სამედიცინო ტაქტიკა

სამედიცინო ტაქტიკა

გასულ კვირას, პარლამენტის ტრიბუნაზე გამოსვლისას, ქვეყნის პირველმა პირმა გვახარა, რომ ამ ჩვენს სამშობლოში სულ მალე ისე წინ გავარდება ტექნიკა, რომ, ვიდრე გულის დარდებს არომატულ ყავას გადავაყოლებთ, ყურებს კი ტკბილი ჯაზით დავიამებთ, ისეთ პირადობის მოწმობას გამოგვიცხობენ (თან – ერთ ფანჯარაში), სარეცხსაც კი გაგვირეცხავს, თვით სარეცხი მანქანის არარსებობის პირობებში!

მეორე მხრივ, პრეზიდენტს არც ის დაუმალავს, რომ ბოლო 30 დღეში 30 საავადმყოფო გახსნა (საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, მათ შევსება არ უწერია, ყოველ შემთხვევაში, მანამ, სანამ საქართველოს ყოველი მეორე მოქალაქე არ დაეზღვევა, ბუნებრივია, ის, ვინც იმ დრომდე, ღვთის შეწევნით, მიაღწევს).  

ამის პარალელურად, არანაკლებ მომსახურებებს სთავაზობს ღუდუშაურის ეროვნული სამედიცინო ცენტრი (მოკლედ, ღუდუშაურის კლინიკა) თავის პაციენტებს (ჯვარი გწერიათ). იქვეა ამბიციური განაცხადი (მომყავს ციტატა კლინიკის ელგვერდიდან): „ჩვენი ცენტრი წარმოადგენს: პაციენტზე ორიენტირებულ დაწესებულებას, რაც გულისხმობს კეთილგანწყობილ გარემოს. პაციენტი შემოსვლისთანავე იღებს მისთვის საჭირო სრულ ინფორმაციას (როგორც ილიკო თუ ილარიონი იტყოდა: აი, აქ კი ცოტა შეეშალა, ჩემო ოლღა!); ჯანმრთელობა არა მხოლოდ დაავადების არქონაა, არამედ იგი ადამიანის ფიზიკურად, სულიერად და სოციალურად კარგად ყოფნას ნიშნავს. ჩვენც მხოლოდ დაავადებებს როდი ვებრძვით, არამედ, ვცდილობთ, სწორედ პაციენტის ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ!“ და ა. შ.

მეორე მხრივ, ის, რაც კლინიკის ელსაიტზეა განთავსებული, სრულიად ეწინააღმდეგება რეალობას: დაზღვევის მქონე პაციენტებს (მით უფრო, თუ ის არასრულწლოვანია, რომელსაც, რატომღაც, დაბადების მოწმობას სთხოვენ, რომელიც, როგორც წესი, სკოლაში ინახება) შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის (მარტივად რომ ვთქვათ, „ფორმა 100-ის“) მისაღებად  რკინის ჯოხი და ამავე მასალის ქალამნები დასჭირდებათ. ბუნებრივია, იმას გარდა, რომ ჩინებულ ფიზიკურ ფორმაში უნდა იყვნენ, რადგან, ამ ერთი „ფორმა 100-ის“ ასაღებად (რის გარეშეც სადაზღვევო თანხას არ გინაზღაურებთ) იმდენ დაშორიშორებულ ფლიგელსა და კაბინეტში მოგიწევთ გასვლა-გამოსვლა (თუ, რა თქმა უნდა, კლინიკის თანამშრომლები იმ დღეს დროულად გამოცხადდებიან სამსახურში), თუ კაჟივით ჯანმრთელობა ხელს არ გიწყობთ, შესაძლოა, გამოუსვლელად შეგაბრუნონ პალატაში (თუმცა, ვინ იცის, შესაძლოა, ეს ბარიერები იმისთვისაც აქვთ, რომ პაციენტები გაიმრავლონ, აბა, შენ გაუგებ თანამედროვე ქართულ მედიცინას?!).

ერთი სიტყვით, ასეა თუ ისე, რაკი ღუდუშაურის კლინიკა, როგორც ჩანს, კვლავაც დეპოშია, იქნებ ვინმე მადლიანს ეცნობებინა, რომ ამ ჩვენს თანამედროვე სერვისებით გაჯერებულ სამშობლოში ერთი ფანჯრის პრინციპით უკვე პენსიონრებსაც კი ემსახურებიან?!