ქართული საზოგადოება, როგორც

ქართული საზოგადოება, როგორც "ოცნებისა" და "ნაცმოძრაობის" მთავარი ოპონენტი

"საკონსტიტუციო სასამართლოს საკითხს სისტემურად ვაფასებ როგორც ზიანს სახელმწიფოებრივი განვიათარებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ ქვეყანაში კონსტიტუციონალიზმის ფუნდამენტია. როდესაც მისი სრული დისკრედიტაცია ხდება და რაც მთავარია, პოლიტიკური ჟინიდან გამომდინარე ამაში არც ერთი მხარე უკან არ იხევს, არ ფიქრობს, რომ ამ საქმეში ნაბან წყალს ბავშვს აყოლებს, ეს ქართველი პოლიტიკოსების მუდმივი დილემაა. მათ არ ესმით სად გადის ზღვარი პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ აზრს შორის, რაც ნდობადაკარგულ სასამართლო სისტემას კიდევ უფრო აზიანებს. ყველა მხარეს მიაჩნია, რომ რაც მისთვის სასარგებლოა, სახელმწიფო ინტერესში შედის. სინამდვილეში კი საქმე სხვაგვარადაა", - აცხადებს პოლიტოლოგი და ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ქართული საზოგადოება, როგორც "ოცნებისა" და "ნაცმოძრაობის" მთავარი ოპონენტი / ხუხაშვილი: "რეალურად ამ ძალებს პრობლემა ერთად არ აქვთ, ისინი თავს ცუდად საზოგადოებასთან მხოლოდ ცალ-ცალკე გრძნობენ".

"შეიძლება უხერხულად გამომივიდეს, მაგრამ ასეთ შედარებას მოვიყვანდი: ამ პოლიტიკური იწილო-ბიწილოს კითხვა შემდეგნაირი გახლავთ - რომელი სასამართლო სჯობს კუბლაშვილ-პაპუაშვილისა თუ მურუსიძე-ტურავასი? მთელი პროცესი ფაქტობრივად ამ კითხვის ირგვლივ მიდის. სინამდვილეში განსხვავება ერთ რამეშია - მანიაკის ცოლი მხოლოდ ერთს უწვება, ესენი კიდევ მზად არიან ნებისმიერს დაუწვნენ. ეს გახლავთ მთელი ამ პროცესის ალია-ბალია. ქართული სახელმწიფოსთვის როგორც კუბლაშვილ-პაპუაშვილის სასამართლო იყო მიუღებელი, ისეა მურუსიძე-ტურავასი, რომელებიც მზად არიან ნებისმიერ ბატონს ემსახურნონ. ეს მთავარი ტრაგედიაა, რადგან ეს არ გახლავთ პროცესი, რომელსაც სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე შევხედავთ. გვაქვს არჩევანი, რომელიც ცუდსა და უარესს შორის გადის. ახლა ყველამ უნდა გადაწყვიტოს, რომელი უფრო უარესია ამ ორ მხარეს შორის. პირადად ჩემთვის მურუსიძე კუბლაშვილს არაფრით სჯობს, ისევე როგორც ტურავა, რომელიც წარსულში ჩადენილი უცნაური საქციელის გამო პაპუაშვილს ვერაფრით აჯობებს, თუმცა კი ისინი ვიღაცას ემსახურებოდნენ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

"ჩვენი სასამართლო ძალიან ცუდ დღეშია. აქ მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლო არ იგულისხმება, ასეა საერთო სასამართლოებიც, ეს უბედურება კი უკვე ბევრი წლის განმავლობაში მოგვყვება. ამ დროს ორი გზა არსებობს - ან ბოლომდე უნდა დაინგრეს და ახალი აშენდეს, რომლის მექანიზმებიც ჩვენ უნდა შევქმნათ, ან საზოგადოება რაღაც გზაზე მაინც უნდა შეთანხმდეს. სხვანაირად "ჩემი ბატონი შენსას სჯობს" გამოდის და ეს ძალიან არასწორია. შევახსენებ ყველას, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალის ინტერესი სახელმწიფო ინტერესს არ ნიშნავს, თუმცა კი პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ სახელწიფო ისინი არიან. სინამდვილეში ასე არაა. არ მიმაჩნია, რომ მურუსიძე კუბლაშვილს რაიმეთი სჯობს, რადგან იგი მზადაა ყველას ემსახუროს. ასეთი ადამიანები სასამართლო სისტემიდან უნდა გავიდნენ. ჩვენ გვჭირდება მოსამართლე, რომელიც კანონს აღასრულებს, მიუხედავად იმისა, თუ ვინაა ხელისუფლების სათავეში", - განაგრძობს რესპონდენტი.

"სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური ელიტა ფიქრობს, რომ მისი ინტერესი სახელმწიფო ინტერესზე მაღლა დგას და ეს მხოლოდ "ოცნებას" არ ეხება. ანუ, კი ბატონო შეიძლება სისტემას ვაზიანებთ, მაგრამ ახლა ჩემი სკამი უფრო მნიშვნელოვანია - დაახლოებით ამ პრინციპით მოქმედებენ და აზროვნებენ. ქართულ პოლიტიკურ ელიტაში სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი პრაქტიკულად არ გვყავს, ყველა მხოლოდ საკუთარ ინტერესზე ფიქრობს და განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, როცა ეს უნივერსალური ფორმულაა. ეს დამანგრეველი აღქმაა. ყველა კვლევა აჩვენებს, რომ საზოგადოების უმრავლესობა პოლიტიკური ელიტისგან დისტანცირებულია. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მას ცუდი ხელისუფლება და უარესი ოპოზიცია ჰყავს. ეს კიდევ ერთი შემაშფოთებელი ფაქტორია. ვინ მოერევა - ამ კუთხით ამომრჩეველი უკვე ძალიან დიდი ხანია აღარ იყურება, რადგან ამ ფარსით ყველა დაიღალა. ეს ერთი დიდი სპექტაკლის ერთი დიდი ფარსია, რომელსაც მოსახლეობაც შესაბამისად აფასებს. თუკი ვინმეს ჰგონია, რომ ამ ბრძოლაში მოიგებს ან წააგებს, ცდება. სინამდვილეში ორივე აგებს და ორივეს მთავარ ოპონენტად ქართული საზოგადოება ყალიბდება. რეალურად ამ ძალებს პრობლემა ერთად არ აქვთ, ისინი თავს ცუდად საზოგადოებასთან მხოლოდ ცალ-ცალკე გრძნობენ", - დაასკვნის პოლიტოლოგი.

"უფრო სანდო კვლევებიც ვიცი, უბრალოდ უფლება არ მაქვს ამ მონაცემებზე საჯაროდ ვისაუბრო. ტრენდენცია კი საყურადღებო რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებითაა. პირველი გახლავთ ის, რომ "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" ჯამური რეიტინგი 50%-იც კი არაა და ისინი ხელისუფლებას ვერ ქმნიან. ეს ის მახასიათებელია, რომელიც ამ ორ პარტიას არაფერს სასიხარულოს არ უქადის. მეორე მახასიათებელი გახლავთ ის, რომ ამ ორ პარტიას ძალიან დიდი უარყოფითი რეიტინგი აქვთ. მოსახლეობის დაახლოებით 20% მათ მიმართ აგრესიულადაა განწყობილი. ეს გახლავთ ადამიანები, რომლებიც მათთვის არასასურველი არჩევანის შემთხვევაში ქუჩაში გამოსვლისა და პროტესტის აგრესიული მეთოდებით გამოსახატად მზად არიან, რაც პოსტსაარჩენო კრისიზის ჩამოყალიბებისთვის კრიტიკულ მასაზე მაღალი მაჩვენებელია", - განმარტავს ხუხაშვილი.

"რა თქმა უნდა, "ნაციონალური მოძრაობას" ელექტორალურად ზრდის პოტენციალი არ აქვს, მაგრამ საქმე ისაა, რომ ამის პოტენციალი არც "ოცნებას" აღარ აქვს, რადგან "ოცნებას" ნატურალური ამომჩეველი ძალიან ცოტა ჰყავს. ანუ, ვგულისხმობ იმას, რომ მისი ამომრჩეველის უმეტესობას "ოცნება" სულაც არ მოსწონს, მაგრამ იმდენად ეზიზღება "ნაცმოძრაობა", რომ მათი დაბრუნების შიშით ისევ "ქართულ ოცნებას" აძლევს ხმას. ამდენად, "ოცნებას" არა პოზიტიური, არამედ ნეგატიური ამომრჩეველი ჰყავს. რაც მთავარია ეს გახლავთ კატეგორია, რომელმაც შესაძლოა მესამე არჩევანზე თავისუფლად მიიღოს გადაწყვეტილება. როცა სხვა ალტერნატივას დაინახავს, აუცილებლად იქ გაიქცევა. უბრალოდ ციფრს არ დაგისახელებთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ "ოცნების" ამომრჩეველი კრიტიკულ ზღვარს მიღმაა, - ამბობს ანალიტიკოსი.

