ცხოვრება “ფოცხო-ეწერებში”

ცხოვრება “ფოცხო-ეწერებში”

“ვართ ახლა აქ ფოცხოში და ლამის შიმშილით გვხდება სული. კარტოფილი და პური სანატრელი გაგვიხდა... ადამიანური ცხოვრების უფლებები წაგვართვეს. ცოტა თანხა მაინც რომ მქონდეს, ერთი დღე არ ვარ აქ გამჩერებელი”, - ასე იწყებს საუბარს თბილისის ზაკვოს შენობიდან ფოცხო-ეწერში შარშან გადასახლებული დევნილი ნანაკვაშილავა.

ხელისუფლების მიერ უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოების გამო, დევანილთათვის რეაბილიტირებულ სახლებში ცხოვრება თითქმის შეუძლებელია - ამ განცხადებითა და ელექტოენერგიის აღდგენის მოთხოვნით 16 მაისს, აბაშაში მცხოვრებმა აფხაზეთიდან დევნილებმა ყოფილი პროფტექნიკუმის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს.

როგორც “დევნილთა სამოქალაქო მოძრაობა” აცხადებს, მსგავსი სიტუაციაა თბილისიდან რეგიონებში გასახლებულ თითქმის ყველა დასახლებაში.

“შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ამ სოფლებში მცხოვრებ დევნილებს და ისინი თავად მოგიყვებიან, რა მდგომარეობაში ცხოვრობენ იქ. იმასაც, სულ რამდენი ჩავიდა დასახლებაში და რამდენი გამოიქცა უკან გაუსაძლისი მდგომარეობის გამო,” - ამბობს “რეზონანსთან” საუბარში “დევნილთა მოძრაობის” ყოფილი წარმომადგენელი და ”თავისუფალი საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრი ირაკლი ციკოლია.

სამეგრელოს რეიგიონალური გაზეთს ცნობით კი, 32 ოჯახმა გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობების გამო საპროტესტო აქცია ორი დღის წინ მოაწყო. 32 ოჯახმა მათთვის გადასაცემი ბინები დათვალიერების შემდეგ განაცხადა, რომ ელექტროენერგიისა და წყლის არარსებობა, ჩამოცვენილი ბათქაში და ალაგ-ალაგ შელესილი კედლები ბინებში დარჩენის საშუალებას არ იძლეოდა.

გარდა ამისა, როგორც ინტერნეტ გამოცემა “ლაივპრესი” იტყობინება, თვეზე მეტია ელექტროენერგია არ მიეწოდება აბაშის მუნიციპალიტეტის სოფტექნიკის ყოფილ შენობაში და სოფელ აბაშისპირის სკოლაში ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილებს.დ ევნილებისთვის ელექტროენერგიის გამორთვის მიზეზი სახელმწიფოს მიერ გადახდილი თანხის გადახარჯვაა. დავალიანების ნაწილი დევნილებმა 30 მარტს დაფარეს, მაგრამ ელექტროენერგია მხოლოდ 15 დღის განმავლობში მიეწოდათ. “ენერგო-პრო ჯორჯიას” აბაშის ფილიალში აცხადებენ, რომ ელექტროენერგიას არსებული დავალიანების სრულად დაფარვის შემდეგ მიიღებენ.

აფხაზეთიდან დევნილები ყველა ამ პრობლემის არსებობის გამო აბაშაში მინისტრ კობა სუბელიანის ჩასვლას და ყურადღების მიქცევას ითხოვენ.

როგორც “დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის” თავჯდომარე დიმიტრი ომიაძე ამბობს, თბილისიდან “გაყრილი” ათასობით დევნილისათვის სხვადასხვა რეგიონებში საერთო ჯამში 147 ოჯახის საცხოვრებელი ბინა გამოიყო. ესენია: გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ბაკურციხე; თეთრი წყაროს სოფელი წინწყარო; ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფლები - ზუმი, ლესიჭინე და ფოცხო-ეწერი; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლები ჭკადუაში და ნარაზენი, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელი ნოჯიხევი და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელი აბაშისპირი.

