სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 203 პირს დააკისრა
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 2015 წელს ჩატარებულ ტენდერებში დარღვევები გამოავლინა. ამის გამო, ადმინისტრაციული პასუხისგება 203 პირს დაეკისრა. 2016 წელს, ექვსი თვის განმავლობაში, სააგენტომ სახელმწიფო ტენდერებში 49 სამართალდარღვევა აღმოაჩინა. ამის საფუძველზე ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიეცა სატენდერო კომისიების 190 წევრი. 2015 წელს კი 101 სამართალდარღვევის ოქმი შედგა, რაც განსახილველად სასამართლოს გადაეცა. ოფიციალური ინფორმაციით, მითითებულ პერიოდში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 203 პირს, მათ შორის სატენდერო კომისიის თავმჯდომარეებსა და კომისიის წევრებს დაეკისრა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში, შემსყიდველმა ორგანიზაციებმა ყველაზე ხშირად, ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის'' 159 5 (სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების საშუალების არასწორად შერჩევა ან სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა) და 159 6 (სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების წესების დარღვევა) მუხლები დაარღვიეს. თუმცა ამ დარღვევების ანალიზის შედეგად, ცალკეულ შემთხვევებში, სააგენტომ ჩათვალა, რომ ზოგი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავდა. შესაბამისად, შემდგომი რეაგირების მიზნით, კანონით დადგენილი წესით, სათანადო მასალები შესყიდვების სააგენტომ სამართალდამცავ ორგანოებს გადასცა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური ინფორმაციით, ისინი მომავალშიც განაგრძობენ შეუქცევად ბრძოლას სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევების გამოსავლენად. აქედან გამომდინარე, შესყიდვების სააგენტო შემსყიდველ ორგანიზაციებს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვისკენ მოუწოდებენ.
,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის'' 159 5 მუხლი, სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების საშუალების არასწორად შერჩევას ან სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფას ეხება: ,,კოდექსის მიხედვით, ეს მუხლი ნიშნავს სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების საშუალების არასწორად შერჩევას ტენდერის ან „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესყიდვის სხვა საშუალებების თავიდან აცილების მიზნით, ან სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფას შესყიდვის განხორციელების საშუალებების იმ მონეტარული (ფულადი) ზღვრების თავიდან აცილების მიზნით, რომლებიც დადგენილია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით. კოდექსის მიხედვით, ამ მუხლის დარღვევა გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით''.
ამავე კოდექსის 159 6 მუხლი კი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების წესების დარღვევას ეხება და სამ ნაწილს შეიცავს: ,,პირველი - სახელმწიფო შესყიდვის ტენდერის საშუალებით ან „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესყიდვის სხვა საშუალებებით განხორციელებისას, განცხადების ან სატენდერო დოკუმენტაციის არასწორად შედგენის შემთხვევაში, სატენდერო კომისიის შესაბამისი წევრი 1 500 ლარის ოდენობით დაჯარიმდება; მეორე - სატენდერო კომისიის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების, საკვალიფიკაციო შერჩევისა და პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებების არასათანადოდ (ტენდენციურად) შეფასებისას, სატენდერო კომისიის შესაბამისი წევრი 1 500 ლარის ოდენობით დაჯარიმდება; მესამე - სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების წესების დარღვევის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირი, ხოლო სახელმწიფო შესყიდვის სატენდერო კომისიის მიერ განხორციელებისას – სატენდერო კომისიის შესაბამისი წევრი, 1 500 ლარის ოდენობით დაჯარიმდება''.
