ბედნიერი ქვეყნის ბედნიერი ოთხფეხა

ბედნიერი ქვეყნის ბედნიერი ოთხფეხა

მას 12 მილიონი აშშ დოლარი დაუტოვეს, ოღონდ, მხოლოდ ოთხ ფეხზე დადიოდა (ვაი, რომ, დადიოდა!). მაგრამ, იმ უკვდავი ჭეშმარიტების გამოც, რომ „მეფეს და პაიკს ერთ ყუთში ყრიან“ (რუსთაველი არ გამემეტა!), მაინც „გავიდა მარილზე“, თუმცა, მხოლოდ 12 წლისა იყო.

ერთი სიტყვით, აშშ-ში თეთრი „ბალონკა“, სახელად „თრაბელი“ მიიცვალა (დიახ, სწორედაც რომ, მიიცვალა, ბოლოს და ბოლოს, 12 მილიონი ჰქონდა!). მას აწ უკვე კარგა ხნის გარდაცვლილი პატრონისგან, ექსცენტრიკულად წოდებული მილიარდერისგან, ლეონ ხექმსლისგან ერგო მემკვიდრეობა (ექსცენტრიკულისგან, რადგან ამ ბატონმა თავის ძმას „თრაბელზე“ ნაკლები თანხა არგუნა). მხოლოდ პოსტფაქტუმ გაირკვა, რომ სვებედნიერ ოთხფეხს გული გაუჩერდა, თუმცა, სიცოცხლის ბოლო წლებში, თურმე, უსინათლობასაც უჩიოდა და ისე დაგვტოვა (ჩვენ რა დაგვტოვა, საკუთარი მილიონები დატოვა), რომ ვეღარაფერს ხედავდა (ბოლო  წლებში ჯანმრთელობა საკმაოდ გაუუარესდაო). უფრო მეტიც, ის 2010 წლის დეკემბერში გარდაცვლილა, ოღონდ, ეს ფაქტი მხოლოდ ახლახან გახმაურდა. მეტიც, უკვე კრემაციაც ჩაუტარდა.

რაც მთავარია, მისი დარჩენილი ქონება (რაკი მემკვიდრე არ ჰყავდა და წერა-კითხვასთანაც მწყრალად იქნებოდა) საქველმოქმედო ფონდებს გადაეცემა.

მოკლედ რომ ვთქვათ, ზოგი მოქალაქედ იბადება, ზოგიც – ექსცენტრიკული მილიარდერის ძაღლად. თქვენ რომელი გირჩევნიათ?!