მისივე განმარტებით, “ამ სოფლების უმეტესობაში არაა წყლისა და კანალიზაციის გაყვანილობა, არაა დასამუშავებელი მიწა, რაიმე პირობა რომ დასაქმდე. საერთოდ არანაირი პერსპექტივა არ არსებობს ცხოვრებისთვის, ელექტროენერგიაც კი გადაუხდელობის გამო ნახევარი თვის განმავლობაში გამორთული აქვთ”.

თავად “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში” “რეზონანსის” შეკითხვებს, თბილისიდან განსახლებულ დევნილთა განრამდენი ოჯახი შევიდა სამინისტროს მიერ რეგიონებში შეთავაზებულ ბინებში, მათგან რამდენმა ოჯახმა დატოვა მიღებული საცხოვრებელი ფართები და რატომ? - პრეს სამსახურის უფროსის ეკა გულუას განცხადებით, თქვენ რასაც გულისხმობთ კითხვაში, ისინი დევნილები არ ყოფილან.

“თბილისიდან დევნილთა განსახლება არასოდეს მომხდარა. თბილისში დევნილებს დაუკანონდათ ფართები, დაახლოებით 12 000 ოჯახს. თქვენ რასაც გულისხმობთ კითხვაში, ისინი დევნილები არ ყოფილან...

“თბილისის გარდა, რეგიონებში ფართები საკუთრებაში გადაეცა ამ მომენტისთვის 15 000 ოჯახს, რაც წარმოუდგენელი მასშტაბი დამიღწევაა. ეს ისე ოჯახებია, რომლებიც მთელი 17 წლის მანძილზე ელოდნენ საცხოვრებლით დაკმაყოფილებას და საკუთრებას” - აცხადებს დევნილთა სამინისტრო ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილ წერილში.

ირაკლი ციკოლიას თქმით, “თბილისიდან 1700 ოჯახი, დაახლოებით 5 ათასი ადამიანი გაასახლეს. მათგან 500-მდე ოჯახი სამინისტროს მიერ შეთავაზებულ ფართებში წავიდა, ისე, რომ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ იქ რა დახვდებოდათ. სხვა გამოსავალიც არ ჰქონდათ და დათანხდნენ. თუმცა მათგან უმრავლესობა ისევ უკან დაბრუნდა. მაგალითად, ფოცხო-ეწერში, სადაც 40 ოჯახი იყო ჩაყვანილი, ჩვენი მოძრაობის ჩასვლის მომენტში მხოლოდ 18 ოჯახი ცხოვრობდა. ვინ დაგვხვდა, მათგანაც ბევრი ამბობდა, რომ უნდოდათ წამოსვლა, მაგრამ ამის ფინანსები არ გააჩნდათ.”

ირაკლი ციკოლია: “არანაირი საცხოვრებელი პირობები, არანაირი სამუშაო და საარსებო წყარო არ აქვთ. მხოლოდ 22 და 28-ლარიან დახმარებებზე არიან დამოკიდებულნი. ყველა, ვისაც წამოსვლისა და ქირის საშუალება ჰქონდა, უკან დაბრუნდა - ნაწილი ქუთაისსა თუ რუსთავში ნათესავებთან გადავიდნენ საცხოვრებლად. ვისაც ბინის ქირის სახსარი ჰქონდა, იმათ რუსთავსა და თბილისში ბინები იქირავეს. არის ხალხი, რომლებსაც უკან დაბრუნება უნდათ, მაგრამ სად წავიდენენ, ქირის ფულიც არ აქვთ და იძულებულნი არიან ისევ იმ გაუსაძლის პირობებში იყვნენ.

“სამინისტრო ნორმალურ ფართებს მხოლოდ საკუთარ ნათესავებს და ახლობლებს აძლევს. იყო შემთხვევები მაგალითად ფოთში მისცეს რამდენიმე დევნილს ბინა, მაგრამ ისინი იქაური მცხოვრებლები იყვნენ და მათგან უმეტესობა სამინისტროს თანამშრომლების ნათესავები იყვნენ.

