საქართველოში, ფაქტობრივად, უკვე გამოიკვეთა ორხელისუფლებიანობა - "ნაციონალებს" პარლამენტში ჰყავთ თავხედი და მრავალრიცხოვანი დეპუტაცია, ასევე, მათ ხელშია ე.წ. თავისუფალი სასამართლო.
"ალიას" ესაუბრება ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა:
ბატონო თენგიზ, მოდით, საუბარი ეკონომიკით დავიწყოთ. "ნაციონალები" ამტკიცებენ, რომ ქვეყანა თავზე გვენგრევა და ეკონომიკა კატასტროფის წინაშეა, ჩვენი მთავრობა გვეუბნება, რომ ისეთი არაფერი ხდება და ეკონომიკა იზრდება. რომელია მართალი?
- 2013 წელს მართლაც ჩავარდნა იყო, მაგრამ 2014 წლიდან გამოსწორდა, კარგად მიდის საქმე. აპრილში 9 პროცენტამდე ავიდა, ასეთი მაჩვენებელი იშვიათია. მთავარია, როგორ მუშაობს წარმოება, სოფლის მეურნეობა და მრეწველობა. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს საზღვარგარეთულ ინვესტიციებს, აქ ცოტა ვერ არის საქმე კარგად. შარშან ერთ-ერთ ინტერვიუში გითხარი, რომ ბიძინა ივანიშვილს ცოტა ზედმეტი მოუვიდა, როცა განაცხადა, 2013 წელს ინვესტიცია 2 მილიარდი იქნებაო, ამ დროს 1 მილიარდი ძლივს მივიღეთ.
ჯერ 2014 წლის დასაწყისის მონაცემები არ გვაქვს, ხომ?
- ჯერ მონაცემები არ გვაქვს, მაგრამ, ჩემი ინფორმაციით, ბევრი უცხოელი ინვესტორია ჩამოსული საქართველოში. უკვე დაიწყო შემოდინება, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი ხელშემშლელი ფაქტორია ისევ "ნაციონალების" მოქმედება, მრეწველობის ბევრ სფეროში ჯერ კიდევ მაგათი ხალხი ზის. რეგიონებშიც გავლენა აქვთ და ფაქტობრივად, საბოტაჟს აწყობენ. ათასჯერ ვთქვი და კიდევ ვიმეორებ, სამშენებლო ბიზნესი მაგათ ხელშია, რომელიც გააჩერეს. მშენებლობების 90 პროცენტს ისევ ეგენი აკონტროლებენ. სანამ `ნაციონალების~ დიდი ნაწილი პარლამენტშია, ხელისუფლების სხვადასხვა შტოებში იქნება რყევები. პროკურატურა ავიღოთ, სასამართლო ავიღოთ. აგერაა კონკრეტული მაგალითი, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, კეზერაშვილს, რომელიც გაქცეულია, რანაირად მოუხსნეს ყველა ბრალდება?
უარესს გეტყვით, კეზერაშვილმა ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძეს სასამართლოში უჩივლა და მოუგო, ახლა სასამართლოს გადაწყვეტილებით ხაჭაპურიძემ ბოდიში უნდა მოუხადოს კეზერაშვილს იმაზე, თითქოს პატივი და ღირსება შეულახა.
- მე ამ საქმეში ჩახედულმა ხალხმა მითხრა, თითქოს 20 მილიონი დოლარი ჩაყარა კეზერაშვილმა ამ საქმეში, რომ ყველაფერი ჩაეცხრო და პროცესები მოეგო. საფრანგეთის სასამართლომ მტკიცებულებები მოითხოვა და მის ქონებას ყადაღაც დაადო, მაგრამ ამ დროს ქართულმა სასამართლომ მთლიანად გაამართლა. ასეთი კაზუსები ხდება იმიტომ, რომ სასამართლო ჯერ კიდევ `ნაციონალების~ ხელშია.
საქართველოდან არ წავიდა დამაჯერებელი მტკიცებულებები, ანუ, როგორც ამბობენ, საქმე აქ იყო ჩაწყობილი.
