რა ორი სცენარით განვითარდება მოვლენები აჭარის მთავრობაში

რა ორი სცენარით განვითარდება მოვლენები აჭარის მთავრობაში

მურმან დუმბაძე რამდენიმე დღეში პარტიას შექმნის

აჭარის მთავრობის ახალი მეთაურის კანდიდატურა უკვე შერჩეულია. არჩილ ხაბაძეს, დიდი ალბათობით, ჩაანაცვლებს ზურაბ პატარაძე, ყაზახეთის ელჩი, რომელიც ახლაც აჭარაში იმყოფება და როგორც ამბობენ, ინტენსიურ შეხვედრებს მართავს აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებთან. მათ შორის, მურმან დუმბაძის გუნდის წევრ მედეა ვასაძესთან. საერთოდ, აჭარის მთავრობაში ისედაც არეული პროცესები ლევან ვარშალომიძის საქართველოში დაბრუნების და საარჩევნო გეგმების გაჟღერების შემდეგ უფრო სწრაფად განვითარდა და ბოლოს ხაბაძის წასვლით დასრულდა. თუმცა როგორც ვიცე-სპიკერი და ბათუმის მაჟორიტარი მურმან დუმბაძე ,,ვერსიასთან'' აცხადებს, ხაბაძე ,,ოცნებამ'' ორი სავარაუდო სცენარის გასათამაშებლად გადააყენა. დუმბაძე იმასაც გვიმხელს, რომ ერთ დროს მის საზოგადოებრივ მოძრაობას ,,ემსახურე საქართველოს'' პარტიად სულ რამდენიმე დღეში გადააკეთებს, ხოლო ზურაბ პატარაძეს ვარშალომიძის მარჯვენა ხელს უწოდებს და ამბობს, რომ მისი დანიშვნა ყველაზე მეტად სწორედ ნაციონალებს აწყობთ. რას ნიშნავს ვარშალომიძის დაბრუნება და რას აპირებს პრეზიდენტი აჭარაში - ,,ვერსიას'' მურმან დუმბაძე ესაუბრება.
- აჭარის უმაღლეს საბჭოს ახალ კანდიდატურას პრეზიდენტი წარუდგენს. საიდუმლო არავისთვისაა, რომ ის ყაზახეთის ელჩი, ზურაბ პატარაძე იქნება, თუმცა ,,ოცნებას'' აჭარის მთავრობაში უმრავლესობა არ ჰყავს. ამ ფონზე, კანდიდატურის ჩაგდებას არ ელით? 
- პირველ რიგში, იმას გეტყვით, რომ არჩილ ხაბაძის გადაყენების მთავარი მიზეზი, სინამდვილეში, ,,ოცნების'' მიერ ჩატარებული რეგიონული გამოკითხვებია, სადაც არჩილ ხაბაძის ფიგურა საერთოდ არ ჩანს. ყველა დანარჩენ ჭორს კი საზოგადოებაში იმიტომ ყრიან, თითქოს ის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნდება, არადა, ასე არ იქნება! ზურაბ პატარაძე კი საერთოდ არაა მიბმული აჭარის რეგიონის მოსახლეობასთან, თუ არ ჩავთვლით ასლან აბაშიძის პერიოდს, როცა აჭარის პოლიციის თანამშრომელი იყო და შემდეგ, საბაჟოზე მოლარედ მუშაობდა. უკვე სააკაშვილის მმართველობის ბოლო პერიოდში, ყაზახეთის ელჩად დაინიშნა, რაც მის ბიოგრაფიაში ყველაზე მაღალი თანამდებობაა. კონსტიტუციურად, არის ასეთი დათქმა, რომ პრეზიდენტი, პრემიერთან შეთანხმებით, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს ახალ კანდიდატურას, თუმცა, ამ შემთხვევაში პრეზიდენტი ნომინალურია, ჯამში, კანდიდატს მაინც გიორგი კვირიკაშვილი წარადგენს. მიუხედავად იმისა, რომ უმაღლეს საბჭოში ,,ოცნება'' უმრავლესობაში არ არის, თავად ზურაბ პატარაძე უკვე აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს. მარტო ახლა კი არა, პატარაძე ერთი კვირის წინ აჭარაში იყო ჩამოსული და ინდივიდუალურ რეჟიმში ხვდებოდა როგორც ,,ოცნების'', ისე ნაციონალების წევრებს და ემუდარება, ჩემს კანდიდატურას დაუჭირეთ მხარიო. მიმდინარეობს პირდაპირი ნადირობა უმაღლესი საბჭოს 21-ვე წევრზე. მათ შორის, ადამიანები მიუგზავნეს მედეა ვასაძესაც, რომელმაც პატარაძის მხარდაჭერაზე კატეგორიული უარი განაცხადა. 
- კი მაგრამ, ნაციონალებს გაცხადებული აქვთ, რომ მას მხარს არ დაუჭერენ, ,,ოცნება'' კი დამოუკიდებლად ვერ გაიყვანს. 