“ვარკეთილის მეორე მიკრო რაიონში მდებრეობს ე.წ. შვეიცარიის მიერ აშენებუოი სახლები, სადაც სამინისტრომ 28 ოჯახი შეასახლა, და იქ ერთი სუბელიანის ნათესავია, სხვები კი ნაციონალური მოძრაობის წევრთა და სამინიტროს თანამშრომელთა ახლობელ-ნათესავები არიან.

“სოფელ აბაშისპირში საერთოდ ძალიან საშინელი პირობებია, ახლომახლოს კორპუსები და მოსახლეობა არ არის. ერთი მიტოვებული სკოლის შენობა იყო, ვითომ კოსმეტიკურად გაარემონტეს და შეუშვეს ხალხი. წარმოიდგინეთ სოფელი, სადაც შორიახლოს არც აფთიაქი, არც მაღაზია, არც ადგილობრივი მოსახლეობა არ არის, რა პირობები იქნება.

“ორი დღის წინ აბაშაში აქცია სწორედ ამ გაუსაძლისი პირობების გამო მოეწყო. რამოდენიმე დასახლებაში ელეტროენერგიის დავალიანების გამო თითქმის ნახევარი თვე შუქი გათიშული აქვთ. როცა ადამიანს თვეში მხოლოდ 22-ლარიანი დახმარება აქვს, რა უნდა გადაიხდოს? დასაქმების საშუალება კი არსად არ არის -არც მიწები აქვთ, რომ დაამუშაონ და თავიათნთვის რაღაც ბოსტნეული მაინც მოიყვანონ.

“არც შუქი, არ ბუნებრივი აირი მათ არ აქვთ, საკვებიც კი არაქვს ამ ხალხს. ჩვენ ვიყავით ბორჯომში სასტუმრო “ლიკანში”, სადაც 13 წელია 139 დევნილი ოჯახი ცხოვრობს. მათ ელექტროენერგიის 18 ათასი ლარის დავალიანება აქვთ და სამინისტრო ამ ვალის დაფარვაზე უარს აცხადებს. ამ ადამიანებს მთელი წელია შუქი არ ჰქონიათ. მათ არანაირი ალტერნატიული შეთავაზება - არც ალტერნატიული ფართი და არ რაიმე შეღავათი არ მიუღიათ. ასეთი გაუსაძლისი პირობებია დევნილთა ჩასახლების 80%-ში”.

“მინდა გითხრათ, რომ ისეთ აუწერელ პირობებში ვცხოვრობთ, ვერც წარმოიდგენთ. სამგზის დევნილები ვართ და თავი ტყვედ მიმაჩნია”, - ამბობს “რეზონანსთან” სატელეფონო საუბარში ფოცხო-ეწერში 10 აგვისტოს იძულებით გასახლებული ნანა კვაშილავა.

კვაშილავა ნანა: “მინდა გითხრათ, რომ ჩემი ფოცხო-ეწერში ჩასახლება იძულებით მოხდა. ისე გამოგვასახლეს ზაკვოდან (ამიერკავკასიის ყოფილი სამხედრო ოლქის შენობა - რედ.), რომ ტელევიზორიდან დაწყებული ყველა ნივთი გაგვიფუჭდა.

“აქ აგვისტოში ჩამოგვიყვანეს. ერთი მიტოვებული შენობა იყო, კოსმეტიკურად გარემონტებული ოთახები დაგვხვდა და ორი ოჯახი სამოთახიან ბინაში შეგვიშვეს.

“დედაჩემი ავადმყოფია, მეორე ჯგუფის ინვალიდი. მეც ასთმით ვარ დაავადებული. აქ ისეთი სინესტეა, რომ ჯანმრთელობა უფრო გამიუარესდა. საავადმყოფოც კი არ არის სოფელში და 8 კილომეტრის მოშორებით სოფელ ჯვარში მიწევს კვირაში ორ-სამჯერ წასვლა. თანაც გზა 1 ლარი ღირს, ჩემს ოჯახს კი არანაირი შემოსავალი არ აქვს და 8-კილომეტრიან გზას იქით-აქით ფეხით გავდივარ. დედაჩემს სულ წნევები აწუხეს და საავადმყოფოსა და ექიმების გარეშე არ შეგვიძლია.

