მაიდანისთვის ბათუმშიც ემზადებიან?!

მაიდანისთვის ბათუმშიც ემზადებიან?!

"ვერავინ გაბედავს რაიმე ფორმით ან რაიმე სახით ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობას. თუ ამის მცდელობა და სურვილი იქნება, უმკაცრესად დაისჯება, ვინც არ უნდა იყოს", - ამბობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებების შემდეგ.

ვერავინ გაბედავს კი არა, ისე გაბედავენ და ბედავენ, როგორც დაგიბარებიათ. "ნაციონალების" გეგმის მიხედვით, თბილისის შემდეგ, სადაც "მაიდანი" უნდა მოეწყოს, იქნება ქალაქი ბათუმი. უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძის თქმით, ამ ყველაფერს ორგანიზებას უკეთებს უმაღლესი საბჭოს ნაციონალი დეპუტატი, მურმან ბერიძე, რომელიც თავის დროზე იყო ასლან აბაშიძის მარჯვენა ხელი, მისი აპარატის უფროსი. მას კარგი გამოცდილება აქვს ჯერ კიდევ კომკავშირიდან და კომუნისტური პარტიიდან მოყოლებული. ეს ადამიანი ყოველდღიურად ატარებს შეკრებებს "ნაციონალების" ოფისში, აქტივისტებს უტარებს თავისებურ ტრენინგებს და ჯგუფებად უშვებს რაიონებში.

მეორე საკითხი, რომელსაც ახალმა ხელისუფლებამ უნდა მიაქციოს ყურადღება, არის ის, რომ ბათუმში საეჭვოდ მომრავლდნენ ფოტოაპარატიანი უკრაინელები. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მარტსა და აპრილში ბათუმში ამდენი უკრაინელი არასოდეს ჩამოსულა. ვინაიდან, სხვა ეროვნების ხალხი ჯერ არ ჩანს, ეს ნამდვილად არ უნდა უკავშირდებოდეს საკურორტო სეზონის დაწყებას.

"ნაციონალები" ინტენსიურად ეძებენ არა მხოლოდ თავიანთ მომხრეებს, არამედ ისეთ ადამიანებსაც, რომლებიც განაწყენებულები არიან ახალ ხელისუფლებაზე, რათა შეძლონ მათი გამოყვანა ქუჩაში. ბაკურიძის თქმით, ბათუმის ერთ-ერთ სტუდიაში უკვე მზადდება კლიპები, სადაც ასახული იქნება, რა დაპირებები იყო და რა ვერ შეასრულა "ქართულმა ოცნებამ". უახლოეს ხანში დაიწყება ამ კლიპების გაშვება რამდენიმე ტელევიზიის საშუალებით და, ასევე, დაიდება სოციალურ ქსელებში. მთელი აჭარის მასშტაბით ძალიან შემცირდა საბურავების რაოდენობა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბათუმში ჩასული იყო მამალი "ნაციონალი", კობა ხაბაზი. რაღა დაგიმალოთ და... კობა ხაბაზს გადატრიალება-გადმოტრიალებასა და პროვოკაციების მოწყობაში დიდი გამოცდილება აქვს. ალბათ, გახსოვთ, როგორ დაძვრებოდა ის ბათუმი-თბილისის მატარებლით აქეთ-იქით და როგორ ამტკიცებდა, შევარდნაძე-აბაშიძის მოშორების შემდეგ საქართველოში დემოკრატია უნდა დავამყაროო. კობა ხაბაზის მიერ დამყარებული დემოკრატია არ გაიშვა არსად, მაგრამ "ნაციონალებს" აჭარაში ჯართსა და საბურავებს მის გარდა სხვა ვერავინ შეუგროვებს, მარტო მაგ საქმეში თუ გამოდგება. ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ "ნაციონალების" უცნაური აქტიურობა მხოლოდ არჩევნებს არ უკავშირდება, მათ სწორედ ის გეგმა აქვთ, რაზეც "ალია" წერდა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ილაპარაკა რამდენიმე დღის წინ.