ბესიკ ხარძიანის საქმის სკანდალური გაგრძელება

ბესიკ ხარძიანის საქმის სკანდალური გაგრძელება

15 ივლისს ზვიად ჯანყარაშვილისა და ირაკლი კორძაიას სასამართლო პროცესი გაიმართება

15 ივლისს საქალაქო სასამართლოში ზვიად ჯანყარაშვილისა და ირაკლი კორძაიას სასამართლო პროცესია ჩანიშნული. ჯანყარაშვილი კორძაიას პატივისა და ღირსების შელახვისთვის უჩივის და 5 000 ლარს სთხოვს. უცნაურია, რომ 2015 წლის 16 აპრილს შეტანილი სარჩელი აქტუალური ახლა, არჩევნებამდე 3 თვით ადრე ხდება. აქტიურდება ჟურნალისტი და უფლებადამცველი ირაკლი კორძაიაც, რომელიც ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის გამოძიების დროს, სკანდალური განცხადებებისა და ზეწოლის გამო, ქვეყნიდან წავიდა. ფაქტია, კორძაია დღესაც ერთადერთია, ვინც ხარძიანის გახსნილი მკვლელობის გარშემო კითხვის ნიშნებს მუდმივად აჩენს და არც სამომავლოდ აპირებს გაჩუმებას. იგი ,,ვერსიასთან'' საუბრისას მორიგ სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ დეპუტატისა და მინისტრის გარდა, მის ,,დავერბოვკებაზე'', პოპულარული ოპოზიციური პარტიის ლიდერი პირადად მუშაობდა და ამაში ,,გასამრჯელოც'' აიღო!
სხვათა შორის, ამ ერთი წლის განმავლობაში სხვადასხვა ვერსია ვრცელდებოდა კორძაია-ჯანყარაშვილის დავის შესახებ. შსს-ს გენინსპექციის ყოფილი უფროსისა და ,,ოცნების'' ყოფილი აღმასრულებელი მდივნის გვარი კორძაიამ მაშინ ახსენა, როცა ბესიკ ხარძიანი საკუთარ სახლთან მოკლეს. კორძაია აცხადებდა, რომ ხარძიანისთვის კუთვნილი ქონების დაბრუნების საკითხს შს სამინისტროში ჯანყარაშვილი, ხოლო პროკურატურაში მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი აფერხებდნენ. ამ განცხადებების გამო პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო, ჯანყარაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, ირაკლი კორძაიას კი დაახლოებული პირები და მეგობრები მიუგზავნეს, რათა გია უდესიანისა და ჯანყარაშვილ-ნაცვლიშვილის კავშირებზე აღარ ესაუბრა. მას შემდეგ არაერთხელ ითქვა, რომ სარჩელი სინამდვილეში არც არავის შეუტანია, ან შეიტანეს და უკან გამოიტანეს და ა.შ. თუმცა ასე არ აღმოჩნდა... თავის მხრივ, კორძაია ყველა განცხადებას ძალაში ტოვებს და აცხადებს, რომ მისთვის ჯანყარაშვილი ნაციონალ გია უდესიანთან დაკავშირებული პირია, რომელსაც ,,მატროსოვის'' ციხის კარამდე პირადად მიაცილებს. ირაკლი კორძაია ,,ვერსიას'' ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს. 
- ირაკლი, 2015 წლის 16 აპრილს შეტანილი სარჩელი თქვენს წინააღმდეგ ახლა ხდება აქტუალური. ამას რას უკავშირებთ ან ინფორმაცია ხომ არ გაქვთ ზვიად ჯანყარაშვილის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ? 
