"სააკაშვილის მმართველობის 9+1- წელზე რეჟისორ გოგა ხაინდრავას მიერ გადაღებული 24-სერიიანი მხატვრული ფილმი უკვე დასრულებულია და მისი სატელევიზიო ჩვენება სექტემბრის დასაწყისში (ან აგვისტოს ბოლოს) დაიწყება. ფილმის სათაური შეცვლილია და ერქმევა - "ჰეროკრატია", მთავარ გმირს, პრეზიდენტს - ჰერო. ფილმში არც ერთი პოლიტიკოსი პერსონაჟი თავიდან ბოლომდე იდენტიფიცირებული არ იქნება, თუმცა რეჟისორი ამბობს, რომ მათი ამოცნობა მაყურებელს შეეძლება. იქნება მძიმედ საყურებელი ნაწილიც, სასამართლო პროცესები, წამებაც, სისასტიკეც და ასევე - კომიკური ნაწილიც. ფილმი ღამის 11 საათის შემდეგ გავა, გრიფით "+18". თითო სერია 40-წუთიანი იქნება. პირველი კადრი დაიწყება გლდანის ციხით. შემდეგ არის სასამართლო პროცესი. მთელ ფილმს, დასაწყისიდან ბოლომდე, სხვადასხვა სს საქმეების განხილვა გასდევს. არის დაკითხვა, გამოძიება, ჩვენებები კადრებით. პარალელურად მიდის ციხის ამბები და პოლიტიკური ელიტის ყოფა-ცხოვრება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ჰეროკრატია - 24-სერიიანი ფილმი სააკაშვილზე მზადაა და ტელევიზიით სექტემბერში გავა.
"იმ მსხვერპლთა ვინაობა, ვინც ცოცხლები ვერ გადარჩნენ, იქნება ის, რაც რეალობაში იყო. მაგალითად, თეთრაძის გვარი არ შეგვიცვლია. ვინც ცოცხლები არიან, მათი გვარები შევცვალეთ. ასევე დასახელებული არ არის მოძალადეების რეალური ვინაობა. ყველას ვერ გამოვაჩენდით და კრებით სახეებად გავაერთიანეთ. ძალადობის სიმბოლოები ჩამოყალიბდა და ვინ ვის ამოიცნობს ამ პერსონაჟებში, ეს მაყურებლისთვის მიგვინდვია. მოქმედებით მათი ამოცნობა შეიძლება. ისტორიები ცნობადია. სცენები გამხატვრულებულია, თუმცა ფილმს საფუძვლად კონკრეტული, რეალური საქმეები უდევს, რომლებიც სასამართლოზე განიხილება და ფილმშიც სასამართლო პროცესები მიდის. ამის მითითებაც მოხდება. თავიდანვე განსაზღვრული იყო 24 სერია, თუმცა სცენარი უფრო დიდია და არ ვიცი, ზუსტად როგორ იქნება. ჩვენ გეზი 24 სერიაზე გვქონდა აღებული და ის პრაქტიკულად თითქმის გადაღებულია. სხვადასხვა სერიაში ეპიზოდები აკლია. რამდენიმე ისტორია, რომელიც დაგეგმილი იყო, ფილმში ვერ შევიდა. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით იმიტომ, რომ მოცულობა გაიზარდა. ერთია დაწერილი სცენარი და მეორეა ვიზუალურ სივრცეში გადატანილი, განხორციელებული პროექტი. 24 სერია გვექნება იმ დროისთვის, როდესაც სერიალი ეთერში გავა, ეს იქნება აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის პირველ რიცხვებში", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რეჟისორი გოგა ხაინდრავა.
