"თბილისის მერი ნახევარი ქალაქის არჩეული მაინც არ უნდა იყოს?"

"ვინც ფიქრობს, რომ მოვხუცდი, ცურვაში შემეჯიბროს", - გვითხრა ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, თბილისის ყოფილმა მერმა და ყოფილმა დეპუტატმა ნიკო ლეკიშვილმა, რომელიც 2008 წელს პოლიტიკიდან წავიდა:

- 2011 წლის შემოდგომაზე თბილისის საუკეთესო მერად "კვირის პალიტრის" მკითხველმა ამირჩია, რამაც ძალიან გამახარა, მაგრამ ამ პოსტზე კენჭისყრას აღარ ვაპირებ. 2012 წლის არჩევნებში კენჭი იმიტომ არ ვიყარე, რომ პარლამენტი ქუთაისში გადაიტანეს. ძალიან გავბრაზდი პოლიტიკურად მცდარი გადაწყვეტილების გამო და პროტესტი გამიჩნდა. მგონი, ქუთაისში პარლამენტი თბილისის ჯიბრზე გადაიტანეს... სხვადასხვა პარტიამ შემომთავაზა, თბილისის საკრებულოში მეყარა კენჭი, მაგრამ უარი ვთქვი. ასეთ საკრებულოში, როგორიც დღესაა, ვერ ვიქნები. საკრებულოს კანონმდებლობა ზედმეტად პოლიტიზებულია და პარტიული ინტერესები ქალაქის ინტერესზე მაღლა დგას. საკრებულოში 25 კაცზე მეტი არ უნდა იყოს, პარტიულის გარდა, უნდა იყვნენ დამოუკიდებელი კანდიდატებიც, ქალაქში ცნობილი და ღვაწლმოსილი ადამიანები.

თბილისის საკრებულოს წევრებიდან  5-10 კაცი ვიცი. დანარჩენებს ვინ იცნობს?  მახსოვს, 2000 წელი იყო, ჯანო კახიძემ გაოგნებულმა დამირეკა, საკრებულოში დამიბარეს მუსიკალური ცენტრის ბიუჯეტის განხილვაზე და კომიტეტის თავმჯდომარემ მკითხა, მუსიკალურ ცენტრში რაზე მუშაობთო. წარმოგიდგენიათ, ბერნშტაინი რომ მივიდეს ნიუ-იორკის მერიაში და უთხრან, ვინ ხარო? კაცი, რომელიც ჯანსუღ კახიძეს ვერ ცნობდა, საკრებულოში პარტიულმა სიამ გაიყვანა...

თუ თბილისელები პატივს არ სცემენ, რა უფლება აქვს ისეთ კაცს, საკრებულოში იყოს? პლეხანოვზე გაზრდილ კაცს იმის თავი თუ არ მაქვს, ჩემს უბანში არჩევნები მოვიგო, რა ნამუსით უნდა ვიჯდე საკრებულოში? თბილისის მერი ნახევარი ქალაქის არჩეული მაინც არ უნდა იყოს? 

უგულავა არჩეული მერია.

- საკითხავია, როგორ აირჩიეს. როდესაც მერი კონკრეტული პარტიის წარმომადგენელია, ეს აზარალებს ქალაქს. როდესაც პარლამენტში ვიყავი, "ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელი ლიდერები პატარა ბიჭები იყვნენ. ვერაფრით დავიჯერებდი, რომ ასეთები გახდებოდნენ და ყველაფერს იკადრებდნენ. მერიაში დღესაც მუშაობს ჩემი მიყვანილი ხალხი. ისინი პროფესიონალები არიან, მაგრამ მერიაში ისეთი სისტემაა, იქ პროფესიონალებს სუნთქვა უჭირთ. როდესაც გმირთა მოედანზე ის შატლი (მრავალჯერადი გამოყენების სატრანსპორტო კოსმოსური ხომალდი. - ავტ.) დადგეს, ჩემს ყოფილ თანამშრომლებს ვუთხარი, ამას რას აშენებთ-მეთქი? მითხრეს, ჩვენც გული გვისკდებაო. არა მგონია, ის მემორიალი უგულავას სურვილით დაედგათ. მიშა სადაც რამეს ნახავდა, ყველაფრის თბილისში გადმოტანა სურდა. რამდენიმე შენობაზე საათიანი გუმბათი მიშას სურვილით დადგეს. როგორ შეიძლება, ქალაქის სტილი პრეზიდენტმა ან მერმა განსაზღვროს?

გეტყობათ, თბილისის არქიტექტურული სიახლეები არ მოგწონთ.