"ჩემი მონაცემებით, იმ ამომრჩეველში, ვინც არჩევნებზე წასვლას აპირებს და ასეთი ბევრი ნამდვილად არაა, 60%-ზე ცოტა მეტია, 35% გადაუწყვეტელია. ეს კი ნიშნავს იმას, რომ რეალური გადაწყვეტილება დღეს მხოლოდ 40%-ზე ოდნავ ნაკლებს აქვს მიღებული. გადაუწყვეტელ ამომრჩეველს არ მოსწონს არც "ოცნება" და არც "ნაცმოძრაობა". ამიტომ მესამე არჩევანს ეძებს, რასაც პოლიტიკური ელიტა ჯერჯერობით ვერ ებრძვის. ამასთანავე, ისიც შესაძლებელია გადაუწყვეტელი ამომჩეველი ერთ კვირაში ჩამოყალიბდეს. ასეთ შემთხვევაში ახალი ძალაზე არჩევანის შესაძლებლობა გაჩნდება. მათი ხმების გადანაწილების თეორიული შანსი კი, რა თქმა უნდა, ბურჭულაძესა და სხვა პარტიებს ექნებათ. ყველაზე მეტი შანსი ბურჭულაძეს აქვს, ვინაიდან იგი პოლიტიკური ცოდვებით დამძიმებული არაა, არც დამარცხებულია, რაც ამომრჩეველს აგრეთვე არ უყვარს. თუ ეს ასე არ მოხდა, ჩვენ ძალიან დაბალ აქტივობასა და შესაბამისად, არალეგიტიმურ ხელისუფლებას მივიღებთ, რადგან ამომრჩეველს არ ექნება განცდა, რომ ლეგიტიმური ხელისუფლება აირჩია. ხელისუფლება, რომელიც 40%-ით იქნება არჩეული, ლეგიტიმური ვერ იქნება. შესაბამისად, რისკი იმისა, რომ პოსტსაარჩევნო პერიოდში ან შემდეგ ციკლში მორიგი რევოლუციური კრიზისი მოხდეს, ძალიან მაღალი იქნება", - მიიჩნევს გია ხუხაშვილი და შეკითხვას - "თინა ხიდაშელმა თქვა, რომ მისი შემცვლელი ლევან იზორია სპეცსამსახურებში მსახურობდა და იგი ამ პოსტისთვის შეუფერებელია..." - პასუხობს:

"სისტემურად თავდაცვის მინისტრის ფიგურის არჩევას ძალიან დადებითად ვუყურებ, რადგან თავდაცვის მინისტრი მძიმეწონიანი პოლიტიკური ფიგურა არ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, უნდა იყოს პოლიტიკოსი, მაგრამ არა ლიდერი. ეს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ლიდერის ჩასმა დეპოლიტიზების ჩარჩოებში ძალიან რთულია. მოგეხსენებათ, თავდაცვის სამინისტრო დეპოლიტიზებული უწყებაა და შესაბამისად, ლიდერის შესაბამისობაში მოყვანა ძალიან რთულია, ადამიანებს ეს ძალიან უჭირთ. სხვათა შორის, ეს ხიდაშელისა და ალასანიას მაგალითზე ძალიან კარგად გამოჩნდა. ამდენად, სისტემურად ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. ხოლო რაც შეეხება თავად იზორიას ფიგურას, ხიდაშელის არგუმენტს, რომ თითქოს სპეცსასმსახურებიდან ამ პოსტზე გადასვლა არ შეიძლება, არ გავიზიარებ, რადგან ორივე უწყება ძალოვანი ბლოკისაა, მათი მუშაობის სპეციფიკაში კვეთა არსებობს. ამიტომ აქ უცნაური არაფერია. თავად იზორიაზეც მაქვს სათქმელი, თუმცა ეს პირადულია და მასზე არც ცუდს ვილაპარაკებთ და არც კარგს. რაც შეეხება ქეთევან ციხელაშვილს, მისი დანიშვნაც აბსოლუტურად მისასალმებელი იყო, რადგან იგი ამ საქმის კარგი სპეციალისტია. რატომღაც მეჩვენებოდა, რომ რეალურად მინისტრი ის იყო, რადგან როგორც საქმიანი თვისებებით, ისე სერიოზულობითა და სიღრმისეული ცოდნით ზაქარეიშვილს მუდმივად ჩრდილავდა. ამდენად, ეს ერთ-ერთი იშვიათი დანიშვაა, რომელსაც მივესალმები".
interpressnews.ge