რა პრეტენზიები აქვთ ნაცმოძრაობის ლიდერებთან და რომელ პარტიას რა პოზიციები აქვს ქვემო ქართლში
ერთი შეხედვით, მმართველი გუნდის გარდა, ყველა პარტიაში დიდი ფაციფუცია. ოპოზიციური სპექტრი რეგიონებში კანდიდატების დასახელებას ჩქარობს, რადგან შემდეგ, როცა გაერთიანების საკითხი დადგება, სავაჭროდ უკეთესი პოზიცია ჰქონდეს - მე კანდიდატი უკვე დასახელებული მყავსო... რა ხდება ქვემო ქართლში, რომელსაც პოლიტიკურ კულუარებში ,,საარჩევნო ხმების ბეღელსაც'' უწოდებენ.
ეს კითხვა განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ, რაც წინა კვირას ნაცმოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატების პრეზენტაცია, ფაქტობრივად, ჩავარდა - პრეზენტაციას ბოლნისსა და მარნეულში პარტიის ლიდერშიპი და 50-მდე მხარდამჭერი ესწრებოდა და მოსახლეობას მათ მიმართ დიდი ინტერესი არ გამოუხატავს. ნაციონალების ლიდერშიპი - დათო ბაქრაძე, ნიკა მელია, კობა ხაბაზი და ირმა ნადირაშვილი ხალხის სიმცირის გამო უკმაყოფილებას პირად საუბრებში არ მალავდნენ გარდაბანშიც, სადაც მათ მხარდამჭერების მობილიზება ვერ შეძლეს. ამ კონტექსტში კიდევ უფრო საინტერესო ხდება დავით ბაქრაძის ყიზილალჯოში ჩასვლა და „კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს“ წარმომადგენელთან შეხვედრა. ბაქრაძე ალი ალიევს სახლში ესტუმრა. ცნობილია, რომ ალიევი პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ მოძრაობას უჭერს მხარს. მაინც რა ხდება ქვემო ქართლში, ,,ვერსიამ'' ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად კულუარულ ინფორმაციებს მოუყარა თავი და ამ ეტაპზე პოლიტიკური სურათი ასე დალაგდა.
ნაციონალებმა იციან, რომ ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში ტრადიციულად ხელისუფლება იმარჯვებს, ამიტომაც კანდიდატების დასახელებას ჩქარობენ. შეიძლება ითქვას, რომ მათ ქვემო ქართლი უკვე აითვისეს და პროგნოზირებადი კანდიდატებიც დაასახელეს. ერთადერთი, რაც ცოტა გაოცებას იწვევს, ბოლნისში სამირა ისმაილოვას კანდიდატურის წამოყენება გახლდათ. ისმაილოვა, თავის დროზე, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი იყო, არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, სუფთად ფლობს ქართულ ენას და რაც მთავარია, მის უდიდეს პლუსად ორატორობის განსაკუთრებულ ნიჭს ასახელებენ. მასებთან საუბრისას ბევრჯერ უნახავთ ატირებული ისმაილოვა, რომელიც ხალხის ბედზე წუხს და სწორედ ამ ორატორობის ნიჭის იმედად უნდა იყვნენ ნაციონალები ბოლნისში. სხვაგვარად, მას არათუ გამარჯვების, მეორე ტურში გადასვლის შანსიც კი არ ექნება.
თუ ისმაილოვას კანდიდატურის პროგნოზირება რთული იყო, ძალიან მარტივი გახლდათ მარნეულში წარსადგენი ორი ადამიანის გამოცნობა. აზერ (აზიკ) სულეიმანოვი და აკმამედ (ახმედ) იმამყულიევი მარნეულში გამოკვეთილი ლიდერები არიან და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მარნეულის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სწორედ აზერბაიჯანელები შეადგენენ, ორი აზერბაიჯანელის დასახელება სავსებით ლოგიკურია. ერთი ეგაა, კულუარებში ამბობენ, მაჟორიტარობის პარალელურად, სულეიმანოვი სიაში ჩასმასაც ითხოვს და თანაც მე-15 ნომრად, რასაც ნაციონალების ძველი გვარდია ეწინააღმდეგება. მართალია, სულეიმანოვს მათთან კარგი ურთიერთობა აქვს, მაგრამ საქმე ისაა, რომ ძველი გვარდია ახლა თავად რჩება სიის გარეთ და ამიტომ სულეიმანოვი გამსვლელ სიაში არავის უნდა.
ცნობისათვის, მარნეულში ყველა ამბობს, რომ ოცნების არცერთ კანდიდატს არ სურს სულეიმანოვთან ჭიდაობა მისი ავტორიტეტის გამო. მინიმუმ მეორე ტური მას უკვე გარანტირებული აქვს და თუ კონკრეტული დეტალები მის სასარგებლოდ დალაგდა, ეგებ პირველივე ტურშიც იმარჯვოს.