,,ვერსიაში'' უკვე ვწერდით, რომ ელექტრონული ტენდერის შემოღების მთავარი მოტივაცია საეჭვო გარიგებების თავიდან აცილება იყო. თუმცა კანონს უამრავი პრობლემა და ხარვეზი ახლავს, რაც ბიზნესს ხელს უშლის. სპეციალისტების შეფასებით, შესყიდვების შესახებ კანონში უგულებელყოფილია მომსახურების ხარისხი, აქცენტი მხოლოდ დაბალ ფასზე კეთდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ კომპანია ელექტრონულ ტენდერში დაბალ ფასს წარადგენს, პრიორიტეტი მას ენიჭება. შესყიდვების მოქმედი კანონმდებლობა ფრაგმენტულია, ანუ კანონში მხოლოდ ელექტრონული ტენდერის ჩატარების პროცედურაა გამართული. დასავლეთის წამყვან ქვეყნებში, ელექტრონული ტენდერების ამ პროცედურებს სტანდარტული საქონლისა და მომსახურების შესყიდვაზე იყენებენ. ელექტრონული ტენდერითა და ფასის კომპონენტის მიხედვით, ინტელექტუალურ მომსახურებას არავინ ყიდულობს. ელექტრონული აუქციონი 2011 წლიდან ამოქმედდა, მაგრამ წლების განმავლობაში ცალკეულმა კომპანიებმა ამ ტენდერებში დაუსაბუთებელი ფასები წარადგინეს. სამწუხაროდ, ხარისხის კომპონენტი უკანა პლანზეა და ამიტომაცაა, რომ რეალურად, ბაზარზე მოქმედებენ არა პირდაპირ მიმწოდებლები, არამედ - თითქოს სპეციალურად ელექტრონული ტენდერებისთვის შექმნილი, საშუამავლო კომპანიები, რომლებსაც სხვადასხვა სამუშაოს შესასრულებლად, სათანადო ტექნიკაც კი არ გააჩნიათ. შესაბამისად, ტენდერებს შუამავალი კომპანიები იგებენ და მხოლოდ ამის შემდეგ ეძებენ ნამდვილ შემსრულებლებს. არადა, ტენდერებში მომსახურების შემსრულებელი კომპანიები რომ მონაწილეობდნენ, სახელმწიფო მნიშვნელოვან თანხას დაზოგავდა.
ბიზნესის მთავარი პრობლემა ელექტრონულ აუქციონზე დაბალი ფასის შეთავაზებაა, რაც მომსახურების ხარისხს აგდებს. ტენდერში გასამარჯვებლად, კომპანია იძულებულია, საწყის ფასზე ნაკლები შესთავაზოს. ხშირად, შესრულებული სამუშაო, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურულ პროექტებში, არც ისე ხარისხიანია, როგორიც უნდა იყოს. არასწორია, როდესაც მხოლოდ ფასის კომპონენტის გამო ცხადდება კომპანია ტენდერში გამარჯვებულად. მთელ მსოფლიოში, ელექტრონული ტენდერები აგებულია იმაზე, რომ ბიუჯეტს ეკონომია მოუტანოს, ბიზნესისთვის კი სახელმწიფო შესყიდვები იმიტომაა საინტერესო, რომ რაც უნდა მოხდეს ქვეყანაში, მთავრობა ფულს გარანტირებულად იხდის. უბედურება დაბალი კი არა, დაუსაბუთებელი, ანუ ირეალური ფასია, რაც არასრულფასოვნად შესრულებულ სამუშაოს უკავშირდება. კორუფცია, გაუმჭვირვალობა და არაეფექტურობა შესყიდვის ან ტენდერის გამოცხადებიდან კი არა, ბიუჯეტისა და ტენდერის დაგეგმვიდან იწყება. ამიტომ სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ტენდერში თავიდანვე არ უნდა ჩაიდოს მექანიზმი, რომელიც ამა თუ იმ კომპანიას მანიპულირების საშუალებას მისცემს. სამწუხაროდ, დღევანდელი კანონი შესყიდვების შესახებ, ამ ტიპის მანიპულირების საშუალებებს იძლევა. შესყიდვების კანონის გაუმართაობის მიზეზი ის არის, რომ მასში ცვლილებები ფრაგმენტულად შედის და არა კომპლექსურად.