"უფრო ადრე გვინდოდა, მაგრამ ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატი დაემთხვა. თან, ჩვენი ფილმი შეზღუდულია დროით, +18-ია და ღამის 11 საათამდე ვერ ვაჩვენებთ. ჩემპიონატის შემდეგ უკვე ივლისი-აგვისტოა, რაც ყველაზე დაბალი ყურებადობის თვეა. როგორც წესი, ზაფხულში ფილმების ჩვენება არ ხდება, სეზონის დასაწყისი შემოდგომაა და ჩვენც შემოდგომაზე გავუშვებთ. ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიებია. 1 800 ინტერვიუ ჩავიწერეთ სხვადასხვა საქმეებზე, მაგრამ ავირჩიეთ მხოლოდ ისინი, რომელშიც კარგად არის ასახული სახელმწიფოებრივი წნეხი და სისტემური დანაშაული. მაგალითად, სერგო თეთრაძის საქმე, სადაც პრეზიდენტიდან დაწყებული ციხის ბოლო თანამშრომლით დამთავრებული, მობილიზებული იყო იმისთვის, რომ ამ ადამიანისთვის სიცოცხლე მოესპოთ. გლდანი ფიგურირებს ძალიან სერიოზულად, რადგან ყველაზე ბნელი საქმეები იქ ხდებოდა. თუმცა მარტო ეს არ არის საინტერესო. ეს არის დანაშაულებრივი რეჟიმის 10-წლიანი ისტორია. ნაჩვენები იქნება სამზარეულო, როგორ ჩამოყალიბდნენ კაციჭამიებად ის ადამიანები, ვინც დემოკრატიის, თავისუფლებისა და ჰუმანიზმის ლოზუნგებით მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ყველაზე პარადოქსულია ის, რომ ისინი ახალგაზრდა ადამიანები იყვნენ, რომლებსაც, წესით, საბჭოთა კავშირი, მისი იდეოლოგია და მსოფლმხედველობა არ უნდა ხსომებოდათ, მაგრამ ნეობოლშევიკების კლასიკური კასტა აღმოჩნდა, რომლებისთვისაც სიცოცხლე არაფერს არ ნიშნავდა. ეს იყო გარყვნილებაზე, ძალადობაზე, პატივმოყვარეობაზე, ძალაუფლებით ტკბობაზე ორიენტირებული რაღაც ფსიქოლოგიურად სერიოზული პრობლემების მქონე ადამიანების ჯგუფი, რომლებმაც სრულად უკონტროლო ძალაუფლება ჩაიგდეს ხელთ. თუმცა ფილმში თავად ქართული საზოგადოების სახეც იქნება ნაჩვენები. მე არ ვიღებ ფილმს სააკაშვილზე და კონკრეტულ პერსონაჟებზე, მე ვიღებ ფილმს ამბავზე, რომელიც ამ საზოგადოებამ დაუშვა და რომელსაც ეგუებოდა, ასევე საზოგადოების გულმავიწყობაზეც. რაც ჩვენ ვიხილეთ სამეგრელოს სამალავებში, ამაზე დიდი სირცხვილი არ შეიძლება ერს დაემართოს. ეს იქნება განხილული, როგორც აბსოლუტურად წარმოუდგენელი მოვლენა ისეთი ტრადიციული საზოგადოებისთვის, როგორიც საქართველოა. რამდენად უნდა გადაგვარდეს საზოგადოების გარკვეული ფენა, რომ კაცებს აუპატიურებენ, ამაზე მთელმა ქვეყანამ იცოდეს და დუმდეს?! სერიალში ძალადობის ფაქტები იქნება, მაგრამ სექსუალური ძალადობის - არა. მე არც კოხტა კოდუა ვარ, არც ახალაია და არც სააკაშვილი, რომ ამით ტკბობის სურვილი გამიჩნდეს", - ამბობს რეჟისორი.
"იქნება როინ შავაძის, სანდრო გირგვლიანის ისტორიები... ნახავთ. პირველ სერიაში აბსოლუტურად კონკრეტული ადამიანის ამბავია, რომელიც დღეს ცოცხალია. ბოლოში მითითებული იქნება, ვის გადახდა ის, ვინმეს კითხვები რომ არ გაუჩნდეს იმაზე, რომ მე მოვიგონე. მეტსაც გეტყვით, იმ კაცს წიგნი აქვს გამოცემული და წიგნის საფუძველზეა გადაღებული. ეს ეხება არაადამიანურ მოპყრობას, ფსიქიკურად ავადმყოფი ადამიანების დამოკიდებულებას საკუთარი მოსახლეობისადმი. თუ ქართულმა საზოგადოებამ არ გაიზიარა, რას სჩადიოდა ეს ხალხი, ჩვენ მომავალი არ გვიწერია. ყველაზე გასაოცარი ის იყო, რომ არავინ არ იჩივლა იმიტომ, რომ ღირსების გამო კაცებმა ვერ თქვეს - სამმა კაცმა თქვა პირდაპირ ის უკიდურესი ამბავი. არა, არიან ადამიანები, ვინც პირდაპირ მოჰყვნენ სასამართლოებზე, რაც უქნეს და ჩვენ ეს ფაქტები გამოვიყენეთ. იქნება მძიმე სერიებიც და იქნება გასართობი სერიებიც. სატირალიც იქნება და სასაცილოც. აღშფოთებასაც გამოიწვევს. ეროტიკაც იქნება. ბევრი რამ იქნება. მასაჟისტებიც გადაღებულია. ის, პოლიტელიტა როგორ ნებივრობდა და გარყვნილი ცხოვრებით ცხოვრობდა. ყველაფერი იქნება, ძალიან გაერთობა და იხალისებს მაყურებელი", - განმარტავს გოგა ხაინდრავა.
