ვანო მერაბიშვილის ბიზნესს ხელისუფლება აფინანსებს?

ვანო მერაბიშვილის ბიზნესს ხელისუფლება აფინანსებს?

საკუთრების უფლებას იცავს კონსტიტუცია და მისი ხელყოფა გათანაბრებულია სიცოცხლის უფლების ხელყოფასთან. მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ მხრივ ქვეყანაში საკმაოდ დიდი პრობლემებია.

რა ხდება ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოში? რატომ ეშინიათ მოქალაქეებს თავისი საკუთრების დაკანონების და ვინ აფინანსებს დღესაც ციხეში მყოფ მერაბიშვილს?

"ალიას" ესაუბრება ორგანიზაცია "უფლებადამცველის" ხელმძღვანელი, მამუკა ტუსკაძე

- საკუთრებასთან დაკავშირებით საშინელება ხდება საქართველოში და სანამ მთავარ თემაზე ვილაპარაკებდე, პატარა შესავალს გავაკეთებ. მიწის საკუთრების რეფორმა რომ დაიწყო, "ნაციონალების" მოსვლამდე ამას სათავეში ჩაუდგა ვანო მერაბიშვილი. მერაბიშვილმა თავის დროზე ამერიკიდან წამოიღო სერიოზული გრანტი, რომლითაც მერე დააფუძნა "მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია", ვისი ეგიდითაც დარიგდა საქართველოში მიწის ნაკვეთები. ამ ასოციაციის დამფუძნებლები იყვნენ ვანოსთან ერთად გიგა ბოკერია და ჯაბა ებანოიძე. ქონების მართვის სისტემაც მაგათ მოიგონეს, რომელიც დღეს აშკარად საჭიროებს ცვლილებას. სანამ მერაბიშვილი დაიწყებდა სამართლებრივი გზით ხალხის მოტყუებას და ამ გზით გამდიდრებას, მანამდე მოხდა ასეთი რამ: დაიწვა მიწის მართვის დეპარტამენტი და განადგურდა საბუთების არქივი. აქ ინახებოდა 90-იანი წლები მიწის საკუთრების მთელი მიღება-ჩაბარების აქტები მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის თბილისის და მის მიმდებარე ტერიტორიების. იყო ხუთ ეგზემპლიარად დაბეჭდილი საბუთი, საიდანაც დედანი ინახებოდა არქივში, ასლიდან ერთი კი მესაკუთრესთან იყო. წესით ერთი ტექაღრიცხვის ბიუროში უნდა ყოფილიყო, მაგრამ წადით და მოითხოვეთ აქტი, იქაც გეუბნებიან, რომ არ არსებობს, ამ დროს დედანი დაიწვა.

კი, მაგრამ ასლი ხომ ბეჭედადასმულია და დედნის ძალა აქვს?

- წესით ასე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ნახეთ რა ხდება: "ნაციონალების" დროს ვისაც შენახული ჰქონდა მიღება-ჩაბარების აქტი, ანუ ასლი და დარეგისტრირება გადაწყვიტა, ყველა გადააგზავნეს პრტოკურატურაში და ასეთი იყო ასიათასობით ადამიანი. ესაა ხალხი, ვისაც მიწის ნაკვეთები ჰქონდა ისეთ ადგილებში, როგორიცაა დიდი დიღომი, სოფელი გლდანი, წყნეთის ნაკვეთები, ტაბახმელის, კოჯრის ნაკვეთები, კიკეთის, წავკისის, ანუ, ყველა მსუყე ადგილები, სადაც ფასიც მაღალია მიწის და ეს ხალხი სასამართლოში გასამართლდნენ, როგორც ყალბისმქმნელები. თავად მაქვს ეს განაჩენები ნანახი, სადაც მესაკუთრე ამბობს, რომ შემეშალა, მამისეული ნაკვეთი გავაფორმე ყალბადო. სინამდვილეში ამ ხალხმა სავსებით კანონიერად გააფორმა ნაკვეთები, მაგრამ პროკურატურა მაინც იბარებდა, დედანი მოიტანეო. საბოლოოდ ამ დედნის გამცემი ადამიანი, ირაკლი შენგელია დაიჭირეს: ჯერ რამდენიმე მილიონი მიატანინეს, მერე 30 წელის მისცეს, მერე წლები მოაკლეს და საბოლოოდ ამ ირაკლი შენგელიამ ყველა მიღება-ჩაბარების აქტზე თქვა, რომ ეს არის ყალბიო. ამ დროს არც ერთი ექსპერტიზა არ არის საამისოდ ჩატარებული, და შენგელიას ერთი ჩვენება საკმარისი იყო იმისათვის, რომ ეს მიეღოთ როგორც ჭეშმარიტება. ამის გამო მოქალაქეები დაზარლდნენ და ჯერ ხომ ყველა პრობაციონერი გახდა: 20 000 ლარი იყო "სტავკა" საპროცესოსი, თან მიწები დაკარგეს და ნაკვეთს სახელმწიფო იბარებდა.

