საპარლამენტო ცემა-ტყეპის ანთოლოგია

საპარლამენტო ცემა-ტყეპის ანთოლოგია

ახალი მოწვევის პარლამენტი ქართული პარლამენტარიზმის ტრადიციებს სათუთად უფრთხილდება. დამოუკიდებელი საქართველოს კანონმდებლებისთვის ცემა-ტყეპა სულაც არაა უცხო. მაშინ, როდესაც დეპუტატებს სიტყვიერი არგუმენტები არ ყოფნიდათ, საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ძალისმიერი გზებით ცდილობდნენ.

ოდითგანვე საქმის გარჩევას და ძველბიჭობას არამხოლოდ ქუჩებში, არამედ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში მყარად ჰქონდა მოკიდებული ფეხი. დეპუტატები ”კაი ბიჭებს” ”კაჩაობაში” არ ჩამორჩებოდნენ და საკუთარი ”კაცობის” დემონსტირებას არ ერიდებოდნენ.

”პირველი მერცხალი” 90-იანი წლების დასაწყისში ვიხილეთ, როდესაც იმჟამინდელი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ვახტანგ რჩეულიშვილმა ნოდარ ნათაძეს ”ბორჯომი” შეასხა, შემდეგ კი ნათაძის ნასროლი ტელეფონი სასწაულებრივად აიცილა. თუმცა ცოტა ხანში უკვე მიხეილ მაჭავარიანის მიერ ნასროლ საფერფლეს ვეღარ გადაურჩა. განაწყენებულმა რჩეულიშვილმა ჟვანიას და მისი გუნდის წევრებს სულ ”გაურკვეველი ორიენტაციის ხალხი” უძახა...

ფიზიკური ანგარისშსწორების ტრადიცია ”ვარდების რევოლუციის” შემდეგაც შენარჩუნდა. დავით ბერძენიშვილის ”წყალობით” გიგა ბოკერია ერთი კვირის მანძილზე შავი სათვალით დადიოდა. ბერძენიშვილი თავს იმით იმართლებდა, ჩემს ძმას დედა შეაგინაო. თუმცა გაულახავები არც მაშინდელი ოპოზიციის წევრები დარჩენილან. მაგალითად, ლაშა ნაცვლიშვილი ისე ცემეს, რომ იგი ლექსების წაკითხვის ხასიათზე დადგა და მიკროფონში ”მოგენატრებათ მამათი, დედა ვატირე ამათის” გაჰყვიროდა. თუკი მაშინდელი ოპოზიციის ყველაზე ”დამრტყმელ წევრად” თამამად შეიძლება დავასახელოთ კობა დავითაშვილი, ”ნაციონალურ მოძრაობაში” ეს ტიტული უპირობოდ აკაკი ბობოხიძეს ეგრება.

2011 წელს პარლამენტის სხდომაზე პეტრე მამრაძე სიტყვით გამოდიოდა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ”სააკაშვილის ხელისუფლების ავანტიურად” მონათლა. ამაზე ბობოხიძე აღშფოთდა, მამრაძეს სილა გააწნა და არასახარბიელო ეპითეტებით კაი ხანს მოიხსენიებდა. სავარაუდოდ პეტრე მამრაძემ იგრძნო, რომ მის სიცოცხლეს თუ არა, ჯანმრთელობას მაინც სერიზოული საფრთხე ემუქრება და გაცოფებული ბობოხიძისთვის ხელი არ შეუბრუნებია.

თუმცა მამრაძისგან განსხვავებით, შს მინისტრის ამჟამინდელი მოადგილე ლევან იზორია, ბობოხიძეს არ შეუშინდა. დეპუტატების დიალოგი ჟანრის ყველა წესის დაცვით წარიმართა. სხდომაზე ისეთმა ფრაზებმა გაიჟღერა, როგორიცაა ”ლექციები ბებიაშენს წაუკითხე” და ”ამას არ გაპატიებ, შე ნაბიჭვარო”.

ამ მოწვევის პარლამენტი ერთმანეთთან დაპირისპირებული ორი პოლიტიკური ძალითაა დაკომპლექტებული. ორივე პარტიის რიგებში ბევრი ”დამრტყმელი” და ”საკუთარი კაცობის” მოტრფიალე ბევრი წევრი ირცხება. აქედან გამომდინარე ეჭვგარეშეა, რომ ”საპარლამენტო ცემა-ტყეპის ანთოლოგია” კიდევ მრავალი მარგალიტით შეივსება.