“აქ ამ აქციებისას იმდენი ხალხი დაიჭირეს, ხალხი კი მაინც არ გამოდის და... თუ ერთი ირაკლი ოქრუაშვილის გამო გამოვა ბევრი ხალხი, მაშინ თვითონ ხელისუფლება არ დაიჭერს ოქრუაშვილს,” - ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას “სახალხო კრების” წევრი, მსახიობი გია ბურჯანაძე. მისივე თქმით, აქცია-მიტინგის ორგანიზატორები კიდევ ელოდებიან ხალხს.
“აქ მყოფ ადამიანებს კიდევ აქვთ იმედი, რომ მათ შეუერთდება უამრავი ადამიანი. უნდა ვეცადოთ, რომ ხელისუფლებამ 26-ში არ ჩაატაროს აღლუმი,” - აცხადებს ის.
გუშინ “პირველი არხის” წინ მომიტინგეთა სიხალვათე აშკარად შეიმჩნეოდა. რატომ არ გამოდის ხალხი საპროტესტოდ, ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებაში დათესილი შიშის ბრალია ეს, თუ ოპოზიციური ლიდერებისადმი უნდობლობისა და, საერთოდ, 25-ში რას აპირებენ მომიტინგენი - სწორედ ამაზე “რეზონანსი” აქციაზე მყოფ გია ბურჯანაძეს ესაუბრა.
რა მოლოდინი გქონდათ აქციამდე და რამდენად გამართლა ამ მოლოდინმა?
- გია ბურჯანაძე: აქციის დაწყებამდე გვქონდა დიდი მოლოდინი იმისა, რომ ბევრი ხალხი გამოვიდოდა. ველოდოთ, რომ მთელი აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველო ერთად დადგებოდა. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა რამდენიმე სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო.
რა მიზეზებს გულისხმობთ? მოდით, ჯერ სუბიექტურიგვითხარით.
- სუბიექტური მიზეზია ის, რომ დღეს ქართველი კაცი ისეა ღირსებადაკარგული, რომ საპროტესტოდ განწყობილი კი არის, მაგრამ მაინც ურჩევნიათ, სხვისი ხელით მიიღოს რამე ცვლილება. თუ რამე გამოვა, ისინიც ისარგებლებენ ამ მიღწევით. საზოგადოების დიდი ნაწილი ცოტა გაზრმაცებულიც არის და შეშინებულიც.
აქ ასევე ობიექტური მიზეზი მოდის: ამ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს ხალხი დაეშინებინა. ობიექტური მიზეზებიდან გეტყვით იმას, რომ ბოლო 3 დღის განმავლობაში წარმოუდგენელი რამ ჩაიდინა ხელისუფლებამ. დღეს მთელ საქართველოში საშინელი ტერორია.
კონკრეტულად რას გულისხმობთ, რა ჩიადინა ბოლო 3 დღის განმავლობაში ხელისუფლებამ?
- თუნდაც მანქანების წართმევა: ოჯახში პირდაპირ მიდიან ევაკუატორით და მიჰყავთ მანქანა. ისეთს, ვინც ამ ხელისუფლებაზე ცუდად არის განწყობილი (უფრო სწორად, ვინც ხმამაღლა გამოხატავსამ უკმაყოფილებას), მიკროავტობუსები ჩამორთვეს. უამრავი ადამიანი ვერ ჩამოვიდა, ფიზიკურად ვერ მოახერხა ჩამოსვლა. გარდა ამისა, აქ, აქციაზე, ვინც არიან, სიცხესა თუ წვიმაში რომ დგანან, კვება სჭირდებათ. იმის ნაცვლად, რომ ამათ დაეხმარონ კევბაში, ან წყალი მიაწოდონ, აქეთ ართმევენ.
ვინ წაართვა?
