ვის შეხვდა და რას დაპირდნენ მოროშკინას სტრასბურგში

ვის შეხვდა და რას დაპირდნენ მოროშკინას სტრასბურგში

"ალია" ლალი მოროშკინას საფრანგეთში დაუკავშირდა:

ლალი, რა ინფორმაციები ჩაიტანე და ვის შეხვდი?

- სტრასბურგში ვხვდები ადამიანის უფლებათა კომისრის, ნილს მიუჟენექსის წარმომადგენელს და ბიუროს ხელმძღვანელს, ქალბატონ ქრისტინ მარტიროსიანს. მან თავად გამოთქვა ინტერესი, რომ ეს შეხვედრა შემდგარიყო, გაცნობოდა იმ სამართალდარღვევებს, რასაც ადგილი აქვს დღევანდელ სასჯელაღსრულების სისტემაში. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრების ორგანიზება გიორგი ფოფხაძის დამსახურებაა და ჩვენ ერთად ვმართავდით შეხვედრებს. ევროპა ძალიან ყურადღებით ადევნებს თვალყურს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. განსაკუთრებით კი პენიტენციურ სისტემაში გატარებულ რეფორმებს, რაც ნამდვილად იყო ჩვენი საამაყო მხარე 2013 წლის დეკემბრამდე. სანამ სისტემა ააყირავა დიმიტრი დარბაისელმა. მე პირადად მოვითხოვ მის სამართლებრივ დასჯას. ვფიქრობ, სტრასბურგი ამაში დამეხმარება.

ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო უმაღლესი კომისრის ოფისში. განვიხილეთ ვანო მერაბიშვილის სავარაუდო გაყვანა ციხის ტერიტორიიდან, რაზეც ადეკვატური პასუხი არავის გაუცია, ფარტენაძის მკვლელობა, აზარტული თამაშების ზღვარის გაზრდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, არაადეკვატური პრემიების გაცემა სისტემაში და ასევე, სისხლის სამართლის დამნაშავეების დაწინაურება. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად იცოდნენ დარბაისელის პერსონის ყველა დეტალი, მათ შორის მისი ნარკოდამოკიდებულება, ციხის ტერიტორიაზე მკვლელობები... სრული გაუგებრობა ჰქონდათ იმ საკითხთან მიმართებაში, რომ დაუსაბუთებელი პრემიებისა და გახმაურებული მკვლელობების მერე არ დაისაჯა დარბაისელი.

ყველაზე მეტად რით დაინტერესდნენ?

- იმით, თუ რატომ არ არიან დასჯილი დამნაშავეები და რატომ არ მოხდა სამართლიანობის აღდგენა... მივაწოდეთ საკმარისი ინფორმაცია. ძალიან გამიხარდა, რომ უცხოელებს გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვთ, ვიდრე წარმომედგინა, დააფიქსირეს უკმაყოფილება იმ პროცესებთან მიმართებაში, რაც ზოგადად ძალოვან სტრუქტურებშია. მოქალაქის შეტანილ განცხადებაზე პოლიციაში არანაირი რეაგირება არ ხდება, თუ შენი, როგორც ოფიციალური პირის განცხადება უგულებელყოფილი იყო, რას უნდა ელოდონ საქართველოს რიგითი მოქალაქეებიო.

ბაჩო ახალაიათი ხომ არ დაინტერესებულან?

- ერთადერთხელ ახსენეს ახალაია, როდესაც შეადარეს დარბაისელის მმართველობის პერიოდი ახალაიას პერიოდს. უფრო მერაბიშვილზე ჰქონდათ აქცენტი, თქვეს, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს პროკურატურამ და არ შემოიფარგლოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შიდა მოკვლევით. წაშლილი კამერების ვერსია მათთვის ბუნდოვანი და მიუღებელია.

24 ივნისს უჩა ნანუაშვილთან აქვთ შეხვედრა და შემდეგ რეკომენდაცია შემუშავდება. თუ ეს რეკომენდაციები არ შესრულდება, სანქციებია მოსალოდნელი, რაც ძალიან გაგვიფუჭებს სიტუაციას ევროპასთან დასაახლოებლად.

რა სახის სანქციებზეა საუბარი, ხომ არ უთქვამთ?

- ჯერ ერთი, საქართველოზე წლიურ ანგარიშში უარყოფითი დასკვნა, ეს უკვე ნიშნავს კრახს. თუ არ დალაგდა ციხეები და არ ჩამოვიდა პატიმართა რაოდენობა 10%-იან ნიშნულამდე, საუბარიც არ იქნება ევროპასთან დაახლოებაზე. უცხოელებმა მითხრეს, თუ თქვენ თვლით, რომ ამ ხელისუფლების პირობებშიც 11 000-ზე მეტი პატიმარი უნდა გყავდეთ და ეს ციფრი მზარდია, მაშინ რომელ გამარტივებულ სავიზო რეჟიმზეა ლაპარაკი, მოსახლეობაა მიდრეკილი კრიმინალისკენ თუ მთავრობაა უნიათოო?

პენიტენციური სისტემა სახელმწიფო სახელმწიფოშია. ევროპელებმა თქვეს, რომ არ დაუშვებენ, საქართველოში ფიქსირდებოდეს ზღვარგადასული აზარტული თამაშები, რასაც ქუჩებში ყაჩაღობა მოჰყვა, ასევე კორუფცია ელიტარულ დონეზე, წამალდამოკიდებული ჩინოვნიკები, სისხლის სამართლის დამნაშავეები თანამდებობებზე... ამ ყველაფერს ხელისუფლებამ დროულად უნდა მიხედოსო.

ხელისუფლებაზე რა თქვეს?

- მათ იკითხეს, პრემიერის პოზიცია როგორიაო? მე ვუთხარი რაც იყო, რომ მან "ვაჟკაცური" უწოდა დარბაისელის წასვლას-მეთქი, რაც მათ დამნაშავის წახალისებად აღიქვეს. ამიტომ ციხე და სისტემა რჩება ლაკმუსის ქაღალდად ჩვენს ურთიერთობაში ევროპასთან. მოკლედ, ევროპელებმა დაასკვნეს, რომ სახარბიელო სურათი არ არის. მე მექნება მოლაპარაკების მეორე რაუნდი, სადაც მათ მთხოვეს, ჩამოვაყალიბო ჩემი ხედვები. შესაძლოა, მე აქ დავიწყო საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების მონიტორინგზე მუშაობა და კონსულტაციები, კიდევ მაქვს შეხვედრები და ვნახოთ, რას იტყვიან ჩვენი ევროპელი პარტნიორები.