- რასაკვირველია... მე, ასე თუ ისე, კარგად ვიცნობ ფრანგულ სასამართლოს, იქ ფულის აღება გამორიცხულია, ვერ გაბედავდნენ. აქედან რომ დამაჯერებელი მტკიცებულებები წასულიყო, ისინი ვერ გააკეთებდნენ იმას, რაც გააკეთეს. მათ ისიც თქვეს, თუ მტკიცებულებები იქნება, მაშინ კეზერაშვილს საქართველოს გადავცემთო, მაგრამ სად არის დოკუმენტები, ვინმემ ამაზე გააგრძელა მუშაობა? მე ამის შესახებ არ მსმენია, ყველა გაჩუმებულია და პირიქით, ბრალდებებიც მოუხსნეს. ვიმეორებ, დღეს ქართული სასამართლოს 70 პროცენტი ჯერ კიდევ "ნაციონალების" ხელშია.
პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მხოლოდ რამდენიმე მოსამართლე ასრულებს "ნაციონალების" დავალებებს.
- როგორ გეკადრებათ, რას ჰქვია, რამდენიმე? შეხედეთ ბაჩო ახალაიას საქმეს, ყველა საკითხში გაამართლეს და ლამისაა, გარეთ გამოაგდონ. სანამ პოლიტიკური სპექტრი არ გაიწმინდება, სანამ "ნაციონალებს" ძალაუფლება არ ჩამოერთმევათ, ასე იქნება, პარლამენტში ამდენი დეპუტატი რომ უზით, ეს რამხელა ძალაა? ეგენი ხელისუფლებაში ვეღარასოდეს დაბრუნდებიან, მაგრამ საქმეს კი გააფუჭებენ. სხვათა შორის, ამ "ოცნებამაც" დაკარგა ის ავტორიტეტი, რაც ჰქონდა. ახლა თბილისს მოიგებს "ოცნება", მაგრამ რეგიონებში იქნება პრობლემები, ზოგიერთ რაიონს მოიგებენ "ნაციონალები". მე როგორც ვხედავ, ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან ენერგიული კაცია, ეკონომიკაშიც ჩახედულია, არ არის უვიცი, მაგრამ ძალიან დიდ წინააღმდეგობებს ხვდება.
რა უნდა გააკეთოს?
- რა უნდა გააკეთოს და როგორმე ეს არჩევნები ისე უნდა მოიგოს, რომ გაწმინდოს პოლიტიკური სპექტრი. ამდენი ძალაუფლება ყოფილ მმართველებს არ უნდა ჰქონდეთ. მას უნდა ჰყავდეს ერთიანი ეკონომიკური გუნდი, არ ჰყავს. ეკონომიკის მინისტრზე ვერაფერს ვიტყვი, ფინანსთა მინისტრს კიდევ არაუშავს, პროფესიონალია, მაგრამ უჭირს, თუ ინვესტიციები არ შემოვა, რა უნდა ქნას? ის ცდილობს, ბიუჯეტი, ასე თუ ისე, გაქაჩოს, მაგრამ ინვესტიციებია საჭირო. სხვათა შორის, დასავლური პრესა ბევრად გამოკეთდა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, 2012 წლის ბოლოს ძალიან ცუდი რაღაცები იწერებოდა. თუმცა ჯერ კიდევ არ არის ისეთი, რომ დასავლეთში დიდი ინვესტორები დაინტერესდნენ.
ამ წუთას ვკითხულობდი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელიც ამბობს, მზად ვარ, პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს დავეხმაროო.
- არა, არა, რა დახმარება? პირიქით, ყველანაირად ცდილობს, ცუდი გაუკეთოს ახალ ხელისუფლებას, სააკაშვილის დაჯერება როგორ შეიძლება? მისი ოცნებაა, რაც შეიძლება მეტი გააფუჭოს, რომ ისევ მოვიდეს ხელისუფლებაში. თუმცა ვიმეორებ, სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ისე გაიტეხეს სახელი, ხელისუფლებაში დაბრუნება გამორიცხულია. `ქართულმა ოცნებამ~ უნდა გააკეთოს პოლიტიკური ანალიზი, საპარლამენტო არჩევნებში თბილისის ათივე რაიონი მოიგეს, მაგრამ სამეგრელო და არაქართული რაიონები წააგეს. ახლა ისეთი პირი უჩანს, რომ იქ ისევ იქნება პრობლემები.