- არ შეიძლება ყველაფერზე ტრაბახი, მე ავაშენეო. ჩემს დროს აშენდა მუსიკალური ცენტრი, რომელიც დღესაც ყველაზე მაგარ ცენტრად ითვლება, მაგრამ არასოდეს ვიტყვი, რომ მე ავაშენე. აბანოთუბანი ჩემს დროს გაკეთდა, მაგრამ ამას შოთა ყავლაშვილი და გიგა ბათიაშვილი აკეთებდნენ, მე როგორ ჩავერეოდი? რა პრეზიდენტის საქმეა, შენობის ფასადი ლურჯი იქნება თუ მწვანე? პლეხანოვი თითქოს კარგი გაკეთებულია, მაგრამ იცით რამდენი ლაფსუსია დაშვებული? კინოთეატრ "აპოლოს" სახელი არ აწერია. ადრე რუსული ასოებით ეწერა და დარწმუნებული ვარ, ვიღაცამ თქვა, რუსული წარწერა არ მინდაო. რუსთაველისა და პლეხანოვის პროსპექტები უდიდესი არქიტექტორების გაკეთებულია. როდესაც ამ შენობებს მანსარდას ადგამ, არასწორია. მანსარდა რომ უკეთესი ყოფილიყო, ისინი ვერ დაადგამდნენ?

საშინელებაა რიყეზე ის ორი "ტრუბა". რიყეს არ უხდება. თბილისში სამი ადგილია, სადაც მისი გადატანა შეიძლება.  ერთ-ერთია "ვეფხისა და მოყმის" ძეგლსა და "საქართველოს ბანკს" შორის ტერიტორია. კატასტროფაა "შანგრილა". Kიმ ადგილას რესტორან "ბერიკონის" შენობა იყო, რომელსაც საერთაშორისო პრემია აქვს აღებული, როგორც ძველ ქალაქში აგებულ ახალ ნაგებობას.

ყველამ ყურადღება ამ უსახურ ნაგებობებზე გადავიტანეთ და გამოგვრჩა ყველაზე მნიშვნელოვანი - მწვანე საფარში შესული ნაგებობები, რის გამოც ქალაქის სასუნთქი გზები დაიკეტა...

თბილისის მერი რომ ვიყავი, "გოფილექტის ბაღის" წინ 70 ოჯახი გავასახლე, რომ პლეხანოვს სასუნთქი გზა ჰქონოდა, დღეს კი იმ ადგილას 2-სართულიანი მაღაზია აშენდა. ვითომ არაფერი დაშავდა, მაგრამ ქალაქი ვეღარ სუნთქავს. 

ალექსანდრეს ბაღში რომ მრავალსართულიანი სახლია, ჩემი მერობის დროს იქ ორსართულიანი შენობა იდგა. მთხოვეს და  ერთი სართულის დაშენების უფლება მივეცით. მე რომ მერიიდან წამოვედი, მეოთხე და მეხუთე სართულებიც დაადგეს. მერია რომ მივიდა მშენებლობის შესაჩერებლად, ეს ხუთი სართული სასამართლომ დაუკანონა და ვეღარ შეეხნენ. მერე ხუთ სართულს სამი დაადგეს და ისიც დააკანონა სასამართლომ. სადაც ხუთ სართულზე მაღალი შენობის აშენება არ შეიძლება, თუ ფულს გადაიხდი, ნებართვას მოგცემენ. პარტიული ინტერესები კი არა, ქალაქის ინტერესები უნდა იყოს დაცული. რაღაცები გაკეთდა, მაგრამ უფრო  მეტი გაფუჭდა. ქალაქის სახეს ფაქიზად მიდგომა სჭირდებოდა.

პარიზში, ელისეს მინდვრებზე, მილიონიც რომ გადაიხადო, ვერაფერს შეცვლი. ამ ქუჩაზე ერთი მაღაზია ვიცი, შოკოლადს ამზადებენ. მილიონიც რომ გადაიხადო, იმ მაღაზიას ვერავინ აიღებს. მითხრეს, ეს მაღაზია 200-ჯერ მაინც გაიყიდა, მაგრამ მისი მფლობელი შოკოლადის გარდა იქ ვერაფერს გაყიდისო. რატომ მოსპეს ლაღიძის წყლები? დარჩენილიყო, როგორც რუსთაველის პროსპექტის სიმბოლო.

ბრძანეთ, პარლამენტი ქუთაისში რომ გადაიტანეს, გავბრაზდიო. თქვენ, გადამხდელთა კავშირის ყოფილი თავმჯდომარე, არ გაგაღიზიანათ ბიზნესთან დამოკიდებულებამ?

- ყველაზე მეტად მაშინ გავბრაზდი, როდესაც  დაჭერები დაიწყო. ძალიან გამაღიზიანა დაკავების ფორმამ. აბსოლუტური სისულელე იყო მერაბ ადეიშვილის დაჭერა. მას არ ჰქონდა იმ ფულის გადახდის საშუალება, რაც თავისუფლების სანაცვლოდ მოსთხოვეს და თავისმა ჯგუფელმა გადაუხადა. გია ჯოხთაბერიძე შევარდნაძის სიძე რომ არ ყოფილიყო, არ დაიჭერდნენ. როგორ შეიძლებოდა ალეკო გოცირიძეზე იმის თქმა, თბილისში გაზი რომ არ არის, მისი ბრალიაო, როდესაც ის სულ სხვა სისტემაში მუშაობდა. წინა ხელისუფლებისაგან მეც დავზარალდი. ჩემი პარტნიორი ბაკურ კიღურაძე ტყუილუბრალოდ დაიჭირეს და დაგვხურეს. მეტრო "დელისთან" ძალიან კარგ რაღაცას ვაშენებდით, რისთვისაც აშშ-ის "ექსიმბანკის" თანხა იყო გამოყოფილი, მაგრამ ბაკურ კიღურაძის დაკავების მერე სხვა პარტნიორებმა მითხრეს, თავი დაგვანებეთო. 3 წელი ვიყავით გაჩერებული. წარმოუდგენელია ადამიანების უაპელაციოდ დაჭერა და ქონების ჩამორთმევა. ამიტომაც გადაფარა "ნაცმოძრაობის" გაკეთებული კარგი ცუდმა. ეს უბედურება კიდევ გაგრძელდებოდა, ბიძინა ივანიშვილი რომ არ გამოჩენილიყო.

