რატომ გაწევრიანდა ნაცმოძრაობაში, რატომ არ დაესწრო ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ფორუმს და რატომ უთხრა უარი ზურაბ ჯაფარიძეს დებატებზე რომან გოცირიძემ
28 ივნისს, თბილისის ზღვაზე, სასტუმრო ,,ჰუალინგში'', ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა, თუმცა ეს უფრო ერთიანი სამოქმედო გეგმაა, ვიდრე პარტიის მორიგი, წინასაარჩევნო პროგრამა. ეკონომიკურ პროგრამაზე დაახლოებით, 15 სპეციალისტი მუშაობდა, მათ შორის, ყოფილი ექსპერტი რომან გოცირიძე, რომელიც უკვე პარტიაში გაწევრიანდა და საარჩევნო სიის ათეულშია. კითხვაზე, რამდენად ობიექტური იქნება მისი, როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრის ეკონომიკური ანალიზი, გვიპასუხა, რომ პოლიტიკური პარტიის წევრობა გარკვეულ დისციპლინას, ტენდენციურობასა და იდეოლოგიურ ჩარჩოებში მოქცევას ნიშნავს. თუმცა არსებობს ადამიანის ისტორია, ბიოგრაფია და სამეცნიერო წესიერების ცნება. ჩვეული იუმორით ამბობს, რომ მისი, როგორც ნაცმოძრაობის პარტიის წევრის ეკონომიკურ ანალიზში, ამიერიდან, მხოლოდ ინტონაცია შეიცვლება. თუ ახლა აცხადებს, რომ მთავრობამ შეცდომა დაუშვა, როგორც პარტიის წევრი, მიმიკას შეიცვლის და იგივეს უფრო მკაცრი გამომეტყველებით იტყვის. რატომ არ დაესწრო ბიძინა ივანიშვილის ეკონომიკურ ფორუმს, რატომ არ სურს ,,გირჩელ'' ზურაბ ჯაფარიძესთან დებატები და რა ეკონომიკურ ბენეფიტებს გვპირდება ერთიანი ნაციონალური მოძრაობა? ,,ვერსიას'' რომან გოცირიძე ესაუბრება.
- ბატონო რომან, ნაციონალური მოძრაობა თქვენს თვალწინ შეიქმნა, მაგრამ არასდროს მისი წევრი არ ყოფილხართ. რა შეიცვალა, პარტიაში რატომ გაწევრიანდით?
- ჩათვალეთ, რომ თუ იურიდიულ ნიუანსებს არ ჩავეძიებით, ყოველთვის ამ პარტიის წევრი ვიყავი, რადგან ამ ძალის შექმნისას, ეს იყო კოალიცია, რომელშიც რამდენიმე პარტია შედიოდა: ნაციონალური მოძრაობა, რესპუბლიკური პარტია, გაერთიანებული დემოკრატები და ზვიად ძიძიგურის ,,კონსერვატორები''. შემდეგ ეს კოალიცია დაიშალა, მე ეროვნულ ბანკში წავედი და თითქოს ჰაერში ჩამოვეკიდე უპარტიოს სტატუსით, მაგრამ სინამდვილეში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ვიყავი. გარკვეული პერიოდის შემდეგ აქტიური პოლიტიკიდან წავედი კიდეც. ,,ქართული ოცნების'' ხელისუფლების პირობებში ჩავთვალე, რომ იმ საწყისებს დავბრუნებოდი, საიდანაც მოვედი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ამ უნივერსიტეტთან არსებული ეკონომიკური კვლევის ცენტრის დირექტორი ვარ. ამავდროულად, არასამთავრობო ორგანიზაცია შევქმენი და თქვენ პირველი იყავით, ვინც შვიდწლიანი შესვენების შემდეგ, საზოგადოებრივ აქტივობაში დაბრუნებისას, ინტერვიუ ჩამომართვა. ამ ხნის მანძილზე, ცალსახად გამოიკვეთა, რომ, თუკი რომელიმე პარტიას ემთხვეოდა ჩემი ლიბერალური იდეები, ისინი ისევ ჩემი ძველი მეგობრები იყვნენ. ამ პერიოდმა ისიც აჩვენა, რომ ,,ოცნების'' ხელისუფლება, ქვეყნის განვითარების სერიოზული მუხრუჭია. ამ ხელისუფლებამ უზარმაზარი ახალი