შალვა ოგბაიძის პროექტი თბილისში საცობებს მოსპობს

შალვა ოგბაიძის პროექტი თბილისში საცობებს მოსპობს

თბილისის საკრებულოს წევრი, შალვა ოგბაიძე, თბილისში საგზაო წესების მოსაწესრიგებლად, საცობების პრობლემის მოსაგვარებლად, პროექტს ამზადებს. ამ იდეის მთავარი არსი ის გახლავთ, რომ ოგბაიძე, არც მეტი, არც ნაკლები, დავით ნარმანიას მერიის ახალი საქალაქო სამსახურის შექმნას სთავაზობს, რომელიც ამ საკითხებს მოაგვარებს. ოგბაიძე მიიჩნევს, რომ მერიის სატრანსპორტო სამსახური ვერ შეძლებს ამ საკითხების მოგვარებს, როგორც არ უნდა მოიწადინონ.

უფრო კონკრეტულად, რას სთავაზობს შალვა ოგბაიძე დავით ნარმანიას, თავად მოგვითხრობს:

ბატონო შალვა, თბილისში მოძრაობის უსაფრთხოების დარეგულირებისა და საცობებისგან განტვირთვის კონკრეტულად რა გეგმა გაქვთ?

- ჯერ უნდა შევაფასოთ, რა მემკვიდრეობა გვერგო, სად ვართ  რა უნდა გაკეთდეს შორეულ პერსპექტივაში და რა - გადაუდებლად და საჩქაროდ. მემკვიდრეობით გვერგო ქალაქი ვიწრო ქუჩებით, მოძველებული ავტოპარკით და სხვა პრობლემებით, ეს არის ჩვენი მემკვიდრეობა და ობიექტური მოცემულობა. თუმცა, არის სუბიექტური ფაქტორებიც. ავიღოთ, ერთი კონკრეტული საცობის  ანატომია. როდესაც ვაგზლიდან მოდიხარ, სადღაც, არ მისული გმირთა მოედანთან, ცირკის პირდაპირ, აკადემქალაქის ასახვევთან, იწყება უკვე საცობი. ამ საცობის კუდი, ე.წ. გოსკინპრომის მომდებარე ტერიტორიასთან არის, ზოგჯერ სანაპიროზეც კი ჩადის. მარცხენა 2 რიგი იწურება "ძაბრთან" გმირთა მოედანზე, პანდუსი რომ ადის მაღლა, მაგ ადგილას, მარჯვენა რიგი ამ დროს შეუფერხებლად უნდა მოძრაობდეს გმირთა მოედნისკენ, ე.წ თერთმეტსართულიანი შენობის მიმართულებით. თუმცა, აქაც მუდამ საცობია. ვნახოთ, ახლა რა იწვევს ამ საცობს. აკადემქალაქის ასახვევთან, ზედ შუა გზაზე, მარჯვენა რიგის შუა ნაწილში, არის იმხელა ორმო, რომელსაც მსუბუქი მანქანა ვერ გადაუვლის, მძღოლმა უნდა გააჩეროს და ნელა, ტაატით გადაიაროს ეს ორმო, წინაღმდეგ შემთხვევაში, მანქანას იქ დატოვებს. აი, აქ რომ გაჩერდება ერთი მანქანა და ნელ-ნელა ცდილობს ამ ორმოს გადავლას, უკან ფერხდებიან მანქანები, მერე, კიდევ უკან და აი, ეს ელემენტარული პრობლემა, ერთი ორმო იწვევს იმხელა საცობს, რომლიც, უკვე მოგახსენეთ, ხშირად სანაპიროზეა.

მერედა, რა გახდა ამ ერთი ორმოს ამოვსება?