იმ დარღვევებით, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ტენდერებში გამოავლინა, სატენდერო კომისიის თავმჯდომარეებისა და კომისიის წევრების არაკომპეტენტურობა გამოაშკარავდა. შესყიდვების სააგენტოში რეფორმის სერიოზული პროცესი მიმდინარეობს, რაც სატენდერო კომისიის წევრებისა თუ თავმჯდომარეების ტრენინგებსაც მოიცავს. თუმცა სპეციალისტების შეფასებით, ტენდერებში არსებული დარღვევები, სწორედ მათი არაპროფესიონალიზმის შედეგია. ,,ვერსიას'' ეკონომიკის ექსპერტი, პროფესორი ემზარ ჯგერენაია ესაუბრება:
- ბატონო ემზარ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159 5 მუხლი კონკრეტულად რა ტიპის დარღვევას ეხება, ფასის შემცირების მიზნით, ტენდერში მონაწილე კომპანია სატენდერო კომისიის წევრებს გაურიგდა?
- ტენდერის ჩატარების დროს, არსებული კანონმდებლობის თანახმად, გარკვეული ზღვარია დაწესებული. მაგალითად, 10 000 ლარამდე შესყიდვა შეგიძლიათ პირდაპირი შესყიდვის წესით, ელექტრონული ტენდერის გარეშე განახორციელოთ. 10 000 ლარზე ზევით კი აუცილებლად ტენდერი უნდა გამოაცხადოთ. ძნელია იმაზე საუბარი, რეალურად, რა დარღვევა აღმოაჩინა შესყიდვების სააგენტომ, მაგრამ რადგან კოდექსის ეს მუხლი მიუთითა, იმას ნიშნავს, რომ თუ ტენდერი 30 000 ლარის მომსახურების შესყიდვაზე იყო გამოცხადებული, რისკზე წავიდნენ და ეს ოპერაცია სამ ნაწილად გაყვეს. უფრო მარტივად რომ აგიხსნათ, 30 000 ლარზე ელექტრონული ტენდერი კი არ გამოცხადდა, პირდაპირი შესყიდვის წესით, 10 000 ლარის ღირებულებიან, სამ ნაწილად გაიყო.
- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159 6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სატენდერო დოკუმენტაცია არასწორად რატომ უნდა შეედგინათ?
- სატენდერო დოკუმენტაციას ტენდერის გამომცხადებელი ადგენს, რომელმაც დეტალურად უნდა განსაზღვროს, თუ რა სჭირდება. მაგალითად, თუ მას მანქანის ძრავის ზეთი სჭირდება, მაგრამ სატენდერო დოკუმენტაციაში არ მიუთითებს, ეს ზეთი მინერალური უნდა იყოს, თუ ორგანული, დარღვევად ითვლება. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალია, რადგან შესასყიდი საშუალების ხარისხსა და სტანდარტს განსაზღვრავს. ჩვეულებრივ, რაც უფრო მაღალი სტანდარტის დეტალი გჭირდებათ, მით უფრო ძვირია. იგივე შეიძლება ითქვას საშენ ან საიზოლაციო მასალებთან დაკავშირებითაც - რაც უფრო ხარისხიანი და მაღალი სტანდარტის მასალაა, მით ძვირია. ამიტომ სატენდერო დოკუმენტაციაში აუცილებლად უნდა მიუთითოთ, რა ხარისხისა და სტანდარტის მასალა ან დეტალი გჭირდებათ. როდესაც მითითებული არ არის, შესაძლოა, დაბალი ხარისხის მასალები და დეტალები მოგაწოდონ იაფად და ამ შემთხვევაში, ტენდერში მონაწილე კომპანია მოგებული რჩება.
- ამავე მუხლის მეორე ნაწილით, სატენდერო კომისიის მიერ, სატენდერო წინადადებებისა და პრეტენდენტების არაკვალიფიციურად შეფასება რას ნიშნავს?
