დაგვიანებული აღშფოთება

დაგვიანებული აღშფოთება

საზოგადოებრივი აზრი ორადაა გაყოფილი, უნდა ეცეკვა თუ არა „ერისიონს“ კრემლის საკონცერტო დარბაზში, თუმცა ისიცაა, რომ მოწინააღმდეგეთა ოდენობა მომხრეთა და ნეიტრალურთა ოდენობას საგრძნობლად ჩამორჩება. მოკლედ რომ ვთქვა, „ერისიონი“ ანათემაზე ხეირიანად არც კი გადაეცათ, როდესაც გაირკვა, რომ ახლა უკვე სანკტ-პეტერბურგში „სუხიშვილები“ გამართავენ კონცერტებს.

ამ უკანასკნელებზე ჯერჯერობით არაფერი უთქვამს, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ ოკუპანტ ქვეყანაში გასტროლი სამარცხვინო საქციელად და ლამის სამშობლოს ღალატად შერაცხა. კერძოდ, ბრძანა: „მოსკოვის სცენაზე ქართული ცეკვა აგვისტოს ომში დაღუპული ბიჭების საფლავებზე ცეკვის ტოლფასია.“

რაკი სიტყვამ ომი მოიტანა, მაგალითად, აგვისტოს ომის მიმდინარეობისას ბ-ნი ვაშაკიძის მინისტრი ბ-ნი ვაშაძე რფ-ის მოქალაქე ბრძანდებოდა და ძლივს დავათმობინეთ ჩრდილოური პასპორტი, თუმცა მაშინ მისი მოადგილე სირცხვილს არ დაუწვავს, ისევე, როგორც ქ-ნი ანანიაშვილის მიერ იმავე დარბაზში ცეკვას.

როგორც უნდა იყოს, ეს მაინც შეფასებისა და გემოვნების საქმეა, თუმცა, მაგალითად, აგვისტოს ომისას კარგა ხანს ვერ მოხერხდა ჩვენი დაღუპული მებრძოლების ცხედრების გამოტანა. მეტიც, კვლავაც გვყავს უგზო-უკვლოდ დაკარგულები, ნაწილის ამოცნობა კი მხოლოდ გენეტიკური ექსპერტიზით გახდა შესაძლებელი. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ, ექსპერტების განმარტებით, ამ ოდენობის უგზოუკვლოდ დაკარგული მცირე, თანაც, შენს ტერიტორიაზე, ნიშნავს, რომ ყოველი მესამე დაჭრილი იყო მიტოვებული ბრძოლის ველზე, ბ-ნ ვაშაკიძეს საკუთარ თავში სირცხვილის გრძნობა, სულ მცირე, ოთხ-ნახევარი წლით დაგვიანებით აღმოუჩენია.