- ეს ერთი ორმო მაგალითად მოვიყვანე, თორემ ასეულობით ასეთი ორმოა თბილისში და იქნებ, მეტიც. რაც შეეხებ მის ამოვსებას, ამისთვის მერიაში უნდა არსებობდეს სწრაფი რეაგირების ჯგუფი, მან უნდა ამოავსოს ორმო და მორჩა. ასფალტის დასხმაც არ უნდა პირველ ეტაპზე, არსებობს აღდგენის თანამედროვე ტექნოლოგია, ე.წ. ხორკლიან ასფალტს რომ ასხამენ, ერთი ასეთი სპეცმანქანის მოყვანა და 1 საათი სჭირდება ამ პრობლემის მოგვარებას. ასფალტის დაგება უკვე მერე შეიძლება, თუ რეკონსტრუქცია სჭირდება ქუჩას, ერთი წლის მერე გაკეთდეს, მაგრამ ეს ორმო ამოავსე იმ 1 საათში და მოიხსნება ამსიგრძე საცობის პრობლემა, რომელიც დღეში ათასობით მძღოლს უქმნის პრობლემას და ზოგჯერ ავტოსაგზაო შემთხვევებსაც იწვევს.

კაიროს ქუჩაზე 6-7 ასეთი ორმოა, ყოფილი "თბილწყალკანალის" ჭები და იქაც, მათ გამო, მუდმივი საცობია. ამ პრობლემების მოგვარებაც ასეა შესაძლებელი, სასწრაფოდ უნდა დაახურო ამ ახდილ ჭებს სახურავი და ამით ეს პრობლემაც გადაიჭრება. თუმცა, თუ გნებავთ, ჩაატარეთ ექსპერიმენტი, მე გეტყვით ზუსტად  იმ ადგილს, სადაც კაიროს ქუჩაზე არის ეს ახდილი ჭები, დარეკეთ მერიის ცხელ ხაზზე და უთხარით ამის შესახებ. ნახეთ ერთი, რამდენ ხანში მოვა შესაბამისი სამსახური და რამდენ ხანში მოაგვარებს ამ პრობლემას.

კაიროს ქუჩის მაცხოვრებლებს ეგ "ექსპერიმენტი" ათასჯერ ექნებათ ჩატარებული და ის ჭები რადგან ისევ თავახდილია, გამოდის, მერიის შესაბამისმა სამსახურმა ამ ხალხს არც კი მიაქცია ყურადღება.

- კი, სამწუხაროდ, ასე გამოდის, ეგრეა ლოგიკურად. თუმცა, ახლა მოდით, სხვა პრობლემაზე გადავიდეთ. თბილისში შუქნიშნების 90% ორფერიანია, წითლიდან პირდაპირ მწვანე ინთება. ეს ახალი "ნოუ ჰაუა" თბილისისა. ტაიმერიანი შუქნიშნები ერთ-ორ ადგილას არის შენარჩუნებული, სხვაგან აღარ არის. ეს შუქნიშნები "ჭკვიანმა შუქნიშნებმა" შეცვალა. საერთოდ, არ არსებოს ჭკვიანი შუქნიშნები, არსებობენ ჭკვიანი მენეჯერები, რასაც მე ვერ ვხედავ. ვერც დავინახავთ, რადგან ეს სამსახური არ აქვს მერიას ელემენტარულად.

ვერ გავიგე, ბატონო შალვა, თქვენ მერიის საქალაქო სატრანსპორტო სამსახურის უფროსს უწუნებთ მენეჯერობას?

- არა, მერიის სატრანსპორტო სამსახურსა და მის უფროსს არაფერს ვერჩი. შუქნიშნების შესახებ გეტყვით და მერე მაგასაც მოგახსენებთ, ვის ვერჩი. ზოგიერთ ადგილას საღამოხანს ძალიან ჭირს შუქნიშნის აღქმა, ზოგან შუქნიშნები იმდენად მაღლაა, რომ არ ჩანს. მაგალითად, ბუდაპეშტი-კანდელაკი-ნუცუბიძის ქუჩის კვეთაზე, რესპუბლიკური საავადმყოფოდან რომ ადიხარ. უკნიდან თუ არ დაგისიგნალეს, თქვენ ვერ ხვდებით, რომ უნდა დაიძრათ. ეს საკითხიც მოსაგვარებელია, რადგან ისეთ ადგილას უნდა განათავსო შუქნიშანი, რომ მძღოლმა დაინახოს. ანდა, თუ ჭკვიანია ეს შუქნიშანი, მაშინ რატომ დგებიან პატრულის თანამშრომლები, მაგალითად, პეკინის ქუჩაზე და ვაჟა ფშაველაზე შემომავალ ნაკადს არეგულირებენ?

გამოდის, არც ისე ჭკვიანები არიან ეგ შუქნიშნები?