რეგულაციები შემოიღო, ბიუროკრატია გაზარდა და საბოლოოდ, ეკონომიკური განვითარების სულ სხვა ვექტორი მივიღეთ. მართალია, ეს ხელისუფლება ანტიევროპული არ არის, ნატო-ს, ევროკავშირსა და ვიზალიბერალიზაციას არ ეწინააღმდეგება, მაგრამ ძველი ინერციით მიექანება და დინების საწინააღმდეგოდ ცურვა არ შეუძლია. ,,ქართული ოცნება'' გუშინდელი დღეა, ეს გაახალგაზრდავებული საბჭოთა ნომენკლატურაა. უკვე შინაგანად მომზადებული ვიყავი, რომ ეს პროტესტი გამომეთქვა, რასაც პოლიტიკური შემოთავაზება დაემთხვა, უარი არ მითქვამს და ამას არ ვნანობ. ძალიან სახიფათო პრორუსული ტალღა აგორდა ქვეყანაში, რადგან ,,ქართული ოცნებისთვის'' მთავარი ნაციონალური მოძრაობის განადგურებაა, თუნდაც რუსეთის ხელით, ამიტომ მისთვის ქვეყნის განვითარება პრიორიტეტული არ არის. ვინმეს მოსწონს, თუ არა, ხელისუფლების რეალური ალტერნატივა დღეს ნაციონალური მოძრაობაა. ის, რაც ,,რუსთავი 2''-თან დაკავშირებით ხდება, ამაზრზენია. ,,ქართული ოცნება'', რომელიც წინა ხელისუფლებას სასამართლო სისტემის მართვას უკიჟინებდა, დღეს აბსოლუტურად დამცირებულ, დაჩაჩანაკებულ და დაბეჩავებულ სასამართლოს ეგუება, რომლის სიმბოლო სამი შეშინებული ქალბატონი და ურთმელიძეა.
- ,,ქართული ოცნებაა'' გუშინდელი დღე და ხვალინდელი - ნაციონალური მოძრაობა, რომელიც, ციხის კადრებს რომ თავი დავანებოთ, ხელებს უგრეხდა ბიზნესმენებს, წილებს ართმევდა და ატერორებდა?
- ეს არის აბსოლუტურად დემონიზებული თემა, რომლის 99% ტყუილია, თუმცა შესაძლოა, რამდენიმე შემთხვევა იყო, რომელთა მუდმივი მუსირებით, გარკვეული ატმოსფერო შეიქმნა. ეს ნიშნავს, რომ რამდენიმე სერიოზული დარღვევა განაზოგადეს, მაგრამ ხელისუფლება შეიცვალა და სად არის დაპირებული სამართლიანობის აღდგენის პროცესი? სად არიან ის ბიზნესმენები, რატომ არ დაუბრუნეს ქონება? სად არის დაჩაგრული ხალხი? ვნახეთ, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა, ვინც ციხიდან გამოუშვეს, კრიმინალები იყვნენ და ისევ ციხეში შებრუნდნენ. დღეს ხომ ხელისუფლების ხელშია ყველაფერი - პროკურატურა, სამართალდამცავი ორგანოები, სასამართლოც კი, რატომ არ აბრუნებენ წართმეულ ქონებას? საქმეებს, რომლებიც სამართლიანობის აღდგენის მიზნით დაგროვდა, აღმოჩნდა, რომ იურიდიული პერსპექტივა არ აქვთ. ეს ისეთივე ლეგენდა გამოდგა, როგორც ცოცხის კადრები, რომელსაც შოკის ეფექტი ჰქონდა, მაგრამ აშკარად დადგმული იყო...
- თუმცა ეს წინა ხელისუფლების დანაშაულის ხარისხს არ ამცირებს!
- რა თქმა უნდა, იმ დანაშაულს, რაც მოხდა, ეს დადგმული ეპიზოდი არ ამართლებს, თუმცა მთავრობამ, რომელსაც ყველა ბერკეტი აქვს, სამართლიანობა ვერ აღადგინა. ამით იმის თქმა არ მინდა, რომ არავინ დაზარალებულა. მართლა ვინც დაზარალდა, დღესაც ელის სამართალს. საბოლოოდ, ეს ყველაფერი ნაციონალური მოძრაობის დემონიზაციის თემა იყო - ოთხწლიანი ციკლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ რასაც ნაცმოძრაობას დარღვევებში უთვლიდნენ, იგივეს ან იმაზე მეტს ეს ხელისუფლება აკეთებს.