მარნეულისგან განსხვავებით, გარდაბნის რაიონში რიცხობრივად ქართველი ამომრჩეველი მეტი იყო, მაგრამ ახლა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. საარჩევნო ოლქების დაყოფის უცნაური პრინციპის შემოღების შემდეგ, გარდაბნის რაიონს საარჩევნოდ სუფთა ქართული სოფლები - მარტყოფი, ახალი სოფელი, ახალი სამგორი, თელეთი, კუმისი, კრწანისი და გამარჯვება ჩამოაჭრეს. შედეგად, ახლა აზერბაიჯანელი ამომრჩეველი ბევრად მეტია და ლოგიკურიც იყო, ნაციონალურმა მოძრაობამ გარდაბანშიც აზერბაიჯანელი კანდიდატი რომ წარადგინა. რამინ ბაირამოვი რაიონში პარტიის, ხოლო საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარეა. იგი ერთი მოწვევის პარლამენტარი უკვე იყო, თუმცა მაშინ საკანონმდებლო ორგანოში სიით მოხვდა. იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანული მოსახლეობა ამ არჩევნებზე გარდაბანშიც მეტი იქნება, ბაირამოვს შანსები აქვს, თუმცა ძალიან დიდი ალბათობით, იმავე გარდაბანში პაატა ბურჭულაძის პარტია კანდიდატად საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს ზაზა ონიანს დაასახელებს, პატრიოტთა ალიანსის კანდიდატი ასევე დიდი ალბათობით, ყოფილი გამგებელი გელა ხუციშვილი იქნება და ასევე დიდი ალბათობით, სერიოზული კანდიდატი ეყოლება ლევან მამალაძის პარტიას. ყოფილ გუბერნატორს არამარტო გარდაბანში, არამედ მთელ რეგიონში საკმაოდ მყარი პოზიციები აქვს.
ჩვენს ხელთ არსებული დადასტურებული ინფორმაციით, მიმდინარე თვის ბოლომდე, აზერბაიჯანელი დეპუტატობის კანდიდატები უკრაინაში ჩასვლასა და მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას გეგმავენ. მათ სურთ, პარტიის ლიდერს აუხსნან, რომ სიის პირველ 25 კანდიდატში ორი აზერბაიჯანელი უნდა იყოს და ამ ორი ადგილისთვის სულეიმანოვი და ბაირამოვი იბრძვიან. არსებული რეალობის გათვალისწინებით ნაციონალები სწორედ ეთნიკური უმცირესობების ხმების იმედად უნდა იყვნენ... უკრაინაში ჩასვლას სამირა ისმაილოვაც გეგმავს და, როგორც ამბობენ, უკან სიაში გარანტირებული ადგილით წამოვა. ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი და საინტერესო ფაქტიც - კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ ნაციონალურ მოძრაობაში აზერბაიჯანელ კანდიდატებს აუხსნეს, რომ მათ პარტიის ფინანსების იმედი არ უნდა ჰქონდეთ და მთელი საარჩევნო კამპანია საკუთარი ხარჯით უნდა აწარმოონ, რაც სერიოზული თანხაა და ამ თანხის გაღება, რაღაც გარანტიის გარეშე, არცერთს არ სურს. ეს ,,რაღაც'' კი საარჩევნო სიაა.
ეს რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას. სხვა პარტიებიდან კი ქვემო ქართლში ჯერჯერობით მხოლოდ სამი აქტიურობს. პაატა ბურჭულაძე აქტივს ყოფილი ნაციონალებისგან აკომპლექტებს. უფრო სწორედ, ისეთი ადამიანებისგან, რომლებმაც 2012 წლის შემდეგ ნაციონალები დატოვეს, ოცნებაში გადაბარგდნენ და იქიდანაც გამოუშვეს. პრაქტიკულად, არ ჩანან ეროვნული ფორუმი, ნინო ბურჯანაძის პარტია, ირაკლი ალასანია და რესპუბლიკელები.
ლევან მამალაძის ძველი გვარდია ძალიან აქტიურად მუშაობს, შევარდნაძისდროინდელი საქმოსნები ახლაც აქტიურად გამოჩნდნენ ყოფილი გუბერნატორის გვერდით. რაც შეეხება პატრიოტთა ალიანსს, ხუთ პარტიასთან გაერთიანების შემდეგ ვითარება დიდად არ შეცვლილა, რადგან იმ ხუთეულს რეგიონში არც ოფისი აქვს, არც სტრუქტურა და, ზოგადად, არც არავინ იცის, ვინ არიან.
და მთავარი - საერთოდ გაურკვევლობაა მმართველ გუნდში. არავინ იცის, ვინ სად იქნება კანდიდატი. კულუარულ დონეზე საუბრები კი მიმდინარეობს, მაგრამ რეალურად მოვლენები ელვისსისწრაფით იცვლება და დღეს თუ ერთ კანდიდატს ასახელებენ, ერთ საათში სხვაზე ლაპარაკობენ. ფაქტი ის არის, რომ დეპუტატის მანდატისთვის ბრძოლა ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ყველა გამგებელს სურს, მაგრამ აქ ერთ არცთუ უმნიშვნელო პრობლემას ვაწყდებით - არჩევნები ოქტომბერშია, მომავალი წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე კი ოქტომბრიდან თუ გადავთვლით, წელზე ნაკლები რჩება. შესაბამისად, თანამდებობიდან წასული გამგებლის ახალი არჩევნები აღარ გაიმართება და, პრაქტიკულად, მთელი წელი მოვალეობა პირველმა მოადგილემ უნდა შეასრულოს. ჰოდა, ახლა ჭიდაობა არამარტო იმაზე მიდის, ვინ იქნება ოცნების კანდიდატი, არამედ იმაზეც, ვინ იქნება გამგებლის პირველი მოადგილე, რათა შემდეგ გამგებლის სავარძელში გადაბრძანდეს. კანონით, მოვალეობის შესრულება სწორედ პირველ მოადგილეს ევალება და თუ ის უარს იტყვის, რიგში მეორე და მესამე მოადგილეები არიან. მათი უარის შემთხვევაში კი გამგებლის მოვალეობის შესრულებას დანიშნულ კადრს ავალებენ და უბედურებაც სწორედ ეს არის - მოადგილეებს უარის თქმას სთხოვენ, ისინი კატეგორიული წინააღმდეგები არიან და... მოკლედ, ,,ოცნებას'' არამარტო სადეპუტატო სია, გამგებლების ახალი სიაც გასაკეთებელი აქვს და ისე ჩანს, ეს მხოლოდ ქვემო ქართლში კი არა, მთელი საქართველოს მასშტაბით ხდება