"ფილმში მიშა არ მყავს, ჩემს პერსონაჟს ჰერო ჰქვია. მისი შემსრულებელი არ არის ცნობილი, მაგრამ მაგარი მსახიობია. პროფესიონალი მსახიობები თამაშობენ, მაგალითად, თეთრაძეს თამაშობს მერაბ ბრეკაშვილი და ვთვლი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო როლია, რომელიც ქართულ კინოში შექმნილა. მსახიობების 80% რეგიონული თეატრებიდანაა. დაახლოებით 120 მსახიობია და ბედნიერი ვარ, რომ ამდენ ნიჭიერ კაცს შევხვდი. ვარსკვლავებს ვისაც ეძახიან - არავინაა, თუმცა ნამდვილად ვარსკვლავები არიან ჩემთვის და ამას ნახავთ. ეს გლამურული ფილმი არ იყო და მე არ ვარ ისეთი რეჟისორი, ვინც ვარსკვლავურ კინოს აკეთებს. არიან მსახიობები, ვინც სერიალებში თამაშობენ, მაგრამ ვერ იცნობთ. მაგალითად, თამაშობენ: ზურა ინგოროყვა, ანდრია გველესიანი, მარინა ჯანაშია, ნანა ლორთქიფანიძე. ფილმი ჯი-დი-ესის შეკვეთაა და სად გავა, ამას თავად გადაწყვეტენ. რამდენადაც მე ვიცი, იქ რამდენიმე ტელევიზიის სარეკლამო დრო ერთად აქვთ. "იმედზეც" შეიძლება. აქ ბიზნესის თემაა და ამას მე არ ვწყვეტ. მე პროდუქტის შემქმნელი ვარ, ეს არის "ლეხაინდრაო პროდაქშენი". სცენარის ავტორი დრამატურგი და მწერალი ირაკლი სამსონაძეა. ამ ფილმზე სულ 5 სცენარისტი და მე ვმუშაობდით. ასევე 3 ჟურნალისტიც. ერთ-ერთი ნინო მიქიაშვილია, რომელმაც დოკუმენტურად შეაგროვა მასალები, დაზარალებულებს იწერდა, ყველაფერი ლეგალურად მოვიპოვეთ და ამაზე დაყრდნობით შეიქმნა სცენარი. გადაღებისას დამაჯერებლობისთვის ორთვენახევარი ციხეშიც ვცხოვრობდით", - აღნიშნავს რესპონდენტი.
"ფილმს არაფერი განსაკუთრებული ბიუჯეტი არ აქვს. განცვიფრდება საზოგადოება, როცა გაიგებს, რა ხარჯითაა გადაღებული. ჯერ ფილმი არ არის დასრულებული და თან, ამაზე პროდიუსერს უნდა ელაპარაკოთ. დაახლოებით მილიონი. 3 600 კაცი გადავიღეთ კასტინგზე. პრაქტიკულად ყველა გადავიღეთ, ვინც ხელოვნებისკენ მოძრაობს. ამ პროექტმა საქართველოში კინოწარმოება სხვა სიმაღლეზე აიყვანა. ძალიან მაღალი ხარისხია საშემსრულებლო ოსტატობის, გამოსახულების. უფრო მაღალი თამასა არ არსებობს. ძალიან მაგარი საყურებელი იქნება, ვერ მოწყდებით. ძალიან კომპეტენტურ ადამიანებს ვაჩვენე, თემურ ბაბლუანს ვაჩვენე და ძალიან კარგი აზრი ჰქონდა", - დასძენს ხაინდრავა და შეკითხვას - "ზედმეტად სუბიექტურ შთაბეჭდილებას ხომ არ დატოვებს ფილმი, კარგი რაც გაკეთდა, ეს იქნება ნაჩვენები - იგივე გზები რომ დაიგო, სიღნაღი, მესტია, ბათუმი რომ აშენდა?" - პასუხობს:
"ეს არ არის ჩემი კვლევის თემა. ჩემი კვლევის თემა მორალი იყო. ჩემი მიზანია, საზოგადოებამ კარგად დაინახოს ის, რისი დანახვა თავის დროზე არ მოუნდა. ჩვენ 20 წამი ვნახეთ ტელევიზორში იმის, რაც ხდებოდა, არადა ეს ძალადობა 6 წელი ხდებოდა ყოველდღე. კარანტინის დაშლა ყოველ პარასკევს ხდებოდა და მე ყველას ვაჩვენებ, რა იყო ეს კარანტინის დაშლა და რა გადაიტანა ამ ხალხმა. რას ნიშნავდა, რომ 20 კვ მეტრ ოთახში 45 კაცი იჯდა, ტუალეტის ქაღალდსაც არ აძლევდნენ, ზაფხულში წყალი არ იყო... ჯარისკაცები ხელბორკილებით ჰყავდათ ჩამოკიდებული წყლის მილებზე და საათობით ეკიდნენ... 2005-2006 წელს, როდესაც მე მთავრობიდან წამოვედი, მაშინ ვამბობდი, რომ მე ამას გადავიღებდი და მათ კინოში ნიურნბერგის პროცესს მოვუწყობდი. როგორც კი შანსი მომეცა, ეს განვახორციელე. ეს ფილმი ბევრად ადრე დაიბადა ჩემს თავში. გაყალბებული არაფერი იქნება, მხატვრულად გააზრებული იქნება, მე პროკურორი კი არ ვარ".
