სომეხმა დეპუტატებმა ოშკი და იშხანი სომხურ ტაძრებად გამოაცხადეს

სომეხმა დეპუტატებმა ოშკი და იშხანი სომხურ ტაძრებად გამოაცხადეს

2 აპრილს სომეხმა დეპუტატებმა, სომხეთის სახალხო კრების დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომისიის წევრებმა ვაან ტერ-კაზარიანმა, აშოტ მანუჩარიანმა და ჟასმინ ასრიანმა ოშკი და იშხანი სომხურ ძეგლებად გამოაცხადეს.

"თურქეთმა გადაწყვიტა, საქართველოს 300 ისტორიული ძეგლი გადასცეს, რომელიც რეალურად, დასავლეთ სომხეთს ეკუთვნის. ოფიციალური ანკარა აცხადებს, რომ სომხური ძეგლები, რომელიც აიკ დიდის დროს აშენდა, საქართველოს ისტორიული კუთვნილებაა. ჩვენს წინაშე დგას შემდეგი პრობლემა: ჩვენს მიერ აშენებული ათეულობით ქალკედონური ეკლესია მხოლოდ იმიტომ მიიჩნევა ქართულად, რომ მასზე ქართული წარწერებია. ოშკვანკის (ოშკის) და იშხნის ტაძრები სომხური ხუროთმოძღვრების ნიმუშებია და შეიცავს სომხური არქიტექტურის ყველა ელემენტს, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ მათ სომხური სახელები აქვთ. თურქეთი აგრძელებს თავის ავანტიურისტულ პოლიტიკას და ცდილობს, ამ ნაბიჯით ძირი გამოუთხაროს სომხეთსა და საქართველოს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. ამავდროულად, ცხადია, თურქეთი აგრძელებს ანტისომხურ პოლიტიკას. რაც შეეხება ქართველებს, ისინიც აგრესიულად არიან განწყობილი და დათმობას არ აპირებენ. არადა, ეს არის არა ქართველების, არამედ სომხების კულტურული მემკვიდრეობა". - აცხადებს აშოტ მანუჩარიანი.

დაახლოებით 2 წლის წინათ "ალია" წერდა, რომ თურქეთმა გაითვალისწინა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს თხოვნა, რომ დაებრუნებინა ისტორიული ძეგლები სომხეთისთვის, საბერძნეთისა და რუსეთისთვის. საქართველოზე მაშინ საუბარიც კი არ ყოფილა, რაზეც მაშინდელ ხელისუფლებას ხმა არ ამოუღია, გასაგებია, რატომაც, ეკლესიების დამარბეველი ხელისუფლებიდან სხვა მოლოდინი არც იყო, მაგრამ ახლა რა ხდება, როცა სომხეთის დეპუტაცია უკვე აშკარად ლაპარაკობს ოშკსა და იშხანზე? ახლა მაინც არ უნდა ამოვიღოთ ხმა? თბილისის ტაძრების უმეტესობა თურმე  სომხურია, ჯვრის მონასტერი სომხური კულტურის ძეგლია... ახლა თურმე იუნესკოს უნდა მიმართონ სომეხმა დეპუტატებმა, რომ ოშკი და იშხანი სომხური ხუროთმოძღვრების ნიმუშებია.

რა აზრის არიან და რას უპასუხებენ სომეხ კოლეგებს ქართველი დეპუტატები?

"ალია" კომენტარისთვის დაუკავშირდა საპარლამენტო უმრავლესობისა და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრს, ზაზა პაპუაშვილს:

- გეთანხმებით, საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ ისეთი ფხა უნდა გამოიჩინოს, რომ ნებისმიერ ასეთ გამოწვევას განსაკუთრებული და არგუმენტირებული, განათლებული პასუხი გასცეს, მაგრამ პანიკას ნუ ავყვებით, შეიძლება სამმა დეპუტატმა რაღაც თქვა და ეს არ ნიშნავს, რომ სამი დეპუტატის ნათქვამით წაიღებენ ძეგლებს.

მაგ სამ დეპუტატს უკან თავისი ქვეყანა უდგას.

- ეს ხომ წლებისა და საუკუნეების განმავლობაში გრძელდება. მართალი ხართ, ხვალ (3 აპრილს) კულტურის კომიტეტის სხდომა გვაქვს, ამ საკითხს აუცილებლად დავსვამ და გარკვეულ პოზიციაზე ჩამოვყალიბდებით, რა გავაკეთოთ, თორემ საპანიკოს მე ვერაფერს ვხედავ. ესაა ტრადიციული ქიშპობა და ტრადიციული ძახილი იმისა, რომ "ეს ჩვენია" და "ის ჩვენია", თუმცა ვამბობ და გეთანხმებით იმაში, რომ ქართულმა მხარემ არ უნდა გააბედვინოს მოპირდაპირე მხარეს ასეთი რამეების თქმა, რადგანაც მათ არგუმენტაციას საფუძველი არანაირი არ აქვთ. გეთანხმებით, რომ უნდა იყვნენ მეცნიერები, რომლებიც ნებისმიერ წუთს და წამს, ასეთ გამოწვევები სანამ ხანძრად გადაიქცევა, იმ წუთშივე უნდა ჩააქრონ.

და ამასობაში ეს მეცნიერები და სამინისტრო სად არის?

- მე მთავრობის წევრი არ ვარ, მეც ხშირად ვკითხულობ ხოლმე, სად არის სამინისტრო? ჯერჯერობით სამინისტროში მინისტრი არ არის თავის ადგილზე. ამბობენ, შვებულებაშიაო, დაბრუნდება-არდაბრუნდება, ჩვენ არ ვიცით, ვნახოთ, როგორ იქნება. ჩვენ პარლამენტში კომიტეტში ჩამოვყალიბდებით, როგორ გავაკეთოთ. მერე ვნახოთ, რა მსვლელობა მიეცემა საკითხს.

პარლამენტი არის აღმასრულებელი ორგანოს მაკონტროლებელი და სხდომაზე რომ მოგეწვიათ სამინისტროს წარმომადგენლები, არ გამოვა?

- თანმიმდევრულად უნდა მივყვეთ-მეთქი, ამას ვამბობ. გეთანხმებით, არ უნდა წავუყრუოთ და ის ხალხი უნდა ჩავრთოთ, ვისაც ეს ხელეწიფება. იმაშიც გეთანხმებით, რომ პოზიცია უნდა დავაფიქსიროთ, ამას წინ რა უდგას? არაფერი... როდესაც მსგავსი განცხადებები გვესმოდა, სულ ვამბობდით, კაი კაცო, ეს ხომ ასე არ არის, "ნაშა ძელა პრავოე" და არ ვრეაგირებდით მსგავს გამოხტომებზე. ჩვენი პასუხი უნდა იყოს არგუმენტირებული. ჩემი პოზიცია სულ ასეთია, კვალიფიკაცია და რეაგირება მაღალი უნდა იყოს. არ ვიცი, შეიძლება ასეთ უტიფარ განცხადებებზე არც არის საჭირო პასუხის გაცემა, მაგრამ ამას უკვე ავტომატურ რეჟიმში გაეცემა პასუხი.