“ახლა ჩვენი ბინაც უნდა ნახოთ, რას დაემსგავსა. ორ თვეში ამ ვითომ გარემონტებულ კედლებზე ყველგან ობი გამოვიდა და ვართ ასე საშინელ სინესტეში. ახლა ჩემი ბინა რომ ნახოთ, შეგეშინდებათ.

”: სოფელში როგორი პირობებია ცხოვრებისთვის და რითი ირჩენთ თავს?

ნანა კვაშილავა: “არანაირი საარსებო პირობები არ გვაქვს. რომ გვამადლიდნენ, ყველა თბილისში ხომ ვერ იცხოვრებსო, თბილისსა თუ დიდ ქალაქში ცხოვრება ჩვენი კაპრიზი და ახირება კი არ არის, უბრალოდ თბილისში თავის რჩენის მეტი შესაძლებლობები არსებობს. თბილისში მეორადი ტანსაცმლის მაღაზია მქონდა გახსნილი, სოციალურ დახმარელბასაც ვიღებდი, ტრანსპორტზე შეღვათი მქონდა და თავი ასე გაგვქონდა. დღეში 20 ლარამდე შემოსავალი მაინც მქონდა და ეს საჭმელსა თუ მედიკამენტებში გვყოფნიდა.

“ჩამოგვყარეს აქ, მოგვცეს ოთხები და მორჩა. არანაირი სამუშაო სიტუაცია არ არის. არც მიწები დაურიგებიათ ხალხისთვის. ადგილობრი მცხოვრებლებს არ აქვთ საკმარისი მიწა და ჩვენ ხომ საერთოდ მეორე ხარისხოვან ადამიანებად გვთვლიან.

“ვართ ახლა აქ ფოცხოში და ლამის შიმშილით გვხდება სული. კარტოფილი და პური სანატრელი გაგვიხდა.

“სოფელში რამოდენიმე მაღაზია და იმათშიც ცეცხლის ფასი ადევს პროდუქტებს; მთელი თვის მარაგის გასაკეთებლად ზუგდიდში უნდა ჩახვიდე. სკოლა 5 კილომეტრის მოშორებითაა, ისიც მხოლოდ 8-წლიანი; საავადმყოფო კი არა ამბულატორიაც კი არ არის, უცებ რომ გაგიჭირდეს და მიხვიდე. რაც არ დავსახლდით, საბავშვო ბაღისათვის ადგილის მოწყობას გვპირდებიან, მაგრამ არ ჩანს.

“ზამთარში მთავრობამ ჯერ ერთი კუბური მეტრი შეშა დაგვირიგა, შემდეგ ორი კუბური მეტრი დაგვიმატა, მაგრამ აქ ისეთი სინესტეა, ეს შეშა გასათბობად არ გვყოფნიდა და მე და ჩემი ძმები მთელი ზამთარი ტყეში დავდიოდით ფიჩხები შესაგროვებლად.

“ელექტროენერგიასთან დაკავშირებითაც გვქონდა პრობლემები. 100 კილოვატის ზევით დახარჯული ელექტროენერგიის თანხა ჩვენ უნდა გადავიხადოთ. ჩვენი არანაირი შემოსავალი არ გვაქვს, ამდენად ვერც დავალიანებებს ვიხდიდით და ამ ზამთარში 19 დღე შუქი არ გვქონდა. 115 ლარი მქონდა დავალიანება, რომელიც არასამავრობო ორგანიზაიამ გადამიხადა, მეც და სხვა დანარჩენ დევნილებსაც და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაგვირთეს შუქი.

“ადამიანური ცხოვრების უფლებები წაგვართვეს. ცოტა თანხამაინც რომ მქონდეს, ერთი დღე არ ვარ აქ გამჩერებელი”.