"გადაღება 1 ოქტომბერს დავიწყეთ. ბევრგან გადავიღეთ - ფოთში, ბათუმში, თბილისში. პრეზიდენტის სასახლეშიც გვქონდა გადაღება. სასამართლო დარბაზი ავაშენეთ დიღომში მე-5 პავილიონში. აგვისტოს ომზეც იქნება, რა თქმა უნდა. შავაძე პირდაპირ აგვისტოს ომის პროდუქტია სააკაშვილისა და მერაბიშვილის ავადმყოფურ გონებაში. ძალიან საინტერესო ისტორია გვაქვს ადმირალ ირემაძეზე გაშიფრული, თუ როგორ მოიწამლა ის. ეს ქართული ნიურნბერგის პროცესია, რომელიც აუცილებლად უნდა შემდგარიყო - რა, ჩვენთან უფრო ნაკლები დანაშული იყო ჩადენილი? ნაცისტურმა გერმანიამ, პირველ რიგში, საკუთარ გულს ჩასცა მახვილი და გერმანელმა ხალხმა ეს გაიაზრა. არასამთავრობოებს რომ ეძახიან და ყველაზე სამთავრობოები რომ არიან, იმ ჯგუფებმა ატეხეს წიოკი, კადრების ჩვენება როგორ შეიძლებაო. კადრები ყველამ უნდა ნახოს. მოსწავლეებმაც. გერმანელებმა კადრები სოფელ-სოფელ ჩაიტანეს და ყველას აჩვენეს. მათ გაიაზრეს, რა დანაშაულიც იყო ჩადენილი და ამიტომაც 15 წელიწადში ის წამყვანი ქვეყანა გახდა. ჩემს ფილმში ის სისასტიკე არ იქნება ნაჩვენები. ამ ფილმს იმიტომ ვაკეთებ, რომ ეს არასდროს განმეორდეს. ერთი კადრი მქონდა, რომელიც ბოლოს ამოვიღე, პატიმრებს ოთხზე აყენებდნენ და ზედ აშარდავდნენ, მათ შორის მეგის ქარდავა და ბაჩო ახალაია. ეს კადრი ვერ გადავიღე. ვერ შევძელი", - განაგრძობს ფილმის ავტორი.
"ნაციონალებისდროინდელ პოლიციას ივანიშვილი რომ აფინანსებდა, ამაში ცუდი რა არის? იმას ხომ არ აფინანსებდა, რომ ადამიანები მოკლან და მერე სახურავზე ააგდონ?! ან 7 ნოემბერს ჯარი რომ გამოიყვანეს დასარბევად, ეს ივანიშვილის ბრალია იმიტომ, რომ ჯარს ჩააცვა? თუ ნეგატივის მოძებნა გსურთ, ეძებეთ და ალბათ, იპოვით. გირგვლიანის მკვლელობის შემდეგაც აფინანსებდა კი, სანამ არ გაირკვა ვინ მოკლა ის... ზოგი ადრე გაერკვა, ზოგი - გვიან. აბსოლუტური შემოქმედებითი თავისუფლება მქონდა და არც ერთ ეტაპზე არავინ ჩარეულა. იყო საერთო საუბარი, პროცესი როგორ მიდიოდა და მორჩა, მაგრამ ამ ფილმის შემკვეთი ივანიშვილი არ არის, შემკვეთი ჯი-დი-ესია და ტელევიზია ბერასია. ბიძინა კი არა, ნახევარი თბილისი მეკითხება ამ ფილმის შესახებ... დღევანდელ ხელისუფლებაზეც ჩემნაირად გააზრებულ ფილმს ალბათ გადავიღებდი. თუმცა ახლა რაზე უნდა გადავიღო? იმ ხელისუფლების დროს კაციჭამიები იყვნენ, დათა ახალაია საკონტროლო გასროლით კლავდა ხალხს, ციხეში კი მეგის ქარდავა და ბაჩო ახალაია პატიმრებს აშარდავდნენ. ახლა განსაკუთრებულად არაფერმა ამაღელვა, რომ სცენარის წერა დავიწყო", - დაასკვნის გოგა ხაინდრავა.
interpressnews.ge