დღეს რა სიტუაციაა?

- ეს ამბები 2008-10 წლებში ჩატარდა და ხალხისაგან ფული და ქონება ამოიღეს. დღესაც შეშინებულია ხალხი და, ახლაც რომ უძრავი ქონების მიღებს-ჩაბარების ამბავი უხსენო, არაფრის გაგონება არ უნდათ. იყოს, როგორც არის, რეგისტრაცია არ მჭირდებაო, შიშის ფაქტორი ისეთია. მესმის მათი, რადგანაც უძრავი ქონების მართვის მეთოდი არ შეცვლილა.

რა, შესაძლებელია, ისევ დაიჭირონ ხალხი?

- სავსებით შესაძლებელია, იმიტომ რომ სახელმწიფომ კიდევ ასეთი ტრიუკი ჩაატარა: რაც კი თავისუფალი ნაკვეთი დარჩა და ბაზებში ჩანდა, რომ ეს მიწა არავისი არ იყო, სახელმწიფომ უკვე ყველა დაარეგისტრირა საკუთარ მფლობელობაში. ამ დროს მესაკუთრე ფლობს მიწას, მაგრამ ის სახელმწიფოს მფლობელობაშია. ეს კაცი ჯერ დაჭერილი არ არის იმიტომ, რომ მიღება-ჩაბარების აქტი ან დაკარგული აქვს, ან არ გამოაჩინა. ამიტომ სიტუაცია ასეა: მოქალაქე მიდის და უნდა რეგისტრაცია, მან გამოაჩინა ასლი, ამ დროს რეესტრი ჯერ ახდევინებს 100-200 ლარს, მერე კი ეუბნება, ეს ქონება უკვე რეგისტრირებულია სახელმწიფოზეო. ამის შემდეგ გასაჩივრების დროა, ხომ? სახელმწიფო ამ ქონებას არ გაძლევს უკან. ჯერ ერთი პრეცენდენტიც არ მომხდარა ამისა სასამართლოში. ამ დროს ეს წართმეული ქონება კი არ არის, არამედ, ამ პიროვნებისაა, და მერე რა? მესაკუთრეთათვის კარგად არის ცნობილი, რომ არსებობს ქონების მართვის საგენტო, სადაც ახალი ხელმძღვანელია დიმიტრი ქუმსიშვილი, მაგრამ გუნდი მთლიანად ჰყავს ვანო მერაბიშვილის.

თქვენ ვანოზე ჩაციკლული ხომ არ ხართ?

- ხშირად ვახსებნებ და უნდა ვაღიარო, მერაბიშვილი მაგარი ჭკვიანი კაცი გამოდგა: ისე აქვს ეს ქსელები მოფიქრებული, რომ გაოცდები. კრიმინალი ვანოს ერთ-ერთი ხელი იყო კახა დამენია ეკონომიკის სამინისტროში და ჯაბა ებანოიძე მეორე ხელი იყო რეესტრში, ბევრი ხელები ჰქონდა მერაბიშვილს. ამ კახა დამენიას მთელი თავისი გუნდი ჰყავდა სამინისტროში და ეს ხალხი დღესაც იქ არის, იგივე იურიდული სამსახურში, პრივატიზაციის სამსახურში. ერთი საინტერესო ამბავი უნდა გითხრათ: თავად სააგენტოს რომ სჭირდება აზომვითი სამუშაოების ჩატარება, ცხადდება ტენდერი, მაგრამ ესაა შიდა ტენდერი და მას, როგორც წესი, იგებს "მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია".