- ამაში არანაირ პოლიტიკურ ქვეტექსტებს არ ვეძებ. პატივსა და ღირსებას რაც შეეხება, იმისთვის, რომ ამ ტიპის სარჩელი შეიტანო, ან პატივი უნდა გაგაჩნდეს, ან ღირსება. არც ერთი მათგანი ჯანყარაშვილს არ გააჩნია! ხოლო იმ 5 000 ლარს, რომელსაც კომპენსაციის სახით ითხოვს, აუცილებლად მივცემ, ოღონდ არა სასამართლოს გადაწყვეტილებით, არამედ ,,მატროსოვის'' კართან მიყვანისას. ჯანყარაშვილს ე.წ. პერედაჩები დასჭირდება და ამ თანხას ყოველთვიურად გამოვუზოგავ, სასჯელის ვადის ამოწურვამდე, გია უდესიანსა და ლაშა ნაცვლიშვილთან ერთად. მასა და უდესიანს შორის ჩემთვის ტოლობის ნიშანი დგას. რაც ეს ადამიანი ჩამოშორდა ხელისუფლებას, ხარძიანის საქმეც დაიძრა, გაირკვა, რომ თურმე, უდესიანი მართლა მკვლელია, პროკურატურამ მას ბრალი წარუდგინა და ძებნაზეც ,,დასვა'', საქმის გამოძიებაც დაიწყო. საინტერესოა, ამის გაკეთება 3 წლის განმავლობაში რატომ იყო შეუძლებელი? იმიტომ ხომ არა, რომ ჯანყარაშვილი შსს-ში იკავებდა წამყვან პოზიციას, ხოლო ლაშა ნაცვლიშვილი პროკურატურაში?! პასუხი მარტივია: ეს ადამიანები ხელოვნურად, ფინანსური დაინტერესების გამო აჭიანურებდნენ ბესო ხარძიანისთვის ქონების დაბრუნების პროცესს. ხარძიანი რეჟიმის ტიპური მსხვერპლი იყო, რომელიც ჯერ შეთითხნილი ბრალდებით დაიჭირეს, აწამეს, რის შემდეგაც მე და ჩემმა მეგობრებმა ციხიდან გამოვიყვანეთ და ამის შემდეგ დაიწყო სამართლებრივი დავა ქონების დასაბრუნებლად, რაშიც მას ეს ორი ადამიანი უშლიდა ხელს. საქმე თითქოს დაიძრა, ხარძიანის ოჯახმა პირველი ინსტანცია მოიგო, ახლა საქმე სააპელაციო სასამართლოშია და თუ ამ ქვეყანაში კანონი და სამართალი არსებობს, ოჯახმა კუთვნილი ქონება უნდა დაიბრუნოს. იმედია, ახალი ,,ჯანყარაშვილი'' და ,,ნაცვლიშვილი'' არ გამოჩნდებიან და ამ საქმეში ხელების ფათურს არ დაიწყებენ. თუ გამოჩნდებიან, როგორც ამ ორს დავადე ხელი, ისე დავადებ სხვასაც! თუ ჯანყარაშვილმა წინასაარჩევნოდ გააქტიურებისთვის ჩემთან დავის გზა აირჩია, ძალიან წამგებიანი გადაწყვეტილება მიუღია. არ ვიცი, რა ხდება შიდაპარტიულ სამზარეულოში და რატომ ემთხვევა ეს სასამართლო წინასაარჩევნო პერიოდს. ჩემი აზრით, ეს დამთხვევაა, ხოლო თუ არ არის და გამიზნულადაა გაკეთებული, მაშინ მის ნეგატიურ სახეს საზოგადოების წინაშე სააშკარაოზე კიდევ ერთხელ გამოვიტან. 
- ცნობილია, რომ გია უდესიანს კუს ტბის წილი სურდა, რომელიც მას ხარძიანმა არ დაუთმო. დღეს ამას პროკურატურაც ადასტურებს. ამის შემდეგ, ხარძიანი დაიჭირეს, ციხიდან გამოსვლისა და სასამართლო დავის მერე კი მოკლეს. ეჭვები, ირიბად, უდესიანის მისამართითაც გაჩნდა და როცა უდესიანთან ჯანყარაშვილ-ნაცვლიშვილს აკავშირებთ, არ ფიქრობთ, რომ არაპირდაპირ, მკვლელობაში ბრალს მათაც სდებთ? 
