"ნანა ალექსანდრიას სახელობის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი, რომელიც მე-11 წელია ტარდება, წელს შეცვლილი სახელწოდებით გაიხსნა. მას ახლა "ფოთის საერთაშორისო ფესტივალი" ეწოდება. ფესტივალი სამი დღის წინ დაიწყო და 20 ივლისს დასრულდება. "ნაციონალური მოძრაობის" ფოთის ორგანიზაციის წევრები ამ ფაქტს პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებენ. "გასული 10 წლის მანძილზე ქალბატონი ნანას მიერ მოძიებულ სპონსორებთან ერთად ფოთის მუნიციპალიტეტიც აფინანსებდა აღნიშნულ ფესტივალს, მაგრამ არც ერთხელ არ ყოფილა მცდელობა ფესტივალისთვის სახელის გადარქმევის, რაც ამყარებს მოსაზრებას, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკური მოტივებით არის ნაკარნახევი", - განაცხადა ფოთის "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ვახტანგ დარცმელიძემ. ფოთის საჭადრაკო სკოლის დირექტორის, დავით კოდუას განცხადებით, კი ეს ფესტივალი იმდენად მასშტაბური გახდა, რომ გადაწყვიტეს, ქალაქის როლი წარმოეჩინათ. ცნობისთვის მოჭადრაკე ნანა ალექსანდრია გიგა ბოკერიას დედა გახლავთ. ხედავთ თუ არა ამაში პოლიტიკურ კონტექსტს? ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა", - წერს გაზეთი"რეზონანსი" ტრადიციულ რუბრიკაში მოსაზრებები.
"რა თქმა უნდა. ცალსახად ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. გაუმართლებელი რამეა - მნიშვნელობა არა აქვს, ვის დროს ხდება", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოეტი მიხეილ ღანიშაშვილი.
"ნაწილობრივ ვხედავ, რაც არ მომწონს. მე, მაგალითად, სახელწოდებაში ქალაქსაც ვახსენებდი და ნანა ალექსანდრიას სახელსაც დავტოვებდი. მას ისეთი გზა აქვს გავლილი, რომ მისი სახელობის ფესტივალი საქართველოში აუცილებლად უნდა ტარდებოდეს", - მიიჩნევს მუსიკათმცოდნე ნუცა ჯანელიძე .
"ასე თუ ვიფიქრეთ, მაშინ სახელს ვერაფერს შევუცვლით. ყველაფერი იცვლება, ამიტომ ამაში პოლიტიკურ კონტექსტს ვერ ვხედავ", - ამბობს ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი.
"არ გამოვრიცხავ, რომ მართლაც პოლიტიკური მიზეზით მომხდარიყო, თორემ ფესტივალისთვის სახელის გადარქმევა რა აუცილებლობით იყო გამოწვეული, ვერ ვხვდები", - თვლის მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი.
"არც ძველი სახელი იყო ცუდი, თუმცა არც ესაა ცუდი. ფოთი უძველესი ქალაქია, ამიტომ უძველესი საპორტო ქალაქის სახელწოდება უფრო ცნობადს გახდის ჩვენს სამშობლოს. თუმცა, ჩემი აზრით, "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნებაც" ერთნაირი პოლიტიკური ძალაა და ერთნაირად ებრძვიან ერთმანეთს", - დასძენს პოეტი ვაჟა ოთარაშვილი.
"არ შეიძლება ასე ხელმოსმით ადამიანების შეუარცხყოფა. ნანა ალექსანდრია ვისი დედაც გინდა იყოს, იგი არის ძლიერი მოჭადრაკე, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ჭადრაკის და, ამავე დროს, ქართული გენის აღზევებაში. სახელის შეცვლა ძალიან ცუდი ფაქტი იყო", - დაასკვნის მწერალი, მსახიობი გივი სიხარულიძე.