რომელიც მერაბიშვილისაა?

- კი, ბატონო.

კი, მაგრამ ეს ხელისუფლებამ არ იცის?

- ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა ეკა სისაურს, რომელიც ვანომ საჯარო რეესტრიდან გადაიყვანა და ახლა ქუმსიშვილის მოადგილეა. ეკამ შესანიშნავად იცის ქონების მართვა ვანოსეულად და დღესაც ასე მართავს და ამიტომ, ეკონომიკის სამინისტრო ქონების დათმობას არ აპირებს, ჩემი და თქვენი ქონების დათმობას. ვთქვათ, მოქალაქეს თუ უამრავი საბუთი სჭირდება, რომ ბაბუამისის უძრავი ქონება დაირეგსიტრიროს და ამას უფლების დამდგენი დოკუმენტები ჰქვია იურიდიულ ენაზე, ამის გარდა რეგისტრატორს აქვს უფლება დოკუმენტები დამატებით კიდევ მოგთხოვოს უფლების დამადასტურებელი, სააგენტოს ეს არ სჭირდება. სახელმწიფოს სჭირდება ქუმსიშვილის ერთი წერილი, რომელსაც სისაური უმზადებს და ქონება სახელმწიფოსია. ქუმსიშვილს ამისი დროც არ აქვს, რომ გაეცნოს ყველაფერს, ფაქსიმილეა მისი გამოყენებული. დიმა შესანიშნავი მენეჯერია, მაგრამ მისი მოადგილეები ყველა ვანო მერაბიშვილის გამოზრდილია და რა უნდა ქნას? ღიად ვაცხადებ, ვაცხადებ, ტენდერს იგებს ვანოს ოფისი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერს ვანოს ურიცხავენ-მეთქი, ეს არ ვიცი, მაგრამ იდეაში ხომ ასეა?

კი, მაგრამ უამრავი ორგანიზაციაა, რომლებიც ამ აზომვებს აწარმოარებს და...

- მასეა ვანოსიც, მაგრამ ეგ იგებს და თან სახელმწიფო დაკვეთებზე მუშაობს და ის დანარჩენები კი ვერა. აქ საერთოდ, კარგ ფულზეა ლაპარაკი. არის კიდევ ერთი ფირმა მსგავს საქმიანობას რომ ეწევა, ის შპს-დ არის დარეგისტრირებული და მისი სახელია "ჯეოლენდი", რომელიც უგულავას ძმისაა და ის ცალკე მუშაობს, მაგრამ ესენი შეთანხმებულები არიან და იყოფენ ყველაფერს. გამოსავალი ისაა, ტენდერები ღია უნდა გახდეს და ის დანარჩენი ფირმებიც უნდა ღებულობდნენ მონაწილეობას, ამ შემთხვევაში  ბიზნესი განვითარდება, თორემ, სინამდვილეში  რაც გამოდის, კი ნახეთ.

ვუკავშირდებით ქონების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს დიანა ჩომახაშვილს:

- შეიცვალა თავად შესყიდვების კუთხით სიტუაცია, სახელმწიფო შესყიდვები ხდება ელექტრონულად, ანუ, ჩვენ ნებისმიერი შესყიდვებზე ვაცხადებთ ტენდერს, მათ შორის აზომევებზეც და აუდიტის სერვისზეც, გვაქვს ჩვენი სპეციფიკური მოთხოვნები და შემდეგ უკვე ვინც ამ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და დაბალ ფასს შემოგვთავაზებს, ის იმარჯვებს.

ანუ, შიდა ტენდერი ნამდვილად არ არსებობს?

- რა თქმა უნდა, არა. ყველას შეუძლია ტენდერში მონაწილეობის მიღება.

რაც შეეხება იმას, რომ ხელმძღვანელის გარშემო სულ ვანოს კადრებია, ამაში ნამდვილად ვერ დავეთანხმები თქვენს რესპონდენტს, რადგანაც ეს სადაო საკითხია. ჩვენ ძალიან ბევრი ახალი თანამშრომელი გვყავს, თუმცა გამოცდილი კადრი ვინც იყო, ხელმძღვანელობამ შეინარჩუნა და დღემდე დიდი პროგრესი გვაქვს სტრუქტურის შიგნით.