- ადამიანები, ვინც წინა რეჟიმის დროს დაზარალდნენ, ახალი ხელისუფლების პირობებში სამართლიანობის აღდგენას ფიზიკურადაც შეეწირნენ. მაგალითად: იური ვაზაგაშვილი, ბესო ხარძიანი და სულხან მოლაშვილი. არ მესმის ხელისუფლებისა და პროკურატურის დამოკიდებულება ამ საქმეების მიმართ. რაკი ადამიანი ცოცხალია და იმ მომენტში ტერორის მსხვერპლი არ არის, შეგვიძლია, მისი საქმე თაროზე შემოვდოთ? პროკურატურა სწორედ ასე მოიქცა და აგერ, შედეგებს ვიმკით - ყოველდღე ვკარგავთ ადამიანებს! დიდი ალბათობით, ბესო არ მოკვდებოდა, მისი საქმე ისე რომ გამოძიებულიყო, როგორც საჭიროა და პირველ რიგში, მისი დაპატიმრებისა და წამების საკითხი, როცა 12 ადამიანი სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებას უტენიდა პირში. ციხიდან მისი გამოსვლის შემდეგ პრაქტიკულად არაფერი გაკეთებულა. თითქოსდა, უდანაშაულოდ სცნეს, მაგრამ იურიდიულად, ის დამნაშავე იყო და ხელისუფლება არაფერს აკეთებდა, მისი უდანაშაულობა ქაღალდზეც ასახულიყო. ამის პოლიტიკური ნება არ არსებობდა, რადგან ხელისუფლებაში ჯანყარაშვილ-ნაცვლიშვილი იყვნენ! 
- და დღეს არის ნება, როცა ხელისუფლებაში იგივე ადამიანები არიან, ვისაც ასახელებდით და ამბობდით, რომ ისინი გასაჩუმებლად მოგიგზავნეს. საერთოდ, ეს ეპიზოდი თუ გამოიძია პროკურატურამ? 
- არ ვარ ილუზიების ტყვეობაში და არ ვფიქრობ, რომ საქმეს ბოლომდე სტახანოვური ტემპებით მიიყვანენ, მაგრამ რაღაც მაინც ხდება, თუნდაც, ჩემს წინააღმდეგ. ზვიად ჯანყარაშვილს რამენაირად მოვერევი - პირდაპირ ვამბობ, ამ პროცესს მოვიგებ! როგორც ჩანს, არც მას და არც მის ადვოკატს არ აქვთ წაკითხული კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ და არც ჟურნალისტური საქმიანობის შესახებ იციან რამე!
დიახ, ახლაც ვადასტურებ, რომ ჩემთან მოდიოდნენ ადამიანები, მაღალჩინოსნები - მინისტრი სოზარ სუბარი და დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და საკმაოდ უსიამოვნო თემებზე გვქონდა საუბარი. ვიყავი თბილისის პროკურატურაში და მივეცი ახსნა-განმარტება. ამის შემდეგ კი ამ თემას გაგრძელება და რეაგირება არ მოჰყოლია. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ არაფერი ვიცი იმის მიუხედავად, რომ 6 საათის განმავლობაში ვიკითხებოდი და ყველაფერი დეტალურად გავიხსენე. ამის მერე აღარც პროკურატურა შემხმიანებია და არც ახალი შეთავაზება მიმიღია ამ ხალხისგან. მერე იძულებული გავხდი, გერმანიაში წავსულიყავი. რატომღაც, დღეს ყველას ავიწყდება, რომ ათასობით ადამიანი ციხეში შეთითხნილი ბრალდებით იჯდა და ამ ადამიანების სისხლითა და გატეხილი ძვლებით არიან ხელისუფლებაში მოსულები. 
- ამ საქმეში კიდევ ერთი დეტალია, რომელზეც აქამდე არ გისაუბრიათ... საქმე ეხება ოპოზიციურ პარტიას, რომლისგანაც ხარძიანის საქმეზე გაჩუმების სანაცვლოდ გარკვეული შეთავაზება მიიღეთ. რომელ პოლიტიკურ ძალაზეა საუბარი და რას გთავაზობდათ მათი ლიდერი? 