- გამოდის კი არა, ეგრეა. კი, კარგია პატრულის სწრაფი რეაგირება  მოძრაობის მოსაწესრიგებლად, კარგია პატრული რომ ირჯება, მაგრამ ისეთი შუქნიშნები და ისეთ ადგილებში უნდა დავაყენოთ, ზოგადად, მოძრაობის გამართული ორგანიზების მოგვარებით, პატრული აღარ გახდეს საჭირო. მოძრაობის  ორგანიზაცია მარტო გზა არ არის. ეს არის საშუქნიშნე მეურნეობა, ეს არის დათვლა ნაკადების, ეს არის საგზაო ნიშნები, განათება, ტრანსპორტი, მარშრუტები...

ბატონო შალვა, 4 თვე გავიდა უკვე, რაც თბილისს ახალი ხელისუფლება ჰყავს და ტრანსპორტის მოძრაობის დარეგულირებისა და უსაფრთხოების კუთხით, ჯერ არაფერი გაკეთებულა. კონკრეტულად, რას სთავაზობთ მერიის თავკაცებს?

- კი, 4 თვე შემოგვადნა უკვე. საქალაქო სატრანსპორტო სამსახურები, ჩანასახშიც კი ვერ მოვიძიეთ, ძველი "ტეტეო"-ს დონეზე მუშაობს ეს სამსახური და დავით ნარმანია თავს იტყუებს, თუ ჰგონია, რომ ეს სამსახური ამ პრობლემებს თავს გაართმევს. სასწრაფო რეორგანიზებაა საჭირო ამ სამსახურისა.

არაპროფესიონალებით არის დაკომპლექტებული ტრანსპორტის საქალაქო სამსახური?

- არა, ვერ ვიტყვი, რომ არაპროფესიონალები არიან, მაგრამ კარგი მენეჯერის ხელში, უკეთ მუშაობა შეუძლიათ.

ისევ ტრანსპორტის სამსახურის უფროსს, პაატა ჯაჭვლიანს მივადექით, ეგ კაცია მაგათი მენეჯერი...

- სატრანსპორტო სამსახურის უფროსს არ ვერჩი, უკვე გითხარით, აქ სხვა და არსებითი პრობლემაა, ღმერთმა დამიფაროს, ერთი კაცის დონეზე დავიყვანო ეს პრობლემა. სამსახურს არაერთი ისეთი ფუნქცია აქვს შეთავსებული, რომელთაც ვერ აუდის, ვერ აკეთებს იმ საქმეებს, რაც კანონით ავალია. მაგალითად, საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის განყოფილება აქვს ამ სამსახურს, 7 თუ 8 კაცია ამ განყოფილებაში. ახლა, მითხარით, თუნდაც 8 კაცი აუვა თბილისის მოძრაობის ორგანიზებას? მოძრაობის ორგანიზება, მოძრაობის უსაფრთხოებასთან ერთად უმნიშვნელოვანესი საკითხია. ეს ისეთი თემაა, რომელიც არა მხოლოდ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს, მერიის ყველა სამსახურს ეხება, სხვადასხვა კუთხით ცხადია. დავუშვათ, მერიის არქიტექტურის სამსახურს ხომ ეხება ტრანსპორტის მოძრაობისა და უსაფრთხოების საკითხი? მეტიც, ეს სამსახური ამ საქმესთან პირდაპირ კავშირშია. რამდენი კორპუსი და სხვა შენობა აშენდა ისეთ ადგილას, სადაც არ უნდა აშენებულიყო და დღეს ეს ახალი შენობები, საცობებსაც ქმნის და მოძრაობის უსაფრთხოების პრობლემასაც. ეს იმიტომ მოხდა, რომ არ იყო ამ სამსახურებს შორის კოორდინირება. ცხადია, სხვა მიზეზებიც იქნებოდა მერიის წინა მმართველობისას, მაგრამ ერთი ესეც გახლდათ. 