- პატარაძე მარტო ამ ორი გუნდის წარმომადგენლებს კი არა, ყველა პარტიას ელაპარაკება, მათ შორის ,,ფორუმსაც'', თავისუფალ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს. ზოგთან ვინ მიაგზავნა, ზოგთან - ვინ. მისი ამოცანაა უბრალო უმრავლესობა, ანუ 11 ხმა კი არა, ხმათა 2/3, ანუ 14 ხმა მიიღოს. ნაციონალები მას მხარს არ დაუჭერენ, არც ქალბატონი ვასაძე, სხვა დეპუტატებთან კი ამიტომ იმართება ინტენსიური შეხვედრები. მინდა, თქვენი გაზეთის მეშვეობით განვაცხადო, რომ რაკი ვარშალომიძე აჭარაში არჩევნებში აპირებს მონაწილეობას, ჩათვალეთ, ჩემი პოლიტიკური დღის წესრიგი შეიცვლება. აქამდე არაერთი პარტიიდან მქონდა შემოთავაზება როგორც მაჟორიტარად, ისე, პარტიული სიით მათთან ერთად კენჭისყრაზე. თუმცა უახლოეს დღეებში საკუთარ პოლიტიკურ პარტიას შევქმნი, მედეა ვასაძესთან და სხვა თანამოაზრეებთან ერთად. ვფიქრობ, ვარშალომიძის გამოჩენა სწორედ ,,ოცნების'' ინტერესებში შედის, ამიტომ არ უნდა დავუშვათ, ერთმანეთის ხარჯზე ამ ორმა ძალამ იხეიროს. 
- რა ლოგიკით აწყობს ,,ოცნებას'' ვარშალომიძის გამოჩენა და მის ხმაურიან ჩამოსვლას სააკაშვილის გეგმებთან რატომ არ აკავშირებთ? 
- ფაქტია, ვარშალომიძის პოლიტიკური განაცხადი დღეს იმას ნიშნავს, რომ ის უნიათო ,,ოცნების'' ხარჯზე რეანიმირებას აპირებს. თუმცა მას, რა თქმა უნდა, საკუთარი მხარდამჭერები ჰყავს, რომელთაც ჩვენ ვერ მოვუსპობთ. თუმცა მისი ავტორიტეტი დღეს ის არ არის, რაც 2012 წელს იყო - ამას მხოლოდ არჩილ ხაბაძის უავტორიტეტობა განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ, ხალხს საკუთარი თავი და ახალი პარტია უნდა შევთავაზოთ. თუმცა ვარშალომიძეს ისევ შემორჩა მხარდამჭერები, უმაღლეს საბჭოშიც ჰყავს საკმაოდ დიდი წარმომადგენლობა, არ არსებობს საკრებულო, სადაც ფრაქცია არ ჰყავს და ამას ვერ წავართმევთ! მისი წინააღმდეგობის გაწევის ერთადერთი გზა კონკურენციაა. 
- სააკაშვილი ვარშალომიძის მთავრობის ხელმძღვანელად დაბრუნებას აანონსებს. გამორიცხავთ, პრეზიდენტმა სწორედ ვარშალომიძის კანდიდატურა დაასახელოს? 
- ჯერ ერთი, ,,ოცნება'' თავად ვერ გასცდა ვარშალომიძის კადრებს. პატარაძე, რომლის დასახელებასაც აპირებენ, ისედაც ვარშალომიძის მარჯვენა ხელი იყო 2013 წლამდე. მეტიც, ეს პატარაძე მისი მეგობარიცაა. მისი დაწინაურებულია, თანაგუნ¬დელია. ასე თუ ისე, რაღაც კონტაქტები მაქვს ნაციონალებთან და ვიცი, რომ ნაციონალური მოძრაობა გახარებულია პატარაძის კანდიდატურით. დღეს მე ორ სცენარზე შემიძლია საუბარი: პრეზიდენტი წარადგენს კანდიდატურას. თუ მას ერთხელ ვერ დაამტკიცებენ, მაშინ 10 დღის ვადაში, მეორედ შეუძლია წარადგინოს როგორც იგივე, ისე ახალი კანდიდატურა. მეორედ ჩაგდების შემთხვევაში კი, პრეზიდენტი გაუშვებს უმაღლეს საბჭოს, აჭარის ტერიტორიაზე დროებით საპრეზიდენტო მმართველობას გამოაცხადებს და არჩევნებს ჩაატარებს. აქ პრეზიდენტი უკვე ნამდვილად არაა ნომინალური და მისი დისკრეცია მაღალია. ეს ერთი სცენარია. მეორე ვერსიით კი, ვფიქრობ, ,,ოცნება'' აჭარის უმაღლესი საბჭოს 11 წევრს გაურიგდება, როგორც აქამდე აკეთებდა: ზოგი ბიზნესმენი გახდა, ზოგს პარტიულ სიას დაპირდებიან, ზოგის საქმე პროკურატურაშია, მაგრამ პროკურატურა დუმს და ა.შ. ალბათ ალასანიას პარტიის 3 წევრსა და თავად ალასანიასაც დაელაპარაკებიან, ან ,,კაბელების საქმეზე'' გაურიგდებიან და ა.შ. ეს პროცესი კი სწორედ ვარშალომიძეს აწყობს. აჭარის უმაღლეს საბჭოში 7 წევრია ,,ოცნებიდან'', 3 ალასანიასპარტიელი, 1 რესპუბლიკელი და 1-იც ფორუმელი. ახლა ამ ადამიანებზეა დამოკიდებული, რა მოხდება და რომელი სცენარი განვითარდება.