- ბესო ხარძიანის მკვლელობის უახლოესი დღეები იყო. იყო ბევრი მცდელობა, თხოვნა, გავჩერებულიყავი, თავი შემეკავებინა ამ თემაზე საუბრისგან, თუმცა ყველაზე საინტერესო ისაა, რომ 
ერთი, საკმაოდ ძლიერი და ცნობილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, რომელიც წინასაარჩევნოდ ლამის სლოგანის სახით იყენებს ბესო ხარძიანის, იური ვაზაგაშვილისა და სულხან მოლაშვილის სახელებს, ჩემთან სწორედ გაჩუმების თხოვნით მოვიდა. ამ პოლიტიკოსმა ჩემი მეგობრის, ექსპერტ სოსო ზაალიშვილის თანდასწრებით, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბესო დასაფლავებულიც არ იყო, დამირეკა და პარტიის ოფისში შეხვედრა მთხოვა. პარტიის ოფისში იმ დღესვე მივედი და ამ პოლიტიკოსმა დაუფარავად დამიწყო ასეთი საუბარი: ბატონი თამაზაშვილისგან არის თხოვნა, იქნებ რამენაირად, თავი შეიკავოთ მსგავსი განცხადებებისგანო. მე ეს ამბავი პოსტფაქტუმ გავიგე, როცა მასა და თამაზაშვილს შორის ამ თემაზე შეხვედრა უკვე შემდგარი იყო და არ მესმის, რატომ მისცა ამ ლიდერმა მსგავს თემაზე საუბრის უფლება საკუთარ თავს. მან გასცა დაპირება, რომ დამელაპარაკებოდა და გამაჩერებდა. როგორც ჩემთვის ახლახან გახდა ცნობილი, თამაზაშვილსა და ამ ლიდერს შორის რაღაც გარიგება შედგა, ალბათ, აქ რაღაც მატერიალური დაინტერესება იყო. 
ჯერჯერობით, ამ ოპოზიციურ პარტიასა და მის ლიდერს არ დავასახელებ, ეს მათთვის გაფრთხილება იქნება! თუმცა მინდა ვთხოვო, უფრო სწორად, მოვთხოვო, ნუ იყენებენ ბესო ხარძიანის სახელს სპეკულაციისა და სლოგანებისთვის და საარჩევნოდ, პოლიტიკური ქულების ჩასაწერად. მათთვის ხარძიანის სახელი ძვირფასი რომ ყოფილიყო, ჩემთან ამ ტიპის საუბარს საერთოდ არ დაიწყებდნენ! 
მართალია, ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა დიდი ალბათობით, ირაკლი კორძაიას ინტერესებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) დაიცავს. სამაგიეროდ, დიდი ხანია გარკვეულია, რომ ჯანყარაშვილის მხარეს ცნობილი ადვოკატი, დიმიტრი გაბუნია წარმოადგენს. ,,ვერსიას'' რამდენიმე საგულისხმო დეტალზე დიმიტრი გაბუნიაც ესაუბრა და განაცხადა, რომ პროკურატურის მოკვლევა, რომელიც კორძაიას განცხადებების საფუძველზე დაიწყო, უკვე დასრულდა, თანაც ჯანყარაშვილისთვის სასურველი შედეგებით. რა მიზეზებით გადაიდო წელიწადზე მეტი ხნის წინ შეტანილი სარჩელის განხილვა და რატომ აქვს საქმის მოგების იმედი, ამ კითხვებს ჯანყარაშვილის ადვოკატი ,,ვერსიისთვის'' პასუხობს. 
- არაერთი განცხადება შევიტანეთ სასამართლოში, პროცესის დანიშვნის მოთხოვნით. ინტენსიურად ვითხოვდი პასუხებს სასამართლოსგან, თუმცა ჩემი ორივე წერილი უპასუხოდ დატოვეს. მესამედ პრესკონფერენცია ჩავატარე და სასამარ
თლოს საჯაროდ მივმართე. რამდენიმე დღეში კი დამირეკეს და მითხრეს, რომ პროცესი 15 ივლისს, 11 საათზე ჩაინიშნა. ასეთი იყო ამ ამბის ქრონოლოგია, ანუ შეფერხება ჩვენი მხრიდან არ ყოფილა; მეტიც, ჩვენი ეჭვები დაადასტურა პროკურატურის დასკვნამ: არ არსებობს არცერთი დოკუმენტი, რომლითაც კორძაია დაამტკიცებდა, რომ გარდაცვლილი ხარძიანისთვის ქონების დაბრუნების საქმეს ჯანყარაშვილი აფერხებდა. კორძაიამ განაცხადა, რომ ჯანყარაშვილ-ნაცვლიშვილის გვარები გარდაცვლილი ხარძიანისგან გაიგო. საერთოდ, ეს ძალიან მარტივი გამოსავალია, რადგან გარდაცვლილ ადამიანთან ნებისმიერი ინფორმაცია გადაუმოწმებადია. 
