ძალისთვის წამყვანია. შემდეგ არის სოციალური და ეკონომიკური საკითხები. ყველა პოლიტიკური სუბიექტი ამ სამ თემაზე აკეთებეს აქცენტს. მათგან რომელი შესთავაზებს ისეთ რამეს, რომ ამომრჩეველი ენდოს - აი, ეს არის გადამწყეტი. ამ ეტაპზე, მთელი საარჩევნო რესურსი თავის კამპანიაში მხოლოდ "ნაციონალურ მოძაობას" აქვს ჩადებული, ფინანსებიანად დაწყებული, სააკაშვილით დამთავრებული. "ქართული ოცნება" მოლოდინის რეჟიმშია, რომ შემოდგომაზე ივანიშვილი რაღაცას იტყვის და ცა გაიხსნება. საბოლოო ჯამში, ამომრჩევლისთვის ის დაპირები, რაც უკვე მოისმინა, საკმარისი არ არის და ელოდება რაღაც ახალს. ვფიქრობ, სექტემბრის შუა რიცხვებამდე ასეთი მდგომარეობა შენარჩუნდება. ეს 60% ის ამომრჩეველია, რომელიც უფრო მეტად "ქართული ოცნებისგან" არის წამოსული, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობისგან". მას უჭირს გადაწყვეტა - ისევ "ოცნებას" დაუჭიროს მხარი და სხვა მისგან წამოსულ სუბიექტებს. კოალიცია დაიშალა, შესაბამისად, ამომრჩეველი თითქოს სხვადასხვა პარტიების მხარეზე გადანაწილდა, მაგრამ ძირითადი ნაწილი მაინც ნეიტრალურ რეჟიმშია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

"ეჭვი მეპარება, რომ ეს ამომრჩეველი "ნაციონალური მოძრაობისკენ" წავიდეს, მისთვის ეს პარტია მიუღებელია, მაგრამ "ქართული ოცნება" შეძლებს თუ არა იმას, რომ ეს 60% ისევ თავისკენ მოატრიალოს, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ყველა ელოდება ივანიშვილის გამოჩენას, რომელსაც ახლა უკვე რამდენად ენდობა ამომრჩეველი, მაგას ვნახავთ მაშინ, როცა ის გააქტიურდება, სავარაუდოდ, სექტემბერში. სამწუხაროდ, პოლიტიკური სპექტრის დანარჩენი ნაწილი ვერ სთავაზობს ამომრჩეველს ისეთს ვერაფერს, რომ თავისკენ წაიყვანოს. ვგულისხმობ იმ 5-6 პარტიას, რომლებსაც 5%-ანი ბარიერის გადალახვის შანსი აქვთ, მაგრამ გარანტირებულად არა. მე ყური მოვკარი, რომ გუბაზ სანიკიძე ამბობდა - "ფორუმს" აქვს სიახლე, რომელსაც ამომრჩეველს ამ კვირაში შესთავაზებსო. ვნახოთ, რა სიახლე იქნება და რამხელა მნიშვნელობის. სხვა მხრივ თუ დავაკვირდებით, პარტიებს შორის განსხვავება მხოლოდ საგარეო ორიენტირშია, თორემ ყველა პირდება დიდ ძვრებს ეკონომიკაში და სოციალური მხარის, პენსიებისა და სოციალური დახმარებების გაზრდას. მხოლოდ ამ მიმართულებით მუშაობს ყველა ოპოზიციური პარტია", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ქართული ოცნება", როგორც პოლიტიკური გუნდი, მკაფიოდ ვერ ჩამოყალიბდა, დარჩა პოლიტიკურად აქტიური ლიდერების გაერთიანებად. ეს არის არა პარტიული გაერთიანება, არამედ ჯგუფი, რომლის ერთიანობაც კითხვის ნიშანის ქვეშ არის - მათთვის მნიშვნელოვანია პარტიული ურთიერთობა თუ ის, რომ ხელისუფლებას წარმოადგენენ?! წარმოვიდგინოთ, რომ ხვალ ივანიშვილი პოლიტიკაში არ არის, დარჩებიან ისინი პოლიტიკაში ისევ ერთად? იგივე კვირიკაშვილი, კალაძე, ვოლსკი, კობახიძე, ბესელია - ესენი ერთი გუნდი იქნებიან? ერთად გაგრძელებენ პოლიტიკურ საქმიანობას? სწორედ ეს კითხვის ნიშნები რჩება. ჩემი აზრით, მათ ის უფრო აერთიანებთ, რომ ერთად ხელისუფლებაში არიან, ვიდრე ის, რომ ერთ პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენენ. მეორე ფაქტორი ისევ ივანიშვილია და სწორედ ამ ორ ფაქტორზე დგას დღეს ეს პარტია. ამომრჩეველის ერთი ნაწილი ამ ფაქტორების გათვალისწინებით არის მისი მხარდამჭერი, მეორე ნაწილი კი გავიდა და ინარჩუნებს ნეიტრალურ პოზიციას. მის უკან მობრუნებაზე რა იქონიებს გავლენას, აი, ეს არის გასარკვევი. ჯერჯერობით "ოცნების" საარჩენო კამპანიას მუხტი, ენერგია და სიახლე აკლია", - მიიჩნევს კონსტიტუციონალისტი. 