- ვინ წაართმევდა?! ხელისუფლებამ! დღეს თბილისის ცენტრში ”ლეკიანობაა”. მოგეხსენებათ, აქ, ამ ქვეყანაში, ტოტალური მოსმენებია. სიტყვას ვერ იტყვი ისე, რომ მათ არ გაიგონ. ასევე, ისმენდნენ იმასაც, რომ ვიღაცამ გამოაცხო 20 ხაჭაპური და ამა თუ იმ მანქანით უნდა წამოეღოთ. წამოსაღებად რამდენიმე მანქანა წავიდა. რამდენიმე იმიტომ, რომ ერთს ეშიანია გასვლა. იმ წასულ ხალხს ის 20 ხაჭაპურიც წაართვეს, მანქანაც წაართვეს, მძღოლს 3 წლით მართვა აეკრძალა და კიდევ პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის გამო 400 ლარიანი ჯარიმა გამოუწერა. წარმოიდგინეთ, რაებს კადრულობს ხელისუფლება! გუშინ პატარა, 16 წლის ბიჭმა სცენაზე ამოიტანა სასამართლოდან განაჩენი. მოყვა ის, თუ როგორ მოიტაცეს, როგორ გაასამართლეს და მიუსაჯეს 400 ლარი პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის.
სახელი და გვარი არ გახსოვთ?
- ყველაფერი ჩაწერილი და შენახული გვაქვს. შეგიძლიათ, გადაამოწმოთ. ის 16 წლის ბიჭი ისეთი სუსტია აღნაგობით, რა წინააღმდეგობის გამწევი იყო?!
აქცია-საპროტესტო გამოსვლებს რომ გეგმავდით, არელოდით ხელის შეშლას?
- ველოდით, მაგრამ ამ დონეზე, “ლეკიანობას” რომ დაიწყებდნენ, ვერ წარმოვიდგენდი. კიდევ ერთს გეტყვით: აქ ხალხი რომ შევინარჩუნოთ, ღამით ხომ სჭირდებათ დასაწოლი? - ლეიბები მოგვტაცეს.
ანუ მოიპარეს?
- არა, დააპატიმრეს. ლეიბებიც წაიღეს, ლეიბების მომტანი მანქანებიც წაიყვანეს და პატრონები გაასამართლეს. სამმართველოებში ადგილები აღარ არის. იმდენი ხალხი ჰყავთ დაპატიმრებულები, თბილისში აღარ ეტევიან და გადაჰყავთ უკვე გორისა და ყვარელის სამმართველოებში. დაფიცება საერთოდ არ შეიძლება, მაგრამ რა დაგიფიცოთ იმის დასტურად, რომ სიმართლეს გეუბნებით. რადიო “უცნობს” უნდოდა, რომ თამარ ჩიქოვანის (შეგიძლიათ მასთან გადაამოწმოთ) გადაცემაში ჩავრთულიყავი. როცა თამარ ჩიქოვანის წარმომადგენელი წარმიძღვა წინ და წამომყვა ”სახალხო კრების” პრესცენტრი, იქ იდგა 50 თუ 60 ზონდერი: ჯინსები და ბოტასები ეცვათ, ქურთუკზე “პოლიცია” ეწერათ...თამარს ჩემი ჩაწერა ტელეფონით მოუწია.
რატომ, რა მოხდა, რატომ ვერ დაჯექით რადიოს ეთერში?
- ტელევიზიის ხელმძღვანელობას მეოთხეჯერ რომ მიუტანეს ამბავი, ეს კაცი უნდა შევუშვათო, ტელევიზიის დაცვის უფროსს უთხრეს: შენს ხელმძღვანელობას გადაეცი - ცხვირ-პირს მივანგრევ, ნუ გვიგზავნის აქ ასეთ ხალხსო. კი მაგრამ, ტელევიზიის ხელმძღვანელობაზე რომ ამბობს, ცხვირ-პირს მივანგრევო, გია ჭანტურია რა ნამუსით ზის თავის კაბინეტში?!
ისევ აქციებზე ხალხის სიმცირის მიზეზებს დავუბრუნდეთ. ამას იმითაც ხსნიან, რომ საზოგადოების არც თუ ისე პატარა ნაწილი აქციის პოლიტიკურ ლიდერებს (მაგალითად, ნინო ბურჯანაძეს) მათი წარსულის გამო არ ენდობა.