ამიტომ, გამოსავალი ერთია: უნდა შეიქმნას მოძრაობის ორგანიზაციის საქალაქო სამსახური, მერიის ყველა სამსახურის უფროსი, ვალდებული იქნება, ამ სამსახურს დაეხმაროს მუშაობაში. ამ სამსახურთან უნდა არსებობდეს ცხელი ხაზი, უნდა იყოს ინტერაქტივები, ოპერატიულად უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, სად არის საცობი, სად არის ორმო თუ ახდილი ჭა. ამ სამსახურს უნდა ჰყავდეს სწრაფი რეაგირების ჯგუფი, რომელიც, უმოკლეს ვადაში მოაგვარებს ამ პრობლემებს, ამ საქმეში უნდა ჩაერთოს მედიაც, ყველამ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია საცობების, სატრანსპორტო მოძრაობის სხვა პრობლემების შესახებ, რაც სასწრაფოდ არის ამოსაფხვრელი, უნდა მოაგვაროს ამ სწრაფი რეაგირების ჯგუფმა, დანარჩენი საკითხები კი, უნდა დაიყოს პრიორიტეტებად და მერს უნდა მიეწოდებოდეს მათ შესახებ დეტალური ინფორმაცია, ასე ვთქვათ, მსხვილი და შედარებით გრძელ ვადაში მოსაგვარებელი საკითხები, უკვე მერიის ხელმძღვანელობასთან ერთად გადაწყდება, ამ პრიორიტეტებსაც ერთად დასახავენ. უმჯობესია, ეს სამსახური ჩამოყალიბდეს, ვიდრე ეს პრობლემები დარჩეს აღმოსაფხვრელი და 2 წლის შემდეგ, მივხვდეთ, რომ მისი შექმნის გარეშე შეუძლებელია ამ პრობლემების მოგვარება.

ეს დამოუკიდებელი სამსახური იქნება და არ დაექვემდებარება ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს?

- კი, დამოუკიდებელი სამსახური უნდა იყოს, ეს არ არის ჩემი გამოგონილი, ევროპის ყველა დიდი ქალაქის მუნიციპალიტეტშია ასეთი სამსახურები.

ბატონო შალვა, სადისტრიბუციო და ნაგვის მანქანების პრობლემასაც მოაგვარებს ეგ ახალი სამსახური? მოგეხსენებათ, ერთიც და მეორეც საცობების გამომწვევი სერიოზული მიზეზია. პიკის საათებში მაინც ხომ უნდა აეკრძალოთ ამ ხალხს ქალაქში მოძრაობა?

- სხვათა შორის, ამ ნაგვის მანქანებზე რამდენიმე ქუჩაზე უკვე მიმდინარეობს ექსპერიმენტი, ზუსტად  მათი ქალაქში მოძრაობის საათების შეზღუდვის მიზნით. ეს კარგია, რომ დაიწყო და ექსპერიმენტის შედეგების შესახებ, როცა დასრულდება, მერე ვისაუბროთ. რაც შეეხება სადისტრიბუციო მანქანებს, რომლებიც საცობების მიზეზი ხშირად ხდებიან, მათ ან ისეთ დროს უნდა შეიტანონ პროდუქტი დაწესებულებაში, როცა არ არის დიდი მოძრაობა ან, მეორე რიგში მანქანა არ უნდა გააჩერონ, არ შეიძლება ერთი კონკრეტული მაღაზიის მეპატრონის ინტერესებს ათასობით თბილისელის ნერვები, დრო და საწვავის ფული გადაყვეს. ბიზნესის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ სხვისთვის პრობლემების შექმნის ხარჯზე არ უნდა აკეთო ეს საქმე. მოკლედ, ეს გადაუდებლად მოსაგვარებელი საქმეა და ეს ახალი სამსახური, რომლის შექმნასაც ვითხოვთ, სწორედ ასეთი, სასწრაფოდ მოსაგვარებელი პრობლემების "სამზარეულო" უნდა იყოს.

საკრებულოს უმრავლესობა დაუჭერს მხარს თქვენს ინიციატივას?

- თბილისზე მზრუნველმა ყველა ადამიანმა უნდა დაუჭიროს მხარი ამ პროექტს, "ქართული ოცნება" საკრებულოში თუ არ დაუჭერს მხარს, მაშინ თბილისი საცობების, გაუვალ ქალაქად გადაიქცევა. მათ უკვე კარგად იციან ამ პროექტის  დეტალები და იმედია, მხარს დაუჭერენ, როცა საკანონმდებლო ინიციატივად იქცევა.