- დავუშვათ, ტენდერში სამი კომპანია მონაწილეობს, ცხადია, სამივეს თავისი სატენდერო პაკეტი ექნება. ამ მუხლის დარღვევა იმას ნიშნავს, რომ კომისიამ არასწორი დასკვნა დადო. გამოდის, კომისიამ პრეტენდენტების წინადადებები არასათანადოდ შეისწავლა და ზერელედ დაასკვნა, რომ მაგალითად, პირველი პაკეტი გაცილებით უკეთესია, ვიდრე მეორე და მესამე. სინამდვილეში, შესაძლოა, პირიქით ყოფილიყო, ანუ სატენდერო კომისიამ ტენდენციურად, მიკერძოებულად და სუბიექტურად შეაფასა სატენდერო დოკუმენტაცია და შეგნებულად მიანიჭა უპირატესობა კონკრეტულ პაკეტს, რათა ტენდერში მისთვის სასურველ პრეტენდენტს გაემარჯვა.
- ამავე მუხლის მესამე ნაწილით ირკვევა, რომ ტენდერის დასრულების შემდეგ, ხელშეკრულება არასწორად გაფორმდა. ამგვარი შეცდომა რატომ უნდა დაუშვას სატენდერო კომისიამ ან მან, ვინც ტენდერში მონაწილეობს?
- აქ ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რამ. მოქმედი კანონმდებლობით, შესაძლოა, ტენდერი მოიგოთ, მაგრამ ისეთ ხელშეკრულებას მოაწეროთ ხელი, რომელშიც სულ სხვა პირობებია ჩადებული. დავუშვათ, საოფისე სავარძლები შეიძინეთ, აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მიუთითოთ, სად არის ეს სავარძლები დამზადებული - გერმანიასა თუ ჩინეთში. თუ ტენდერის მიხედვით, ეს სავარძლები გერმანული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ხელშეკრულება ჩინური წარმოების სავარძლებზე გაფორმდა, ეს უკვე სერიოზული დარღვევაა. ერთი მხრივ, სატენდერო პირობები დაირღვა, მაგრამ მეორე მხრივ, ამას საკმაოდ სოლიდური ფასთასხვაობა მოჰყვა, ანუ გერმანული სავარძლები გაცილებით ძვირია, ვიდრე ჩინური. მარტივად რომ ავხსნათ, ტენდერი სულ სხვა რამეზე გამოცხადდა, შემსყიდველს კი ხელთ შედარებით იაფი და დაბალხარისხიანი ნივთი შერჩა.
- როგორ ფიქრობთ, შესაძლოა, რომ ამ დარღვევების მიზეზი სატენდერო კომისიის წევრებისა და თავმჯდომარეების დაბალი კვალიფიკაცია იყოს?
- შეიძლება დაბალი კვალიფიკაციაც იყოს, სამსახურებრივი გულგრილობაც და ანგარებაც. ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში რეფორმირების სერიოზული პროცესი მიმდინარეობს, რასაც დიდი დრო სჭირდება. ბევრი საკითხი, მათ შორის, ტენდერის გამოცხადება და უშუალოდ, სატენდერო პროცესი, საკმაოდ გამჭვირვალე უნდა იყოს. ვიცი, რომ შესყიდვების სააგენტო სატენდერო კომისიის წევრებსა და თავმჯდომარეებს ატრეინინგებს, მაგრამ ტრენინგები შესყიდვებით დაინტერესებული კომპანიების ხელმძღვანელებსაც სჭირდებათ. კერძო კომპანიების წარმომადგენლები შესაბამის უნარ-ჩვევებს უნდა ფლობდნენ, რათა მაქსიმალურად ადვილად გადალახონ ბიუროკრატიული ბარიერები. მეორე მხრივ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ამგვარი ბიუროკრატიული ბარიერები გააქროს და სუბიექტივიზმი გამოირიცხოს. თუ ტენდერი გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი არ არის, იქ ყოველთვის იარსებებს ამ ტიპის დარღვევები.