– და ეს გამართლებულად მიგაჩნიათ?! ვარდების რევოლუცია ნინო ბურჯანაძემ, ზურა ჟვანიაიმ და მიშა სააკაშვილმა რომ მოაწყეს, მაშინ სამივე ხელისუფლებაში დიდ თანამდებობაზე იყო...ამის გამო არ უნდა დავკარგოთ ასეთი ადამიანების მიმართ ნდობა. ასეთი განწყობა კი კარგად ამუშავებული სახელმწუფო რეპრესიული მანქანის შედეგია.
დღეს სამთავრობო ტელევიზიებიდან ჟურნალისტებმა მკითხეს: რუსეთმა დღეს რაღაცა განცხადება გააკეთა და თქვენ რა პასუხი გაქვთ ამაზეო. რუსეთის შლეგი ხელისუფლების ნათქვამზე მე რა პასუხი უნდა გავცე მაშინ, როცა ჩემივე შლეგი ხელისუფლების პასუხები ვერ გამიგია.
ჩემთვის სააკაშვილი, პუტინი, კადაფი თუ მუბარაქი - ყველა ერთია, რადგან ხალხის ნების ასე დათრგუნვა არ შეიძლება. მთელმა საქართველომ იცის, რომ მე არ მხიბლავს პოლიტიკაში ყოფნა, არათუ სადმე ხელისუფლებასა თუ პარლამენტში. პარლამენტში ჯდომა ჩემთვის მხოლოდ სასჯელი იქნება. ხომ გამისკდა გული, მთელი დღეები იქ რა უნდა ვაკეთო?! მე თავისუფალი პროფესიის ადამიანი ვარ, ჩემი შემოქმედებით ვიცხოვრე 50 წელი და ახლა დავჯდები პლენარულ სხდომაზე?! მე ეს არ მაინტერსებს. მე მარტო ის მინდა, რომ ეს ქვეყანა ფეხზე დადგეს, ჩემმა ხალხმა ღიმილით იცხოვროს.
ბურჯანაძის წარსულზე რომ მეკითხებოდით, აგერ, გუშინ მოვიდა ლევან გაჩეჩილაძე, გადაეხვია და გადაკოცნა. ყველა, ამის შემყურე, ვიდექით და ვტიროდით. მე ვფიქრობ, რომ ყველაფრის პატიება შეიძლება, ქვეყნის ღალატის გარდა. ოღონდ ამ ქვეყანამ დაიწყოს ნორმალური ცხოვრება და ვაპატიოთ ერთმანეთს ადრინდელი წყენა. ამ ქვეყანაში ხალხს ჰქონდეს გარანტირებული ახალგზარდებს სწავლა, მოხუცებს გარანტირებული სიბერე, ადამიანებს გარანტირებული შრომის საშუალება, რომ თავის პროფესიით იმუშაონ.
საქართველომ სახელმწიფოს მშენებლობა უნდა დაიწყოს, რადგან ჩვენ 20 წლის განმავლობაში ამისთვის პრაქტიკულად არაფერი გვიკეთებია: ცეკას პირველ მდივანს პრეზიდენტი დავარქვით, რაიკომის მდივანს - გამგებელი, მილიაციას - პოლიცია და ა.შ. სისტემურად აქ სახელმწიფოს მშენებლობა არ დაწყებულა. მთავარი კი აქ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაა. მე ვთვლი, რომ ყველაზე დიდი გამარჯვება თუნდაც “სახალხო კრებისა” იქნება ის, რომ ერი ფეხზე დადგეს და დაიწყოს კონსოლიდაცია, თორემ პოლიტიკოსებს (მაპატიონ ამ გამოთქმისთვის) თავში ქვა უხლიათ.
აქ ძალიან ცოტა ხალხია. ამით აპირებთ რამის შეცვლას?
– აი, ეს მიკლავს გულს, რომ დღეს “სხვისი ჭირი ღობისჩხირი გახდა”. არადა, ეს ხომ ყველას ჭირია?! ეს ადამიანები, ვისაც აქ ხედავთ, იმათთვისაც დგანან აქ, ვინც ტელევიზორიდან ადევნებენ თვალს აქციებს. მე მესმის, რომ შეიძლება რაღაცაპ რობლემა გაქვს და აქციაზე ვერ მოდიხარ. მაგრამ ხომ უნდა თანაუგრძნო?! მაგრამ უმეტესობას აქ მოსვლის ეშიანია იმიტომ, რომ სამსახურს დაკარგავს.