"პარტიიდან პარტიაში მიგრაცია ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის ახალი არ არის, ამიტომ არ მგონია, მთლიანად პლიტიკურ პროცესზე რამე გავლენა იქონიოს. თუმცა, შესაძლოა, ადგილობრივ არჩევნებში მაჟორიტარების შემთხვევაში მათმა გადანაცვლებებმა ამომრჩეველზე გარკვეული გავლენა მოახდინოს. რაც შეეხება მმართველი ძალის მხრიდან ზეწოლის და გადაბირების ფაქტებს, რაზეც ოპოზიცია ბოლო დროს ხშირად საუბრობს, მე ასეთ მასობრივი ზეწოლის ფატს ვერ ვხედავ. უფრო მგონია, რომ ამაში გარკვეული პიარის ელემენტები უფროა, ვიდრე რეალური ფაქტები. რაც შეეხება პარტიის წევრებს, აქ ზეწოლაზე უფრო გადაბირების მცდელობებზე შეიძლება იყოს საუბარი, ოღონდ კონკრეტულ რაიონში, უბანში და არა მასიურად. პარტიები რეიტინგული კადრების თავისკენ გადაბირებას რომ ცდილობენ, ესეც ჩვეულებრივი მოვლენაა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფიოში", - განმარტავს ძაბირაძე და შეკითხვაზე - "როგორც კონსტიტუციონალისტს, რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ "რესპუბლიკელების" ინიციატივა, რომ კონსტიტუაციაში ჩაიწეროს - "დავიმკვიდროთ ადგილი ევროატლანტიკურ სისტემაში"? - პასუხობს:

"იმის გასაგებად, გვინდა თუ არა, რომ ეს კონსტიტიციაში ჩაიწეროს, ისევ რეფენდუმი ან გამოკითხვა უნდა ჩავატაროთ. პირადად მე კონსტიტუციაში ამის ჩაწერა არ მგონია სწორი იყოს. თუ მაინცდამაინც ეს საკითხი ვინმეს ასე ძალიან აწუხებს, ჯობია განხილული იყოს რეფენდუმზე. მგონია, რომ უსუფაშვილის ეს განცხადება უფრო "ქართული ოცნებისკენაა" მიმართული, რადგან მან იმ პარტიებს მიმართა, რომლებმაც ანალოგიურ განცხადებას ვარშავის სამიტის წინ მოაწერეს ხელი. ეს ინიციატივა მიმართულია იქითკენ, რომ "რესპუბლიკელები" არიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკური გუნდი, რომელიც სხვა ალტერნატიულ ვარიანტს, გარდა დასავლეთისა, არ განიხილავს. ამის პროპაგანდა უფროა, ვიდრე ამის კონსტიტუციაში ასახვის რეალური შესაძლებლობა".

interpressnews.ge