რატომ ვერ მოაშორეს ლუის ნავარო საქართველოდან?

რატომ ვერ მოაშორეს ლუის ნავარო საქართველოდან?

8 მაისს ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ("ენ-დი-აი") დირექტორმა, ლუის ნავარომ, რომელსაც სოციალურ ქსელებში უკვე თაღლითს ეძახიან, კიდევ ერთხელ გაგვაოცა - მისი დავთრების მიხედვით, დღეს საქართველოში პოპულარული ადამიანების რეიტინგი ასე ნაწილდება: პატრიარქი - 96%; ირაკლი ალასანია - 67%; ირაკლი ღარიბაშვილი - 64%; დავით უსუფაშვილი - 61%; კახი კალაძე - 51%; ბიძინა ივანიშვილი - 51%; გიორგი მარგველაშვილი - 46%.

საზოგადოება ყველაზე მეტად იმან გააცოფა, რომ ირაკლი ალასანია #1 პოლიტიკოსად დასახელდა. არ გაგიკვირდეთ, 2012 წლის არჩევნებამდე ნავარო იმასაც ამტკიცებდა, ინგა გრიგოლიას ივანიშვილზე მაღალი რეიტინგი აქვსო. აქ უკვე ყველას გაახსენდა ის, რასაც ჩვენ ცოტა ხნის წინ ვწერდით: ამ ქვეყანაში განგებ მიმდინარეობს ალასანიას გაპიარება, მისი პატრონები და გარემოცვის წევრები პრემიერ-მინისტრის სავარძელს უმიზნებენ. საქმე მხოლოდ ამ ერთ "ცდომილებაში" არ არის, ჩვენ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ გვეგონა, რომ "ნაციონალებთან" ერთად ნავაროს დანაშაულებრივი საქმეებიც დამთავრდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა, ის ახალი ხელისუფლების პირობებშიც მშვენივრად ნავარდობს. დიახ, კაცი, რომელსაც, "ნაციონალების" გარდა, ამ ქვეყანაში არავინ არასოდეს ენდობოდა და არც დღეს ენდობა, მაინც გვიწესებს თავისებური თამაშის წესებს და გვიქმნის საზოგადოებრივ აზრს, თანაც, მცდარს. მოკლედ, ნავარო სვამს კითხვას: ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას? გამოკითხულთა 48% "ქართული ოცნების" სასარგებლოდ აძლევს ხმას; "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი ამ მხრივ 12%-ია, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისა" კი - 4%. გამოკითხულთა 30%-ს ჯერჯერობით ჩამოყალიბებული პოზიცია არ გააჩნია.

მიუხედავად იმისა, რომ "ქართულ ოცნებას" ამ მხრივ შედარებით მაღალი მაჩვენებელი აქვს, მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, კახი კალაძე მაინც აცხადებს, რომ ლუის ნავარო "სპეკულანტია": "ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ გამხდარა ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევები სპეკულირების საგანი, რამაც სერიოზული ჩრდილი მიაყენა ამ ორგანიზაციას. ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, როგორი კვლევები ვლინდებოდა საპარლამენტო არჩევნების დროს... "ქართული ოცნების" 12%-იანი რეიტინგებიც ძალიან კარგად გვახსოვს. საპარლამენტო არჩევნების დროს კი, როცა "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში იყო, "ქართულმა ოცნებამ" 65% აიღო.

ამიტომ დადებით შეფასებას ვერ მივცემ კვლევებს, რადგან ამ ორგანიზაციის საქართველოში მოღვაწეობა ბოლო წლების განმავლობაში ტენდენციურია და ისიც საინტერესოა, რომ ნავაროს ახლა გაახსენდა მოსმენები საქართველოში, 9 წელი ამ მიმართულებით საერთოდ ერთი განცხადება არ გაუკეთებია".

