რა ბიზნესები აღმოუჩინეს ჩვენს დეპუტატებს

რა ბიზნესები აღმოუჩინეს ჩვენს დეპუტატებს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" განცხადებით, სამ პარლამენტარს (ზვიად კვაჭანტირაძე, გიორგი თოფაძე, თამაზ ავდალიანი) არა მარტო წილები აქვთ ან ჰქონდათ ბიზნესში, არამედ კომპანიის დირექტორებიც იყვნენ პარლამენტში საქმიანობის პარალელურად, რისი უფლებაც კანონით არ ჰქონდათ.

კერძოდ, ორგანიზაციის ცნობით, რეესტრის უკანასკნელი ჩანაწერით, ზვიად კვაჭანტირაძე დღემდე სააქციო საზოგადოება "გოლდენ ფლის გრუპის" და შპს "უნიონ კრედიტის" დირექტორია.

გოგი თოფაძე 2013 წლის 18 ივნისამდე იყო შპს "ყაზბეგი 2005"-ის, ხოლო 2013 წლის 19 ივნისამდე შპს "ყაზბეგი-ნაყინის" დირექტორი. ამ პერიოდში თოფაძე უკვე იყო პარლამენტის წევრი.

მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, თამაზ ავდალიანის ჩანაწერებშიც, რომელიც 2013 წლის 10 იანვრამდე შპს "ასკო ლტდ"-ის დირექტორი იყო მაშინ, როცა ის პარლამენტის წევრი 2012 წლის 21 ოქტომბერს გახდა.

ასევე, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გაირკვა, რომ პარლამენტის წევრთა გარკვეული ნაწილის მიერ წარდგენილ წლიური ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მათი მიმდინარე ბიზნესსაქმიანობა არასრულად არის ასახული.

თოფაძე ამბობს, რომ მან გადეპუტატებამდე ბიზნესები სამართავად შვილს გადაუფორმა და ამ საქმეებთან შეხება აღარ აქვს.

კვაჭანტირაძის თქმით, ის ფირმები, სადაც ფორმალურადაა დირექტორად გაფორმებული, აღარ არსებობს, თამაზ ავდალიანი კი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ის დეპუტატი გახდა, "ასკო ლიმიტედს" სამეწარმეო საქმიანობა არ უწარმოებია.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციითვე, პარლამენტის 43 წევრს (ან მისი ოჯახის წევრს) 2012 წლის ოქტომბრიდან ჰქონდა ან ისევ აქვს ბიზნესაქტივები. ასევე, კვლევის შედეგად გაირკვა, რომ პარლამენტის წევრთა გარკვეული ნაწილის (ლევან ქარდავა, რევაზ შავლოხაშვილი, თამაზ ყაჭეიშვილი, თამაზ შიოშვილი, გიგა ბუკია, გოგი ლიპარტელიანი, თამაზ ავდალიანი, ვიქტორ ჯაფარიძე) მიერ წარდგენილი წლიური ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებში მათი მიმდინარე და წარსული ბიზნესსაქმიანობა არასრულად არის ასახული.

"ალიას" ესაუბრება "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი:

ბატონო ლევან, თოფაძე, კვაჭანტირაძე და ავდალიანი აცხადებენ, რომ არჩევნების შემდეგ ბიზნესთან შეხება არ ჰქონიათ?

- მესმის, მაგრამ ჩვენ საჯარო რეესტრის ოფიციალურ მონაცემებს ვეყრდნობით, ეს ადამიანები საჯარო რეესტრში დირექტორებად ფიქსირდებიან, ან ფიქსირდებოდნენ.

თქვენსავე კვლევებში 43 დეპუტატზეა საუბარი. რა სახის ბიზნესებს ფლობენ?

- საუბარია იმ ბიზნესებზე, რომლებშიც ამ ადამიანებს წილი აქვთ, ან ჰქონდათ და ეს სრულიად კანონიერია. ამ 43 ადამიანიდან მხოლოდ სამი მათგანის საკითხი იყო პრობლემური, დანარჩენებს ყველაფერი კანონიერად აქვთ. ჩვენ გვინდა, რომ, უბრალოდ, საზოგადებამ იცოდეს, რა წილებს ფლობენ პარლამენტარები, თუმცა ეს წილების ფლობა პრობლემური საკითხი არ არის. როგორც მახსოვს, 13 ადამიანია უმრავლესობიდან, 8 ადამიანი უმცირესობიდან და 7 თუ 6 არც ერთის წარმომადგენელი არ არის.

ამ კვლევის გამოქვეყნებამდე პარლამენტში გქონდათ ამ საკითხზე საუბარი?

- პარლამენტმა უკვე იცის, ჩვენ საუბარი გვქონდა საპროცედურო კომიტეტთან. ჯერჯერობით მათი პასუხი არ ვიცით. ჩვენ უბრალოდ ვითხოვთ, რომ ამ კომიტეტმა ეს საკითხები შეისწავლოს და გადაამოწმოს, რეალურად ახორციელებენ თუ არა ეს ადამიანები კონკრეტული კომპანიების მართვას. შეიძლება როგორც დირექტორები, ისე იყვნენ გაფორმებულები, მაგრამ არ ახორციელებდნენ მართვას. შესამოწმებელია ეს ფაქტები, კომიტეტმა უნდა მოიძიოს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით.

თქვენ ამბობთ, რომ ეს ცალსახად არ შეიძლება გახდეს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი და მიუთითებთ, რომ, თუ თქვენი მონაცემები დადასტურდა, კანონით გათვალისწინებული ზომები უნდა იქნას მიღებული. კანონით რა არის გათვალისწინებული?

- ქაღალდზე რომ დირექტორად წერიხარ, არ ნიშნავს, რომ დირექტორის უფლებამოსილებებს ახორციელებ და კომპანიის მართვაში მონაწილეობ. მართვაში მონაწილეობა პარლამენტის წევრს ეკრძალება. კომიტეტს მოვუწოდებთ, რომ  გადაამოწმოს, მონაწილეობდნენ თუ არა ეს ადამიანები კომპანიის მართვაში. როგორც ვიცი, რამდენიმე ამბობს, რომ საერთოდ აღარ ფუნქციონირებს ეს კომპანია, მაგრამ მითითებული არ არის, რომელი კომპანიაა. ჩვენ უბრალოდ ვითხოვთ, გადამოწმდეს, რამდენად ერეოდნენ კომპანიის მართვაში ეს დეპუტატები და ხომ არ იყო ისე, რომ დირექტორები მხოლოდ ქაღალდზე იყვნენ. ეს საკითხი მთლიანად პარლამენტის გადასაწყვეტია. კანონში წერია, რომ, თუ დადასტურდა პარლამენტის წევრის უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, ეს შეიძლება გახდეს მისი უფლებამოსილების შეჩერების საფუძველი. ამაზე უნდა იმსჯელოს პარლამენტმა. სხვა ბერკეტი ამ შემთხვევაში არ არსებობს.