- რატომ არ დაესწარით ბიძინა ივანიშვილის ბიზნესკონფერენციას, რატომ ათქმევინეთ, რომ ნაცმოძრაობა ,,გმალავთ'', მეტიც, თურმე პირველ ფორუმზე ყოფილხართ, მაგრამ მოულოდნელად გაპარულხართ?
- ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, რომ დაიბაროს ექსპერტები, მინისტრები, ბიზნესმენები და ჭკუა დაარიგოს? ასეთი გამოთქმაა, თაგვს ყველაზე დიდი ცხოველი კატა ჰგონიაო. ამათ კი ყველაზე დიდი ფიგურა ივანიშვილი ჰგონიათ. მე და ის ერთ პერიოდში ვსწავლობდით, ერთი ასაკის ვართ, მე ეკონომიკის ფაკულტეტზე, მე-9 სართულზე, ბიძინა - მე-6 სართულზე...
- ივანიშვილი ხომ პოლიტექნიკურში სწავლობდა?
- არა, ჩვენ უნივერსიტეტელები ვართ. ბიძინას კურსელს ყველას კარგად ვიცნობ, თამაზ მეჭიაურთან ვმეგობრობდი კიდეც, 5 წლის მანძილზე, ბაგების სტუდქალაქში, გვერდიგვერდ ვცხოვრობდით. ბიძინა რომ ბიზნესს იწყებდა, მე ეროვნულ მოძრაობაში ვიყავი და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდი! ის ფორუმი, რომელიც ბიძინამ ჩამოაყალიბა, ჩავთვალე, რომ მართლაც სადისკუსიო პლატფორმა იქნებოდა და ამიტომ პირველ კონფერენციას დავესწარი. დავინახე, რომ ერთ მხარეს შეშინებული მინისტრები, მეორე მხარეს - შეშინებული ექსპერტები ისხდნენ 20/30-დან, რომლებიც ელოდნენ, როდის დაუცურდებოდა ფეხი ამა თუ იმ მინისტრს, რათა მათ ჩანაცვლებოდნენ. ბიძინამ გახსნა ფორუმი და განაცხადა, ახლა დაგტოვებთ, რადგან ჩემს გარეშე უფრო კარგად ისაუბრებთო და ზუსტად 7 წუთში წავიდა. ფორუმიდან კი არ გავპარულვარ, როგორც ბიძინამ თქვა, ეს რომ დავინახე, ავდექი და პროტესტის ნიშნად დავტოვე იქაურობა. ჟურნალისტები შემომეხვივნენ და მეც ბიძინას სიტყვები გავიმეორე: დავტოვებ მათ და უჩემოდ უფრო თამამად ილაპარაკებენ-მეთქი. ამის მიუხედავად, მეორე ფორუმზე, რომელსაც ბიძინა არ დასწრებია, მაინც მივედი, მაგრამ მერე ამ ფორუმს აღარ გავკარებივარ. 20/30-ის ექსპერტები ჩვეულებრივი კარიერისტები არიან და ამ კარიერისტების სამჭედლოში რატომ უნდა მივსულიყავი? ამ 7 ფორუმის მანძილზე, რა იდეა შესთავაზეს ექსპერტებმა მთავრობის წევრებს, რომელიც გაითვალისწინეს, რა კრიტიკული შენიშვნა გამოთქვეს ისეთი, რაც მთავრობამ გამოასწორა?
- ზურაბ ჯაფარიძეს რატომ უთხარით უარი დებატებზე?
- რა პრობლემაა ჩემთვის დებატები. არც ახლა მაკლია და არც 20 წლის განმავლობაში მაკლდა, მაგრამ მას გარკვეული აზრი უნდა ჰქონდეს. უარი არ მითქვამს, წინასაარჩევნო პროცესში, თუ რომელიმე ფორმატში გადავიკვეთებით, ნებისმიერ თემაზე ვისაუბრებ, მაგრამ ჩვენი ამოცანა ორი თვის წინ ნაციონალური მოძრაობიდან გამოყოფილი პატარა პარტიის დამარცხება კი არა, ხელისუფლებაში მოსვლა და მთავარი ოპონენტის - ,,ქართული ოცნების'' დამარცხებაა. ,,გირჩი'' ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს და მათ ჩვენს იდეოლოგიურ მოწინააღმდეგეებად არ განვიხილავთ, ჩვენი იდეოლოგიური მოწინააღმდეგე ,,ქართული ოცნებაა''.