კი, მაგრამ არსებობს ჩანერგილებისა და "გადაცმული" "ნაციონალების" პრობლემაც.
- "გადაცმული" უკვე მიეყიდა "ოცნებას" და საშიშროებას აღარ წარმოადგენს. ასეთ მოთამაშე ადამიანებს პარტია არ აინტერესებთ, მთავარია, თანამდებობებზე იყვნენ და ფული აკეთონ. თუმცა ეს პოლიტიკური სიჯანსაღისთვის ძალიან ცუდია. დღეს საშიშია ის, რომ "ნაციონალებს" პარლამენტში ჰყავთ მრავალრიცხოვანი დეპუტაცია და სასამართლო არის მათ ხელში. მე ვურჩევ პრემიერ-მინისტრს, სამთავრობო გუნდს გადახედოს, მას გაძლიერება სჭირდება.
ბიძინა ივანიშვილის მობრუნება ხომ არ არის საჭირო?
- მე თავის დროზე არ მივესალმე იმ ამბავს, რომ ის წავიდა პოლიტიკიდან. ეს იყო დიდი შეცდომა. ის რომ პოლიტიკაში მობრუნდეს, ეს ყველაფერი თამაშის სახეს მიიღებს და დასავლეთი ვერ გაიგებს. მე კიდევ ერთი რამე არ მომეწონა ბიძინასი, როცა `ქართულმა ოცნებამ~ წინასაარჩევნო შეკრება გამართა, მივიდა და პრემიერ-მინისტრს მიუჯდა გვერდით. ეგ არ უნდა გაეკეთებინა, ის არც ხელისუფლების წევრია და არც პარტიის, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელია. კი, ბატონო, დარბაზში შედი, დაჯექი და მოუსმინე, მთავრობის მეთაურის გვერდით რომ ჯდები, ამით ამბობ, ისევ მე ვარ ხელმძღვანელიო.
შიგა და შიგ კი არის უფროსი.
- კი, მაგრამ მაინც არ უნდა მოიქცეს ასე, არ უნდა მისცეს სალაპარაკო "ნაციონალებს".
ბატონო თენგიზ, ერთი რა მაგის პასუხია და ეს თქვენი მეგობარი კიტოვანი რომ დადის აღმა-დაღმა და ვერ ვხვდებით, რა უნდა, იქნებ ამ საკითხშიც გაგვარკვიოთ?
- მე როგორც გავიგე, მაგას მოუთხოვია ნაომარი ბიჭების დასაქმება შინაგან საქმეთა სამინისტროში. ეს არ არის ცუდი, ეს ბიჭები მიყრილები არიან უპატრონოდ. შენ კახეთიდან ხარ და ალბათ, იცი, ნარკოტიკების გატანა, ისე არა, როგორც ადრე, მაგრამ მაინც ხდება.
საიდან ხდება?
- მოდის ძირითადად ავღანეთიდან და აზიიდან, კვეთს კასპიის ზღვას, შედის აზერბაიჯანში, მერე შემოდის საქართველოში და გადის ევროპაში.
ეს ტრასა ამჟამად კიდევ არსებობს?
- კი, არსებობს და ამის გადაკეტვა მოუთხოვია, შეიძლება მართალიც იყოს. მე თენგიზ კიტოვანთან არ მილაპარაკია, მაგრამ ისიც გავიგე, იარაღს ითხოვსო. აი, ამაში უკვე ცდება, კერძო სტრუქტურას სახელმწიფომ რატომ უნდა მისცეს იარაღი? ამას არავინ არ გააკეთებს, ეს დაუშვებელია.
მით უმეტეს, ჩვენ "მხედრიონის" გამოცდილება გვაქვს.
- რასაკვირველია... ჩააბან ეს ბიჭები ოფიციალურ სტრუქტურაში და საქმე აკეთებინონ, გამოიყენონ, ამას მივესალმები.