- რა არის გადასამოწმებელი: კორძაიასთან პირდაპირ ეთერში ხარძიანმა თავად დაასახელა ეს გვარები. 
- დეტალურად, ბუნებრივია, წინასწარ ვერ გეტყვით, როგორ ვაპირებ ამ პროცესის წარმართავს, თუმცა გეტყვით, რომ ჩვენების მიცემისას ირაკლი კორძაიას არ უთქვამს, ეს ინფორმაცია ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის შედეგად მოვიპოვეო. პროკურატურის ეს დასკვნა უკვე წარვადგინეთ სასამართლოში. დასკვნის მიხედვით, კორძაია ცალსახად და არაორაზროვნად ამბობს, რომ მას ეს ინფორმაცია ხარძიანმა 2014 წლის ზაფხულში, პირად საუბარში, როგორც მეგობარმა, ისე უთხრა და არა ჟურნალისტური საქმიანობის დროს. 
- კორძაიას გარდა, კიდევ ვინაა დაკითხული ამ მოკვლევის ფარგლებში? 
- სულ დაიკითხა ორი მოწმე: ირაკლი კორძაია და მალხაზ სალაყაია, ბესიკ ხარძიანის და შემდეგ მისი ოჯახის ადვოკატი. ოჯახის წევრები არ დაკითხულან და თუ მათი დაკითხვა უნდოდათ, თავად კორძაიას ან ადვოკატს შეეძლოთ პროკურატურაში ამის თქმა. არც თავად ოჯახის წევრებს ეტყოდა ვინმე უარს, დაკითხვის სურვილი რომ გამოეთქვათ. თუმცა მე არ ვარ პროკურატურა, არავის ფუნქციაში არ ჩავერევი - ჩემი კი არა, გამოძიების კომპეტენციაა, რატომ დაკითხა ან არ დაკითხა კონკრეტული პირი. პროცესუალურად, ხარძიანის ოჯახის ინტერესების წარმომადგენელი დაიბარეს პროკურატურაში, ამ შემთხვევაში, ოჯახის ადვოკატი მალხაზ სალაყაია, შესაბამისად, ცალკე ოჯახის წევრების დაკითხვა აუცილებლობას ამიტომაც არ წარმოადგენდა. აქვე, ერთ საინტერესო დეტალს გეტყვით: 
როცა ბესიკ ხარძიანი გარდაიცვალა და პროკურატურაში მალხაზ სალაყაია დაიბარეს, მას ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა ადგილი ჯანყარაშვილის მხრიდან ხარძიანისთვის ქონების დაბრუნების საქმის შეფერხებას. მალხაზ სალაყაიამ მისცა ჩვენება, რომ ამ პროცესში ხარძიანს არათუ ხელი შეუშალა ამ ხელისუფლებამ და ჯანყარაშვილმა, არამედ პირიქით, ესენი რომ არ ყოფილიყვნენ, ამ ქონებას ბესიკ ხარძიანი ვერასდროს დაიბრუნებდაო. სალაყაია დაიკითხა კონკრეტულად ამ მოკვლევის ფარგლებში, კორძაიას განცხადებებთან დაკავშირებით. პროკურატურას უნდა დაედგინა, მართლაც ხომ არ იყო სამართლებრივი გადაცდომები. ეს დაახლოებით ერთწლიანი მოკვლევა უკვე დასრულდა, არსებობს მისი შეწყვეტის დადგენილება, რომელიც სასამართლოში უკვე შევიტანე და 15 ივლისს პროცესზეც გვექნება. პროკურატურა ამბობს, რომ დანაშაულის ნიშნები არ არის! 
- თუმცა სხვა რამეს ამბობს ხარძიანის ქალიშვილი, რომელიც მზადაა, წარდგეს სასამართლოს წინაშე და დაადასტუროს, რომ პირად საუბრებში ბესო ხარძიანი სწორედ ჯანყარაშვილ-ნაცვლიშვილს ასახელებდა. 