- ჯაფარიძის ნაცვლად, ქუმსიშვილი-ხადურთან კამათი გირჩევნიათ?
- კი არ მირჩევნია, ქუმსიშვილი-ხადურთან კამათი უფრო შეესაბამება ჩვენს საარჩევნო გეგმას, ვიდრე ისეთ პარტიებთან, რომლებსაც კონკურენტებად არ განვიხილავთ. თორემ სინამდვილეში, ქუმსიშვილი-ხადურთან საუბარს, ჯაფარიძე-მეგრელიშვილთან საუბარი მირჩევნია, რადგან ,,გირჩელები'' ამ მხრივ, უფრო გონიერები არიან!
- ნაციონალური მოძრაობის ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია 28 ივნისს გაიმართა. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი, რასაც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ აუცილებლად გააკეთებთ?
- მთავარი მიზანი ადამიანების დასაქმება იქნება. ფული, რომელიც ჩვენს ეკონომიკაშია, ხალხს და ბიზნესს უნდა დარჩეს, რათა შეიქმნას ჯანსაღი სამუშაო ადგილები. საკმაოდ სერიოზულ ცვლილებებს განვახორციელებთ საგადასახადო მიმართულებით. მაგალითად, შემცირდება მოგების გადასახადი, უფრო მარტივად ადმინისტრირებადი იქნება, ხოლო მომავალში, 10%-მდე შევამცირებთ. დღეს საშემოსავლო გადასახადი 20%-ია, პირველივე წელს, როგორც კი ხელისუფლებაში მოვალთ, საშემოსავლოს ჯერ 15%-მდე, შემდეგ კი 10%-მდე შევამცირებთ. აქციზის გადასახადს ბენზინსა და ალკოჰოლურ სასმელზე შევამცირებთ და ამ გადასახადებს ევროპულ სტანდარტებს დავუახლოებთ. გავზრდით მცირე მეწარმის სტატუსს და თუ დღეს 30 000 ლარამდე შემოსავლის მქონე მცირე მეწარმედ ითვლება, ამ სტატუსს 90 000 ლარამდე ავწევთ. საშუალო ბიზნესის სტატუსი დღეს 100 000 ლარამდეა და 5%-ით იბეგრება, თუ ბუღალტერიას აწარმოებს - 3%-ით, ჩვენ ამ სტატუსს 200 000 ლარამდე ავწევთ. დღეს დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირდება ყველა, რომელთა შემოსავალი 100 000 ლარს აღემატება, მაგრამ უამრავ ადამიანს მივცემთ შანსს, დღგ არ გადაიხადოს და ამასაც 200 000 ლარამდე ავწევთ. მხოლოდ ამ ცვლილებებით, 45 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება. გარდა ამისა, პირველივე დღეს გავაუქმებთ ფინანსურ პოლიციას, შევამცირებთ ადმინისტრაციულ წნეხს, შედეგად ნებისმიერ მეწარმეს შეეძლება, სასამართლო დავები უცხო ქვეყნებში, საერთაშორისო არბიტრაჟში გადაიტანოს. ამ გადასახადების კლებით, დღევანდელი ბიუჯეტი 1 მილიარდი ლარით შემცირდება, მაგრამ იმის გამო, რომ მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესი წნეხისგან გათავისუფლდება, დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნება.
- ნაციონალური მოძრაობა აუქმებს ფინანსურ პოლიციას, რომელიც სპეციალურად დავით კეზერაშვილისთვის შექმნა?
- არა, ფინანსური პოლიციის შექმნის სათავეებში რომან გოცირიძე იდგა, როდესაც ,,ობეხეესი'' გავაუქმე. 90-იან წლებში, პირადად მე გავაუქმე სამი სამსახური: საკონტროლო-სარევიზიო ფინანსთა სამინისტროში, სახალხო კონტროლი და ,,ობეხეესი''. ამის შემდეგ შეიქმნა საგადასახადო პოლიცია, რომელიც ქმედუუნარო იყო. კეზერაშვილი ახსენეთ და სწორედ მაშინ გადაერქვა სახელი მას და ფინანსური პოლიცია უწოდეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ თუ ასეთი სამსახურების დამაბალანსებელი მექანიზმი არ არსებობს, ისინი მონსტრებად და ტერორის ინსტრუმენტებად გვევლინებიან.