"2015 წელს გრაკლიანის გორის გათხრების შედეგად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპედიციამ უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენა გააკეთა. საუბარია ძვ.წ.აღ - ის VII საუკუნის ტაძარზე, რომელშიც ორი საკურთხეველია და მათზე ჯერჯერობით უცნობი დამწერლობის ტექსტებია გამოსახული. არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, ვახტნგ ლიჩელის აზრით, უნიკალური რელიეფი წარწერაა თუ არა, ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა დარწმუნებულია, რომ ის სრულიად გამორჩეულ, ინდივიდუალურ დამწერლობას მიეკუთვნება", - წერს გაზეთი"რეზონანსი" სტატიაში, სათაურით უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენა საქართველოში/ "ასეთი აღმოჩენები არათუ საქართველოს, არამედ კავკასიის ტერიტორიაზე სხვაგან არსად გვხვდება"
"ერთი წლის წინ აღმოჩენილი, როგორც ლიჩელი ამბობს, გრაკლიანის წარწერა, ამერიკის ფლორიდის შტატის, მაიამის ლაბორატორიამ ძვ.წ.აღ- ის XI-X საუკუნეებს მიაკუთვნა. ექსპედიციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, თარიღის კიდევ ერთხელ გადამოწმების მიზნით ნიმუშები უკვე იტალიაშია გაგზავნილი. გრაკლიანის გორა კასპის რაიონის სოფელ იგოეთთან, სამთავისის სიახლოვეს, მდ.ლეხურას მარჯვენა ნაპირზე, ავტობანის მომიჯნავე ტერიტორიაზე მდებარეობს. ვახტანგ ლიჩელი აღნიშნავს, რომ აღმოჩენილი დამწერლობა საქართველოს გარდა კავკაიის ტერიტორიაზე სხვაგან არ უპოვიათ."აღმოჩენილი წარწერა ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოს ისტორიას ასახავს. ასეთი აღმოჩენები არათუ საქართველოს, არამედ კავკასიის ტერიტორიაზე სხვაგან არსად გვხვდება. ეს ქართველი ერის ისტორიაში უაღრესად მნიშვნელოვნი მოვლენაა. ნებისმიერი დამწერლობა ცივილიზაციის მაღალ დონეს ნიშნავს და ამ ტიპის წარწერები მესოპოტამიის (ერაყის ცენტრალური ნაწილი - მდინარეებ ტიგროსსა და ევფრატს შორის) ჩრდილოეთი ნაწილის გარეთ არსად არ არის აღმოჩენილი. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ეს აღმოჩენა კიდევ ერთი ცივილიზაციის ბედს წარმოაჩენს, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში მდებარეობს. მაიამის ბეტა ლაბორატორიის მიერ დადგენილი თარიღი პროცედურების პირველ ეტაპია. საჭიროა ორი ეტაპი იმისთვის, რომ უფრო ვრცლად ვისაუბროთ ამ თემაზე: წარწერები ჯერ უნდა გაიშიფროს და წაკითხულ იქნას, შემდგომ კი დათარიღება კიდევ ერთხელ უნდა მოხდეს, რათა თარიღები გადამოწმდეს. იტალიელებმა მოცემული რიცხვების ხელხლა გადამოწმებისთვის სინჯები უკვე აიღეს. მსოფლიო მასშტაბით კონსულტაციები გრძელდება და ამ ნიმუშების მიმართ ინტერესი მაღალია", - აღნიშნა არქეოლოგმა, რომლის თქმით, ეს სამუშაოები ხანგრძლივია და ერთ დღეში არ კეთდება, ამიტომ საზოგადოებას მოთმინება მართებს, " - აღნიშნავს გამოცემა.
"არქეოლოგების აზრით, მონუმენტური საკურთხეველი ძვ.წ.აღ-ის 1100-900 წლებს განეკუთვნება. იგი ნამოსახლარის აღმოსავლეთ სექტორში აღმოჩნდა. შენობიდან, რომელშიც საკურთხეველი იყო გამართული, გადარჩენილია მხოლოდ ჩრდილოეთი კედლის ნაწილი. საკურთხეველი წარმოადგენს ე.წ. "ხოვლეს ტიპის" მონუმენტური ღუმელის იმიტაციას. გრაკლიანის გორაზე აღმოჩენილია აგრეთვე ღია ტიპის ნაგებობა - თაღიანი საკურთხეველი. იგი თიხით შელესილ ვერტიკალურად ჩადგმულ ძელებს წარმოადგენს. თაღის წინ ამოკვეთილია მცირე ზომის ორმო, რომელშიც შესაწირავად მიტანილი მცირე ზომის ჭურჭელი იდო. ამავე ფუნქციის მატარებელია იქვე აღმოცენილი მცირე ზომის ცალყურა სასმისი. ქვედა, II ტერასის, დასავლეთ ნაწილში აღმოჩნდა ხუროთმოძღვრული კომპლექსი ("დასავლეთი ტაძარი"-, რომელიც სამი ძირითადი სათავსოსგან შედგაბ. თითოეულში არის ისეთი საკულტო და მასთან დაკავშირებული ერთი სამეურნეო ნაგებობა. ექსპედიციის ხელმძღვანელი, ვახტანგ ლიჩელი "რეზონანსთან" სწორედ აღმოჩენილი სათავსოების შესახებ საუბრობს. "გრაკლიანის გორა ეროვნული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი და ამ სტატუსს სრულიად აკმაყოფილებს. მცირე სათავსოში ორი საკურთხეველია - ერთი დასავლეთის, ხოლო ერთი ცენტრალურ ნაწილში, რომელიც როორც ჩანს საკულტო დანიშნულების უნდა იყოს. ორივე საკურთხეველზე არის ასო-ნიშნები და ისინი ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგოც შესრულების ტექნიკური ისე გრაფიკული თვალსაზრისით", - განაცხადა ლიჩელმა. არქეოლოგების თქმით, გრაკლიანის წარწერების გაშიფვრის ზუსტი დრო ჯერ ვერ დასახელდა", - წერს სტატიის ავტორი.
"წარწერები ჯერ გაშიფრული არ არის. არის შემთხვევები, როდესაც აღმოჩენილი წარწერა მალევე იშიფრება, ზოგიერთ შემთხვევაში კი ათი წლის წინ აღმოჩენილი წარწერა დღესაც გაუშიფრავია. ამ მხრივ რაიმე მყარი ლოგიკა და კანონზომიერება არ არსებობს, რის საფუძველზეც ჩვენ შეიძლება დასკვნები გავაკეთოთ. ყურადღებას ერთ ნიუანსს მივაქცევდი, რომ როდესაც ჩვენ ამ წარწერაზე ვსაუბრობთ, ის განლაგების თვალსაზრისით დამწერლობის ძეგლებს აბსოლუტურად შეესაბამება. მაგრამ, საბოლოოდ გადაწყვეტილება (იმაზე, ეს წარწერაა თუ არა) მას შემდეგ იქნება მიღებული, როცა ორივე წარწერა გაიშიფრება, თუმცა ჩემი და მათ შორის უცხოელი აღმოსავლეთმცოდნეების აზრით უეჭველად ორივე შემთხვევაში არის წარწერა," - აღნიშნა არქეოლოგმა.
interpressnews.ge