- ეს ჩემთვის სიახლეა. მათი ოჯახის ადვოკატი იყო და არის მალხაზ სალაყაია, რომელმაც ეს ჩვენება მისცა. მაშინ მე პროცესზე დავიბარებ მალხაზ სალაყაიას, რომელიც თავის ჩვენებას ვერ გადათქვამს და იგივე ჩვენებას მისცემს სასამართლოზეც... ამიტომ თვითონ ჩამოყალიბდნენ, ოჯახის წევრები, არის თუ არა ისევ მალხაზ სალაყაია ოჯახის ადვოკატი და რა ჩვენება მისცა პროკურატურას. ამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მტკიცებულება ვერც ის იქნება, რას ამბობდა მამა კონკრეტულ ადამიანებთან. ამას სატელეფონო ჩანაწერი, დოკუმენტი და ა.შ. სჭირდება. 
დიმიტრი გაბუნიამ ,,ვერსიას'' პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორის, ლაშა კოტრიკაძის მიერ ხელმოწერილი დასკვნაც მიაწოდა, რომლის მიხედვით, უწყება ორი ჟურნალისტის, ელისო კილაძისა და ირაკლი კორძაიას განცხადებების გარშემო მოკვლევას აწარმოებდა. როგორც დასკვნაშია ნათქვამი, ამ საქმეზე, დანაშაულებრივი ქმედების არარსებობის გამო, მოკვლევა შეწყდა, ხოლო ხარძიანის ქონების დაბრუნების ეპიზოდზე დაკითხული მართლაც მხოლოდ ორი ადამიანია - კორძაია და ოჯახის ადვოკატი. 
და ბოლოს, ,,ვერსია'', ბუნებრივია, ოჯახის პოზიციითაც დაინტერესდა. ჩვენ დავუკავშირდით ქეთი ხარძიანს, რომელმაც მანამდე, ,,ვერსიასთან'' საუბარში დაადასტურა, რომ ოჯახის მეგობარს, ირაკლი კორძაიას მისგან განსხვავებული პოზიცია არ აქვს. ქეთი ხარძიანის თქმით, იგი მზადაა, სასამართლოში წარდგეს და გარდაცვლილი მამის პირადი საუბრები გაასაჯაროოს. 
ქეთი ხარძიანი: ,,ციხიდან გამოსვლის შემდეგ მამაჩემი ზუსტად იგივეს ამბობდა, რასაც დღეს ირაკლი კორძაია ამბობს. მან დაიწყო მოლაპარაკება კუს ტბის დაბრუნებაზე, თუმცა ეს პროცესი შეჩერდა, რადგან მეორე მხარე თავად ხმარობდა ჟარგონს, ყველაფერი ,,გაიასნებული'' გვაქვს ნაცვლიშვილსა და ჯანყარაშვილთანო. ამის მერე უკვე იძულებულნი გავხდით, სასამართლოს გზით დაგვეცვა ჩვენი უფლებები. რაც შეეხება ირაკლი კორძაიას, მას ეს გვარები სწორედ მამაჩემმა უთხრა. ამას მამაჩემი საჯაროდაც ამბობდა და ყველამ იცოდა, რომ, როცა ციხიდან გამოვიდა, მიდიოდა მოლაპარაკებები ქონების დაბრუნებაზე. მეორე მხარემ კარგად იცოდა, რა დანაშაულიც ჩაიდინა. თავიდან შიშის მომენტი ჰქონდათ და მართლა აპირებდნენ დაბრუნებას, მერე ეტყობა, ეს ამბავი ნაცვლიშვილ-ჯანყარაშვილთან ,,გაიასნდა'', როგორც მამაჩემს მიაწოდეს ინფორმაცია და ეს პროცესი შეჩერდა. ახლა დავა უკვე აპელაციაშია და იმედია, ასეთი საქმეების ,,გაიასნება'' მოსამართლესთან ასეთი ადვილი აღარ არის. დიახ, თუ საჭირო გახდა, სასამართლოში მამაჩემის სიტყვებსაც გავიმეორებ - ვიტყვი იმას, რაც ჩემი ყურით მქონდა მოსმენილი და რასაც საჯაროდაც ამბობდა. რაც შეეხება მალხაზ სალაყაიას, მას პროკურატურაში ჰკითხეს, თქვენთან თუ უსაუბრია ამ თემაზე ხარძიანსო და უპასუხა, რომ მასთან არა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მამაჩემი ასე არ ფიქრობდა. იგი რჩება ჩვენს ადვოკატად ქონების დაბრუნების სამოქალაქო დავის ნაწილში, რომელიც ახლა სააპელაციო სასამართლოშია, კიდევ ორ ადვოკატთან ერთად''.