ხელისუფლებაში მყოფნი თუ გადაწყვეტდნენ, ეს ბიზნესი ჩვენ გვჭირდებაო, წინ ვერაფერი უდგებოდა. "სელტას" წარმომადგენლები, რომელთა ქონება დღეს "გალფის" საკუთრებაა, კეზერაშვილმა დაიბარა და უთხრა, ქონება უნდა დათმოთო. "სელტას" წარმომადგენლები თავიდან უარზე იყვნენ, მაგრამ ძალა რომ დაატანეს, იძულებული გახდნენ, ქონება 30-ჯერ ნაკლებ ფასად დაეთმოთ. მერე ნელ-ნელა სახელმწიფო მონოპოლიაც შემოიპარა.

კახა ბენდუქიძე ამბობს, რომ სააკაშვილის ხელისუფლების დროს მონოპოლიები არ არსებობდა.

- მოიცა რა... საქართველოდან საკონიაკე სპირტს ვერ გაიტანდი, რადგან ეს მონოპოლია ერთი ჯგუფის ხელში იყო. თუ ხელისუფლების გუნდში არ იყავი, უკანონო შეზღუდვებს გიწესებდნენ. ეს არ არის მონოპოლია და კონკრეტული ჯგუფების ლობირება?

დღეს როგორი გარემოა ბიზნესისთვის?

- ნელ-ნელა ბიზნესს ხელ-ფეხი ეხსნება. ამით, ცხადია, დაზარალდა ის, ვინც მარტო იყო ბაზარზე, რადგან სხვა შემომტანებიც გამოჩნდნენ. აგარის შაქრის ქარხანაში ამბობენ, დავზარალდით, შაქარი ძალიან გაიაფდაო. ყოველთვის ბიზნესის ლობისტი ვიყავი, მაგრამ უპირველესი ხალხის ინტერესია. ამის გათვალისწინებით უნდა დაგეგმოს ბიზნესმა მოგება. 3 მილიონს რომ შოულობდა, ის უნდა შეეგუოს, რომ ახლა 2,5-ს იშოვის.  

ჩვენ უკვე ვნახეთ, რა რეაგირება მოჰყვა სოფლის მეურნეობის სამინისტროში თანხების არასწორ განკარგვას.

- ამ შემთხვევამ აჩვენა, რომ დღეს არ არის შერჩევითი სამართალი. 11 მაღალი რანგის თანამდებობის პირია დაკავებული და მინისტრი გადადგა. ამით გამოჩნდა, რომ ახალი ხელისუფლების მიდგომა ყველას მიმართ ერთნაირია.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ერთ-ერთი საუკეთესო კადრი იყო, მაგრამ ქვედა რგოლში რაღაც მოხდა, ვერ მიაქცია ამას ყურადღება და პასუხისმგებლობა აიღო. რაზე აიღო პასუხისმგებლობა წინა მთავრობამ, რომელმაც ომი წააგო და ტერიტორიები დაკარგა? ვინმემ თქვა, შეცდომა დავუშვითო?

ივანიშვილი ახალი ტიპის პოლიტიკოსია, არ უჭირს შეცდომის აღიარება  და არ დადის ზიგზაგებით. ეს კაცი არ მალავს, სადაც პრობლემას ხედავს. აAმიტომაც საზოგადოებასაც სჯერა მისი. ზოგიერთს ლოყაზე რომ ცრემლი ჩამოუგორდა, იმისი არ დაიჯერა ხალხმა, მაგრამ ბიძინას სიტყვას დაიჯერებენ. 

ბიძინა ივანიშვილის მთავრობაში სად ხედავთ სუსტ რგოლს?

- უფრო მეტად გაკონტროლება სჭირდება აღსასრულებელ საკითხებს. აპარატული მუშაობა ცოტა მოისუსტებს. ცოტა იგვიანებს სამართლის  აღსრულებაც.

ვიცი, უამრავი საჩივარია პროკურატურაში შესული, მაგრამ 7 თვის განმავლობაში  რაღაც შედეგი ხომ უნდა დაგვენახა?

პოლიტიკაში დაბრუნებას ხომ არ გეგმავთ?

- თუ პარლამენტი თბილისში გადმოვა, შეიძლება მაჟორიტარად ვიყარო კენჭი. თუ თბილისის საკრებულოში საქმიანი ხალხი იქნება, იქაც ვიყრიდი კენჭს. ვნახოთ...