არ ფიქრობთ, რომ ასეთებს იმის იმედიც არ აქვთ, რომ ამ აქციებით რამე შეიცვლება. ამიტომაც არის მათში ნიჰილიზმი.
– გასაგებია, რომ ნიჰილიზმია. მაგრამ ერმა უნდა გადალახოს ეს მომენტი იმისათვის, რომ ნორმალურად იცხოვროს. თუ არა და მოუწევთ ისევ ამ რეალობაში ცხოვრება.
რას აპირებთ, აქციის ორგანიზატორებს რა გეგმები აქვთ?
– ჩვენ კიდევ ველოდებით ხალხს. აქ მყოფ ადამიანებს კიდევ აქვთ იმედი, რომ მათ შეუერთდება უამრავი ადამიანი. უნდა ვეცადოთ, რომ ხელისუფლებამ 26-ში არ ჩაატაროს აღლუმი.
როგორც ცნობილია, ამ აქციების გამართვის უფლება 25-ის მერე აღარ გაქვთ. 25-მდე მოახერხებთ იმას, რაც ჩაფიქრებული გაქვთ?
– დიახ, 25-მდე აქ ყველაფერი კანონიერია. 25-ის მერე ეს ხალხი, აქ რომ დგას, წავა. ხალხი ჯერჯერობით დგას. უნდა შევეცადოთ ყველანი, რომ ამ ხელისუფლებამ აღლუმი არ ჩაატაროს, ერმა არ უნდა ჩაატარებინოს იმ მხედართმთავარს, რომელმაც ტერიტორიები დაკარგა.
25-ში თუ ისევ ასეთი ცოტა ხალხი იყო აქციაზე, ამით დამთავრდება ყველაფერი და თქვენი ბრძოლაც წაგებული იქნება?
– წაგებულები არ ვიქნებით. სიმართლე შეიძლება გალახო, მოერიო, მაგრამ სიმართლე მუდამ სიმართლეა. იმედი მაქვს იმისა, რომ სიმართლე ადრე თუ გვიან გაიმარჯვებს.
25-ში ირაკლი ოქრუაშვილს ელოდებიან და თვლიან, რომ ეს იქნება გარდამტეხი ამ აქცია-გამოსვლებისა. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?
– ვერაფერს გეტყვით. როგორ ელოდებიან, საიდან ელოდებიან- ამაზე უამრავი ჭორ-მართალი დადის. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის წარმოუდგენელია ის, რომ ამ ერთმა კაცმა, რაც არ უნდა თეთრ რაშზე ამხედრებული გმირი იყოს, რაღაცა უნდა შეცვალოს. ჩემი აზრით, რაღაცის შეცვლა მხოლოდ ხალხს შეუძლია.
როგორც ამბობენ, ასეთი გათვლაა, რომ ჩამოსულ ოქრუაშვილს დაიჭერენ და მერე ხალხი ამხედრდება.
– აქ ამ დღეებში იმდენი ხალხი დაიჭირეს, ხალხი კი მაინც არ გამოდის და... თუ ერთი ირაკლი ოქრუაშვილის გამო გამოვა ბევრი ხალხი, მაშინ თვითონ ხელისუფლება არ დაიჭერს ოქრუაშვილს.
თქვენი აზრით, ჩამოვა კი ოქრუაშვილი?
– არ ვიცი. მე არ ვიცნობ მას და არანაირი კავშირი არმაქვს. გუშინ რომ მოვიდნენ ლევან გაჩეჩილაძე, სოზარ სუბარი და ”უცნობი”, როგორც მათ მითხრეს, ოქრუაშვილზე მათაც არ იციან და რანაირად ჩამოვა?!
სხვა პარტიების მხრიდან თუ გაქვთ მხარდაჭერა? მაგალითად, “რვიანის” პარტიებიდან.
– “რვიანის” პარტიებზე ვერაფერს გეტყვით, რადგან ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომ, მე მგონი, “ნაციონალებსაც” კი გადააჭარბეს.