კომპრომატები დავით ნარმანიას თანაგუნდელებზე

კომპრომატები დავით ნარმანიას თანაგუნდელებზე

რას დაჰპირდა ახალი მერი პირველივე სამუშაო დღეს  დედაქალაქის მოსახლეობას, ვისი სახელი და გვარი გახდა უკვე სალაპარაკო წარდგენილი კანდიდატურებიდან, რა კონკრეტული ნიშნით შეარჩია სამი ყოფილი მინისტრის მოადგილე თბილისის მერის მოადგილეებად ახალმა მერმა?

დედაქალაქის მერის რანგში დავით ნარმანია 2 აგვისტოდან შეუდგა მუშაობას. რამდენად შეძლებს დავით ნარმანია და მისი გუნდი მართლა რეალურად მოაწესრიგოს დედაქალაქი, მოაწონოს და შეაყვაროს თავი თბილისელებს, ამას დრო გვიჩვენებს, მანამდე კი 5 აგვისტოა! სწორედ ამ დღეს ჩაინიშნა თბილისის საკრებულოს სხდომა, რომელზეც საკრებულოს წევრებმა კენჭი უნდა უყარონ დასამტკიცებლად წარდგენილი თბილისის მერის მოადგილეების, ყველა რაიონის გამგებლებისა და საქალაქო სამსახურების უფროსების კანდიდატურებს. საკრებულოსთვის წარდგენილი კანდიდატურების დამტკიცების შემთხვევაში, თბილისის მთავრობის წევრები გახდებიან, თბილისის მერის მოადგილეები: ალექსანდრე მარგიშვილი, რომელიც 2012 წლიდან დღემდე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ნინა ხატისკაცი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" - პროექტების ყოფილი დირექტორი, გიორგი ხელაია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი სოლომონია, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე და ალუდა გოგლიჩიძე, 2012-2013 წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ასევე ყოფილი მოადგილე. 

ნარმანიამ ახალი წესებით დაიწყო სამუშაო დღე და ორშაბათი დედაქალაქის მერიაში მოქალაქეთა მიღების დღედ გამოაცხადა: "მე მათ დავპირდი, რომ პირველივე დღეს, როდესაც მერიაში შევიდოდი, ხელს მოვაწერდი მოქალაქეთა მიღების შესახებ წესს. ყოველი კვირის ორშაბათი, თბილისის მერთან, რაიონის გამგებლებთან, მერის მოადგილეებთან, საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებთან  იქნება მოქალაქეთა მიღების დღე. თითოეულ მოქალაქეს ექნება საშუალება, ჩვენთან მოიტანოს საკუთარი პრობლემა, სატკივარი და ჩვენ მათ მაქსიმალურად გადავუჭრით და გადავუწყვეტთ".

დაპირებების შესრულება თბილისის მერმა მართლაც პირველივე დღიდანვე დაიწყო! ხომ გაგიგონიათ, ახალი ცოცხი კარგად გვისო.

საინტერესოა, როგორ აფასებს თბილისის საკრებულოს წევრი, სოსო მანჯავიძე დედაქალაქის მერის მიერ წარდგენილ გუნდს, რომელსაც თავად დავით ნარმანია შემდეგნაირად ახასიათებს: "ძალიან საინტერესო გუნდია: წესიერი, მიზანმიმართული. გამოცდილი და მშრომელი ადამიანები არიან. ისინი დღე და ღამე იქნებიან ჩემთან, რათა თბილისი უფრო მოწესრიგებული, მიმზიდველი და კომფორტული ქალაქი გავხადოთ".

- თვითონ დავით ნარმანია პრაგმატული პიროვნებაა, ის მეურნეა. ძირითადად, მან თავისი გუნდი სწორედ ამ მიზნით შეარჩია. იმასაც გეტყვით, რომ ბატონმა ნარმანიამ ეს გუნდი მარტომ არ შეარჩია. მისი გუნდის ყველა კანდიდატი იმ შეთანხმებების შედეგია, რომელიც წინასწარ შედგა... რა თქმა უნდა, თავად ნარმანიას მონაწილეობით.

დაამტკიცებს საკრებულო ქალაქის მთავრობას წარმოდგენილი შემადგენლობით?

- მოგეხსენებათ, რომ საკრებულო დაკომპლექტებულია "ქართული ოცნების" უმრავლესობით. აქედან გამომდინარე, ყველა კანდიდატურა შეთანხმებულია წინასწარ, რა თქმა უნდა, დაამტკიცებს... "ქართული ოცნების" შიგნით რაიმე კოლიზია გამორიცხულია! არსებობს ბატონ ალექსანდრე მარგიშვილთან გარკვეული პრეტენზიები - საყდრისის საკითხთან დაკავშირებული... მისივე დაკავებული პოზიციის გამო... თუმცა, ეს მისი პოზიცია იყო. მესმის, რომ ეს სულ სხვა სფეროა და იმედია, მსგავსი ისტორიული პრობლემები თბილისში არ დადგება...

2011 წლის თებერვალში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯანდაცვის სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მაღალჩინოსნები და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები დააკავეს. სულ 16 ადამიანი. მათ სახელმწიფო დაზღვევისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხების მითვისება ედებოდათ ბრალად. ყალბი დოკუმენტების დამზადების საშუალებით და გამოყენებით, მითვისებული თანხა, ხუთი მილიონ შვიდასი ათასს ლარზე მეტი აღმოჩნდა(!). დაკავებულებს შორის იყო გელა ჩივიაშვილი, რომელსაც იმ დროისთვის ჯანდაცვის სამინისტროში სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა. დღეს დავით ნარმანიამ გელა ჩივიაშვილი თბილისის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარადგინა...

- ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაა... აუცილებლად გამოსაკვლევია, გამართლდა თუ არა ეს პიროვნება, ან რა მონაწილეობა ჰქონდა მას ამ საქმეში... საზოგადოებას უნდა ეცნობოს, რომ ის ადამიანი, რომელსაც ბრალი ედებოდა 2011 წელს, რატომ აღმოჩნდა ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე წარდგენილი დღეს? თუ მისი დაკავება სამართლიანი არ იყო, განმარტონ! საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს ასეთი ტიპის კითხვები... პირს, რომელსაც ბრალი ჰქონდა წაყენებული საბიუჯეტო სახსრების, კერძოდ, ხუთი მილიონის მითვისებაში, რა თქმა უნდა, საეჭვო იქნება... მეტი კომუნიკაციაა საჭირო... არც მე ვარ ამ საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსში, არადა, ძალიან საინტერესოა...