დიახ, ჩვენც კარგად გვახსოვს ნავაროს ოინები 2012 წლის არჩევნებამდე და ახლაც კარგად ვხედავთ, მაგრამ რატომ არ ცდილობს დღევანდელი ხელისუფლება ამ ადამიანის მოშორებას? ა, ბატონებო, მისი სიზმრების მიხედვით, დავით ნარმანიას უკვე განაღდებული აქვს თბილისის მერობა, გამოკითხულთა 72%-ისთვის ნატოში შესვლა თურმე მისაღებია, 15%-სთვის კი - არა. რაც მთავარია, ნავარომ "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყანაში მთავარ ოპოზიციურ ძალად დააფიქსირა, ხოლო დავით ბაქრაძე - ყველაზე "მოწონებად" ფიგურად. რაღა დაგიმალოთ და ბაქრაძე საქართველოში თუ იყო, აღარც კი მეგონა.

როგორც პოლიტოლოგი და სოციოლოგიური კვლევების ექსპერტი, რამაზ საყვარელიძე ამბობს "ალიასთან" საუბარში, მას ლუის ნავაროს კვლევებისა არასოდეს სჯეროდა და არც ახლა სჯერა:

- ჩემი ადრინდელი კომენტარები შეიძლება გახსოვდეთ, ამ ადამიანმა 2012 წლამდე იმდენი მცდარი პროგნოზი გააკეთა, აღარც კი მიკვირს, რასაც დღეს აქვეყნებს.

ბატონო რამაზ, თუკი ეს ადამიანი ამდენ დანაშაულს სჩადის, ასე თავხედურად აყალბებს, ხომ უნდა მოიშოროს ქვეყანამ?

- ვერა, ვერ მოვიშორებთ, ის არის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი და ამას ვერ გავაკეთებთ. სხვათა შორის, ამის მცდელობა ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს, ერთი განცხადებაც გააკეთა, მაგრამ ამას ძალიან არასერიოზულად შეხედეს.

აბა, რა უნდა გავაკეთოთ, ამ ერთმა ადამიანმა უნდა შექმნას ყალბი საზოგადოებრივი აზრი?

- კონკურენცია... საბედნიეროდ, ჩვენში არიან ჭკვიანი სოციოლოგები, მაგრამ, საუბედუროდ, არ არიან დამკვეთები. უნდა ტარდებოდეს პარალელური სოციოლოგიური კვლევები და კონკურენცია თავისთავად ჩააჩოჩებს ნავაროს. სხვათა შორის, უცხოეთის წამყვან ქვეყნებში ამას ყოველკვირეულად აკეთებენ მედიასაშუალებები და არა რაღაც ჯგუფები. თუ ერთ მედიასაშუალებას არ აქვს საჭირო თანხები, ამ შემთხვევაში ერთიანდება რამდენიმე მედიასაშუალება. მაგრამ ჩვენთან ასეთი სიტუაციაა - ნათქვამია, უპატრონო ეკლესიას ეშმაკები ეპატრონებიანო.

ბატონო რამაზ, რაკი პრესა ახსენეთ, ერთ საკითხსაც უნდა შევეხო, თქვენი აზრი მაინტერესებს: ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რამდენიმე სასამართლო პროცესზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოგვიტანეს, რასაც არ ვეთანხმებით. მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში - თან გამტყუნება და თან 50 000 ლარი ჯარიმის დაკისრება. როგორ ფიქრობთ, ამაში "ოცნების" ხელისუფლების ხელი ურევია?

- გეთანხმებით, მსგავსი პრეცედენტი წინა ხელისუფლების დროს მართლაც არ ყოფილა. მე ვიცი, რაც მოხდა თქვენთან დაკავშირებით და ისიც ვიცი, რომ არც ერთი საქმე პოლიტიკური არ იყო. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ აპოლიტიკურს სარჩულად პოლიტიკური შურისძიება ედოს. თქვენ არ გიფიქრიათ, რომ ეს შეიძლება გარკვეული ბიზნესწრეებიდან მოდიოდეს?

ჩვენ ყველასა და ყველაფერზე ვფიქრობთ.

- თუ ხედავთ, რომ გაურკვეველი სიტუაციაა, ყველაზე პოპულარული გაზეთი თქვენ ხართ საქართველოში, ჩაატარეთ ჟურნალისტური გამოძიება და არ არის გამორიცხული, მართლაც რომელიმე ბიზნეს-ჯგუფს გადააწყდეთ. მესმის, რომ დღეს სასამართლო "ნაციონალურია", ახალი ხელისუფლება სუსტობს, მაგრამ ეს საქმე თვითონ უნდა გამოიძიოთ.